რა საჩუქარს უმზადებს მაკა ბურდული თბილისსა და თბილისელებს
რეჟისორი მაკა ბურდული თბილისსა და თბილისელებს საჩუქარს უმზადებს და „თბილისობის“ დღესასწაულზე კინოს სახლში ახალი მუსიკალური ფილმის – „თბილისომანის“ პრემიერას შემოგვთავაზებს. რეჟისორი მოგვიანებით „თბილისომანის“ ჩვენებას ფესტივალზე, გერმანიაში გეგმავს, სადაც ყოველწლიურად 10-15 მიუზიკლის ჩვენება ტარდება. როგორც შევიტყვეთ, ფილმში 500 ბავშვია დაკავებული, პარალელურად კი ქასთინგი გრძელდება. მთავარ როლებზე ოთხი გოგონა და ერთი ბიჭი შეარჩიეს: ჯგუფ „მგზავრების“ ვოკალისტი ნინი დედალამაზიშვილი, დამწყები მსახიობი და რეჟისორის აღმოჩენა – თიკო ანდღულაძე, მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი მარიამ წიკლაური, ანიკა ბზიკაძე და გიორგი ობოლაძე. რეჟისორს არც საკუთარი მამა დავიწყებია და, შედეგად, „თბილისომანში“ მსახიობ გუჯა ბურდულსაც ვიხილავთ.
მაკა ბურდული ფილმს გიგა აგლაძის სტუდიის ბაზაზე იღებს, რისთვისაც მისი მადლობელია. მადლობას უხდის აგრეთვე მერიას მორალური დახმარებისთვის და ხაზარაძეების ფონდს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი რეჟისორი მაკა ბურდული ევრაზიის ტელე-რადიოაკადემიის წევრია. „თბილისომანის“ გადაღებების დასრულების შემდეგ ის საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც პარალელურად მუშაობს ფილმზე, რომელიც გრიგოლ ფერაძეს ეძღვნება.