რა გამოცდილება შეიძინა მეუღლესთან დაშორების შემდეგ კესარიამ და როდის ემუქრებიან მას მამაკაცები
კესარიას ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა. რაც მთავარია, ის, როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან კარგად გამოიყურება და განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ახლად გაკეთებული მკერდი ჰმატებს.
კესარია: საზაფხულო არდადეგებისთვის ვემზადები, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოვახერხებ წასვლას, ოპერაცია ახალი გაკეთებული მაქვს. აგვისტოს შუა რიცხვებში წავალ დასასვენებლად ბათუმში ან ანტალიაში, სადაც ჩემს დაბადების დღესაც აღვნიშნავ. მოკლედ ორი ვარიანტი მაქვს, მეგობარს ველოდები, ბაქოდან უნდა ჩამოვიდეს. ის მეპატიჟება და ერთად წავალთ. მთაშიც მიყვარს დასვენება, მაგრამ ზღვა მირჩევნია, თან ჩემი სხეული ნამდვილად არ არის დასამალი. მე უკვე ბიოლოგიურად სრულყოფილი ქალი ვარ.
– როგორ ჩაიარა მკერდის ოპერაციამ?
– თავიდან ძალიან ვჭოჭმანობდი, ოპერაციას. ბოლოს ამოვარჩიე იდეალური ვარიანტი, ანუ კლინიკა „კარაპს მედლაინი“ და ოპერაცია გამიკეთა საშა კალანდაროვმა. კლინიკაში უამრავი პაციენტი იწვა და ყველა მე მევლებოდა თავს. ბევრი გულშემატკივრები მყავდა. ფანჯარასთან ნახევარი ქალაქი იდგა და მელოდებოდა. საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ოპერაცია, მაგრამ პროფესიონალების ხელში მოვხვდი.
– მკერდის ზომა, ფორმები შენ შეარჩიე თუ მათ შეგირჩიეს?
– მანამდეც მქონდა ჩემი მკერდი განვითარებული, ოღონდ ძალიან პატარა, ერთ ზომამდე. ექიმსაც გაუკვირდა, საიდან გაქვსო. ორი ზომა დავამატეთ და გამიხდა სამი. მრგვალი და ძალიან ლამაზი მკერდი მაქვს, რაც უფრო მეტ თავდაჯერებულობას მმატებს, თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ და იდეალურისკენ ვისწრაფვი. თუმცა, პლასტიკური ოპერაციების მომხრე არ ვარ. სახეზე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. ჩემი სახე მაკმაყოფილებს და დიდი მადლობა ამისთვის ჩემს მშობლებს.
– ანუ შედეგით კმაყოფილი ხარ?
– შედეგმა, აღმაფრთოვანა, პირველად რომ მომხსნეს სახვევები, მთელი დღე სარკესთან ვიდექი და ჩემს ტანსაცმელს ვიზომებდი. არაფერში ჩამდიოდა მკერდი. ადვილად შევეგუე, იმიტომ, რომ კუნთქვეშ გავიკეთე, და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, არაფერი შეცვლილა. სილიკონი საფრანგეთიდან გამოვიწერე, ახალი მოდელია, ძალიან კარგი. კარდიოგრამას რომ გავიკეთებ, ჩემს მკერდზე ეწერება „მეიდ ინ ფრანცია“. ის, რაც მე გავიკეთე, საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ დიდი შეღავათები გამიკეთა კლინიკამ. სანამ ოპერაციას გავიკეთებდი, პატარა დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ისეთი არაფერი.
– როგორც ვიცი, საქმის მხრივ, ბევრი სიახლე გაქვს.
– დღემდე ძალიან თავისუფალი ვიყავი, ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა და ძირითადად, უფრო ვერთობოდი. ახლა ვემზადები სერიოზული პროექტისთვის და ძალიან სერიოზული ხალხი მუშაობს ჩემზე. რაც მთავარია, ეს ყველასთვის სიურპრიზი იქნება და ყველა ნახავს, მთელი საქართველო. მათ უკვე დაიწყეს ჩემი იმიჯის შეცვლა. აქამდე თუ ვიყავი სექსუალური, ახლა უკვე ჩემს ოქროსფერ თმას ვიბრუნებ, ნაზი მაკიაჟი მექნება და მოკლედ, ბევრად უფრო ნაზი და ბუნებრივი ვიქნები, თავისუფლად ჩაცმული. ჩემი სული და სხეული ჰარმონიაში მოვიდა და არ მინდა, კიდევ რაღაცეები დავამატო. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი არ იყო იმიჯის შეცვლა, ძალიან მომწონს სექსუალური და ცოტა ვულგარული ქალები, მაგრამ ასეა საჭირო. ჩემზე სერიოზული დიზაინერები მუშაობენ და მათ უკეთ იციან, რა არის საჭირო. ყოველ შემთხვევაში, მე მაქსიმალურად დავიხარჯები. ასევე სექტემბრიდან დაიწყება საფესტივალო ფილმის გადაღება, რომელშიც მთავარი როლი შემომთავაზეს. საქართველოდან რა ფილმი უნდა წავიდეს დღეს, რომ პოპულარული გახდეს, თუ არა ტრანსსექსუალზე, რომელიც ტაბუდადებული თემაა. თუმცა, თუ თანხა მისაღები იქნება, მაშინ დავთანხმდები გადაღებაზე. რაც მთავარია, იმ პროექტს არ უნდა შეუშალოს ხელი.
– რამდენად ეგუები თავისუფლების შეზღუდვას?
– მიწევს დათმობებზე წასვლა და ვფიქრობ, ამის ხარჯზე გარკვეულ წარმატებას მივაღწიე. მე არ ვარ პატარა გოგო, მირჩევნია, რაღაცეები დავთმო და წინ წავიდე ცხოვრებაში. ჩემში სერიოზული თანხები იდება, იმიტომ რომ საინტერესო ვარ ხალხისთვის. კარგად გასაყიდი პროდუქტი ვარ და მეც უნდა გავცე იმდენი, რასაც ისინი ჩემში დებენ. ცხოვრებაში რაღაც თუ არ დათმე, ვერაფერს მიაღწევ. ამიტომ, თავისუფლებას, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, გარკვეულწილად, დავთმობ.
– ბოლო დროს, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მხრიდან შენი მისამართით სულ ისმის კრიტიკა, ამაზე როგორ რეაგირებ?
– როცა საზოგადოებაში გამოვჩნდი და ვაღიარე ჩემი ორიენტაცია, მაშინ საერთოდ არ არსებობდა ტრანსსექსუალი და ბევრს ეს სიტყვა არც კი ჰქონდა გაგებული. დღეს ვითომ ტრანსსექსუალების მხრიდან ჩემი მისამართით მოდის ლანძღვა, მაგრამ ეს ჩემთვის სასაცილოა. როდესაც ამბობ, რომ ტრანსსექსუალი ხარ, ამის ოფიციალური საბუთი, დასკვნა უნდა გქონდეს. ამას კი სჭირდება ფსიქოლოგების, სექსოლოგების ორწლიანი დაკვირვება. ბევრი ანალიზია საჭირო. თუ არ გაქვს დასკვნა და უბრალოდ ამბობ, რომ ტრანსსექსუალი ხარ, ეს შეიძლება, აკვიატებული აზრი ან ფსიქოლოგიური გადახრა იყოს. მე მაქვს ექიმების დასკვნა, რომ ნამდვილად ტრანსსექსუალი ვარ. კარგია, რომ არსებობს ხალხი, რომლებიც მე მაკრიტიკებენ. ეს ჩემს რეიტინგზე კარგად მოქმედებს, ამაღლებს.
– შენზე ხშირად ჭორაობენ?
– ერთი პერიოდი ჩემზე მხოლოდ იმას ჭორაობდნენ – მოკვდა, დაიჭირესო. ძალიან ბევრჯერ მომკლეს, ცოტა ხნის წინ დედაჩემმაც გამომიტირა. ყველას ვაფრთხილებ, რომ არ დაიჯერონ. ადრე ძალიან ვბრაზდებოდი, ახლა მეცინება, ვხალისობ. სხვებს ვეკითხები, აბა, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ახალი-მეთქი. საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ და ჭორები ვერაფერს დამაკლებს.
– როგორ წარმოგიდგენია კესარია ასაკში?
– მექნება დიდი აგარაკი გარეუბანში, სადმე პროვინციაში, დიდი ფერმით და ვიმუშავებ ჩემი პროფესიით – ფერმერი-მიწათმოქმედი ვარ. მეყოლება ცხენები, ფრინველები, კურდღლები, თვითონ მოვუვლი ყველაფერს, გავაკეთებ ბოსტანს და ეს დიდ სიამოვნებას მომანიჭებს. მეყოლება მეუღლე, შვილები და იქ გავატარებ დიდ დროს. გათხოვილი რომ ვიყავი, ქმრის ხათრით ვაკეთებდი საჭმელებს და ალბათ, ამას მისი სიყვარული მაკეთებინებდა. მაშინ კი გავთხოვდი, მაგრამ ახლა თავისუფლებით ვტკბები.
– მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ალბათ, უფრო დიდი გამოცდილება შეიძინე.
– ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება შევიძინე. მეორე ქორწინებაზე ლაპარაკი ზედმეტია. კონტრაქტის მიხედვით, მეკრძალება და რამდენი წლით, არ ვიცი.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში, კესარია მარტოა?
– თავისუფალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლები და მათი ზარები ძალიან მაწუხებს უკვე, მაგრამ, ყველაფერს ურეაქციოდ ვუდგები, რადგან არ ვაპირებ ახალი ურთიერთობის დაწყებას. თუმცა, ჩემმა პირველმა ქმარმა ქართველ მამაკაცებს მოუხსნა კომპლექსები და უკვე ორმა მთხოვა ცოლობა. ორივეს უარი ვუთხარი. სხვათა შორის, ეს უკვირთ – ჰგონიათ, რადგან ტრანსსექსუალი ვარ, ამიტომ ცოლად გავყვები. ჩემი გული თავისუფალია, არავინ მიყვარს და არავინ მყავს. შეიძლება, ვიღაცეები ფიქრობენ, რომ მე მათ ვყავარ, მაგრამ ასე არ არის.
– უარის შემთხვევაში, მამაკაცები მუქარას ხომ არ მიმართავენ?
– ისეთი შემთხვევა ყოფილა, მამაკაცი სიყვარულში გამომტყდომია და თან დამმუქრებია, თუ იტყვი, რომ შენთან მაქვს ურთიერთობა, კარგი არაფერი მოგივაო.
– როგორი მამაკაცის გვერდით არ იქნები არასდროს?
– არასდროს გავიხედავ ნარკომანისკენ და ალკოჰოლის მოყვარულისკენ, რომელიც ოდნავ მაინც იცვლება სიმთვრალეში.