კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის წლევანდელი აგვისტო ორმაგად მძიმე და წელიწადის რომელი სამი თვეა ყველაზე სახიფათო საქართველოსთვის


ბოლო 19 წლის განმავლობაში, უფრო ზუსტად დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ამ ხანმოკლე პერიოდში აგვისტომ სამჯერ შეასრულა საბედისწერო როლი: 1991 წლის 19 სექტემბერს ეროვნული გვარდია თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით რკონში გაიჭრა, რამაც, საბოლოოდ, რამდენიმე თვეში სამოქალაქო ომი გამოიწვია; 1992 წლის 14 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს სამთავრობო ნაწილები აფხაზეთში შევიდნენ, რასაც, შედეგად, აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა; 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის ტრაგედია დატრიალდა, რაც 26 აგვისტოს რფ-ის მიერ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებით დაგვირგვინდა. რა საბედისწერო დატვირთვა აქვს აგვისტოს საქართველოს უახლეს ისტორიაში (თუ ამ დატვირთვას მას ჩვენ, ადამიანები, ვანიჭებთ არცთუ გააზრებული ქცევებით), – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ასტროლოგ მიხეილ ცაგარელისგან შევეცდებით.



– რატომ აქვს აგვისტოს ასეთი დესტრუქციული დატვირთვა საქართველოს უახლოეს ისტორიაში?

– საქართველოსთვის მხოლოდ აგვისტო არ არის პრობლემური თვე. საქართველოს აქვს სამი ძალიან ცხელი პერიოდი: აპრილი და ყველას კარგად გვახსოვს 9 აპრილი; ეს არის მომზადების ეტაპი, როდესაც ჩნდება პირველი პრობლემები. მეორეა აგვისტო, როდესაც, თუ აპრილში არ მოხდა მომწიფებულის ამოფრქვევა, თავს იჩენს პრობლემები. მათ შორის, აგვისტოში განსაკუთრებით მძაფრია დაპირისპირება რუსეთთან ეთნოკონფლიქტების კუთხითაც და მესამე ეტაპია ნოემბერი. თუ აგვისტოში არ ამოიფრქვა უკმაყოფილება, მაშინ ეს ხდება ნოემბერში. ნოემბერი ძალიან რთული ეტაპია, ოღონდ ამ დროს უფრო შიდა სოციალური პრობლემები ამოიფრქვევა ხოლმე. ეს უკავშირდება იმას, რომ საქართველოს, ასტროლოგიური კუთხით, მართავს ლომის ზოდიაქო. „ლომის“ საწინააღმდეგო ნიშანია „მერწყული“, მათ შორის ზუსტად 180 გრადუსია ცის კაბადონზე, „მერწყული“ კი მართავს რუსეთს. ამ ორ ნიშანს უყვარს ერთმანეთი და თან ვერ იტანენ. იგივე ხდება, როდესაც „ლომი“ და „მერწყული“ ოჯახში ხვდებიან ერთმანეთს. ამიტომაც ჩვენ გვიყვარს კიდეც რუსები და გადასარევად ვართ მათთან. ისინიც გიჟდებიან ჩვენზე და თან ვერ ვიტანთ ერთმანეთს. ეს მომენტი ყოველთვის იყო, არის და იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფოებმა უნდა გაიგონ, რა მისიები აქვთ ერთმანეთთან. რატომ თქვა სერაფიმ საროველმა თავის დროზე, რომ საქართველო არასდროს არ უნდა დაიპყროს რუსეთმაო? მან ძალიან კარგად იცოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ასტროლოგიური, ეზოთერული მნიშვნელობა, რაზეც წარმოდგენა არ აქვთ პოლიტიკოსებს. მორიელის ნიშანი მართავს ოსეთს, „მორიელი“ კი ცის კაბადონზე ქმნის 90-გრადუსიან კუთხეს „ლომთან“, რაც ნიშნავს დაძაბულობას. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობას გვიქმნის „მორიელი“, რომელიც „მერწყულსა“ და „ლომს“ შორისაა. ეთნოკონფლიქტებთან დაკავშირებული ტენდენციაც ამ მოვლენიდან გამომდინარეობს. ერთი სიტყვით, საქართველოში ეს სამი პერიოდი ყოველთვის ძალიან ცხელი იქნება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში.

– სამივე პრეზიდენტის დროს შეასრულა აგვისტომ ფატალური როლი: 19 აგვისტოს – გამსახურდიას დროს, 14 აგვისტოს – შევარდნაძის დროს და 7 აგვისტოს – სააკაშვილის დროს.

– კიდევ ბევრი რამ შეიძლება, გავიხსენოთ ისტორიიდან. უბრალოდ, თუ სისხლისღვრა არ ყოფილა, აღარ გვახსოვს. ამ პერიოდებში მომხდარა მიწისძვრები და უამრავი კატაკლიზმები. ეს განპირობებულია იმ მძიმე ენერგეტიკული მოვლენებით, რომლებიც საქართველოს მიმართ ხდება, შემდეგი პოზიიციიდან გამომდინარე: აპრილი შედის „კუროს“ ზონაში, რომელიც არ მეგობრობის „ლომთან“, ანუ საქართველოსთან და ქმნის მასთან დაძაბულობას. ნოემბერი უკავშირდება „მორიელს“, რომელიც, ასევე, არათუ არ მეგობრობს, „ლომის“ მტერია და ამიტომაც ჩნდება ნოემბერში პრობლემები. რაც შეეხება აგვისტოს, თვითონ „ლომის“ ზონას: მას აღიზიანებს როგორც „კურო“, ასევე, „მორიელი“ და მისივე საწინააღმდეგო „მერწყული“. ეს სამი თვე ამ ზეგავლენასთანაა დაკავშირებული და ამიტომ იქმნება ამ პერიოდში საქართველოში პრობლემები. სხვათა შორის, 2008 წლის 27 ივლისს მე მქონდა დასკვნითი გადაცემა ტელეკომპანია „კავკასიაში“, როდესაც ერთი საათის განმავლობაში პირდაპირი ეთერი მივუძღვენი აგვისტოს მოვლენებს. საგანგებოდ ავხსენი, მათ შორის, ნახაზებით, თუ რა და რატომ შეიძლებოდა, მომხდარიყო აგვისტოში. რომ ეს უკავშირდებოდა მზისა და მთვარის დაბნელებებს, რომლებიც მოხდა ლომის ზოდიაქოში, ანუ ეს მოუვიდოდა საქართველოს. საერთოდ, დაბნელება მეტყველებს იმაზე, რომ იმ ქვეყანას ექნება რაღაც პრობლემა და ამაში აუცილებლად იქნება ჩართული საწინააღმდეგო ნიშანი, ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა „მერწყული“, იმიტომ რომ „ლომი“ და „მერწყული“, გვინდა თუ არა, ერთი სისტემაა. ანუ საქართველო და რუსეთი ერთ მერიდიანზეა. ამიტომაც გააფრთხილა საროველმა რუსეთი: რაკი ერთ მერიდიანზე ვართ მიწებებული, რაც საქართველოს მოუვა, ის მოუვა რუსეთს; რუსეთში, რაც მოხდება, ის მოხდება შემდეგ საქართველოში. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ რუსეთშიც სტაბილურობა იყოს და საქართველოშიც. არადა რა ავტეხეთ ორივე მხრიდან?! ამიტომ არც რუსეთი იქნება მშვიდად და არც საქართველო. აგვისტო ისედაც მძიმე თვეა და, რადგან 2008 წელს ამას დაემატა დაბნელებები, კარგად გამოჩნდა, ვინ იქნებოდა კონფლიქტის ორი ქვეყანა, ანუ რუსეთი და საქართველო. იმავდროულად, საგანგებოდ აღვნიშნე, რომ ასტროლოგიაში არსებობს შავი მთვარის ცნება. ეს არის ეგრეთ წოდებული სატანის მეცხრე მოციქული, რომელსაც ლილიტის სახელწოდებით ვიცნობთ. ლილიტი ცხრა თვის განმავლობაში გადის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და ამ დროს ქმნის ცდუნებებს, შეცდომებს, პრობლემებს, კონფლიქტებს ზოდიაქოს იმ ნიშნისთვის, რომელშიც იმყოფება.

– ახლა რომელ ზოდიაქოშია ლილიტი?

– ერთი თვის წინათ ის შევიდა თევზების ზოდიაქოში და რა მოხდა? სცემეს შალვა ხაჭაპურიძე და შეიძლება, უარესიც დაემართოს. ეს ელის ყველა „თევზებს“ რვა თვის განმავლობაში, თუ ისინი გამოთქვამენ მთავრობის გამაღიზიანებელ მოსაზრებებს.

– „ტყუპებს“ როგორ აქვთ საქმე, მეც ხომ არ მცემს ვინმე?

– ამაზე ოთხი წლის შემდეგ ვილაპარაკოთ. რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს: იმ დროს შავი მთვარე გადიოდა „მშვილდოსანს“, ანუ პრეზიდენტ სააკაშვილის ზოდიაქოს. ამიტომაც საგანგებოდ გავაფრთხილე და ვთხოვე, ყოფილიყო ძალიან ფრთხილად 2008 წლის აგვისტოში, რაც მან არ გააკეთა.

– „მორიელი“ „ლომთან“ და „მერწყულთან“ ქმნის 90-გრადუსიან კუთხესო. ოსებს მხოლოდ საქართველოსთან აქვთ დაძაბულობა?

– „მორიელს“ არც „მერწყულთან“, ანუ რუსეთთან აქვს კარგი ურთიერთობა, ის რუსეთსაც აღიზიანებს, მაგრამ, როდესაც ჰყავს უფრო დიდი გამაღიზიანებელი საქართველოს სახით, ოსებმა იპოვეს წერტილი, რითაც რუსები მიაქსიეს საქართველოს.

– აფხაზების ნიშანი რომელია?

– „მორიელი“ და სწორედ ესაა უბედურება. ამასთან, გავიხსენებთ, რომ აფხაზების ლიდერი, არძინბა, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, იყო „კურო“.

– სომხეთი და აზერბაიჯანი რომელი ზოდიაქოს ნიშნით იმართებიან?

– სომხეთიც „მორიელია“, ამიტომ ყოველთვის ეპაექრებოდა საქართველოს. თუ საშუალება აქვს, ცდილობს, გააშავოს საქართველო და მაქსიმალურად წამოიწიოს წინა პლანზე. აზერბაიჯანი იმართება „თევზების“ ნიშნით, ამიტომ აზერბაიჯანთან სიტუაცია ყოველთვის გაცილებით უკეთესია. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ „თევზები“ და „ლომი“ მეგობრები არიან, მაგრამ უფრო უკეთესი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე „ლომსა“ და „მორიელს“.

– თურქეთი?

– თურქეთი „კირჩხიბისა“ და „ქალწულის“ ნაზავია, ამიტომ თურქეთთან ურთიერთობა მთლად იდეალური არ არის, მაგრამ სჯობია „მორიელსა“ და „კუროს“.

– „მერწყულს“, ანუ რუსეთს არ ჯობია?

– მე ვიტყოდი, რომ ისევ „მერწყული“, ანუ რუსეთი სჯობია თურქეთს, რადგან „მერწყული“, მართალია, ვერ გიტანს, მაგრამ თან გიჟდება შენზე. თურქეთთან შესაძლებელია მეგობრული, საშუალო ურთიერთობა, საქმიანი და პარტნიორული. თურქი არასდროს გაგიჟდება ქართველის სიყვარულით.

– ამერიკასთან როგორ გვაქვს საქმე?

– ამერიკის შეერთებული შტატები „კირჩხიბისა“ და „ტყუპების“ ნიშნით იმართება. დასავლეთსა და ქალაქ ნიუ-იორკს მართავს „კირჩხიბი“, აღმოსავლეთს – „ტყუპები“, ამიტომ ამერიკასთან მეტია ურთიერთგაგების შესაძლებლობა. „ტყუპების“ ზონა გვაძლევს სასიკეთო ტენდენციების გამოვლენის შესაძლებლობას. როდესაც ჩემთან მოდიან „მერწყული“ და „ლომი“ და მეკითხებიან, როგორ ვიქნებით ერთადო, ვეუბნები, ან ძალიან ცუდად, ან იდეალურად-მეთქი. მათ შორის საშუალო არ არის. ამიტომაც რუსეთი და საქართველო ან ძალიან კარგად იქნებიან ერთმანეთთან, როგორი ურთიერთობაც ამერიკასთან არც დაგვესიზმრება, ან ომი გვექნება. ამერიკასთან შეიძლება, არ გვქონდეს გადასარევი ურთიერთობა, მაგრამ ხუთბალიანი სისტემით ყოველთვის „ოთხიანზე“ გვექნება.

– თუ არის დედამიწაზე ქვეყანა, რომელთანაც „ხუთიანზე“ გვექნება ურთიერთობა?

– დიდი ბრიტანეთი. სხვათა შორის, შესაძლებელია მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობები შეიქმნას საფრანგეთთან. აუცილებლად უნდა მოხდეს ურთიერთობების აქტივიზაცია ესპანეთთან.

– იტალიასთან?

– ძალიან კარგი! იტალიელები ჩვენი ძმები არიან, არადა იტალიელები თითო-ოროლაა ჩვენთან. სიცილიელები და ფლორენციელები გაგიჟდებიან ქართველებზე, უბრალოდ არ გვაქვს ეს კონტაქტები. ასტროლოგიურ კლასიკაშიც კი, როდესაც მეკითხებიან, რომელია „ლომისთვის“ ყველაზე კარგი ნიშანი, ვეუბნები, „სასწორი“-მეთქი. იდეალურად უგებენ ერთმანეთს, სწორედ „სასწორი“ მართავს იტალიას.

– წლევანდელი აგვისტოც მძიმე იქნება?

– აგვისტოში გვაქვს კიდევ ერთი ზოგადკოსმიური მნიშვნელოვანი მოვლენა. დედამიწა მიიჩნევა ცოცხალ არსებად და მას, ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ არსებას, აქვს სუნთქვის რიტმი. დედამიწა შესუნთქვას იწყებს თებერვალში, „მერწყულის“ ზონაში და გამოსუნთქვას – აგვისტოში, „ლომის“ ზონაში. გამოსუნთქვა შესუნთქვაზე მძიმეა, რადგან მთელ ნაგავს, რაც დააგროვა, დედამიწა ყრის გარეთ. ამიტომ აგვისტო ქმნის სხვადასხვა ეკოკატასტროფებს, შეიძლება, იყოს წყალდიდობები, ხანძრები; არის მძიმე ენერგეტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, ეს აგვისტოც არ არის გამონაკლისი. უფრო მეტიც, ეს აგვისტო არის ძალიან მძიმე, ოღონდ არა საომარი ვითარების კუთხით, ეს ჩვენ არ გვემუქრება, თორემ აგვისტოში შესაძლოა, სერიოზული პროვოკაციები მოხდეს ერაყში, ავღანეთში, კორეაში და ბევრ სხვა რთულ ქვეყანაში. თუმცა ჩვენთან არის სხვა ხიფათი: საერთოდ, აგვისტოში ადამიანმა უნდა დაისვენოს, რადგან უმძიმესი პერიოდია. ჩვენი პარლამენტი და მთავრობა კი მუშაობს, იმის ნაცვლად, რომ დაისვენონ, ამიტომაც არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

– 24 აგვისტოს პარლამენტში განსახილველად შეაქვთ საკონსტიტუციო ცვლილებები?

– რაც გამოიწვევს შემდგომ გართულებებს, ჩაუდებს საფუძველს ნოემბერში ხალხის აღშფოთებას, რომელიც უფრო მძაფრად გამოვლინდება. აგვისტოში არის ძალიან მძიმე შეცდომების დაშვების ალბათობა. უფრო მეტიც, საუბარია, რომ მზადდება გეი-აღლუმი.

– ეს თემა ხომ ჩაიფარცხა?

– ერთხელ არ ჩატარდა, მაგრამ ისევ არის ამის მცდელობა. ეს ნიშნავს, რომ გროვდება უკმაყოფილების ორთქლი. ასევე, საუბარია, რომ აგვისტოს ბოლოს უნდა იმსჯელონ ერთსქესიან საქორწინო კავშირებზე. ესეც დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია. ამიტომ ვთხოვ სამთავრობო სტრუქტურებს, აგვისტოში დაისვენეთ, ნურაფერს გააკეთებთ სერიოზულს. საქმეები გადადეთ სექტემბრისთვის, როდესაც გონება იქნება უფრო მშვიდი და პრაგმატული. მინდა გითხრათ, რომ წლევანდელ აგვისტოში დედამიწა შედის ორმაგად ნეგატიურ ენერგეტიკულ ველში. ეს ნიშნავს, რომ უარესდება ადამიანთა ჯანმრთელობა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დაისვენოთ და გადაერთოთ პოზიტიურ ემოციაზე. ამის საშუალებას კი ადამიანს არც ტელევიზია აძლევს და არც გარე სამყარო. აგვისტოში იქნება ჭორები, ტყუილები, უაზრო ფიარები, ამოქმედდებიან ფარული მტრები, რაც ისევ გააღიზიანებს ხალხს. ძლიერდება მიდრეკილებები ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისადმი. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ წყალთან და ზღვასთან. სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულებს ვურჩევ, რომ სექტემბრამდე გადადონ ყველა ექსტრემი, რადგან ასეთი თამაში შეიძლება, საბედისწეროდ დამთავრდეს. იმდენად ცუდი პერიოდია, რომ გახშირდება ეკოლოგიური კატასტროფები წყალდიდობებისა და ხანძრების სახით. შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ ოპერატორებს, მათ, ვინც მუშაობს ტექნიკასთან. ეს არის პერიოდი, როდესაც მაღალია დაჭერების, მათ შორის, უსამართლო დაჭერების ალბათობა, იმიტომ რომ აგვისტოში მატულობს ავტორიტარიზმი, დემოკრატიის იმედი ნუ გექნებათ. ამასთან, ამ პერიოდში არ იმუშავებს არანაირი ნოვატორული ტენდენციები, არანაირი ბიზნესი და სარისკო მოქმედებები, ხელშეკრულებები ჩაიშლება. ამიტომ ჯობია, დაელოდოთ სექტემბერს. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ერიდეთ კონფლიქტებს და მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით დაკავდით. ამას გირჩევთ აგვისტოში, რათა არ დავუშვათ ისეთი საბედისწერო შეცდომები, რომლებიც შემდეგ თავბედს გვაწყევლინებს. მე ან თქვენ რომ დავუშვათ შეცდომები, ქვეყანას ამით არაფერი დაუშავდება, მაგრამ, როდესაც შეცდომებს უშვებს სამთავრობო სტრუქტურა, ეს სავალალო იქნება საქართველოსთვის.

– საქართველოს, როგორც „ლომს“, მმართველად ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეეფერება იდეალურად?

– „სასწორი“, „მშვილდოსანი“, „ვერძი“, „მერწყული“. ჩვენი პრეზიდენტი „მშვილდოსანია“ და ხომ ხედავთ, როგორი გალაღებულია?!

– შევარდნაძე როგორ უთავსდებოდა ასტროლოგიურად საქართველოს?

– შევარდნაძეს სხვა სტილი ჰქონდა. ის თავისი სტრუქტურით დიპლომატი იყო და პირდაპირ არაფერს ამბობდა, ამდენად, მისი მოსმენა უინტერესო იყო. ზოგად ფრაზებს იყენებდა და მხოლოდ ის ხალხი იგებდა მის ქვეტექსტებს, ვინც პოლიტიკაში ერკვეოდა. როდესაც შევარდნაძე ძალიან აქებდა ვიღაცას, ყველამ იცოდა, რომ ის უნდა მოეხსნათ, მაშინ, როდესაც, თუ სააკაშვილი ვინმეს აქებს, პირიქით, ის მინისტრი ხდება. მათ შორის მართვის სტილშია განსხვავებები. შევარდნაძის ნათქვამში უნდა მიმხვდარიყავი, რა იგულისხმებოდა ფრაზებს შორის, სააკაშვილთან კი სავსებით გახსნილი ტექსტია: რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. არ აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა საჭირო ამის თქმა, რადგან სააკაშვილს არ გაუვლია დიპლომატიის ან, თუნდაც, პარტიული სკოლა, რაც გაიარა შევარდნაძემ. ის არ ფლობს იმ ტექნიკას, რომელიც შევარდნაძეს ჰქონდა. ამიტომ მისი მოქმედებები ხშირად გამაღიზიანებელია, განსაკუთრებით, უცხო ქვეყნების ხელისუფლებებისთვის. არ დამავიწყდება ჟაკ შირაკის სახე, როდესაც სააკაშვილმა პირველი შეხვედრისას მხარზე უტყაპუნა ხელი. ძალიან განსხვავებულია შევარდნაძე-სააკაშვილის მეთოდოლოგიები.

– როგორც მივხვდი, ვარსკვლავებიც გვირჩევენ ორიენტაციას ევროკავშირზე?

– მთავარი გზაა ინტეგრაცია ევროკავშირთან, თორემ კარგი ურთიერთობა ყველასთან უნდა გქონდეს. განსაკუთრებით, მეზობლებთან. მე კარგად ვიცნობ რუსის ფსიქოტიპს და ისიც ვიცი, რა შეუძლია ქართველს რუსთან. საქართველო-რუსეთი ენერგეტიკული კუთხით ერთიანი სისტემაა და ისინი ერთმანეთის მხარდაჭერით არნახულ წარმატებებს აღწევენ. მოხდა რუსეთში რევოლუცია? მაშინვე დაარტყა ამან საქართველოს! დაკარგა საქართველომ მიწები? დიდი საფრთხე ემუქრება რუსეთს ტერიტორიების დაკარგვის მხრივ. ჩინეთი ემზადება რუსეთის ჩრდილო ნაწილის ანექსიისთვის და ამას ჩვენ მოვესწრებით. საქართველოს მიმართ ჩადენილი დანაშაული რუსეთს ჩინეთიდან შემოუბრუნდება. ისინიც უნდა მიხვდნენ, რაზე მიდიან და ჩვენც უნდა შევძლოთ მათთან ურთიერთობების ჰარმონიზაცია, რადგან ეს ჩვენი კოსმიური მისიაა.


скачать dle 11.3