კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წერილი მისწერა ჰიტლერმა სტალინს 1943 წლის 30 აგვისტოს


„ევროპა უნდა გაწითლდეს!“

1943 წელს ჯერ სტალინგრადთან, შემდგომ კი კურსკის რკალზე მოპოვებული დიდი გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა კავშირის სტრატეგიული უპირატესობა მეორე მსოფლიო ომში უკვე აღარავითარ ეჭვს აღარ იწვევდა. ყველა მიხვდა, რომ ფაშიზმის დამარცხება უკვე დროის ამბავი იყო. ფაშისტმა დიქტატორმა მეორე მსოფლიო ომში პოლიტიკური მეთოდების გამოყენება სცადა და სტალინს თავისი დიპლომატები გამოუგზავნა. აგვისტოს მიწურულს, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მონელებული კურსკის მარცხი, ჰიტლერის ემისრებმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარიატს დიპლომატიური არხებით შეატყობინეს, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე სურდათ დალაპარაკება და მოსკოვში ჩამოსვლის ნებართვა ითხოვეს. ფაშისტთა ეს თხოვნა მოლოტოვმა სასწრაფოდ სტალინს გადასცა: „ჩამოვიდნენ, – ერთმნიშვნელოვნად თქვა დიდმა ბელადმა, – თუმცა, მშვენივრად ვიცი, რა უნდათ მაგ ვაჟბატონებს“. სტალინმა ჩიბუხის ტარი ულვაშებზე ჩამოისვა და დასძინა: „ჰიტლერი ჩვენმა ძლიერებამ შეაკრთო, ჩვენმა გამარჯვებებმა მას თვალები აუხილა და მწარე რეალობა დაანახვა, დარწმუნებული ვარ, ფაშისტები გარიგებას შემოგვთავაზებენ, ზავსა და ჯარების გაყვანაზე დაიწყებენ საუბარს; არც ისაა გამორიცხული, ევროპის გაყოფაც კი შემოგვთავაზონო“. მოლოტოვი უძრავად უსმენდა დიდი ბელადის მოსაზრებებს და სიტყვა არ უთქვამს, სტალინი კი განუწყვეტლივ, დინჯად მიმოდიოდა კაბინეტში და სიამოვნებით აბოლებდა ჩიბუხს. მან ერთხანს ფანჯარაში იყურა, ბოლოს კი ასე დაასრულა თავისი სიტყვა: „ფაშისტებს გადაეცით, რომ შეხვედრაზე თანახმა ვართ და შეუძლიათ, მობრძანდნენ“.

ჰიტლერის წერილი სტალინს

1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებიდან ოთხი წლის თავზე, ჰიტლერის პირადი წარმომადგენელი, გრაფი ვალტერ ფონ აშენბახი, მოსკოვს ეწვია და 14 საათზე მოლოტოვის კაბინეტში შედგა ფეხი. ფონ აშენბახმა მოლოტოვს სტალინისთვის ჰიტლერისგან გამოგზავნილი ვრცელი წერილი გადასცა, რომელშიც ეწერა: „ჰერ იოსებ სტალინ! პირველ ყოვლისა, მინდა, დავადასტურო ჩემი პატივისცემა თქვენ მიმართ, როგორც პიროვნებისა და ბელადისადმი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს მმართველი და ღირსეული წინამძღოლია. თქვენთან მომართვა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ შორის წარმოებული სასტიკი, სისხლისმღვრელი ომი, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საერთო მტრების – ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების იმპერიების წისქვილზე ასხამს წყალს და არც ჩვენს და არც თქვენს საერთო საქმეს არ არგებს. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ მიერ ატეხილი სამხედრო კონფლიქტი, ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული ძალების მიერაა პროვოცირებული და მათი საბოლოო მიზანი ჩვენი უდიდესი ქვეყნების სისხლისგან დაცლაა, რათა მათ საბოლოო ჯამში ჩვენი ცალ-ცალკე დამორჩილება შეძლონ. დამეთანხმებით, ალბათ, ასეთი რამ არც თქვენ და არც ჩვენ არ მოგვიტანს სარგებლობას და, საბოლოოდ, სხვები იხეირებენ. დღევანდელი ომის მსვლელობის ანალიზის შედეგად, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი უდიდესი ქვეყნები ერთმანეთს დაანგრევენ, გააცამტვერებენ, ჩვენს ნანგრევებზე კი ისინი იმ შენობას ააგებენ, რომელიც საბოლოოდ დაანგრევს მსოფლიო ცივილიზაციის ყველა მონაპოვარს და კაცობრიობის უდიდეს მიღწევებს სამუდამოდ დამარხავს. ჩემი პირადი წარმომადგენელი, გრაფი ვალტერ ფონ აშენბახი, უფლებამოსილია, ჩემი სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები და ჩვენი (თქვენი და ჩემი) პირადი შეხვედრის დეტალები დააზუსტოს. ფონ აშენბახს თქვენდამი გადმოსაცემი კონკრეტული წინადადებები აქვს, მე კი ზოგადად გაგაცნობთ ჩემს მოსაზრებებს:

1. გთავაზობთ დაუყოვნებლივ ზავს და გერმანიის იმპერიის ყველა სამხედრო შენაერთის დაუყოვნებლივ გაყვანას საბჭოთა ტერიტორიიდან;

2. გთავაზობთ ტყვეების გაცვლას, პრინციპით: ყველა – ყველაზე;

3. გთავაზობთ, მოლაპარაკების მაგიდასთან გადავწყვიტოთ დანარჩენი ევროპის ტერიტორიების საკითხი, სადაც თქვენი პოლიტიკის სასიცოცხლო ინტერესები იქნება გათვალისწინებული და გარკვეული დათმობისთვის ვართ მზად.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ დიდ პატივისცემას თქვენი პიროვნების მიმართ და თქვენი დიდი სიბრძნის იმედი მაქვს.

გერმანიის იმპერიის კანცლერი, ადოლფ ჰიტლერი.

30 აგვისტო, 1943 წელი, ბერლინი“.

ვალტერ ფონ აშენბახმა სტალინს მოლოტოვის ხელით გადასცა ჰიტლერის წერილი, რადგან დიდმა ბელადმა პრინციპულად განაცხადა უარი ფაშისტ ემისართან შეხვედრაზე და ეს მისია ვიაჩესლავ მოლოტოვს გადაულოცა. ჰიტლერის წერილი მოლოტოვმა სტალინს აშენბახთან შეხვედრის წინ გადასცა და, სანამ კაბინეტს დატოვებდა დიდმა ბელადმა უთხრა: „არაფერში შეეწინააღმდეგო, დეტალურად მოუსმინე და უთხარი, რომ საბოლოო პასუხს ჩემთან შეხვედრის შემდეგ გასცემ“.

1 სექტემბრის დღის 13 საათსა და 30 წუთზე, მოლოტოვი საკუთარ კაბინეტში დაბრუნდა, ზუსტად 14 საათზე კი, მან უკვე ფონ აშენბახი მიიღო. აშენბახ-მოლოტოვის შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მოსკოვის დროით 17 საათსა და 25 წუთზე დასრულდა, რის შემდეგაც ფაშისტი ემისარი სავახშმოდ და მოსასვენებლად წაიყვანეს, მოლოტოვი კი სტალინთან გაეშურა. „რას გვთავაზობენ ფაშისტები კონკრეტულად?“ – იკითხა სტალინმა და დატენილი ჩიბუხით ოთახში დაიწყო ბოლთისცემა, თან ყურადღებით უსმენდა მოლოტოვს. „კობა, მათი წინადადებები საკმაოდ მიმზიდველი ჩანს და, უნდა გითხრა, რომ აბსოლუტურად ზუსტად გამოიცანი“. სტალინს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავით ანიშნა, განაგრძეო, „ჰიტლერი ჩვენი ტერიტორიის უსიტყვო დეოკუპაციასა და ევროპის თითქმის ნახევრის დათმობას გვპირდება, – განაგრძო მოლოტოვმა, – გარდა ამისა, ბრიტანულ-ამერიკული ბლოკის წინააღმდეგ კავშირსა და ერთობლივი სამხედრო-სტრატეგიული პროექტების განხორციელებას გვთავაზობს. როგორც ეტყობა, გერმანიის დაზვერვაც საქმის კურსშია ამერიკული ატომური ბომბის შექმნასთან დაკავშირებით და მან მე ამის შესახებ მიმანიშნა. აშენბახი ომის ოკეანის გაღმა გადატანაზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ მომავლის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ იქიდან, ამერიკიდან იქნება მოსალოდნელი. მან სიტყვასიტყვით თქვა, რომ ჰიტლერი დიდ შეცდომად მიიჩნევს საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებას და ამ ამბავს ნანობსო“.

სტალინს კომენტარი არ გაუკეთებია და მოლოტოვმაც თხრობა განაგრძო: „ჩემი აზრით, ჰიტლერის წინადადებები, თუ, რა თქმა უნდა, არ თაღლითობს, სრულიად მისაღებია ჩვენთვის და უნდა დავეთანხმოთ“. სტალინმა კვლავ გააბოლა, სავარძელში ჩაჯდა და ალაპარაკდა:

არ მგონია, თაღლითობდეს, რა უნდა მოგვატყუოს ან როგორ? უბრალოდ, მან დასასრულის მოახლოება იგრძნო და ცდილობს, ნახევარი მაინც შეინარჩუნოს თავისი მონაპოვრიდან. მე ფაშისტებთან მოლაპარაკების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ჩვენს ტერიტორიებს ისედაც სულ მალე დავიბრუნებთ. რაც შეეხება ნახევარი ევროპის ჩვენთვის დათმობას, სისულელეა. რატომ უნდა დავთანხმდე ნახევარზე, როდესაც მთლიანის მოპოვების შანსი გვაქვს? ყველანაირი უპირატესობა ჩვენს მხარესაა და სისულელე იქნებოდა ფაშისტებთან დაზავება. ჰიტლერს რომც დავუზავდეთ, ადრე თუ გვიან, ის მაინც ახალ ომში ჩაგვითრევს. ფაშიზმი უნდა განადგურდეს, ევროპა კი უნდა გაწითლდეს. აშენბახი უარით გაისტუმრე და უთხარი, რომ თავის პატრონს ჩვენი კატეგორიული უარი გადასცეს ნებისმიერ შეთანხმებასა თუ მოლაპარაკებაზე“.

ვალტერ ფონ აშენბახმა იმავე საღამოს დატოვა მოსკოვი და ფრონტის ხაზი გადაკვეთა.

სტალინმა ჰიტლერის პოლიტიკა სრულად ამოიცნო და თავისი უარით ბრიტანეთსა და ამერიკასაც მოუსპო ანალოგიური საშუალება. იმავე ღამეს, დიდი ბელადი ჯერ ბრიტანეთის პრემიერს უინსტონ ჩერჩილს, შემდეგ კი შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ფრანკლინ რუზველტს ესაუბრა ტელეფონით. მათ ჰიტლერის პირადი ემისრის მოსკოვში საიდუმლო მისიის შესახებ მოუთხრო.

მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ, ამ ფაქტიდან გამომდინარე, ამერიკულ-ბრიტანული დახმარება ჩვენი ქვეყნის მიმართ თითქმის გაორმაგდა. სტალინი, რა თქმა უნდა, სწორედ იმიტომ იყო დიდი პოლიტიკოსი, რომ მოვლენათა წინასწარი განჭვრეტის, მათზე ზემოქმედებისა და მათი მართვის უნარი ჰქონდა. რაც უნდა საოცრად ჩანდეს, 2 სექტემბერს სტალინმა პირადად ბერიას დაავალა, რომ საბჭოთა დაზვერვას გაასმაგებული ძალით ემუშავა ისეთი ინფორმაციების მოპოვებაზე, რომლებიც ჰიტლერის განადგურების ან მის წინააღმდეგ მიმართული სხვა შეთქმულების დეტალებს შეიცავდა. „ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია, – უბრძანა სტალინმა ბერიას, – პირადად ჰიტლერის ხელში უნდა მოხვდეს და აღიკვეთოს, ის ჩვენ ცოცხალი და ქვეყნის სათავეში გვჭირდება!“ ამით სტალინმა ჰიტლერის უსაფრთხოებას კიდევ ერთი დამატებითი რგოლი შეჰმატა და, არც ისე რთული მისახვედრია, რამ განაპირობა ეს ყოველივე. თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ, 3 სექტემბერს, სტალინის კაბინეტში ჩატარებული თათბირის საიდუმლო სტენოგრამის ფრაგმენტს. თათბირს ესწრებოდნენ: სტალინი, ბერია, მოლოტოვი, ჟდანოვი, ვოროშილოვი და ჟუკოვი. დიდი ბელადი, ჩვეულებისამებრ, ბოლთას სცემდა ოთახში და აშკარად ეტყობოდა, მშვენიერ გუნება-განწყობაზე იყო (სტენოგრამას პოსკრებიშჩევი იწერდა). „ამხანაგებო! – დაიწყო სტალინმა, – აშენბახის გაპანღურებამ ჰიტლერის დიდი რისხვა გამოიწვია და, როგორც დაზვერვა გვატყობინებს, მას ამის გამო ისტერიკა დამართნია. შექმნილი სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ უახლოეს პერიოდში ჰიტლერის შიდა თუ გარე ოპოზიცია საგრძნობლად გააქტიურდება და მის თავიდან მოცილებას შეეცდება. ფაშისტებმა მარცხის მოახლოება იგრძნეს და ისინი ყოველნაირად შეეცდებიან სეპარატისტულ გარიგებებზე წასვლას დასავლეთთან, რადგან ჩვენ მათ კატეგორიული უარი ვტკიცეთ. მიუხედავად ჩვენი მოკავშირეების ვალდებულებებისა, ღრმად ვარ დარწმუნებული, არც შეერთებული შტატები და არც ბრიტანეთი ხელსაყრელ მომენტში უკან არ დაიხევენ ასეთი ნაბიჯისგან. ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ჰიტლერული ხელისუფლება გვესაჭიროება გერმანიის სათავეში, რადგან ის უკვე თავის სრულ დამარცხებამდე იბრძოლებს და საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება, ღრმად შევიდეთ ევროპაში. ჰიტლერი თანდათან უფრო უმართავი და ჩვენგან მართვადი ხდება. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი დღევანდელი მოკავშირეებიც ეჭვობენ და ისინი ყველანაირად შეეცდებიან მის ლიკვიდაციას, ან, უკიდურეს შემთხვევაში გადაყენებას მაინც. ლავრენტი პავლოვიჩს გუშინ შესაბამისი დავალებები უკვე მივეცი და ფაშისტი დიქტატორის უსაფრთხოება ჩვენს თავზე ავიღეთ, – სტალინს ხალისიანად გაეცინა საკუთარ სიტყვებზე და განაგრძო, – თუმცა, ასპროცენტიანი უსაფრთხოების გარანტია მაინც არ არსებობს და არც მათმა უშიშროებამ უნდა დააღოს პირი. გიორგი კონსტანტინოვიჩ, – მიმართა ბელადმა ჟუკოვს, – მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეთა დახმარება გაორმაგდა, გვაქვს საიმედო ცნობები, რომ მათი არმიები ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავენ ევროპაში, რათა იქ ჩვენ შევასწროთ და, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის იმედი მაქვს, თქვენ მაინც უნდა დააჩქაროთ ფაშისტთა გაძევების ფართომასშტაბიანი ოპერაციის მომზადება“.

სტალინის ვარაუდი გამართლდა და მოკავშირეებმა ვერ შეძლეს თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება, რასაც სტალინის პოლიტიკურმა სვლებმა შეუწყო ხელი და „დასწრებაზე თამაში“ დროებით გადააფიქრებინა. სხდომის ბოლოს სტალინმა ბერიასა და ჟდანოვს ერთობლივად დაავალა, რომ მათ იდეოლოგიური დოქტრინები მოემზადებინათ ყველა იმ ევროპულ სახელმწიფოში გასავრცელებლად, რომელთა უახლოეს პერიოდში გათავისუფლებაში ეჭვიც კი არ ეპარებოდა. „ევროპა უნდა გაწითლდეს!“ – დაასრულა სტალინმა სიტყვა და ამით მძლავრი ბიძგი მისცა ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძლავრი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების გააქტიურებას.

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის მოგონებებიდან


скачать dle 11.3