კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაქვს გრძელი, ხშირი თმა. არასოდეს მქონია პრობლემა თმასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ ცვენა დამეწყო. ბევრი საშუალება ვცადე, თუმცა შედეგი არ მაქვს. თუ შეიძლება, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: თმის ცვენასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მოგვიცია რჩევები, მაგრამ, რადგან კითხვები ხშირად მეორდება, იძულებულები ვართ, ერთსა და იმავე თემაზე განმეორებით ვისაუბროთ.
თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს: არასწორი კვება, გადაღლა, სტრესი, ნერვიულობა, წყალი, შამპუნი, საღებავი და ასე შემდეგ. ამიტომ, თუ გსურთ, რომ შედეგს მიაღწიოთ, ყველა ჩამოთვლილი გამომწვევი მიზეზი უნდა „გამოასწოროთ“ და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მიხედოთ თმას: დაიბანეთ მხოლოდ ანადუღარი წყლით, უკეთესია, თუ გვირილის ნახარშს გამოიყენებთ. დროებით უარი თქვით ყოველგვარ შამპუნზე, თვით საუკეთესოზეც კი და თმა დაიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულით; გაიკეთეთ თეთრი თიხის ნიღაბი; შეიზილეთ თმის ძირებში აბუსალათინის ზეთის, ძმრისა და A, D, E ვიტამინების ნაზავი. კარგ შედეგს იძლევა ვიტამინი პეფეკტილი და ნუტრიკოსმეტიკური პრეპარატები.
კითხვა: მაქვს კანის როზაცეა. ამიტომ, ბევრი კოსმეტიკური საშუალება და პროცედურის ჩატარება ჩემთვის არარეკომენდებულია. როგორ მოვუარო ასეთ კანს?
პასუხი: თქვენ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სპეციალური საშუალებები, რომლებიც ასეთი კანისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად: ყოველდღიური დამამშვიდებელი კრემი, რომელიც ხსნის სიწითლეს. ყოველ საღამოს, ძილის წინ კი დაიდეთ ათასფურცელას, გვირილისა და სხვა სამკურნალო ბალახების ნაყენის გრილი საფენები. უფრო ზუსტად კი მოვლის მეთოდებს გირჩევთ ექიმი კოსმეტოლოგი, რომელიც შეისწავლის თქვენს პრობლემას.
კითხვა: ზედა ტუჩის გასწვრივ მაქვს ხშირი ბუსუსი, რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნის. ეპილაციის გაკეთება არ მინდა. არის თუ არა რაიმე საშუალება, რომელსაც სახლის პირობებში ჩავიტარებ და შედეგიც სასურველი მექნება? გამიგია, რომ საკმაოდ ეფექტურია სანთლის გამოყენება.
პასუხი: სახლის პირობებში შეგიძლიათ, გამოიყენოთ სანთელი (ცვილი), ოღონდ ეს იქნება დეპილაცია და არა ეპილაცია. ეს მეთოდი გარანტიას გაძლევთ, რომ 4 კვირის განმავლობაში კანი გექნებათ უთმო, გლუვი და ნაზი. ოღონდ უნდა შეიძინოთ (ან კოსმეტოლოგს დაამზადებინოთ) ხარისხიანი მასალა.
კითხვა: ჟურნალებშიც წერენ და ისეც გამიგია, რომ სუნამოს იპკურებენ ძირითადად მაჯებზე და ყურის ბიბილოების უკან. რატომ? განა სხეულის სხვა ადგილებზე დაპკურება არ შეიძლება?
პასუხი: სუნამოს შესხურება, რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება, მაგრამ მაჯებზე, ყურებსუკან, იდაყვის სახსრის შიდა მხრიდან დაპკურება იმიტომაა რეკომენდებული, რომ ამ ადგილებში კანი უფრო თხელი და რბილია. ამ ადგილებში გადის ვენები, პულსირება უფრო მკვეთრია, რაც ხელს უწყობს სურნელის „გამოფრქვევასა“ და არომატის რამდენიმე საათის განმავლობაში შენარჩუნებას.
კითხვა: ვარ 9 თვის ორსული. ახლახან სახეზე გამიჩნდა მკრთალი ჭორფლი და ლაქები. მასწავლეთ, როგორ გავიწმინდო სახის კანი შინაურ პირობებში? ალერგიული არ ვარ.
პასუხი: მკრთალი ჭორფლისა და ლაქების გაჩენა დამახასიათებელია ორსული ქალებისთვის, ამიტომ ამან არ უნდა შეგაშინოთ. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველია, ნაკლებად „შეაწუხოთ“ კანი ხელოვნური ჩარევით. თუ მაინცდამაინც გაწუხებთ ეს მომენტი, გააკეთეთ შემდეგი სახის ხსნარი: 1 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი, 2 ჩაის კოვზი გამოხდილი (ან ანადუღარი) წყალი და ნახევარი ჩაის კოვზი არაყი აურიეთ ერთმანეთში და პრობლემური ადგილები გაიწმინდეთ მასში დასველებული დოლბანდის ტამპონით. ან, შეგიძლიათ, 2 ჩაის კოვზ მინერალურ წყალში გაურიოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან თეთრი ღვინის ძმარი და გამწმენდად ის გამოიყენოთ. ისე კი, ნუ ინერვიულებთ, რადგან მშობიარობის შემდეგ ჭორფლი და ლაქები ნელ-ნელა ისევ გაქრება.
კითხვა: აქვს თუ არა ვარგისიანობის ვადა კოსმეტიკურ ფანქარს?
პასუხი: კოსმეტიკური ფანქრების (როგორც თვალების, ისე ტუჩებისთვის განკუთვნილი) ვარგისიანობის ვადა მაქსიმუმ 3 წელია. თუმცა, შესაძლოა, ისინი მანამდეც გახდეს უვარგისი, თუ არასწორად ინახავთ. აუცილებელია, რომ კოსმეტიკურ ფანქრებს ჰქონდეს თავსახური, რომელიც დაიცავს გრიფელს (ფანქრის გულს) ათასგვარი ბაქტერიისგან. ამავე მიზნით, სასურველია, კვირაში ერთხელ მაინც, ხელახლა წაუთალოთ წვერი, რომ თავი დაიზღვიოთ მისი დაბინძურებისგან.
კითხვა: მაინტერესებს, წელიწადში რამდენჯერ შეიძლება ბოტოქსის გაკეთება შუბლზე და თვალებთან? ერთი ნემსია საკმარისი თუ მთელი ცხოვრება უნდა ვიკეთო? ვთქვათ, ერთი ნემსის მეტი არ გავიკეთე, კანს რა ემართება?
პასუხი: ცხადია, ბოტოქსის ინიექციის გაკეთება ხშირად არ შეიძლება, ამ პროცედურას თავისი რეჟიმი აქვს. მაგრამ, ჩვენ ვერ გიკარნახებთ ნემსების ზუსტ რაოდენობას და მათ შორის პაუზების ხანგრძლივობას. ეს უნდა დაგინიშნოთ ექიმ-კოსმეტოლოგმა, რომელიც დაადგენს თქვენი კანის ტიპს, შეისწავლის მის სტრუქტურას, ზოგად მდგომარეობას, ალერგიულ რეაქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაგინიშნავთ ბოტოქსის ნემსებს.
ისე კი, ერთი ნემსით, რა თქმა უნდა, საუკეთესო და სამუდამო შედეგს ვერ მიიღებთ.