რა ასწავლეს ელენე თევდორაძეს ქურდებმა და როგორ მოახვედრა მან ასლან აბაშიძე წითელ წიგნში
მას შემდეგ, რაც ელენე თევდორაძე აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა და პარლამენტის წევრი აღარ არის, რეინტეგრაციის სამინისტროში ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობს. ის ახლა სტრასბურგისა და პარიზის ნაცვლად მივლინებებში წალკასა და ქვემო ქართლში დადის. აქტიური და კომუნიკაბელური ყოფილი დამცველი, ბოლომდე ვერც საყვარელ საქმეს შეელია და საზოგადოებრივ უწყისებზე, პატიმართა დაცვას, ახლაც ახერხებს. მართალია, ქურდების ენა უკვე დაავიწყდა და აღარც მათი ლობიოს გემო ახსოვს, მაგრამ იმას აღიარებს, რომ ძველი გვარდიის ის იშვიათი ვეტერანია, რომელმაც თავისი ასაკის მიუხედავად პოლიტიკის მძიმე კულისებსაც გაუძლო და სამი მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთ კოლორიტადაც დარჩა.
ელენე თევდორაძე: აქტიურ პოლიტიკას ჩამოვშორდი, მაგრამ არც ახლა ვცხოვრობ პასიურად. სულ ვამბობ, ალბათ, ძალიან გამიჭირდება იმ დღის გადატანა, როცა დამსახურებულ პენსიაზე გავალ-მეთქი (იცინის). რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ვარ, საქმე აქაც ძალიან ბევრი მაქვს და აქტიურად ვმუშაობ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. ბოლო დროს თბილისზე ხშირად იმ რეგიონებში ვარ, სადაც კომპაქტურადაა დასახლებული ეროვნული უმცირესობები. აქედან გამომდინარე, ისინი უფრო ხშირად მხედავენ, ვიდრე თბილისელები. თბილისში უჩინარი გავხდი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი და ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მე ის მიხარია, რომ იქ, სადაც ვჩნდები, ხალხი მიცნობს – არ დავიწყებიათ ელენე თევდორაძე. მიუხედავად იმისა, რომ რაც პარლამენტის წევრი აღარ ვარ, ორი წელი გავიდა. ზოგმა არც კი იცის, რომ პარლამენტში აღარ ვარ და ამას ჩემგან იგებენ. ალბათ იმიტომ, რომ ისევ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვარ.
– ჩვენი ხელისუფლება თქვენი ასაკის ადამიანებს თანამდებობებზე არ სწყალობს, თქვენ იშვიათი გამონაკლისი და რეკორდსმენი ხართ. თუმცა, ეს ტენდენციები ადრე რომ ყოფილიყო მოდური და თქვენც გცოდნოდათ, თუნდაც პურის ცხობა, მინისტრობასაც იოლად გამოჰკრავდით ხელს.
– მე ამისი შნო ვინ მომცა?!
– რისი, ქალბატონო ელენე?
– არც პურის ცხობის შნო მქონდა და არც ბიზნესის კეთების (იცინის). ერთი აგარაკი ვერ ვიყიდე, თბილისში ვიწვები ამ ზაფხულს. საბედნიეროდ, როგორც იქნა, გადავედი საცხოვრებლად ახალ სახლში, რომელიც სხვებთან ერთად მეც ჩამომართვეს. ერთადერთი, რაც დამრჩა ესაა. მე გეთანხმებით, რომ საქართველოს მთავრობის მინისტრებსა და მოადგილეებს შორის, მე ყველაზე ვეტერანი და ასაკოვანი ვარ. ჩემი აქ ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა. როცა პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, მაშინაც მქონდა შეხება ეროვნულ უმცირესობებთან. ასე რომ, გამოცდილება მქონდა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ეს ჩემი სურვილიც იყო და ასე შევთანხმდით (იცინის).
– პრეზიდენტს ახლაც ხვდებით ხოლმე?
– არა, მას შემდეგ, რაც აქ დავინიშნე, არ მინახავს, რატომ უნდა შევაწუხო პრეზიდენტი? თუ საჭიროდ ჩათვლის, მე ამისთვის მზად ვარ.
– ერთ დროს ქართული პოლიტიკის ავანსცენაზე იდექით და საკმაო გავლენებიც გქონდათ. როგორია განცდა, როცა ეს ყველაფერი აღარ გაქვთ?
– მე არასდროს მქონია იმის ამბიცია, რომ პოპულარული და გავლენიანი ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა როცა საპარლამენტო ჟურნალისტებს ვხვდები, ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ ძალიან დავაკლდი მათ. სადღაც სიარული მაინც არ ამცდა (იცინის), ახლა ჩემი ძირითადი მარშრუტი არის ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი. მივდივარ სოფლებში, ისეთ მიუვალ ადგილებშიც კი, სადაც ჯერ გზაც კი არ არის. ხანდახან ისე ვჯანჯღარებთ, სურვილი მიჩნდება, მანქანიდან ჩამოვიდე და ფეხით მივიდე დანიშნულების ადგილას. იქ ხშირად მესმის, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ უნახავთ. როცა ვეუბნები, აბა, მე ვინ ვარ-მეთქი, თქვენ ელენე თევდორაძე ხართო.
– მოგაკლდათ პარიზი და სტრასბურგი?
– არა, არ მომაკლდა. ყოველთვე, რომ პარიზში ივლი, მერე ეს ისე გბეზრდება, სიყვარულის ქალაქი – გინდა ყოფილა და გინდ არა (იცინის). უცხოეთში საერთაშორისო ფორუმებზე ახლაც დავდივარ, სულ ახლახან ჩამოვედი ესტონეთიდან, უფრო ადრე რუმინეთსა და გერმანიაში მიმიწვიეს. თუმცა, ამას ვერ შევადარებ იმ დროს, როცა მართლა ხშირად მიწევდა უცხოეთში ვიზიტებზე წასვლა. ბევრი საინტერესო ვიზიტი მახსოვს, განსაკუთრებული იყო 2006 წელი, ამერიკაში, როცა დამაჯილდოეს, როგორც ადამიანის უფლებების საუკეთესო დამცველი. მე ვიყავი ამ ტიტულის ერთადერთი ლაურეატი სახელმწიფო მოხელეთა შორის. ერთი თვით დამპატიჟეს ამერიკაში და როგორც კი ვაშინგტონში ჩავფრინდით, იქ დაგვხვდა ადამიანი, რომელიც მომიყვა, რომ ძალიან უყვარდა ბუნება და ხელმძღვანელობდა უსურიის ვეფხვების დაცვის კომიტეტს. ამბობდა, რომ ეს ვეფხვები გადაშენდნენ და მათ დაცვა სჭირდებათ. მე ვუთხარი მას: არ ვიცი, რამდენი დარჩა უსურიელი ვეფხვი, მაგრამ ჩვენ საქართველოში გვყავს აჭარის ლომი. ეს არის ერთადერთი ეგზემპლარი და მის დასაცავად კომიტეტი არ შეგვიქმნია-მეთქი. ის ქალბატონი ძალიან დაინტერესდა ამ თემით. უკვე უკან ვბრუნდებოდი, როცა გამომიცხადა, რომ კომიტეტი საქმის კურსში ჩააყენა და მზად არიან აჭარის ლომი წითელ წიგნში შეიტანონ და მისი დაცვაც დაიწყონო (იცინის). ბოლომდე არ გავტყდი და არ ვთქვი, რომ აჭარის ლომი ადამიანი იყო. მერე ეს ასლანს მოვუყევი, მინდა გითხრათ, რომ ეს ისტორია მაინცდამაინც არ მოსწონებია. მერე ისეთი დროც დადგა, როცა მისგან დასაცავი მე გავხდი.
ყოველთვის მახსოვს, კიდევ ერთი კურიოზული მომენტი ჩემი უცხოური ვიზიტებიდან. ერთხელ ისრაელში ვიყავი, ზუსტად იმ დღეს ჩავედი ისრაელში, როცა მათი პრემიერ-მინისტრი ძალიან ცუდად გახდა და რეანიმაციაში მოათავსეს. ისრაელში ტარდებოდა ებრაელთა მსოფლიო კონგრესი. კონგრესის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ საავადმყოფოში მივსულიყავით პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. მე არც მათი ენა ვიცოდი, არც წესები. არადა, ის გავიგე, რომ ყველას ერთად უნდა ელოცა საავადმყოფოში. რომ არ წავსულიყავი, ესეც უხერხული იყო. მოკლედ, მე, მსოფლიოს ებრაელებთან ერთად, მივედი საავადმყოფოში. პალატაში არ შეგვიშვეს, ყველამ დაიწყო თორას კითხვა. მე ავანთე სანთელი, დავიხურე თავშალი და დავიწყე ლოცვა მართლმადიდებლურად, მათ ეს რომ დაინახეს, თვალები შუბლზე აუვიდათ. მერე ამაზე დიდი მადლობაც გადამიხადეს. როცა საავადმყოფოდან გამოვედით, გარეთ დაგვხვდნენ ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან. ჩვენ წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ პრემიერ-მინისტრის მდგომარეობაზე არაფერი გვეთქვა. დაგვესივნენ ჟურნალისტები და მე აღმოვჩნდი ცუდ მდგომარეობაში. ვეძებ „რუსთავი 2-ს“, „იმედს“, არავინააა, უცებ მომვარდა „ერტეერის“ ჟურნალისტი და მეკითხება: ქალბატონო თევდორაძე, პრემიერ-მინისტრი მოკვდა? არა – ვეუბნები მე. ის ძალიან გაბრაზდა და იყვირა: ღმერთო, მთელი კვირა ვდგავარ და ვუცდი, როდის გადავცემ ინფორმაციას, რომ ის მოკვდა. ის კი არა და არ კვდებაო. ძლივს გადავურჩი განრისხებული და დაღლილი ჟურნალისტის რისხვას, იმის გამო რომ პრემიერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (იცინის).
– როცა რეგიონებში დადიხართ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები სოფლის ნობათს არ გიძღვნიან ხოლმე?
– არა, მათ მასპინძლობა ნამდვილად იციან. ოჯახებშიც ხშირად მეპატიჟებიან ხოლმე, მაგრამ ამაზეც უარს ვამბობ. თუმცა, მახსოვს, ერთხელ პარლამენტთან ნამდვილად მომიყვანეს წითელი „ბანტით“ გალამაზებული ბატკანი (იცინის). იმ ადამიანის ძმა პატიმარი იყო, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროებოდა. მე დავეხმარე და, რამდენიმე საათში მისი მადლიერი ძმა დაბრუნდა პარლამენტში, ქვემოდან მირეკავს და მეუბნება: ქალბატონო ელენე, მადლობის სათქმელად მოვედი, თან წითელბანტიანი ბატკანი მოვიყვანე, მაგრამ ბატკანზე „პროპუსკს“ არ მაძლევენო (იცინის). მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ ასეთი პატივისცემებისთვის თავი ამერიდებინა. ერთხელ პანკისის ხეობაში ჩავედი, იმ დროს თარგამაძის მოადგილემ დამირეკა. როცა ვუთხარი, სადაც ვიყავი, გაგიჟდა, მანდ რას აკეთებო? პანკისიდან წამოვედი – თელავთან პოლიციელების მთელი ბრიგადა დამხვდა – ნამდვილი სპეცოპერაცია იყო, გინდა თუ არა, რესტორანში უნდა წაგიყვანოთ, ასეთი დავალება გვაქვს კახა თარგამაძისგანო. მე ვუთხარი მათ: კახა თარგამაძე თქვენი უფროსია, თქვენ მოგცემთ დავალებას, მაგრამ ჩემთან ამის უფლება არ აქვს-მეთქი. იქიდან ისე გამოვიპარე, რომ რესტორანს ავცდი. მე ხომ ვიცოდი, იქ რატომაც მეპატიჟებოდნენ. მათ აინტერესებდათ, მე რა გავიგე მის თანამშრომლებზე. მოხერხებულობით კაცები ნამდვილად ვერ მჯობნიდნენ, პოლიტიკოსი კაცების ენაც ვისწავლე იმ წლებში და ქურდებისაც (იცინის).
– ეს არ თქვათ, ამაზე ხალხს იჭერენ.
– კი არ მეშინია, და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, მაგრამ მათი ჟარგონები უკვე დამავიწყდა კიდეც. თუმცა, იმ პერიოდში ყველაფერი მესმოდა. ამას ისინი ძალიან აფასებდნენ. ძალიან უკვირდათ, რომ მე არ მეზიზღებოდა მათ ლოგინზე ჯდომა, ყავის დალევა, ლობიოსაც მთავაზობდნენ, მაგრამ ლობიოს არ ვჭამდი (იცინის).
– ის პარლამენტი, რომლის წევრიც თქვენ იყავით საკმაოდ კოლორიტული ადამიანებით იყო სავსე და ბევრი სახალისო ისტორია მოხდა იმ წლებში.
– ჩემს შემთხვევაში კურიოზები ძირითადად ჩემს ქართულთან დაკავშირებით ხდებოდა. ამ ისტორიებს სხვები ხალისით ყვებიან, მე კი სულ მიკვირდა, რა აცინებდათ. მე დღესაც არ ვიცნობ იმ პერიოდის ყველა დეპუტატს, რადგან სამწუხაროდ, ისინი მაშინ მოდიოდნენ ხოლმე პარლამენტში, როცა პულტზე თითი უნდა დაეჭირათ. ახლა, როცა მათ ვნახულობ, უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან არც გვარი მახსოვს მათი და არც სახელი. ყველაზე დიდი სკოლა ზურაბ ჟვანიამ გამატარა. სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ვიყავი. მესამე მოწვევის პარლამენტში ვეღარ გამოვნახე საერთო წამყვან გუნდთან და აღმოვჩნდი თეთრი ყვავის როლში. შეიძლება ეს ჩემი ასაკის გამოც მოხდა. უკვე სადღაც-სადღაც მეპარებოდნენ ჩემი კოლეგები (იცინის). ყველაზე კარგად მახსოვს პირველი პარლამენტი, რომელიც იყო ცოცხალი, მრავალპარტიული. ამ პარლამენტში ბევრი დისკუსია და დაპირისპირება იყო საქმის გამო.
– ისეთი დაპირისპირებებიც გვახსოვს, ხელჩართულ ჩხუბში რომ გადადიოდა.
– მეც ვყვებოდი ხოლმე იმ ჩხუბებში. ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ბევრი არაფერი შემეძლო ორმეტრიან, დევივით აღნაგობის ადამიანებს შორის. თუმცა, ანგარიშს მაინც მიწევდნენ.