რატომ „ემუქრება” ლუკა კურტანიძის შვილი ირანელ ქალებს და როგორ შოულობს ის ფულს არალეგალურად
მსოფლიო ჩემპიონის ლუკა კურტანიძის მესამე შვილი, ანა, ძალიან ჭკვიანი, მორიდებული და წყნარი გოგონაა. ის სკოლაშიც კარგად სწავლობს და საოჯახო საქმეებშიც მარჯვეა – დედას პატარა დაიკოს მოვლაში ისე ეხმარება, რომ ხელფასიც კი დაუნიშნეს. ანას არალეგალური შემოსავალიც აქვს – მის სახლში შეკრებილი მსოფლიო ჩემპიონები, მისდა ბედად, თურმე ბევრ ლიმონათს სვამენ, რაც ანას ბიუჯეტზე აისახება. პატარა ანას დიდი მიზნებიც აქვს – ცნობილი დიზაინერი უნდა გახდეს და პოდიუმი ლაგოდეხშიც კი მოაწყოს. ყველაზე მეტად კი, აფხაზეთში მალულად ჩასვლა და მამისეული სახლის ნახვა სურს.
– მე ვარ 11 წლის ანა კურტანიძე, ვსწავლობ 55-ე სკოლაში. ჩვენი სკოლა ძალიან ცნობილია იმით, რომ კარგად გვასწავლიან. ბიჭები რომ ცუდ სიტყვებს არ ამბობდნენ ხშირად, უფრო უკეთესი იქნებოდა. ჩვენს კლასში კარგი ბავშვები არიან, მეგობრობა იციან, მაგრამ ბიჭები ცალკე მეგობრობენ, გოგონები – ცალკე. დაჭერობანას ვთამაშობთ ერთად, მაგრამ ბიჭები გვჯობნიან – ჩვენზე მეტი ძალა რომ აქვთ, უფრო სწრაფად დარბიან. ბიჭებთან ძალიან ძნელია, სულ რაღაცას გვიწუნებენ, თვითონ თავისთვის ისე ჭორაობენ შეყვარებულობაზე, რომ ჩვენ არ გვაგებინებენ. ჩვენ სწავლა გვირჩევნია.
– ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს?
– ყველა საგანი მიყვარს, რუსულის გარდა. რაღაცნაირი გაურკვეველი და რთული ენაა. რუსულში ძალიან გრძელი წინადადებები აქვთ. მე მიყვარს ქართული და ისტორია. მეფეებზე მაინტერესებს საინტერესო რაღაცეები, ძალიან მინდა, რომ ბევრი რამე ვიცოდე თამარ მეფეზე. მის დროს საქართველო ყველაზე ძლიერი იყო და ბევრ ომებს იგებდა, ეტყობა, მაგარი კაცები ეხმარებოდნენ, თორემ ქალი ომებს ხომ ვერ მოიგებდა? მე მინდა, რომ გავიგო, სად დაასაფლავეს თამარ მეფე.
– ამის გაგებას როგორ აპირებ?
– მის შვილიშვილებსა და მათ შვილებს მოვძებნი და იმათ მაინც ეცოდინებათ. ანდერძი ექნებათ თამარ მეფის და იმის მიხედვით შეიძლება გაგება.
– ანა, შენმა მეგობრებმა იციან, ვისი შვილი ხარ?
– კი, ყველამ იცის. ბიჭები რაღაცეებს მეკითხებიან ხოლმე მამაზე. აინტერესებთ, როგორ გამოვიდა ესეთი ძლიერი და ესე მაგრად როგორ ჭიდაობს. ტელევიზორში რომ ნახავენ მამას, მერე მეუბნებიან: ტელევიზორში ვნახეთო. რომ იციან, ვისი შვილიც ვარ, მე ძალიან აღარ მიბრიყვებენ (იცინის).
– შენც ხომ არ იცი ჭიდაობა?
– ცოტა კი. ჩემი ძმა ჭიდაობს კარგად, მე ვიცი, მოგვერდული, ადამიანს რომ გვერდით გადააგდებ. ჭიდაობის დროს მაგრად უნდა დადგე, რომ ვერ გაგანძრიონ. თუ ფეხები არ გივარგა, მსოფლიო ჩემპიონი ვერ გამოხვალ. მამაჩემი ორჯერ გახდა ჩემპიონი. ერთხელ კიდევ გახდა, მაგრამ ბოლომდე ჩემპიონი კი არ იყო, მე მგონი, რაღაც დააკლდა.
– შენც გიყვარს სპორტი?
– დიახ, ახლა ფარიკაობაზე უნდა დავიწყო სიარული. მეც მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე და რეკორდები დავამყარო. ფარიკაობა ლამაზი სპორტია, ვიდრე ჭიდაობა. გოგო მოჭიდავე ხომ ვერ გამოვა, რამეს მოიტეხავს. ფარიკაობით არაფერი მოუვა, სახე დაფარული გაქვს. ჩემი „შპაგაც“ მექნება.
– მერე ბიჭები ვერაფერს ვეღარ გაგიბედავენ...
– აბა, რა... „შპაგას“ რომ დაინახავენ, ვერაფერს ვეღარ მეტყვიან, იმ გოგოებსაც დავიცავ, ვისაც იბრიყვებენ. მე უნდა მოვიგო, იმ ქვეყანაში, სადაც მამამ მოიგო... ხო, ირანში, იქაურ მოფარიკავე ქალებს დავამარცხებ და მეც მომცემენ ოქროს მედალს. მამიკოს თავისი მედლები ისე აქვს შენახული, რომ ხელსაც არ მაკარებინებს. ნამდვილი ოქრო არ არის, მაგრამ ძვირფასი ნივთებია და უფრთხილდება. მეც მექნება ჩემი ოქროს მედალი და მერე არავისი თხოვნა აღარ დამჭირდება.
– გამოდის, რომ მოფარიკავე გამოხვალ.
– სხვა ვინმეც მინდა, რომ გამოვიდე. როცა პატარა ვიყავი, სტომატოლოგობა მინდოდა, ეხლა გადავიფიქრე და ბავშვების ექიმი მინდა, რომ ვიყო. რაც ჩემი პატარა და გაჩნდა, იმის მერე მომინდა ბავშვების ექიმობა. ეს ძნელია, ბავშვი ხომ ვერ გეტყვის რა სტკივა. მე ჩამოვიტან ამერიკიდან ისეთ აპარატს, რომელსაც როგორც კი შეუერთებ ბავშვს, მაშინვე გაჩვენებს, რა სტკივა. ეს აპარატი მარტო ამერიკაში არსებობს და მერე თბილისშიც რომ იქნება, აქაურ ბავშვებს ეშველებათ. ექიმობის გარდა კიდევ ერთი პროფესია მინდა, რომ მქონდეს. დედაჩემი კარგად კერავს და ქსოვს, მეც მასწავლა კერვა. ხანდახან „ბარბებს“ კაბებს ვუკერავ, როცა დიდი ვიქნები, დიზაინერობასაც ვისწავლი. ძალიან მინდა, რომ გავაკეთო მოდების ჩვენება პარიზში და ლაგოდეხში. იქ ცნობილ მოდელებს ჩავიყვან, მაგალითად, თაკო ჩხეიძეს და სცენაზე გამოვიყვან.
– რატომ მაინცდამაინც პარიზსა და ლაგოდეხში?
– პარიზში იმიტომ რომ, ცნობილი ქალაქია და ბევრი ლამაზი ქალი და კაცი ცხოვრობს, ლაგოდეხში კი იმიტომ რომ, იქ ბებიაჩემი, მამიდაჩემი ცხოვრობენ და თან ბევრი მეგობრები მყავს. ვიყიდი ნაჭრებს და იმით კაბებს შევკერავ. როცა მოდების ჩვენებას გავაკეთებ, ყველა ჩემს იქაურ მეგობარს ლამაზ კაბას ჩავაცმევ. ლაგოდეხშიც ხომ უნდათ გამოპრანჭვა? მე ძალიან მიყვარს ლაგოდეხში ყოფნა. იქ არის ტყე, სადაც ისეთი ცხოველები ცხოვრობენ, რომლებიც მთელ მსოფლიოში არსად არ არიან. იქ ბევრი ციყვიც ვნახე, ბებიასთან ქორიც ვნახე, ქათმებს ვყარაულობდი, რომ ქორს არ მოეტაცებინა. ტყეში ერთ ღობეზე აწერია: ამის იქით წასვლა არ შეიძლებაო. ეს რომ დაარღვიო, მტაცებელი ცხოველები შეგჭამენ და მერე პასუხს ვერავის ვეღარ მოსთხოვ. ერთხელ შეგვეშალა მე და ჩემს მამიდაშვილს და ღობის იქით გადავედით. კიდევ კარგი იმ დროს არ მოვიდა იქ დათვი ან მგელი, თორემ ცოცხლები ვერ გადავრჩებოდით.
– ლაგოდეხში ხშირად დადიხარ?
– ზაფხულობით იქ ვარ ხოლმე. ხანდახან მამიკოც ჩამოდის ხოლმე, ყველა იცნობს და მაღაზიებში საჭმელსა და სასმელს ჩუქნიან. ერთხელ დიდი საზამთრო აჩუქა მესაზამთროემ, ეტყობა, მისი გულშემატკივარი იყო. მამას ყველა იცნობს, პოლიტიკოსებიც კი.
– პრეზიდენტიც იცნობს?
– მე მგონი. ოღონდ, პრეზიდენტს ჩემი აზრით, ჭიდაობა არ უყვარს, ფეხბურთი ურჩევნია. მამას პატივს რომ სცემენ, აი, ამიტომაც არის კარგი ცნობილობა, ყველა სპორტსმენი უყვარს ხალხს, ვინც კი საქართველო ასახელა. მეც მიხარია, ასეთი ცნობილი მამა რომ მყავს. მეგობრებიც ცნობილი ჰყავს – ჩვენთან მოდის ხოლმე რეზო მინდორაშვილი, ეგეც ჩემპიონია. ჩვენთან რომ მოდიან, სპორტზე ლაპარაკობენ, მე ლიმონათის ფულს მაძლევენ, ხურდა რომ დამრჩება უკან აღარ მართმევენ, ამიტომაც ბევრი ფული მიგროვდება. როცა ფული მაქვს, სახლში მეგობრებს ვეპატიჟები და ნამცხვრებს ვყიდულობ მათთვის.
– მამიკო არ გაძლევს ფულს?
– მამიკო არა, მაგრამ დედამ დამინიშნა ხელფასი. იმის გამო, რომ ბევრ რამეში ვეხმარები, თვეში ორ ლარს მაძლევს და არ მყოფნის. მამა ეუბნება, ხელფასი გაუზარდეო. დედა ამბობს: ეკონომიკური კრიზისიაო, ესაო, ისაო, თან არალეგალურადაც ხომ შოულობსო. მამა ეუბნება: ანას ხელფასი სეკვესტრში ნუ მოაყოლეო. ამ სახლში ყველაზე ცოტა ფული მე მაქვს.
– მამიკოს ბევრი ფული აქვს?
– თავზესაყრელად არ აქვს. ხელფასს უხდიან, ფედერაცია და ივანიშვილი, მდიდარი კაცი რომ არის, ის.
– დიზაინერი რომ გახდები, მამიკოსაც შეუკერავ ტანსაცმელს?
– არ ვიცი, მამიკო მოდას არ მისდევს. ჩაჩაჩულ შარვალს არ ჩაიცმევს, არ უყვარს კიკინებით რომ დადიან კაცები. მამიკო სხვანაირი კაცია, ისინი – სხვანაირები.
– მამიკოს სადმე მიყავხარ ხოლმე?
– დიახ, ხან ტყეში დავდივართ, ხან – კუს ტბაზე. ტყეში გვეთამაშება ხოლმე. ზამთრობით ვგუნდაობთ. სადმე მაშინ მივყავართ, როცა კარგად ვიქცევით, თუ რამე არ დავუჯერეთ, გვიბრაზდება. ჩემი ძმა მაბრაზებს და რომ გაიგებს, ეჩხუბება. ნოდარი სულ ცდილობს, დამატეროროს, მაგრამ მამიკო მიცავს. მე ჭიდაობა არ ვიცი, რომ ვაჯობო, ჩემი და კი ჯობნიდა ხოლმე ნოდარს.
– სახლში ბევრი ბავშვი რომ არის კარგია?
– დიახ, როცა ერთს რამე ეზარება, მეორეს სთხოვ და ის გააკეთებს. დედიკოსაც ვეხმარებით. სულ არ მინდა, რომ მარტო ვიყო. რა უნდა გამეკეთებინა მარტოს?
– შენი ოცნება რა არის?
– მე მინდა, რომ ჩავიდე აფხაზეთში. ბებია მეუბნება, რომ იქ ყველაზე მაგარი ზღვაა. მამიკოს და დედიკოს უყვართ აფხაზეთი. რუსებმა ომი დაგვიწყეს და წაგვართვეს ყველაფერი. როცა გავიზრდები აუცილებლად წავალ აფხაზეთში, თუ დღისით არ გადამიშვებენ, ღამით გადავალ საზღვარზე და ჩუმად ჩავალ იქ.
თამუნა სამადაშვილი