აღშფოთებულ-შეშფოთებულები
კონიუნქტურულ-ეთნიკური სუნი!
გასულ კვირას ქართული პოლიტსპექტრი მეტად შეაშფოთა სამწუხარო ცნობამ ცხინვალიდან, სადაც იქაური თვითმარქვია პარლამენტარები თანამოძმე თემურ ცხოვრებოვს დაერივნენ. ჩვენებურები განსაკუთრებით იმან აღაშფოთა, რომ ნაცემი თემურ ცხოვრებოვი პროფესიით ჟურნალისტია. შესაბამისად, დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი მედიის უფლებების დაცვით გაჭაღარავებული ჩვენი ჩინოვნიკები ამ ფაქტს უმალ გამოეხმაურნენ და ვანდალურ აქტად შეაფასეს (მაგალითად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ბრძანა, რომ ჟურნალისტის ცემა, თავისთავად, სამწუხარო ფაქტია, უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ მას ფიზიკურად ე. წ. პარლამენტის წევრები გაუსწორდნენ და სწორედ იმიტომაც, რომ ქართველებს ელაპარაკებოდაო). უფრო მეტიც, ჩარევისკენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოუწოდეს და იქვე დასძინეს, იმიტომაც ვითხოვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეშვებას, რომ ადამიანთა, განსაკუთრებით კი, ჟურნალისტთა უფლებები დაცული იყოსო!
ბუნებრივია (ამ მოწოდების გარეშეც) არც საერთშორისო ორგანიზაციები დარჩენილან განზე და მომხდარის გამოძიებაც უკვე მოითხოვეს. მეორე მხრივ, ასევე, ბუნებრივია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს რფ არც შეუშვებს და არც გამოძიებას ჩაატარებინებს, თუმცა, ამის მიუხედავადაც, ქართველ ჩინოვნიკების პათოსს წუნს ვერ დასდებ. თუმცა ისიცაა, ზუსტად არავინ იცის, მართლაც ქართველებთან საუბრის გამო სცემეს ცხოვრებოვი თუ ედუარდ-ჯაყოსთან დაპირისპირებულ ბარანკევიჩთან მეგობრობისთვის. ზუსტად იმავე პერიოდში ქართველ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ჟურნალისტის განმარტებით, პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ომის შემდეგ ცხინვალი მოიარა და ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ხოლო, რაკი შვეიცარიამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა, როგორც ჩანს, ჟურნალისტის დევნის ფაქტიც აღიარა. ამის მიუხედავადაც, თემურ ცხოვრებოვის ცემის ფაქტით აღშფოთებული ბ-ნი იაკობაშვილი ხატოვნად შენიშნავს, რომ ჟურნალისტ კომახიძის პოლიტდევნილად აღიარება შვეიცარიის საქმეა. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ჩვენი ჩინოვნიკების აღშფოთებას არა მხოლოდ კონიუნქტურული, ეთნიკური სუნიც უდის, ანუ, ქართველი ჟურნალისტის არათუ ზეწოლა, ცემაც მადლია.