კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები



სიდედრი ოჯახს მინგრევს

მე და ჩემი ცოლი ძალიან მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდით ოთხი წლის განმავლობაში. ვიყავით ჩვენთვის, ხან გვიჭირდა, ხან გვილხინდა, მაგრამ ხელს არავინ გვიშლიდა და ჩვენს ცხოვრებაშიც არავინ ერეოდა. ჩემი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ და სტუმრად თუ ჩამოდიოდნენ ჩვენთან წელიწადში ორჯერ. თეას მამა არ ჰყავდა, დედა კი საბერძნეთში წავიდა ჩვენი ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ და იქიდან თუ გამოგვიგზავნიდა ხოლმე ხანდახან რაღაც თანხას (ძირითადად, ვაჟიშვილს უგზავნიდა ფულს ბინის მშენებლობაში შესატანად).

ჩვენი დაქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ კი სიდედრი ჩამოვიდა და ჩემი ოჯახური იდილია წარსულს ჩაბარდა: ქალბატონმა ზოიამ ყოველდღე დაიწყო ჩვენთან სიარული, დირექტივების ფრქვევა და ჩემი და თაკოს ურთიერთობაში კორექტივების შეტანა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ დაიწყო თავისი შვილის დამუშავება. იმდენი ეჩიჩინა, რატომ ხარ ასეთი მორჩილი ცოლი, რატომ არ სთხოვ ქმარს, უკეთეს პირობებში გაცხოვროსო, რომ, საბოლოოდ, ჩემი ბუნჩულა ცოლი ავ და კაპას ქალად იქცა. ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო, ისე დაემართა თაკოსაც. მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა, ცდას არ ვაკლებდი, წელებზე ფეხს ვიდგამდი და სამ სამსახურში ვმუშაობდი, დედამისის „შეგონებების“ შემდეგ, მაინც ყველაფრით უკმაყოფილო იყო, რასაც სისტემატურადაც უხეშად გამოხატავდა. ყოველივე ამან კი ჩვენ ურთიერთობაში ისეთი ბზარი გააჩინა, აღარ მგონია, ოდესმე რამე მოწესრიგდეს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი შვილის თანდასწრებით ხდება და 3 წლის ბავშვი უკვე შიშისგან გაფართოებული თვალებით შემოგვცქერის და ხმის ყოველ აწევაზე ისტერიკულად ტირის. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მიუხედავად ჩემი სამი სამსახურისა, ვერანაირად ვერ ვუყიდი ცოლს ძვირიან მანქანას, ვერ დავასვენებ უცხოეთში (ნეტავი ქობულეთში მომახერხებინა ცოლ-შვილის გაშვება), ვერ ავავსებ ბრილიანტებით და ვერ ვუყიდი ყოველ კვირას ცნობილი ბრენდების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. ერთადერთი, რასაც გაჭირვებით ვახერხებ, ისაა, რომ ძიძას ვუხდი ფულს და მშივრები არ ვართ. ცოლს ერთი დღეც არ უმუშავია (თვითონ არ ისურვა, თორემ, მე კი არ ამიკრძალავს) და არც დამივალდებულებია. არაფერს ვუკრძალავ, ყველგან ვუშვებ, ბავშვის გაზრდაშიც ვეხმარები – მეტი რა ვქნა?! ჩემი სიდედრი კი მაინც არ ისვენებს და სულ იმ რამდენჯერმე გამოგზავნილ ას დოლარს მაყვედრის. იმდენი მიძახა, მე გარჩენდითო, რომ, დავათვლევინე, სულ რამდენი ჰქონდა გამოგზავნილი, მერე ძმაკაცისგან ვისესხე და მივეცი – თქვენი არაფერი მინდა, როგორმე თვითონ მივხედავ ჩემს ოჯახს-მეთქი. მაშინვე გამომართვა, საფულეში ჩაიდო და თან ერთი ამბავი დამაწია – უზრდელი და თავხედი ხარ, როგორ გამიბედე და როგორ მაკადრეო.

ერთი სიტყვით, უმძიმეს მდგომარეობაში ვარ. აღარ ვიცი, როგორ გადავარჩინო ჩემი ოჯახი დანგრევას.

რეზო, 32 წლის.



გარიგებით გათხოვება

უფრო ამართლებს

30 წელს რომ მივაღწიე და ისევ გაუთხოვარი ვიყავი, როგორც ხდება ხოლმე ჩვენში, დატრიალდნენ დეიდა-მამიდა-ბიცოლები, გაიკითხეს, გამოიკითხეს, და, იმდენი მოახერხეს, გამომიძებნეს საქმრო, გამაცნეს და დამითანხმეს გათხოვებაზე.

სიმართლე გითხრათ, თაყვანისმცემლებით დიდად განებივრებული არასდროს ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, მეც მყავდა მომწონებელი და ერთი-ორი მსუბუქი ფლირტიც მქონია, მაგრამ არც ერთი ურთიერთობა ამის იქით არ წასულა. მთელი ცხოვრება ნამდვილ, დიდ და რომანტიკულ სიყვარულზე ვოცნებობდი და ჩემი ოცნების რაინდს ველოდი. ძალიან გვიან მივხვდი, რომ არანაირი ოცნების რაინდი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში – საქართველოში და რომანტიკული სიყვარულიც არქაული გადმონაშთია, რომელსაც მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში შეხვდებით. ამაში რომ დავრწმუნდი, იმიტომაც გადავწყვიტე, დავთანხმებოდი ჩემს ნათესავ მაჭანკლებს და ცოლად გავყევი კაცს, რომელსაც პრაქტიკულად არ ვიცნობდი. ერთთვიანი პაემნების შემდეგ მის შესახებ მხოლოდ ის გავიგე, რომ უყვარდა კლასიკური მუსიკის მოსმენა, გიჟდებოდა ფეხბურთზე და სტუდენტობისას ჰყავდა შეყვარებული, რომელიც ცოლად უნდა შეერთო, მაგრამ ქორწილამდე ორი კვირით ადრე ვიღაც ახალგაცნობილ ბიჭთან ერთად გაიპარა. იმ ამბის შემდეგ გიასთვის ყველა ქალი ერთნაირად უმადური, ორპირი და მოღალატე გახდა. არც დაუმალავს, პირდაპირ მითხრა: ისე შემაწუხეს ჩემიანებმა, ცოლს რატომ არ ირთავო, რომ მათ გასაჩუმებლად დავთანხმდი შენს გაცნობაზე. სიმართლე გითხრა, სიყვარულის დიდად არ მწამს, მაგრამ, ჩემი აზრით, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთგაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ამურის“ ისრების სროლა. ოჯახის შექმნა კი ყოველი ადამიანისთვის პირდაპირი მოვალეობაა. მე მინდა, მყავდეს ერთგული ცოლი, მქონდეს მშვიდი ოჯახი – სულ ეს არის ჩემი მოთხოვნა. გატყობ, მშვიდი და გაწონასწორებული ქალი ხარ, თანაც, საკმაოდ სიმპათიური. მართალია, ჯერჯერობით ერთმანეთს წესიერად არც ვიცნობთ, მაგრამ, იმედია, ასე თუ ისე, შევეწყობით. მე „სვეცკი პონტები“ არ მინდა, მჭირდება ცოლი, რომელიც ოჯახურ სიმყუდროვეს შემიქმნის და კარგ შვილებს გამიზრდის. რომეო ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ შეძლებისდაგვარად, არაფერს მოგაკლებ. ოღონდ, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ვერ ვიტან ზედმეტად აქტიურ, პრეტენზიულ და კაპას ქალებს. ზოგადად, დადებითი ადამიანი ვარ, თუმცა, მაქვს ჩემი ხუშტურები და, თუ გაწყობს ასეთ კაცთან ცხოვრება, გამომყევი ცოლად და მოვსინჯოთ, რა გამოგვივაო.

მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულს არაფერს ველოდი, გიას სიტყვებმა საბოლოოდ ჩამომაგდო მიწაზე. ერთადერთი, იმის თქმა მოვახერხე, რამდენიმე დღე მჭირდება პასუხის მოსაფიქრებლად-მეთქი. რამდენიმე ბევრია, ორ დღეს გაძლევ. მე ჩემი გეგმები მაქვს, თუ გაწყობს ჩემნაირი ქმარი, გამომყევი, თუ არა – მშვიდობიანად დავშორდეთ ერთმანეთსო. ასე დამთავრდა ჩვენი რიგით მეხუთე პაემანი (ერთი თვის განმავლობაში სულ ხუთჯერ შევხვდით) – არავითარი ყვავილები, არავითარი კომპლიმენტი (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მშვიდი, გაწონასწორებული და საკმაოდ სიმპათიური ვყოფილვარ), არავითარი აღნიშვნა იმისა, რომ ჩემ მიმართ თუნდაც ელემენტარული გრძნობა გაუჩნდა. ერთი სიტყვით, კაცმა გულწრფელად მითხრა, რას ფიქრობდა, რა უნდოდა, რას გეგმავდა და ორი დღეც მომცა პასუხის მოსაფიქრებლად.

ორი დღე და ორი ღამე თავი გამისკდა ფიქრით. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მხიარული და საინტერესო ცხოვრება აშკარად არ მელოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, დასაფასებელი იყო მისი გულწრფელობა და გულახდილობა. ბოლოს სწორედ ამან გადამძლია. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ტყუილ შეპირებებს და მერე იმედების გაცრუებას, ჯობია, თავიდანვე ვიცოდე, რა მელის-მეთქი, მივაფურთხე ეშმაკს და მეორე საღამოსვე დავურეკე – შევხვდეთ-მეთქი. შევხვდით ვაკის პარკში და მეც აბსოლუტურად გულწრფელად ვუთხარი ყველაფერი საკუთარი თავის შესახებ. თუმცა, თვითონ არ უთხოვია, შენი წარსული გამაცანიო. მაგრამ, შევატყვე, რომ ესიამოვნა ჩემი საქციელი. ცოლობაზე თანხმობა ვუთხარი და არც ამის მიზეზი დამიმალავს. ჩემდა გასაკვირად, უცბად დადგა კარგ ხასიათზე და რესტორანში წასვლა შემომთავაზა – ეს დღე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთო. საკმაოდ კარგი საღამო გამოგვივიდა. იმ ორიოდე საათში გაცილებით უკეთ გავიცანი, ვიდრე მთელი თვის განმავლობაში. სახლში რომ მიმაცილა, მითხრა, შაბათს მე და ჩემი მშობლები მოვალთ და ოფიციალურად ვთხოვ ხელს შენს მშობლებსო. დამშვიდობებისას რაღაცნაირად თბილად გადამისვა თავზე ხელი, ლოყაზე მაკოცა, თვალებში ჩამხედა და ღიმილით მითხრა – რატომღაც, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად გამოგვივაო. მე გამახარა მისმა სიტყვებმა, რადგან, მომეჩვენა, რომ ისევ გულწრფელი იყო და, თანაც, რომ მიყურებდა, დავინახე თუ ვიგრძენი, ვერ გეტყვით, მაგრამ, აშკარად ბედნიერების სხივი უკრთოდა თვალებში.

ძალიან ლამაზი ნიშნობა გვქონდა, ყველა წესისა და ტრადიციის დაცვით (სხვათა შორის, მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან პატივს სცემდა ძველ ტრადიციებს და ცდილობდა, მაქსიმალური სიზუსტით დაეცვა). ნიშნობიდან ერთი თვის შემდეგ კი, ქორწილი გადავიხადეთ. ამ ერთი თვის განმავლობაში კიდევ უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი და თანდათან ვხვდებოდი, რომ ამ კაცთან, მიუხედავად მასში რომანტიზმის სიმცირისა, მაინც მშვიდი, სტაბილური და თავისებურად ბედნიერი ცხოვრება მელოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავზე არ გადაგვდიოდა და არც საჩუქრებითა და სიურპრიზებით ვიყავი განებივრებული, გიას ჰქონდა (და აქვს) ერთი არაჩვეულებრივი თვისება: კმაყოფილებისა და მადლობის გამოხატვა ძალიან აქტიურად შეეძლო. შექება ხშირად არ იცოდა, მაგრამ ისეთი ფორმით შემაქებდა, ვთქვათ, თუ ჩემი მომზადებული კერძი მოეწონებოდა, რომ მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყავი.

ერთი სიტყვით, რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ გია იყო ის, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებდი. სითბოს მისგანაც ვგრძნობდი, მაგრამ ჩემს ბედნიერებას მაინც ჰქონდა ერთი ხინჯი: თითქმის ერთი წლის ცოლქმრობის განმავლობაში არც ერთხელ არ უთქვამს გიას, მიყვარხარო. შეიძლება, ვინმემ თქვას, სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ, მოგეხსენებათ, ქალი შინაგანად ყოველთვის ელის ამ სიტყვების გაგონებას და გამონაკლისი არც მე გახლდით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დარწმუნებული ვიყავი ჩემს გრძნობაში, არც მე მითქვამს გიასთვის, მიყვარხარ-მეთქი. ამას კი მიზეზი ჰქონდა: ჯერ ერთი, არ მიყვარს, როცა ამას პირველი ქალი ამბობს, მეორეც – არ მინდოდა, ამ სიტყვებით რამით დამევალდებულებინა ქმარი და, მესამეც – რაღაცნაირად, მრცხვენოდა თუ მეშინოდა, ხელოვნურად და არაგულწრფელად არ გამომივიდეს თქმა-მეთქი.

ერთ დღეს კი გიამ დამირეკა და მითხრა, საღამოსთვის არაფერი დაგეგმო, სადღაც უნდა წავიდეთ და მოემზადეო. გამიკვირდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თხოვნა შევუსრულე. საღამოს სახლში რომ მოვიდა, უკვე ჩაცმულ-დახურული დავხვდი. ყურადღებით შემათვალიერა და კმაყოფილებით მითხრა, კარგად გამოიყურები, ახლა ერთ ადგილას უნდა წაგიყვანოო. ჩავსხედით მანქანაში და იმ რესტორანში წავედით, სადაც მაშინ ვიყავით, ცოლად გაყოლაზე თანხმობა რომ ვუთხარი. ჩვენს მაგიდაზე ვარდების ულამაზესი თაიგული იდგა ლარნაკით და სუფრაც ძალიან ლამაზად იყო გაწყობილი ორ კაცზე. გამიკვირდა – რას ვზეიმობთ-მეთქი. მე აღარც კი მახსოვდა, რომ იმ დღიდან ზუსტად ერთი წელი იყო გასული. გიამ ულამაზესი საღამო მაჩუქა და პირველად სწორედ იმ საღამოს ამიხსნა სიყვარული. თან, დაამატა – მადლობელი ვარ, ასეთი ბედნიერება რომ მაჩუქეო. მეც გამოვუტყდი სიყვარულში და თან ერთი რამეც გავუმხილე – ზუსტად ორი დღის წინ დავადგინე, რომ ორსულად ვიყავი. გიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ხელში ამიტაცა და სახლამდე თითქმის ხელში აყვანილი მიმიყვანა.

დღეს უკვე ორი პატარა ანგელოზი გვყავს. გია საუკეთესო ქმარი და მამაა. ხანდახან ვფიქრობ, მას რომ არ შევხვედროდი ან მაშინ უარი რომ მეთქვა, რა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას.

ეტყობა, გარიგებით გათხოვება უფრო ამართლებს.

ცისანა, 37 წლის.



შეყვარებულმა იმედები გამიცრუა

გავიცანი ბიჭი, რომელიც, შეიძლება ითქვას, მაშინვე შემიყვარდა. მასაც მოვეწონე და ვხვდებით კიდეც ერთმანეთს. ერთად ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და დაქორწინებასაც ვგეგმავთ, მაგრამ ამას წინათ, ზაზამ მითხრა, სანამ ათ კილოგრამს არ დაიკლებ, ცოლად ვერ მოგიყვან. დედაჩემს არ უყვარს მსუქანი გოგონები და, თუ არ გახდი, ვიცი, უსიამოვნებები გექნებათო.

ვინც ამ წერილს წაიკითხავს, იფიქრებს, რომ უზარმაზარი, სპილოსავით სქელი ვარ, მაგრამ, სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, პუტკუნა გოგო ვარ, შარვალიც კი მიხდება, ტოპიკიც და შორტებშიც არა მიშავს რა. ჩემი მომავალი დედამთილი, ეტყობა, წინასწარ არის შარზე და საჩხუბარ მიზეზებს აგროვებს, თორემ, რა უფლება აქვს შვილს ასეთი ულტიმატუმი წაუყენოს? დიდი ბალერინა არც თვითონ მყავს, ერთი მოხეული ქალია. რომ ჰკითხო, სიფრიფანა გოგო ვიყავიო, მაგრამ, დეიდაჩემი იცნობდა სტუდენტობისას და მაშინაც კარგი ბომბორა ყოფილა. თუ ჩემს დასაწუნებლად მიზეზი უნდა რომ მოძებნოს, სხვა რამე მაინც თქვას (ან კი რა აქვს სათქმელი!).

მაგრამ, მასზე მეტად ზაზაზე ვარ გაბრაზებული: ამდენ უფლებას როგორ აძლევს! მერე რა, თუნდაც დედა იყოს, ვინ მისცა ნება, რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირი ჩაყოს და უკარნახოს, როგორ მოიქცეს და რა გააკეთოს. თან ზაზასგან ისიც გამიკვირდა და მეწყინა, რომ იმის ნაცვლად, დაემალა და არ გაემხილა დედამისის სულელური საქციელი, თვითონ გადმომცა – ასე თქვა დედაჩემმა და თუ ეს არ გააკეთე, შენზე უარის თქმა მომიწევსო.

ამ ყველაფრის შემდეგ, ვითომ, ღირს, ასეთ ბიჭს ცოლად გავყვე?

გული იმაზე მწყდება, რომ ზაზამ იმედები გამიცრუა – მე ის მაგარი კაცი მეგონა, ის კი დედამისის ყურმოჭრილი მონა ყოფილა.

ანა, 21 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3