რისგან იცავს ადამიანს ზაფხულში მინის სათვალის ტარება და იწვევს თუ არა მხედველობის დაქვეითებას მზეზე დიდხანს ყოფნა
თვალი ადამიანს მოვლენების სწორ აღქმაში და შეცნობაში ეხმარება. ზაფხულის პერიოდში თვალის მთელი რიგი დაავადებები მწვავდება. ზოგი ადამიანი ამ დროს არ აქცევს სათანადო ყურადღებას თვალის ჩაწითლებასა და ქავილს, ჰგონია, ეს გადაღლის შედეგია. არადა, როგორც ექიმი-ოფთალმოლოგი ბატონი რამაზ ცინცაძე ამბობს, გართულებულ თვალის სიწითლეს, შესაძლოა, მთელი რიგი უსიამოვნებები და შეუქცევადი მოვლენები მოჰყვეს.
არის თუ არა სიცხე თვალის მტერი, რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელ მზერას მცხუნვარე მზის სხივები და მლაშე ზღვის წყალი, შესაბამისად, როგორ დავიცვათ თავი და შევინარჩუნოთ ჯანსაღი თვალის შუქი, ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბატონ რამაზს, რომელმაც მეტად გასათვალისწინებელი და საყურადღებო ინფორმაცია მოგვაწოდა.
– ბატონო რამაზ, თვალის რომელი დაავადებები მწვავდება სიცხეში და როგორ დავიცვათ საკუთარი მზერა მზის მცხუნვარე სხივების მავნე ზემოქმედებისგან?
– ზაფხულში მწვავდება თვალის ანთებითი დაავადებები. განსაკუთრებით კი მაშინ ხდება ეს, როცა ამ პერიოდში ამინდი ცვალებადია. ზაფხულის გრილ ამინდში დიდია ალბათობა თვალის ვირუსული ანთებითი დაავადების. კერძოდ, ამ დროს ადამიანი არ იცვამს შესაბამისად, ცივდება და იწყება თვალის ანთებითი დაავადება. სხვათა შორის, ამ დაავადებამ ბოლო პერიოდში საკმაოდ იმატა და ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. ასევე, მომატებულია ვირუსული კონიუნქტივიტის და კერატიტების შემთხვევებიც. აუცილებელია ამ დაავადებების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ადამიანმა მიმართოს კვალიფიცირებულ ექიმს და ჩაიტაროს გამოკვლევები, რათა თავიდან აიცილოს მთელი რიგი პრობლემები და გამწვავებული პროცესები. გეტყვით იმასაც, რომ ამ დროს თვითნებური მკურნალობა, კატეგორიულად იკრძალება, რადგან შესაძლოა საჭირო იყოს ანტივირუსული საშუალების დანიშვნა ავადმყოფისთვის. მან კი ისეთი პრეპარატი შეიძინოს თვითნებურად აფთიაქში და დაიწყოს მისი ჩაწვეთება თვალებში, რომელიც საკმაოდ პოპულარულია, რეკლამირებულიც და ამით გაართულოს საქმე და საფრთხე შეუქმნას საკუთარ მზერას. კერძოდ, ხშირად ასეთ ქმედებას ადამიანი მხედველობის დაქვეითებამდე მიჰყავს. ამ დროს გარეგნულად აღინიშნება თვალის ქავილი, წვა, სიწითლე, ცრემლდენა, სინათლის შიში, დისკომფორტი, მზეს ვერ უყურებს ადამიანი, თითქოს თვალში სილა შეაყარეს, აგრეთვე, ამ დროს თვალი შეშუპებული და გასიებულია და ეს ერთი შეხედვით თვალშისაცემია. სწორედ ეს არის ის სიმპტომები, რაც თან ახლავს თვალის ანთებას. ეს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ახასიათებს როგორც ვირუსულ კონიუნქტივიტს, ასევე ბაქტერიულ და ალერგიულ კონიუნქტივიტსაც. ზაფხულში განვითარებულ ალერგიულ კონიუნქტივიტს ხშირად მზის ალერგიასაც უწოდებენ, რადგან მზეზე დიდხანს ყოფნის დროს თვალი წითლდება და იწყება ცრემლდენა. ასე რომ, თუ ექიმს არ მიაკითხავთ და ის არ დაგისვამთ სწორ დიაგნოზს და, შესაბამისად, დანიშნულებასაც არ მოგცემთ, უნდა მოერიდოთ თვითმკურნალობას.
– ამ პრობლემისგან მზისგან დამცავი სათვალე დაგვიცავს?
– რასაკვირველია, ამ პერიოდში, აუცილებლად უნდა ატაროთ მზისგან დამცავი სათვალე. ზოგი ადამიანის თვალი მზის გამოსხივებაზე უფრო მგრძნობიარეა, ზოგის კი შედარებით ნაკლებად მგრძნობიარე. ამის გარკვევა ძალიან მარტივია, მაგალითად, თუ მზეზე ყოფნისას თვალი გიწითლდებათ, გეცრემლებათ ან გექავებათ, ესე იგი, მზის გამოსხივებაზე მგრძნობიარედ რეაგირებს თქვენი თვალი და მზისგან დამცავი სათვალე აუცილებლად უნდა ატაროთ. როგორც ექიმი, აქვე მოგცემთ რეკომენდაციას და გეტყვით, რომ დაბალი ხარისხის პლასტმასის სათვალე ნაკლებად გიცავთ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, თუმცა მხედველობას არ აზიანებს. მინა-პლასტმასის სათვალე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა დამზადებული, ხარისხით არ ჩამოუვარდება მინისას. მხედველობის დაქვეითებას მზის დიდხანს ყურებაც იწვევს. ამისთვის არსებობს სწორედ მზის სათვალე, რომელიც ამ სეზონზე უნდა ატაროთ და თავი დაიზღვიოთ.
– თუ ადამიანს თვალისა და მხედველობის პრობლემები აქვს, როგორც სპეციალისტი სად ურჩევთ შვებულების გატარებას და დასვენებას?
– ამას ბევრი მეკითხება და ჩემს რჩევებსაც ითვალისწინებს. კარგია, რომ საშუალება მაქვს, თქვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველს რეკომენდაციები მივაწოდო. მაგალითად, თვალს ნაკლებად აღიზიანებს მთის კლიმატი. შესაძლოა, ამას ზოგი ჩემი კოლეგა არ დაეთანხმოს, მაგრამ მათ გასაგონადაც ვიტყვი, რომ ზღვაზე დასვენების დროს, მეტი ალბათობაა ზღვის წყლისგან თვალი დაინფიცირდეს. თუმცა, მიუხედავად პრობლემური თვალისა, თუ ადამიანი დაიცავს ჰიგიენას და თვალებს გაუფრთხილდება, სადაც მოისურვებს, იქ შეუძლია დაისვენოს. ეს მისი ნებაა. თუმცა, მე თუ დამეკითხებით, ჩემი მხრიდან, ასეთ ადამიანებს მაინც მთაში დასვენებას და შვებულების უსაფრთხოდ გატარებას ვურჩევ. ერთი პაციენტი მოვიდა ამას წინათ ჩემთან და მითხრა – გამიგია ძველი ხალხისგან, თუ მზეს თვალს დიდხანს გაუსწორებ, ეს თვალის ჯანმრთელობისთვის კარგია და თქვენ რას მეტყვითო. გამეცინა, რა უნდა მეთქვა? (იცინის). ავუხსენი, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა და თუ ასე მოიქცევა ადამიანი, არ არის გამორიცხული მზის გამოსხივებისგან თვალის ბადურის დამწვრობაც მიიღოს. მით უმეტეს, მზის დაბნელების შეუიარაღებელი თვალით ყურებისას. ეს რომ არ მოხდეს და ამან დაბრმავებამდე არ მიიყვანოს ადამიანი, ამიტომ უნდა იცოდეს ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
– და მაინც, რა გართულება შეიძლება, მოჰყვეს აფთიაქში ნაყიდი წამლით ჩატარებულ თვითმკურნალობას?
– ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოხატულება ასეთი გართულებისა არის ეგრეთ წოდებული ჰერპერული კერატიტი, ანუ რქოვანას ჰერპერული წარმოშობის ანთება. ეს თვალის ანთებითი დაავადების კერძო სახეა – ჰერპესვირუსის ნაირსახეობა. როცა ასეთი ანთებაა, კატეგორიულად დაუშვებელია ჰორმონული პრეპარატების ხმარება, მაგალითად, დექსამეტაზონის. ეს პრეპარატი კი საკმაოდ პოპულარულია და ხშირად მას იყენებენ არადანიშნულებისამებრ. ამ დროს თვითმკურნალობა ძალიან ცუდი შედეგით შეიძლება დასრულდეს. დაავადება იწელება დროში, არ ხდება რქოვანას დროული შეხორცება და საბოლოოდ, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მხედველობის მკვეთრი და მნიშვნელოვანი დაქვეითება. სამწუხაროდ, სანამ მკვეთრად გამოხატული მხედველობის დაქვეითება არ შეაწუხებს ადამიანს, მანამდე არ აკითხავს ექიმს. როცა მხედველობაზე ექმნება პრობლემა, მაშინ გარბის ექიმთან და ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: თვალის წვა, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, სინათლის შიში და სხვა, არ აქცევს ყურადღებას. ამიტომაც, ეს შემდეგ ქრონიკულ ფაზაში გადადის. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გვაკითხავს ქრონიკული კონიუნქტივიტით და ქრონიკული ლეფარიტით. ცნობისთვის, ლეფარიტი არის ქუთუთოს ანთება, კონიუნქტივიტი კი – თვალის ლორწოვანი გარსის. ხოლო, თუ კითხვის ან კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის დროს თვალი გაგიღიზიანდათ, ამ დროს უებარი და უსაფრთხო საშუალებაა ჩაის ნაყენი. ამ ნაყენით ამოირეცხეთ თვალები და მალევე გაგივლით სიწითლე და დაღლილობაც. ჩაი შეიცავს ტანინს, რომელსაც ლორწოვანის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ოღონდ გაფრთხილებთ, საშუალოდ მუქი ნაყენი არ უნდა იყოს ცხელი.
– „დაზაგრულ“ კანს ძალიან უხდება ღია ფერის თვალები, ამიტომ ახალგაზრდები ხშირად ყიდულობენ ფერად ლინზებს და ზაფხულში ატარებენ. ეს უსაფრთხოა? ხომ არ იწვევს მხედველობის დაქვეითებას, და, თქვენ რა რეკომენდაციას მისცემთ მოდას აყოლილ ახალგაზრდებს?
– მართალია, გარუჯულ კანს ძალიან უხდება ღია ფერის თვალები და ამისთვის ბევრი ლინზებსაც ატარებს ზაფხულის სეზონზე, მაგრამ მისმა არასწორად შერჩევამ, შენახვამ და ტარებამ, შესაძლოა, პრობლემა შეგიქმნათ. ზოგადად, არსებობს ორი ჯგუფის ლინზა – ეგრეთ წოდებული ნომრიანი, რომლებსაც აქვს ოპტიკური ძალა და უნომრო ანუ ფერადი ლინზა, არსებობს ნომრიანი ფერადი ლინზებიც. თვალს უფრო მეტად აღიზიანებს ფერადი ლინზა, ვიდრე ნომრიანი და ეს სტატისტიკურადაა დამტკიცებული. როგორც ჩანს, თვალს ფერის მიმცემი ნივთიერება აღიზიანებს და არა თავად ლინზის მასალა. გამჭვირვალე ლინზით თვალი იშვიათად ღიზიანდება. გაითვალისწინეთ, რომ ლინზა აუცილებლად ექიმმა უნდა შეგირჩიოთ, რადგან არსებობს თვალის რადიუსი და თუ ის არ ემთხვევა ლინზის რადიუსს, ამან შესაძლოა თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს. რაც შეეხება ფერად ლინზას, ეს ინდივიდუალურია. ამ შემთხვევაში, ექიმი ვერ მოგცემთ რჩევას, უნდა ატაროთ ის თუ – არა. მაგრამ, თუ მის საღებავზე თვალი მგრძნობიარედ რეაგირებს და ეს მისი გაკეთების შემდეგ ვლინდება, მისი ტარებისგან თავი უნდა შეიკავოთ. კონტეინერს, ანუ ფლაკონს, სადაც ლინზა ინახება, აწერია ვადა, რომელსაც კარგად უნდა დააკვირდეთ. გაითვალისწინოთ მისი ტარების ვადა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ ლინზის მოხმარების ვადა ერთი ან სამი თვეა, მაშინ ის მეტხანს არ უნდა ატაროთ. საკუთარი სიამოვნებისთვის საფრთხე არ უნდა შეუქმნათ მხედველობას. ვადაგასული ლინზა აღიზიანებს თვალს, ხშირად იწვევს კერატიტს, იწყება თვალის რქოვანა გარსის ანთება და ამ ყოველივემ, შესაძლოა, მხედველობის დაქვეითებამდეც კი მიიყვანოს ადამიანი. თანაც, შეუქცევად დაქვეითებამდე. ზოგს ლინზა უღიზიანებს თვალს, მაგრამ ის ჯიუტად მაინც განაგრძობს მის ტარებას, ვადას არ აქცევს ყურადღებას და დაგვიანებით აკითხავს ექიმს. ამ დროს კი მათი მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.