თეონა ნიაზაშვილის პოლონური წარმატება
„ჯეოსტარი 2008-ის“ მონაწილე თეონა ნიაზაშვილმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ყველაფერი კი გორში დაიწყო, სადაც პოლონეთიდან ჩასული დელეგაცია, კონცერტს დაესწრო, რომელზეც თეონა ბენდთან ერთად მღეროდა. დელეგაციაში იყო ფონდ ჯაზ JAMOBREE-ის პრეზიდენტი მარტინა ვოიჩეჰოვსკა, რომელმაც თეონა მიიწვია ინტერნაციონალ ჯაზ-ფესტივალზე JAMOBREE, ის პოლონეთში ტარდება ხოლმე. ფესტივალი, რომელიც ორმოცდამეთორმეტედ ჩატარდა, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ცნობილი და ძველი ფესტივალია. მასში მონაწილეობა აქვთ მიღებული რეი ჩარლზს, დაიანა კრალსს და ასევე, სხვა ცნობილ ჯაზ-მომღერლებს.
ფესტივალში მონაწილეობას ევროპის მასშტაბით იღებდნენ როგორც ვოკალისტები, ასევე ინსტრუმენტალისტები. მონაწილე 100 ვოკალისტთა შორის საქართველოს სახელით თეონა ნიაზაშვილი იყო. ფინალში 100 მომღერლიდან 14 საუკეთესო შეარჩიეს, რომელთა შორის თეონაც აღმოჩნდა.
თეონა ნიაზაშვილი: „პოლონეთის გარდა, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის წარმომადგენელმაც ფინალში იმღერა. სამწუხაროდ, პოლონეთისა და საქართველოს გარდა, ფინალში სხვა ქვეყნები ვერ გავიდნენ. ამჯერად ქალბატონმა მარტინა ვოიჩეჰოვსკამ ბენდ KANUDOSTAN ერთად მიმიწვია საქართველოს დღეებზე პოლონეთში, რომელიც ნოემბერში ჩატარდება და სადაც ჩვენს ქვეყანას წარვადგენ“.