რით დაამსგავსა თავისი კოლექცია პოლ სმიტმა ვესტვუდის ძველ წლებს
ბრიტანელმა ტანსაცმლის დიზაინერმა სახელი მამაკაცების სამოსის შექმნით მას შემდეგ გაითქვა, რაც ოცდაათი წლის განმავლობაში თავისი დახვეწილი გემოვნებითა და უზადოდ შესრულებული მამაკაცის კოლექციებით თავის სახელს უდიდესი პრესტიჟი შესძინა. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელ ბეჭდად კი იქცა დღე, როდესაც დედოფალმა ელისაბედ მეორემ პოლ სმიტი რაინდად აკურთხა.
15 წლის პოლი მრბოლელობაზე ოცნებობდა, ბრისტონის გზების კლუბში სწავლობდა და, როდესაც მამამ იძულებით დააწყებინა ტანსაცმლის ქარხანაში მუშაობა, სახლიდან სამსახურში უდიდესი სისწრაფით მიმავალი, მრბოლელობაზე მეოცნებე პოლი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როდის გახდებოდა იმხელა, რომ ტანსაცმლის ყურება აღარ მოუწევდა. თუმცა მის ოცნებებს წერტილი ზუსტად ამ გზებზე სიარულის დროს, საშინელი ავარიით დაესვა. საავადმყოფოში გატარებული ექვსი თვის შემდეგ მან ახალი მეგობრები შეიძინა, რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ ერთად და ოცნებობდნენ, ხელოვნებაში აეწყოთ კარიერა. პოლიც მიხვდა, რომ ზუსტად ამ იდეებითა და აღმაფრენით სავსე და მრავალფეროვანი სამყაროს ნაწილად ქცევა სურდა. კერვის შესწავლაში მას შეყვარებული (ახლა უკვე მეუღლე) დაეხმარა, რომელსაც დიზაინის სკოლა უკვე დამთავრებული ჰქონდა. ძალიან მალე, ისე, რომ არც ერთ მოდის სახლში არავის ჩრდილქვეშ არ უმუშავია, პირდაპირ ლონდონში, თავისი სახელობის მამაკაცის კოლექცია წარმოადგინა. ის მამაკაცები, რომლებსაც ძალიან გამოკვეთილი ინდივიდუალიზმისა და განსაკუთრებულობის წარმოჩენა სურდათ, პოლ სმიტის სამყაროს ტყვეობაში ძალიან მალე მოექცნენ. დღესდღეობით პოლ სმიტის სახელით ათამდე ლეიბლი გამოდის, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აერთიანებთ – პოლ სმიტის ნებისმიერ სამოსს, ქალის იქნება ეს თუ კაცის, რომელიმე შესამჩნევ ან შეუმჩნეველ ადგილას ფერადი ზოლები აქვს დატანებული.
როდესაც პოლ სმიტმა თვალი მოავლო „ბაკონგოს ჯენტლმენის”, დანიელ ტამანჯის ფოტოგამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იყვნენ კონგოელი ქალბატონები დენდის ფორმაში, ვეღარ დაიცადა მომავალ სეზონამდე, რათა ეს ინსპირაცია მამაკაცების მომდევნო წლის კოლექციაში გამოეყენებინა და სასწრაფოდ შექმნა კოლექცია ქალებისთვის, რომელიც ვარდისფერ კოსტიუმსა და წითელი ტყავის საოცრად დახვეწილ მამაკაცურ ფეხსაცმელში გამოწყობილმა ცილინდრიანმა შავკანიანმა – ჟანეილ უილიამსმა გახსნა.
პოლ სმიტის ქალები ფერად-ფერად კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი. მათი ფერები იმდენად მკვეთრი და ხასხასა იყო, ერთმა კრიტიკოსმა ხილის წვენებსაც კი შეადარა. მამაკაცური თემა დეფილეს ბოლომდე ტრიალებდა. ჰაერში ის ერთნაირად აქტუალური იყო „ბანკირის“ ტიპის ზოლებიან, მამაკაცურ პერანგზე, საღამოს კაბასა თუ დაპრინტულ, ლამაზ სარაფანზე. კუბოკრული პერანგები და ჰალსტუხები პოლ სმიტის სეზონის ნამდვილი ჰიტია. „არტის“ სტილში შექმნილი, ერთმანეთში გადახლართული კაბები, რომელთა ნაწილიც იმავე სულისკვეთებით იყო განმსჭვალული, ნახევარი კი – პოლ სმიტის ცნობილი ფერადი ზოლებით გალამაზებული, კოლექციის მთავარ „დარტყმად” იქცა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სტილში შექმნილი კაბები ვესტვუდის ადრეულ კოლექციებს ნამდვილად გვახსენებდა. მთელი კოლექცია ძალიან სასიამოვნო და საოცრად ახალგაზრდული იყო, მაგრამ, ვინაიდან საქმე მაინც ექსცენტრიკულ ინგლისელთან – პოლ სმიტთან გვაქვს, ასეთ თაყვანისმცემლურ დამოკიდებულებას სამოსის მიმართ მისგან ნამდვილად არავინ ელოდა.
კოლექციაზე, იგრძნობოდა მეორე, ძალიან სერიოზული გავლენაც – თავად დიზაინერის სამკერვალო ოსტატობა, სამოსის დამუშავების დონე. ამის ნათელი მაგალითი იყო თხელი მოსაცმელი, რომელიც თითქოს სპილოს ძვლისგან იყო შექმნილი და შავი ელემენტებით უზადოდ დამუშავებული. ამ სტილის სამოსზე თავად სმიტმა თქვა: „დაიწყო ორიენტალისტებით და დამთავრდა შანელით”!
სამკერვალო დამუშავების ტექნიკა ჩანდა პატარა შორტებშიც და ბამბის ულამაზეს თხელ ჟაკეტებშიც. ასეა თუ ისე, ამ კოლექციით პოლ სმიტმა დაამტკიცა, რომ ქალებს არავისზე ნაკლებად არ იცნობს და დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ის, თავისი ფერადი ზოლებით, სამუდამოდ იქცა ქალთა გულისმპყრობელად.