სიბრძნე მინიატურებში
ათასი წელიც არ ეყოფა
ასი წლის მეფე იაიატს სიკვდილმა მიუკაკუნა. იაიატი შეევედრა:
– ეგებ პატივი დამდო და ჩემს მაგივრად რომელიმე ჩემი ვაჟი წაიყვანო? მე ხომ ჯერ სიცოცხლით დატკბობა ვერ მოვასწარი, სულ სამეფოს საქმეებით ვიყავი დაკავებული და სულ გადამავიწყდა, რომ ჩემ სულს სხეულის დატოვება მოუწევდა ოდესმე. გაიღე გულმოწყალება და ამისრულე თხოვნა!
სიკვდილმა ნება მისცა იაიატს, შვილებისთვის ეკითხა, რომელი გასწირავდა მამისთვის თავს. იაიატს ასობით შვილი ჰყავდა. მათ მოისმინეს მამის თხოვნა, თავი ჩაქინდრეს, თვალი აარიდეს და ადგილიდან არ დაძრულან. მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. მაშინ ყველაზე ნორჩმა ვაჟთა შორის, სულ თექვსმეტიოდე წლის ყმაწვილმა თავი აწია და სიკვდილს გამომწვევად მიახალა, მე ვარ თანახმა, მამას ჩავენაცვლოო. სიკვდილს კი შეეცოდა პირტიტველა ჭაბუკი: თუ ასი წლის ბებერს ეძნელება სიცოცხლის დათმობა, მაშინ ეს თითქმის ბავშვი რას უნდა განიცდიდესო. მან გულითადად მიმართა იაიატის ნაბოლარას:
– შენ ჯერ არაფერი გესმის, არც არაფერი გინახავს, უმანკო და უცოდველი ხარ. ხედავ, როგორ გაიყუჩნენ შენი უფროსი ძმები? ოთხმოცდაცამეტიდან ზოგიერთმა სამოცდაათს გადააბიჯა, მოხუცდა, მათთანაც ჩქარა მოვა სიკვდილი, ეს რამდენიმე წლის საქმეა. მაშ რაღა შენ უნდა გაწირო თავი?!
ყმაწვილმა უპასუხა:
– თუ მამაჩემს ასი წელიც არ ეყო, რომ სიცოცხლით დამტკბარიყო, მე რატომ უნდა მქონდეს იმის იმედი, რომ ბედი სხვა ხვედრს მარგუნებს? უნდა არსებობდეს ცხოვრების რაღაც სხვა წესი. სიცოცხლით, როგორც ჩანს, ვერასოდეს გაძღები. ეგებ სიკვდილმა გამაგებინოს, რატომ ხდება ასე. ამიტომ მომეცი ნება, გამოვცადო ეს და ჩემს გადაწყვეტილებას წინ ნუ აღუდგები.
სიკვდილმა ხელი ჩაჰკიდა ვაჟს და თან წაიყვანა. მამამისმა ამის შემდეგ ასი წელი იცოცხლა. როცა სიკვდილი ეახლა, მეფე შეცბა:
– ასე ჩქარა დაბრუნდი? მეგონა, ასი წელი ისე ბევრია, რომ სულ არ ვღელავდი. სიცოცხლის აწყობა ჯერ ვერ მოვასწარი, თუმც განვჭვრიტე და დავგეგმე კიდეც, რა უნდა გავაკეთო. ახლა ყველაფერი მზად მაქვს, ძლივს დავიწყე სიცოცხლე, შენ კი ისევ მომაკითხე! ასე ბარემ ათჯერ გამეორდა: სიკვდილი მოდიოდა, რომელიმე ვაჟი კი თავის სიცოცხლის ფასად მამას სიცოცხლეს უხანგრძლივებდა.
და აი, იაიატს ათასი წელი შეუსრულდა. სიკვდილი კვლავ მივიდა მასთან და ჰკითხა:
– მითხარი, რას ფიქრობ ამჯერად, ისევ შენი რომელიმე ვაჟი უნდა წავიყვანო?
იაიატმა მიუგო:
– არა, ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ათასი წელიც არაა საკმარისი სიცოცხლის დასაწყებად. საქმე ისაა, რომ გონებით მსურდა სიცოცხლისთვის საკმარისი დროის დადგენა, დრო კი აქ არაფერ შუაშია. მუდამ თავიდან ვიწყებ ამაო ფუსფუსს, მივეჯაჭვე ყოფიერების ფუჭ ხარჯვას და ვერ შევიმეცნე მისი არსი, ამას არაფერი უშველის, რამდენი სიცოცხლეც არ უნდა გამოგთხოვო. დროა, წამიყვანო.
რწმენა
ცხენით მიმავალმა ადამიანმა გზაზე დავარდნილი კაცი დაინახა. შეჩერდა, საბრალო ააყენა და უნაგირზე შემოსვა. მაგრამ ამ დროს კაცმა ლაგამს ხელი დაავლო. ცხენი შემოაბრუნა და თავის მშველელს შესძახა:
– არ განრისხდე, ცხენი მოგპარე, ეს ჩემი პროფესიაა, მე ქურდი ვარ.
– ამას მივხვდი, – უპასუხა კაცმა დანანებით, – მაგრამ გთხოვ, არავის უთხრა ამის შესახებ.
– ნუთუ გრცხვენია, რომ გაგქურდეს?
– არა. უბრალოდ, ამის გამგონე ადამიანები რწმენას დაკარგავენ და დაცემულს ადგომაში აღარ დაეხმარებიან.