რომელ მილიარდერებს არ უვლიათ სკოლაში და არ აუღიათ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი
საზოგადოების აზროვნებაში მყარად არის გამჯდარი მოსაზრება, რომ სწავლის გარეშე ღირებულს ვერაფერს მიაღწევ. თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ხარისხიანი განათლება და ბევრი ფულის შოვნა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თუმცა, საპირისპიროზე მეტყველებს იმ მილიარდერების ჩამონათვალი, რომელთა უმეტესობამ საშუალო სკოლის დამთავრებაც კი ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, ისინი უმაღლესის დიპლომის გარეშეც გადასარავად გრძნობენ თავს.
რიჩარდ ბრენსონი – 2,6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი
სერ რიჩარდ ბრენსონმა 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა. იგი დისლექსიით იყო დაავადებული და სწავლა უჭირდა. ბრენსონს არანაირი უმაღლესი განათლება არ მიუღია, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის, გაეხსნა „ვირჯინ რეკორდსი“ და „ვირჯინ ატლანტიკ ეირვეისი“, ასევე 300-მდე სხვადასხვა პროფილის კომპანია. 24 წლის ასაკში ბრენსონს თავისუფლად შეეძლო, ეყიდა ნებისმიერი კუნძული კარიბის არქიპელაგიდან.
კირკ კერკორიანი – 3,1 მილიარდი დოლარი
სომხეთის ნაციონალურმა გმირმა და ლას-ვეგასის ცოცხალმა ლეგენდამ – კირკ კერკორიანმა სკოლა ჯერ კიდევ მე-8 კლასში მიატოვა და მას შემდეგ, ხან კრივით იყო გატაცებული, ხან – სამხედრო ავიაციით. დღესდღეობით ამერიკის ერთ-ერთ უხუცეს მილიარდერს, მსოფლიოში განთქმული სამორინეების: „ბელაჯიო“, „ექსკალიბურ“, „მენდელეი ბეი“, „ლუქსორ“, „ნიუ-იორკ – ნიუ-იორკი“, „სირკუს-სირკუს“ და „მირაჟის“ აქციები ეკუთვნის.
ბილ გეითსი – 53 მილიარდი
დოლარი
პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა და ყველამ იცის, რომ „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბოლო პერიოდია, აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით. თუმცა, ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ სკოლის პერიოდში, არადამაკმაყოფილებელი მოსწრების გამო, იგი ფსიქოლოგის ხშირი სტუმარი იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლების შემდეგ კი, უბრალოდ, გარიცხეს უნივერსიტეტიდან ისე, რომ უმაღლესის დიპლომის მიღების ყველანაირი შანსი მოუსპეს.
პოლ ალენი – 13,5 მილიარდი დოლარი
გეითსისგან განსხვავებით, „მაიკროსოფტის“ კიდევ ერთმა დამფუძნებელმა პოლ ალენმა სწავლა საკუთარი სურვილით მიატოვა ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ეს იმისთვის გააკეთა, რომ მთლიანი დრო „მაიკროსოფტის“ პროექტზე მუშაობისთვის დაეთმო. დღესდღეობით, „მაიკროსოფტის“ აქციების გარდა, ალენი ფლობს 12 პროფესიონალურ სპორტულ გუნდს, უძრავ-მოძრავ ქონებას მთელ პლანეტაზე, ტექნიკური და მედია კომპანიების აქციებს და კინოკომპანია „დრიმუორქს ფიქჩერზსაც“ კი.
სტივ ჯობსი – 5,5 მილიარდი
დოლარი
თავის დროზე, კომპანია „ეფლის“ დამაარსებელმა სტივ ჯობსმა, მხოლოდ ერთი წელი გაუძლო სწავლას პორტლენდის „რიდის“ კოლეჯში. შემდეგ ის მიატოვა, რათა დაეარსებინა „ეფლი“. დღესდღეობით სტივ ჯობსი წელიწადში ნახევარ მილიარდამდე დოლარს გამოიმუშავებს და ასევე ფლობს „დისნეი სტუდიოს“ აქციების საკონტროლო პაკეტს.
ლარი ელისონი – 28 მილიარდი დოლარი
კომპანია „ორაკლის“ დამაარსებელმა ორ უნივერსიტეტში – ილინოისის ურბანა-ჩემპეინისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტებში მოასწრო სწავლა. მაგრამ, ორივეგან საქმე დიპლომამდე არ მიიყვანა და 1977 წელს ორი ათასი დოლარით დააარსა კომპანია „ორაკლი“, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში კომპიუტერული უზრუნველყოფის შემუშავების სიდიდით მეორე კომპანიად ითვლება.
მაიკლ დელი – 13,5 მილიარდი დოლარი
მცირე კომპიუტერული კომპანია „პკ უნლიმიტედის“ დაარსების შემდეგ, მაიკლი მიხვდა, რომ სწავლისთვის დრო არ ეყოფოდა და ამიტომაც უარი განაცხადა ქალაქ ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში სწავლაზე და მთლიანად კომპანიის საქმიანობაზე გადაერთო. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლს უმაღლესი განათლება არ აქვს, მან მოახერხა საკუთარი კომპანიის, მსოფლიოში სახელგანთქმული „დელ კომპიუტერსის“ კორპორაციად გადაქცევა.
დევიდ გეფენი – 5 მილიარდი დოლარი
ამერიკულ გასართობ ინდუსტრიაში ცნობილმა ფიგურამ, გეფენმა ასევე ვერ დაასრულა სწავლა ოსტინის უნივერსიტეტში, მაგრამ, ამის მიუხედავად, გახდა გავლენიანი ადამიანი ჰოლივუდში და დააარსა კომპანია „დრიმუორქს ფიქჩერზი“, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო ანიმაციურ ფილმებს უკეთებს „პროდაქშენს“.
რალფ ლორანი – 4,6 მილიარდი
დოლარი
ამერიკელი დიზაინერი რალფ ლორანი თანამედროვე მსოფლიო მოდის ცოცხალი ლეგენდაა. მილიონერად გახდომას რომ აპირებდა, ამის შესახებ მან ჯერ კიდევ სკოლაში განაცხადა. კოლეჯში სწავლის დროს, რალფმა ჰალსტუხების გაყიდვით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, რომელიც შემდგომში ბრენდ „პოლო რალფ ლორანად“ გადაიქცა. რალფმა მიატოვა სწავლა ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯში, ხოლო მისი ბრენდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდად იქცა მსოფლიოში.
შელდონ ადელსონი – 9,3 მილიარდი დოლარი
სათამაშო ბიზნესის ლეგენდა და ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯის კიდევ ერთი ყოფილი სტუდენტი, რომელმაც აღარ ისურვა უმაღლესი განათლების მიღება, დღეისთვის ადელსონი კორპორაცია „ლას-ვეგას სენდსის“ აღმასრულებელი დირექტორია. მას ეკუთვნის სამორინე „ვენეიშენ რესორტ ჰოტელი“ და ბიზნესცენტრი „სენდ ექსპო ენდ ქონვენშენ სენტრ“. გარდა ამისა, შელდონ ადელსონი ამერიკის შეერთებულ შტატებში უმსხვილესი, კომპიუტერული ტექნიკის საგამოფენო ცენტრ „კომდექსის“ ერთ-ერთი დამაარსებელია.