როგორ მოვუაროთ სახის კანს
კანი ცოცხალი ორგანიზმია და, შესაბამისად, შეუძლია, გვიჩვენოს თავისი ხასიათი, მით უმეტეს, თუ მას რაღაც არ მოსწონს. ამ ჭირვეულობით ის ცდილობს, მიგვახვედროს, რა სჭირდება.
სტატისტიკის მიხედვით, ქალების 70 პროცენტი დარწმუნებულია, რომ მათი პრობლემა მშრალი კანია. სინამდვილეში კი, მათ უმრავლესობას აქვს ნორმალური ან კომბინირებული, ოღონდ, გაუწყლოებული კანი. შედეგად კი არასწორად ირჩევენ მოვლის საშუალებებს და კანიც მაშინვე აცხადებს პროტესტს: წითლდება, იქერცლება, კარგავს ფერს, ნაოჭდება თვალებისა და ტუჩების გარშემო, ჩნდება გამონაყარი ან ლაქები და ასე შემდეგ. ამიტომ, სანამ მოვლის საშუალებებს შეიძენთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს, გამოიკვლიოთ თქვენი კანის სტრუქტურა, დაადგინოთ მისი ტიპი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ კანზე ზრუნვა.
წვრილი ნაოჭები სახეზე ზოგიერთს მიმიკების შედეგი ჰგონია. სინამდვილეში კი, ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს კანის სიმშრალით, რაც ადვილი გამოსასწორებელია. საკმარისია, სწორად შეარჩიოთ კარგი დამატენიანებელი კრემი, დღეში რამდენჯერმე დაისველოთ სახე თერმული წყლით და დღის განმავლობაში დალიოთ 1,5-2 ლიტრი სითხე (წყალი, წვენები, ბალახეულის ჩაი). თუ ამ რეჟიმს მკაცრად დაიცავთ, ერთი კვირის შემდეგ „ზედმეტი“ ნაოჭები ნელ-ნელა გაქრება. მაგრამ, გახსოვდეთ: ბოლო პერიოდში კანის დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ფოტოდაბერება, რასაც მზის სხივები იწვევს. ამიტომ, აუცილებელია, თქვენი დღის მკვებავი კრემი შეიცავდეს ულტრაიისფერ ფილტრებს. ასეთი კრემი უნდა წაისვათ ყოველდღიურად, სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე. თუ ხმარობთ ტონალურ კრემებს ან პუდრს, სასურველია, მათაც იგივე შემადგენლობა ჰქონდეს – ასე კანი გარანტირებულად დაცული გექნებათ.
თუ, მოულოდნელად, თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაარღვიეთ მისი დამცავი ბარიერი (მაგალითად, ზედმეტად ხშირად გაიწმინდეთ). ასეთ შემთხვევაში, დროებით უარი უნდა თქვათ ისეთ საშუალებებზე, რომლებიც შეიცავს სპირტს, მჟავებს, ეთერზეთებსა და სხვა კანის გამღიზიანებელ კომპონენტებს. მაგრამ, მანამდე კარგად დაფიქრდით, ხომ არაფერი შეცვალეთ ან დაარღვიეთ მოვლის პროცესში? იქნებ, რამე ახალი კოსმეტიკური საშუალება გამოიყენოთ, რაც თქვენს კანს აშკარად არ მოეწონა და იმიტომაც გამოხატა პროტესტი?!
მას, ვისაც აქვს თხელი კანი და ხშირად უწითლდება, მოვლისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მთელი წლის განმავლობაში. ზამთარში კი აუცილებლად უნდა გამოიყენოს დამცავი კრემი, რომ არ მოხდეს კუპეროზის ან როზაცეას პროვოცირება.
ხშირად, კანის „პროტესტის“ სხვადასხვა სახით გამოხატულება არ ნიშნავს მხოლოდ მოვლის წესების დარღვევას. ზოგჯერ ეს პირდაპირ მინიშნებაა იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები იჩენს თავს. ამიტომ, არასასურველი ნიშნის გამოვლინებისთანავე (მით უმეტეს, თუ ეს ნიშანი საკმაოდ მკვეთრადაა გამოხატული), მიმართეთ მკურნალ ექიმს, ჩაიტარეთ გამოკვლევა და დაადგინეთ, რა არის ყოველივე ამის მიზეზი – კანის არასწორი მოვლის შედეგად გამოწვეული პროტესტი თუ ჯანმრთელობის დარღვევა.