რა დაუმალა დათო კიკალიშვილმა „ეფბეერს“ და როგორ ჩაუვარდა მას ხელში ისტორიული ტყვიის გულა
„რუსთავი 2-ის“ ყველაზე ვეტერანი სახე, დათო კიკალიშვილი, თავს იღბლიანად მიიჩნევს და არც საკუთარ ბედზე წუწუნებს არასდროს. როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სასიამოვნო შემთხვევითობა იყო, რამაც მისი პროფესიული კარიერაც განსაზღვრა. იმ საქმის წყალობით კი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, იღბალმა ბევრ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის შანსი მისცა.
დათო კიკალიშვილი: ალბათ, იღბლიანი ადამიანი ვარ – ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ამას კი იღბალი სჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან ტელევიზიაში მოხვედრასა და ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, არც დედას და არც მამას არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ტელევიზიასთან. ჩვეულებრივი, სტანდარტული საშუალო დონის ოჯახი გვქონდა: მამა ინჟინერი იყო, დედა – დიასახლისი. მამაჩემი რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო. ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან მისი ბიძა ოპერაში მუშაობდა. როცა მამას შვილებისთვის რამის თქმა უნდოდა, ან ოპერიდან, ან თეატრიდან მოჰყავდა მაგალითები. თვითონ ხშირად დადიოდა ოპერაში, კარგად მღეროდა. ბავშვობაში ოპერაში ჩემი შეტყუების მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ, მალევე აღვკვეთე. როგორც ყველა საბჭოთა ბავშვს, მეც კოსმონავტობა მერჩივნა. ახლა ვხვდები, რომ ჩემგან კოსმონავტი არ გამოვიდოდა – თვითმფრინავში თავბრუ მეხვევა (იცინის). მერე დაიწყო მძიმე, 90-იანი წლები და მეც, ისევე, როგორც ჩემი თანატოლების უმეტესობა, სულ ქუჩაში ვიყავი, მაგრამ ლიდერობაზე პრეტენზია არ მქონია, უბრალოდ, ბიჭებთან ერთად დავდიოდი აქეთ-იქით. პირიქით, მე უფრო მპატრონობდნენ, თუმცა, ვინმეს სადმე გავყვებოდი თუ არა, მათ შარებში მეც ვეხვეოდი (იცინის). პროფესიული არჩევანი იმ პერიოდში გავაკეთე, როცა ამ ქვეყანაში ყველაფერი არეულ-დარეული იყო და ყველას აერია დალაგებული გეგმები. მეც იურიდიულზე ჩავაბარე, მაგრამ, მეოთხე კურსი დავხურე და მერე ვერა და ვერ დავამთავრე. იმედი მაქვს, პენსიაზე გასვლამდე ვიპოვი დროს და უნივერსიტეტს დავამთავრებ, უდიპლომო და გაუნათლებელი ვარ, შესაბამისად, ჩემს კედელზე დიპლომი არ კიდია, ამით ვერ დავიტრაბახებ (იცინის). ჩემი ძმა არის მხატვარი, მან დათესა ჩემში ხელოვნებისადმი სიყვარული, პატარ-პატარა მცდელობები მეც მქონდა, მაგრამ ჩემგან მხატვარი არ გამოვიდა. სამაგიეროდ, ძალიან მინდოდა ტელეოპერატორობა. როდესაც ახალგახსნილ „მეორე არხზე“ მივედი ცნობილ სერგისთან, სწორედ იმ დროს გაიხსნა „იბერვიზია“, სადაც საინფორმაციო სამსახურში ჟურნალისტები სჭირდებოდათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც დაიწყო ჟურნალისტების თაობათა ცვლა – ძველი, კომუნისტური სახეები ტოვებდნენ ეკრანს. ტელევიზიაში ტელეოპერატორობის სასწავლად მისულს მითხრეს, ტელეოპერატორი ბევრი გვყავს, ჟურნალისტობა ხომ არ გეცადაო.
– ამას ჰქვია საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა.
– დიახ, აღმოჩნდე ისეთ ადგილზე, სადაც გინდა, რომ იყო, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, ასეთი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა. იყო ასეთი ორგანიზაცია „ინტერნესჯორჯია”, რომელიც რეგიონულ ტელეკომპანიებს ეხმარებოდა. ერთხელ ამ ორგანიზაციის რეჟისორმა, ირაკლი ღლონტმა, ჩვენს კაბინეტში შემოიხედა და ისე, უბრალოდ, წამოიყვირა – რაღაც კონკურსი იწყება და მონაწილეობას ხომ არ მიიღებთო. მე და ნინო ჯაფიაშვილი ვისხედით ოთახში, დავფიქრდით, მივედით და აგვიყვანეს, იქიდან დაიწყო ჩემი კავშირი „რუსთავი 2-თან“, რომელიც იმ დროს რუსთავში მაუწყებლობდა. იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის ირაკლის შემოძახილი. ხომ შეიძლებოდა, იმ დროს იმ ოთახში საერთოდ არ ვყოფილიყავი და ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო?! მერე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ბევრჯერ დამიდგნენ გვერდში, ხელიც წამკრეს ერთი-ორჯერ. მაგალითად, ჩემმა რეჟისორმა 43 დუბლი ჩაწერა იმისთვის, რომ მეთქვა: „საღამო მშვიდობისა! თქვენ უყურებთ პროგრამა „კვირას“! ისე ვერ ვამბობდი, როგორც საჭირო იყო (იცინის), მერე ნელ-ნელა ოსტატდები.
– ახლა აშკარად აღარ დაგჭირდებათ 43 დუბლი.
– ამ პროფესიას სულ სჭირდება ვარჯიში, მე ცოტას ვზარმაცობ, მაგრამ, მაინც... კონკურენცია ისეთი მძლავრია, რომ ვარჯიში აუცილებელია. როცა არავინ არ მიყურებს სახლში სარკესთან ვდგავარ და ვვარჯიშობ. ადრე, უფრო გახსნილი ვიყავი, ახლა ცოტა მერიდება სახის ვარჯიშები, როცა დამანჭვა და ენის აქეთ-იქით მოქნევა არის საჭირო (იცინის).
– ტელეეკრანზეც ხომ არ „ვარჯიშობთ”? ამ ბრალდებას საკმაოდ ხშირად გიყენებენ.
– მე კრიტიკის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს. როცა შენიშვნას გაძლევენ, ეს ნიშნავს, რომ გიყურებენ და გარკვეულწილად ეს რეიტინგის მაჩვენებელიც არის. მე არ ვარ საკუთარ თავზე ფოკუსირებული ადამიანი, თუმცა ყურადღებას ბევრ რამეს ვაქცევ და, თუ ცოტა უსიამოვნო სიტუაცია იქმნება, ვიწყებ ანალიზს. თუ შემიძლია, რამე გამოვასწორო, ვასწორებ, თუ არა და – ვეგუები.
– პირად ცხოვრებაში იღბლიანი ხართ?
– განსაკუთრებით არც ამ მხრივ გამოვირჩევი – ათასობით ადამიანი ცხოვრობს ჩემნაირად. მაქვს ჩვეულებრივი, სტაბილური ოჯახი, შვილები, მეუღლე. ჩემი ოჯახიც ჩვეულებრივი, ბანალური ისტორიის შედეგად შეიქმნა, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ერთხანს ფიარით ვიყავი დაკავებული და, მახსოვს, მაშინ ვისწავლე, რომ ვარსკვლავებს ლეგენდების მოგონება სჭირდებათ. მე არ მაქვს ასეთი ლეგენდები, არც ვარსკვლავურად ვცხოვრობ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი – ჩემი პროფესიაა.
– და, რა ხდება კადრს მიღმა?
– განსაკუთრებული არაფერი, გაიზარდნენ ჩემი შვილები. მათთვის ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ კვირა და ორშაბათი მათ ეკუთვნით. უფროსი გოგონა 18 წლისაა. მას აღარ ვჭირდები, პირიქით, უკვე მე მჭირდება ის. მე არ ვერევი მის ცხოვრებაში აქტიურად – მგონია, რომ თავის მომავალს თავად უნდა გაართვას თავი. თან, ახლა ისეთი პერიოდი აქვს, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ამისთვის თვითმყოფადობა ძალიან სჭირდება.
– კარგი მეოჯახე ხართ?
– არც ისე, სულ სამსახურში ვარ. ოჯახის ბიუჯეტს მე და მეუღლე ერთად ვადგენთ, მაგრამ სხვა საოჯახო საზრუნავები ჩემთვის პრობლემაა. უკვე დიდი ხანია, რაც კარის საკეტი გაფუჭებულია, მე ვერ ვიცლი, საჩივრების წიგნი კი იზრდება და იზრდება (იცინის).
– ძალიან განებივრებული ყოფილხართ სახლში.
– ძალიან ბევრი დამხმარე გვყავს უფროსი თაობიდან და ისინი ძალიან გვეხმარებიან. ასე ნებიერაც არ ვარ.
– აზარტულ თამაშებში იღბლიანი ხართ?
– არც აზარტული ვარ და არც ვთამაშობ. არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ, რაც უნდა სცადონ ბედი, თამაშში არ გაუმართლებთ და მეც მათ რიცხვში ვარ. ერთხელ, ნაჩუქარი ბილეთით დამატებითი ბილეთი მოვიგე, მაგრამ იქაც არაფერი არ იყო. (იცინის). ამ მხრივ ძალიან მოსაწყენი ადამიანი ვარ, ჩემი სათამაშო არის პულტი. მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც ერთი და იგივე არ ჰბეზრდება პულტი და კომპიუტერი ჩემი მთავარი „სათამაშოებია”. არასდროს მქონია არანაირი განსაკუთრებული ჰობი და კოლექცია. ერთი პერიოდი რაღაცეებს ვაგროვებდი, მაგრამ მერე მივატოვე. ჩემს კოლექციაში იყო იმ ტყვიის გულა, რომელიც ლამის შევარდნაძეს მოხვდა ტერაქტის დროს. „ეფბეერი“ ჩემს შემდეგ მივიდა იქ და, შესაბამისად, გულაც მე დამრჩა. სხვა რამ ძვირად ღირებული არაფერი მქონია.
– როგორც ჩანს, ფულზე არასდროს რისკავთ.
– ალბათ, ჩვენს ბიზნესში ფული იოლად არ მოდის, ბევრი შრომა სჭირდება. მე ვარ ადამიანი, რომელიც ხელფასზე ცხოვრობს, ამიტომაც ვარ მომჭირნე. ჩვენ ბევრნი ვართ, საზრუნავიც ბევრი გვაქვს და შესაბამისად, ეკონომია აუცილებელია. ის, რაზეც ეკონომია არ გამოდის, არის ბავშვები, მათი განათლება. განებივრებულები არ არიან, მაგრამ, არც არაფერი აკლიათ. ზაფხულობით მე და ჩემს მეუღლეს შვებულებები არ გვემთხვევა, ამიტომ, ჯერ მე ვიბარებ ბავშვებს, მერე – მეუღლე და ასე, ბავშვების განაწილებით ვახერხებთ დასვენებას. ამ ზაფხულს დასვენებაზე მეტად სადმე წასვლასა და რეპორტაჟის გაკეთებაზე ვფიქრობ. ბევრი გეგმა მაქვს, თავდაცვის სამინისტროსაც ვეხვეწები, რომ ავღანეთში წავიდეთ. ასე რომ, სულ ვმუშაობ და ფული რაში უნდა დავხარჯო? მე არასდროს მიფიქრია კომერციაზე, რადგან ამას სხვა ჩვევები სჭირდება. ჩვენ არ დავბადებულვართ იმ პერიოდში, როდესაც ეს ჩვევები აქტუალური იყო, პირიქით, სხვა რამეს გვინერგავდნენ თავში. მე მყავს მეგობარი, ჩვენ ერთად დავიბადეთ და გავიზარდეთ, ის ახლა ამერიკაში ცხოვრობს და კარგი საქმოსანია. ერთხელ ზაზამ მკითხა, ლოტოში ფული რომ მოიგო, რას იზამო. მე ვუთხარი, ბანკში ჩავდებ და პროცენტით ვიცხოვრებ-მეთქი. ზაზამ მითხრა – შე დებილო, ფასიან ქაღალდში, უძრავ ქონებაში უნდა დააბანდოო. მე ვუპასუხე: კი ვიცი, რომ შენ მართალი ხარ, მაგრამ, მე მაინც ბანკში ჩავდებ-მეთქი (იცინის). ვფიქრობ, ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც იცის. არ გამიმართლებს ბიზნესში, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემს საქმეში მიმართლებს – უკვე ცამეტი წელია, რაც გადაცემა არსებობს. ამას რომ ვამბობ, კახელი არ ვარ, მაგრამ, მაინც თავზე ვიკაკუნებ – მგონია, რომ გაჭრის და, პრინციპში, ჭრის კიდეც. მე ამ ტელევიზიის ვეტერანი და დინოზავრი ვარ (იცინის). ხანდახან ისე კი მიყურებენ ახალგაზრდები – ნეტა ამ კაცს აქ რაღა უნდაო, მაგრამ, მაინც ვარ. საქართველოში ასეთი ტენდენციაა მოდაში – ძალიან ახალგაზრდა სახეები ჩანს ეკრანზე. ამას უცხოეთში ყველაზე თვალნათლივ ვგრძნობ: ამერიკაში საარჩევნო პერიოდში ჩემ ირგვლივ იმდენი ბებია-ბაბუა მუშაობდა, მათ ფონზე პატარა ბიჭი ვჩანდი, ისინიც ისე რა მეუბნებოდნენ – მიდი, ყავა მოგვიტანეო. რა იცოდნენ, ქართველი დინოზავრი რომ ვიყავი (იცინის)!
– თქვენი საქმიანობის წყალობით, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის შანსიც მოგეცათ – ესეც ხომ იღბალია?
– ამ მხრივ საქართველოს ჟურნალისტებს ძალიან გაგვიმართლა, ისეთ დროს მოგვიწია მუშაობა, მით უმეტეს, „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს, რომ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ყველა მოვლენის მონაწილენი გავხდით. თვითონ საქართველოა ძალიან კარგი პერსონაჟი (იცინის). ამ პროფესიის წყალობით, მართლაც ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია შეხვედრა, პირველი, ვინც ახლოს ვნახე, იყო მადლენ ოლბრაიტი, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების დროს ჩამოვიდა. მე ვაშუქებდი ამ ვიზიტს, როგორც კორესპონდენტი. მადლენ ოლბრაიტმა გაიარა და გამარჯობა გვითხრა, თუმცა, მაშინ ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა ჩვენ ირგვლივ. ბოლოს, აი, ობამათი დავამთავრე – ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის მიწვევით ვაშუქებდით პრაიმერის პროცესს პენსილვანიის შტატში და მის ერთ-ერთ მიტინგს დავესწარით. ობამა მატარებლით მოგზაურობდა, ვეცადე, ახლოს მივსულიყავი, მაგრამ დაცვა გადამეღობა და ობამას არ მიმაკარეს (იცინის).