რა საშინელებაში გაატარა ერთი თვე ნინი ბადურაშვილმა და რა „ბომბი“ აფეთქდა გიგი დედალამაზიშვილის ცხოვრებაში
ნინი ბადურაშვილი და გიგი დედალამაზიშვილი იმ მომღერლების რიცხვში შედიან, რომლებიც ძალიან შორს არიან ჩამკვდარი შოუ-ბიზნესისგან – ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ, უამრავი კონცერტი აქვთ, ბევრ საინტერესო პროექტში იღებენ მონაწილეობას. რაშია მათი წარმატების საიდუმლო, ამის შესახებ საუბარი თავადაც გაუჭირდათ, თუმცა, ერთი რამ ზუსტად იციან: ბევრ შრომასა და დიდ სურვილს ყველაფერი შეუძლია.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გიგი დედალამაზიშვილი
– ისევე, როგორც ყველას, ზაფხულის ამბები მაინტერესებს. რას აპირებ, სად მიდიხარ?
– პრინციპში, უკვე ყველგან ვიყავი, ადრე დავიწყე. ძალიან უცებ, ჩემთვის მოულოდნელად, მომიწია პარიზში წასვლა ჩემს მეგობართან. ჩემმა მეორე მეგობარმა წინა დღით დამირეკა, ჩაალაგე დროზე, ხვალ მივდივართო. რადგან ვიზა მქონდა, ბევრი აღარ მიფიქრია, მით უმეტეს, კარგა ხანია, გვინდა ჩვენს მეგობართან ჩასვლა, რომელიც დიდი ხანია პარიზში ცხოვრობს. მოკლედ, ასე მოულოდნელად წავედით. ერთი კვირა ვიყავით პარიზში, ერთი კვირა – ბერლინში. ძალიან ბედნიერი ჩამოვედი. ჩამოვედი თუ არა, წავედი ქობულეთში, ჭყონიას სასტუმროში, „ვარსკვლავების გადაცემაზე“. მერე ჩამოვედი და ორ დღეში ათი დღით გონიოში წავედი. ჩამოვედი და ახლა ჯაზ-ფესტივალზე ვიყავი, ჩამოვედი და აღარსად მივდივარ (იცინიან). ცოტა ხნით აქ ვარ.
– ანუ, შვებულება უკვე გქონდა (იცინიან).
– თუ აგვისტოში კიდევ ვინმე დამირეკავს და უცებ მეტყვის, სადმე წავიდეთო, ალბათ, წავალ, მაგრამ, ჯერჯერობით დაგეგმილი არაფერი მაქვს. ბოლო ორი წელია, ხალხი ინტენსიურად დადის ზღვაზე შაბათ-კვირას – ბანმა გზა შეამოკლა, ფრენა დაინიშნა. მართლა ძალიან კომფორტული თვითმფრინავებია. თან, ზუსტად იცი, რომ ყოველ შაბათ-კვირას რაღაც საინტერესო ხდება.
– მეც, რაც ფრენაა, ალბათ, ერთი ხუთჯერ მაინც ვიყავი ბათუმში. მითხარი, როგორია პარიზი ზაფხულში?
– მიუხედავად იმისა, რომ ცხელოდა, მაინც სავსე იყო, ძალიან ბევრი ტურისტია. უკვე მესამედ ვიყავი პარიზში, მაგრამ, ზაფხულში – პირველად. ულამაზესია, მიმაჩნია, რომ მართლა ყველაზე ლამაზი ქალაქია დედამიწაზე. მგონია, მსოფლიო დედაქალაქია. საკმაოდ ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი ევროპაშიც და აზიაშიც, მაგრამ, მართლა ვერაფერი შეედრება.
– თუმცა, ამბობენ, საკმაოდ ბინძური ქალაქიაო.
– კი, ასეთ რაღაცეებს ხშირად წააწყდები. არსებობს ასეთი ადგილი – „კაფე დე ფლორ“, უძველესი კაფეა, სადაც ჰემინგუეი და ასეთი ადამიანები დადიოდნენ, მაგრამ იქვე თაგვებიც დარბიან (იცინიან), ანუ, ეს იქ ჩვეულებრივი მოვლენაა და ესეც, ალბათ, პარიზის თავისებური კოლორიტია. ერთია, რომ კაფეს შეგნებულად არ არემონტებენ, მაგრამ, აი, თაგვებს რატომ არ ებრძვიან – ეს უკვე აღარ ვიცი (იცინიან). თუმცა, ამის გამო ადგილს პრესტიჟულობა არ ეკარგება. საერთოდ, ეს ბევრი დედაქალაქის პრობლემაა.
– პარიზი ძალიან ბინძური იყო. ამბობენ ზიუსკინდის „სუნამოში“ რომ პარიზია აღწერილი ის სუნი ჯერ კიდევ არ გასულაო. ამიტომაც შექმნეს ალბათ საოცარი პარფიუმერია. აზია ახსენე. ეგზოტიკურ ქვეყნებში სად ხარ ნამყოფი?
– ყველაზე შორს, სადაც ვყოფილვარ – იაპონიაა. ვიყავი ტოკიოში და კიდევ რვა სხვა ქალაქში, რომელთა ძალიან რთული სახელებიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს, თან, ათი წლის წინ ვიყავი. სულ სხვა სამყაროა, სხვა საუკუნე, საოცრებები ხდება. ტოკიო ტექნიკის დედაქალაქია და იქ მომდევნო საუკუნეში არიან მთელი თავისი ესტაკადებითა და შენობებით. პროვინციული ქალაქები კი, პირიქით, გასულ საუკუნეებში არიან ჩარჩენილი ტრადიციული ხის სახლებით, ხალიჩებით... ტატამზე გვეძინა. იაპონიაში აუცილებლად უნდა წახვიდე, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა. გამიმართლა და ჩემი სიმღერის და მერე ამ ტურნეს წყალობით, ძალიან ბევრ ადგილას ვიყავი.
– ისეთი კითხვა მინდა დაგისვა, რომელიც ჩემთვისაც ძალიან პრობლემატურია და საშინლად მაწუხებს. პროფესიით მსახიობი ხარ, ამ მიმართულებით რა ხდება?
– მგონი, თეატრალურიდან მახსოვხარ. ეს, როგორც ჩემთვის, ისე ყველა მსახიობისთვის საშინლად მტკივნეული თემაა. თუმცა, ახლა კინო შედარებით „დაიქოქა“ და მიხარია. „ყარაბაღში“ ვარ გადაღებული ეპიზოდურ როლში, მაგრამ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო.
– სპექტაკლზეც იყო ლაპარაკი, რამდენადაც ვიცი.
– კი, იყო. ბატონმა რობერტ სტურუამ შემომთავაზა როლი, დავიწყეთ კიდეც მუშაობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის სპექტაკლი საერთოდ მოიხსნა. სიმართლე გითხრა, ძალიან ვნერვიულობდი, საშინლად მეშინოდა. უცებ რუსთაველის თეატრში მიხვიდე, მსოფლიო დონის რეჟისორთან ითამაშო და შენ გვერდით, სცენაზე იდგნენ ზაზა პაპუაშვილი და სხვა საოცარი მსახიობები – ეს ყველაფერი ჩემთვის მარტივი არ არის. რეპეტიცია იყო უკვე ძალიან დიდი სპექტაკლი, უამრავი რაღაც ვისწავლე. სიამოვნებით ვითამაშებდი მიუზიკლში. დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი დათო დოიაშვილი დადგამს რამეს და მათამაშებს, უკვე არის კიდეც ამაზე ლაპარაკი.
– დათო იმედაშვილის ახალ ფილმში ხომ არ ხარ?
– კი. დათომ ახალ ფილმზე დაიწყო მუშაობა, სადაც თითქმის მთელი ოჯახი ვთამაშობთ – მე, ეკა და ანასტასია. ეს იქნება „კონკიას“ თანამედროვე ვერსია, სადაც მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე ასრულებს. მე კი სახასიათო როლი მაქვს – ბოროტი დედინაცვლის შვილი.
– ქეთომ რა დააშავა?
– ქეთო ჯერ პატარაა, თუმცა, ჩვენს ოჯახში ყველაზე მონდომებული და ამბიციური ბავშვი სწორედ ის არის. „ნანუკას შოუში“ ვიყავით ყველანი, ქეთოს გარდა, რაზეც პრეტენზია გამოთქვა – ყველა რომ მიიწვიეს, მე რატომ არ მიწვევენო. თან, ცალკე სტუმრად უნდოდა მისვლა, ყველასგან დამოუკიდებლად და თავისი ამბების მოყოლა. ქეთო, ალბათ, ბოლოს ყველას გვაჯობებს. მაგრამ, რამდენი მსახიობი და მომღერალი უნდა ვიყოთ ამ ერთ ოჯახში – არ ვიცი.
– დარწმუნებული ვარ, დათოს ახალი ფილმი ისეთივე კარგი გამოვა, როგორც „ოცნების ქალაქი“. „სტეფანესა და სამი გოგოს“ გეგმებზეც მომიყევი, რა ხდება საინტერესო?
– ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს – სულ ცოტა ხანში დიდ კონცერტს ვგეგმავთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპის ბაზარზე უფრო სერიოზულად გავალთ. ალბათ, ტურნეც უნდა დაიგეგმოს, რადგან, თუ გინდა, რაღაც სერიოზული გააკეთო, მაშინ, ბევრი უნდა იარო, ხალხს კონცერტებით თავი გააცნო და მერე რაღაც ერთს ან გაარტყამ, ან – ვერა.
– იმ კლიპმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ევროპაში. ერთადერთი ასეთი სიმღერაა, ძალიან მიხარია და მეამაყება ეგ ამბავი. ყველასთვის უდიდესი სტიმული იყო.
– ჩვენ თვითონ ნამდვილად არ გვჯეროდა, ასეთი რაღაც თუ მოხდებოდა. კი ვამბობდით – „ემტივი“, ევროპის ბაზარი... – მაგრამ, ოდესმე თუ ეს რეალური გახდებოდა, მაინც ვერ წარმოგვედგინა. მახსოვს, სტეფანემ დამირეკა. მეკითხება, ზიხარ თუ დგახარო და, უცებ, მეუბნება: არ გაგიჟდე და, შემდეგი კვირიდან ჩვენი კლიპი „ემტივის“ ბადეშია ჩასმულიო.
– რა მაგარი ზარია, შეიძლება, მართლა გაგიჟდე!
– ყველაზე მთავარი ის იყო, სტეფანემ მითხრა, ჯერ არავის უთხრაო და, არავის ვუთხრა კი არა, ვინც წინ მეჯდა და ვისაც ხმა მივაწვდინე, ყველას ვუთხარი (იცინიან). ჩემი მეგობრის ბავშვის ნათლობა იყო, სუფრასთან ვიჯექი და, ხომ წარმოგიდგენია, რამდენს მოვდე. სტეფანეს კი ვუთხარი, არავისთვის მითქვამს-მეთქი (იცინიან). არადა, ვკიოდი, უყურეთ-მეთქი. ბადეში რომ ჩასვეს, ეს როგორღაც გადავიტანეთ, მაგრამ, აი, „ჩარტშიც“ რომ მოვხვდით, ეგ უკვე მეტისმეტი იყო ჩვენი ნერვებისთვის.
– ეს ტურნე ძალიან რთული იყო?
– საშინლად. მივხვდი, რატომ გიჟდებიან და რატომ ემართებათ დეპრესია იქაურ მომღერლებს...
– და, რატომ იპარსავს თავს ბრიტნი სპირსი, ხომ? (იცინიან).
– ზუსტად. ალბათ, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სამსახურში ყოველდღე 6 საათამდეა და მერე სახლში ისვენებს, ამ რეჟიმს ვერაფრით ვერ გაუძლებდა. ჩვენ კიდევ გვქონდა ცოტა იმუნიტეტი გამომუშავებული – ვიცით, რას ნიშნავს ავტობუსით მთელი დღე სიარული, ტურნე, ღამის თევა, ავტობუსში ჭამა. ბოლო მომენტში ქალაქები დაგვიმატეს და ასეთი რეჟიმიც ამან გამოიწვია. ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მაინც იყო ფრენა, რომელიც მეზიზღება. რომ ჩავფრინდებოდით, იმის დროც არ გვქონდა, რამე გვეჭამა ან წყალი დაგველია. ეგრევე ჟურნალისტები გვხვდებოდნენ, თან, ვერ წარმოიდგენ, რამდენი და ყველგან ერთსა და იმავეს გვეკითხებოდნენ: რუსეთი და საქართველო, ეს, ის... დაზეპირებული გვქონდა პასუხები. ერთი დღე მახსენდება: ლონდონიდან სხვა ქალაქში წავედით, სადაც ხუთი საათი ვიარეთ. ეგრევე შევედით რადიოში, გამოვედით და – ისევ ავტობუსში. წავედით სხვა ქალაქში, ორი საათი ვიმგზავრეთ და იქაც რადიოში ვიყავით. იქიდან წამოვედით, ნახევარი საათი დავისვენეთ, სამი საათი ვიმგზავრეთ და ეგრევე კონცერტზე შევედით. ჯერ რეპეტიცია გვქონდა, ტანსაცმლის გამოსაცვლელად ადგილიც კი არ გვქონდა, ავტობუსშივე გამოვიცვალეთ და ეგრევე სცენაზე გავედით. ვიმღერეთ, წამოვედით და ორი საათი კიდევ სასტუმრომდე ვიარეთ. ეს რა იყო, იცი?! საშინელი ამბავი.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნინი ბადურაშვილი
– არ ვიცი თქვენი ისტორია, როგორ შეიკრიბეთ. თეატრალურიდან მოხდა თქვენი დაკავშირება?
– ძალიან დიდი ხანია, ჩვენი ჯგუფის წევრების უმრავლესობასთან ვმეგობრობ. დედაჩემთან ვმღეროდით, „აკაპელაში“, რაღაცეებს ვმაიმუნობდით, რომ იტყვიან. მერე ერთი სიმღერა დავწერე. ბიჭებიდან ზოგს მოეწონა, ზოგმა „იღადავა“, ბევრი იცინეს. მერე თეატრალურში ჩავაბარე და იქ ხშირად ვმღეროდით ხოლმე ამ სიმღერას. რომ გითხრა, ძალიან გვინდოდა ამ მასშტაბებზე გასვლა და ამას ვგეგმავდით-მეთქი, მოგატყუებ. ყველაფერი თავისთავად, ძალიან ბუნებრივად მოხდა. პირიქით, გვრცხვენოდა კიდეც კონცერტზე გამოსვლა და რაღაც ეგეთები. ეს შეგრძნება, სხვათა შორის, დღემდე გამოგვყვა, დღემდე გვრცხვენია და ვიძაბებით, როდესაც სიმღერა გვიწევს. მოკლედ, ეს ჩვენი სიმორცხვე არავინ არაფრად ჩააგდო და, პრაქტიკულად, ქალების ძალდატანებით მოვხვდით სცენაზე. უკვე სამი წელია, კონცერტებს ვატარებთ.
– და უცებ ბომბი აფეთქდა?
– კი, უცებ ისეთი ბომბი აფეთქდა, რომ დღემდე ვერ მივხვდით, რა მოხდა. გაგვიმართლა ალბათ. თავიდან ერთი-ორი სიმღერა გაჰიტდა. კლიპიც გადავიღეთ და ყველაფერი უცებ ძალიან კარგად აეწყო. მოულოდნელად ისეთ კონცერტზე დაგვიძახეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ჩვენთვის. მერე ფილმში მოვხვდით, რომელიც ასევე ასმაგად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იყო პროექტები, სატელევიზიო შოუები.
– ხალხს ძალიან მოსწონს თქვენი სიმღერები და ეს არის მთავარი. ტელეფონის ზარებადაც კი აქვთ დაყენებული და რა ვიცი, გიჟდებიან. მთელი საქართველო მოვიარე და ეს ყველგან იგრძნობა.
– ალბათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ასეთი სიყვარულისთვის.
– სოლო კონცერტი გქონდათ?
– ცოტა ხნის წინ დიდი კონცერტი ჩავატარეთ, მართლა ვისიამოვნე. კარგად დავიხარჯეთ, ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. ახლაც საკმაოდ ბევრი კონცერტი გვაქვს, თვეში დაახლოებით ხუთ-შვიდ კონცერტს მაინც ვატარებთ.
– შეიძლება, ცოტა ცუდი კითხვაა, მაგრამ მართლა მაინტერესებს: კონკრეტულად, რა ჟანრში მღერით?
– უფრო ფოლკლორი, აკუსტიკური მუსიკა, სულ ოდნავ კლასიკის ელემენტებიც არის.
– ცოტა უხასიათოდ მეჩვენები. ამდენმა კონცერტმა ხომ არ გადაგღალა?
– არა, მაგრამ, ძალიან რთული ყოფილა ეს ყველაფერი. შესაძლოა, შენთვის ეს არ არის იმდენად რთული, რადგან დიდი ხანია, ხალხს უყვარხარ, სცენაზე დგახარ, ყურადღების ცენტრში ხარ და ამ ყველაფერს მიეჩვიე და რაღაც ეტაპზე, ეს მაინც ბუნებრივია. ჩვენ კი ვართ ბიჭები, რომლებსაც საერთოდ არ გვაქვს ამბიციები და, აქედან გამომდინარე საკმაოდ დავიბენით მთელი ამ სიტუაციით, თან, ძალიან მგრძნობიარეებიც ვართ. ქუჩაში რომ მივდივარ და ვიღაც მეტყვის – „ვა, შენ ჯიგარი ხარ!“ – ამ დროს რაღაც უცნაური შეგრძნებები მიჩნდება ხოლმე. როგორც ჩანს, პოპულარობა საკმაოდ მძიმე სამსახური ყოფილა. ყველაზე რთული ამ სიტუაციაში რაღაცეების „გატარებაა“. მაგრამ, სანამ მიხვდები, რომ რაღაცეები უნდა „გაატარო“, მანამდე ძალიან ბევრი ენერგია მიდის. საშინლად ვბრაზდებოდი თითოეულ სიტყვაზე. ვიღაც რაღაცას რომ იტყოდა, ეგრევე ვგიჟდებოდი: ვინ არის, რა უნდა, ტელეფონი გამიგეთ, რა უბნელია, დავურეკავ, მოვკლავ-მეთქი... (იცინიან).
– არადა, ეს სრული უაზრობაა, რადგან, საკმარისია, ექვსმა კაცმა გაგიცნოს, იქიდან სამი მაინც ლაპარაკობს ისეთ რაღაცეებზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს.
– თავიდან არის ალბათ, რთული, მერე ნელნელა ეჩვევი. ემოციურადაც ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი – კონცერტები, ამდენ ადამიანთან ურთიერთობა ემოციურად გცლის.
– ალბათ, ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი ვარსკვლავი დეპრესიულია. თუ სრულიად არ დაიხარჯე ემოციებისგან ასეთი ნამღერი არავის უნდა. მერე კი აღარ იცი ეს ყველაფერი რით შეივსო. მგონია, რომ ქალებს უფრო გვიჭირს ეს ყველაფერი.
– მეც ასე ვფიქრობ, რადგან ამ ემოციურ დაღლასთან ერთად კიდევ ბევრ სხვა ჩარჩოში გიწევთ ჩაჯდომა, მუდმივად ანგარიშის გაწევა იმისთვის, რომ გცნობენ, გიყურებენ და რამე ზედმეტი არ მოგივიდეს. შენ ხომ, საერთოდ რთულ მდგომარეობაში ხარ: ბაბუაშენისა და, ბებიაშენის შვილიშვილი, დედაშენისა და მამაშენის შვილი და, რა ვიცი, კიდევ რამდენი პასუხისმგებლობა გაქვს. ბავშვობიდან რომ ამ დღეში ვიყო, გადავირეოდი (იცინიან). სულ კარგად უნდა ჩანდე, არადა, ადამიანი ხანდახან დგები ისეთ ხასიათზე, რომ რაღაც გინდა გააფუჭო. ამ დროს კი, მარტო არასდროს არ ხარ.
– შენ სად ივსები ხოლმე ენერგიით?
– არ ვიცი. ალბათ, ისევ ერთმანეთს ვავსებთ, ჯგუფის წევრები. განტვირთვის საშუალებებიც ისეთი გვაქვს – ერთად სადმე მივდივართ, ვუკრავთ. იყო პერიოდი, როდესაც ხუთი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი რეისი მქონდა – სახლი, სადაც, ვრეპეტიციობდით და – თეატრი, სადაც ასევე რეპეტიციები მქონდა. მთელი ამ თვეების განმავლობაში თითქმის არ მქონია ხალხთან ურთიერთობა, მხოლოდ მეგობრებს, ვიწრო წრეს ვხედავდი. მერე უცებ ხალხში რომ გავედი, ვიღაცეებმა ყურება დამიწყეს, რაღაცეებს მეუბნებოდნენ, საშინლად ვიძაბებოდი.
– ადამიანის ტიპს გააჩნია. ზოგიერთი, პირიქით, მხოლოდ იმიტომ მუშაობს ამდენს, რომ საბოლოოდ ეს მიიღოს შედეგად. გააჩნია ვის რა უხარია. შენს მსახიობობაზეც მინდა გკითხო: ამ მიმართულებით რა ხდება? ფილმში გადაგიღეს.
– ერთი, რაც მაქვს, ღამე მესიზმრება, რომ ვთამაშობ. ისე მენატრება, ცუდად ვარ. თეატრალურში რომ ვსწავლობდი, ყოველთვის წინა პლანზე თეატრი იყო. „მგზავრები“ ასე სერიოზულად არ ვაპირებდით სიმღერას. მერე დაისვა კითხვა – მოდი, გავარკვიოთ, რა გვინდა, პატარა ბიჭები აღარ ვართ-მეთქი (იცინიან). გვინდა, რომ ვიმღეროთ? – მოდი, ვიმღეროთ. ეს კითხვა კი სულ ახლახან, ექვსი თვის წინ დავსვით. მანამდე მართლა სულ სხვა გეგმები გვქონდა. „კი, მოდი, ვიმღეროთ, მაგრამ, მერე მე თეატრში წავალ, ლაშა კარგ სამსახურს იპოვის“... – სულ ასეთი საუბრები იყო. მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ ვცდებით, ეს არის ჩვენი საქმე. ამ დროს გავიაზრე, რომ თეატრი ჩემთვის იხურებოდა. აქ ვიყავი ოცდაოთხი საათი და, შეუძლებელი იყო პარალელურად სხვა რაღაც მეკეთებინა. დღედაღამ აქ ვარ, არადა, თეატრი ძალიან მიყვარს, თან, მეტი უფლება მაქვს თითქოს, ოთხი წელი იქ გავატარე, ვრეპეტიციობდი, ვკითხულობდი, სულ ვმუშაობდი. ალბათ, ხუთი წლის შემდეგ სიმღერის მიმართაც იგივე დამოკიდებულება მექნება, მეტი ამაგი მექნება ჩადებული.
– ძალიან რთულია კინოში ბუნებრიობის შენარჩუნება, შენ ეს გამოგივიდა, გულწრფელად გეუბნები.
– დიდი მადლობა. მართლა მეშინოდა. ისე ვნერვიულობდი, „ოცნების ქალაქის“ პრემიერაზე ზურგით ვიჯექი. ისე, მე იმდენად არ მეტყობოდა, რამდენადაც ნანკას. მის გვერდით ვიჯექი და, ისე ნერვიულობდა, გავგიჟდი. „საშინელება ვარ, ხომ, საშინელება?“, სულ ამას იმეორებდა.
– ცოლი არ გყავს?
– არა და, ჯერჯერობით, არც ვაპირებ.
– გოგონების მხრიდან შემოტევას უძლებ?
– არ არის შემოტევა, ყოველ შემთხვევაში, იმდენად არა, რომ მაწუხებდეს. შენ?
– ეგ ეტაპი გავიარე (იცინიან). მობილურის რვა ნომერი გამოვიცვალე უკვე და ამ ახალ ნომერზე შედარებით მშვიდობაა. ახლა მინდა გავაკეთო განცხადება: ოცდაათი ჩემი თავი ვარ „ადნაკლასნიკზე“ და ამდენივე – „ფეისბუქზე“. ხალხნო, საერთოდ არ მაქვს „ადნაკლასნიკი“ და არ მოგატყუოთ ვინმემ! (იცინიან) რამე პრობლემა კი არ მაქვს, იყვნენ. უბრალოდ, ძირითადად ისეთი სისულელეები წერია, რომ ვგიჟდები. მაგალითად სტატუსად წერია: „დედა მომენატრე“. ან, ფოტოა მილანში გადაღებული და აწერია „ბერლინი“...
– ან – ზესტაფონი (იცინიან).
– ეგეთი შემთხვევებიც არის.
– მეც ძალიან ბევრი „ჩემი თავი“ შემხვდა. ერთს მივწერე კიდეც, მაგრამ, ისე მელაპარაკა, ეჭვი შემეპარა, მართლა მე ხომ არ ვიყავი (იცინიან). ერთმა გოგომ მომწერა და ვუპასუხე. მერე ვერაფრით დავაჯერე, რომ მართლა მე ვიყავი, გადავირიე. გოგონი, მე ვარ!