ზანგები და იდიომატური გამოთქმები
„ვარ გაკოჭილი მე ევროპელი და ვხარობ ზანგის თავისუფლებით!“
მართალია, ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ აგვისტო მშვიდად გავატაროთ და, როგორც გონება, ისე სხეული დავასვენოთ, თუმცა ამ რჩევას ქართული პოლიტსპექტრი ნაკლებად დაგიდევთ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. ბევრია თუ ცოტა, პრეზიდენტმა დანაპირები აასრულა და გასულ კვირას რამდენიმე სამინისტროც მოიარა, სახელმწიფო პრიორიტეტებზეც ისაუბრა, შენიშვნებიც გამოთქვა, ქვეშევრდომები ზოგან შეაქო, ზოგან შეუცაცხანა და, რაც მთავარია, უფრო დიადსა და ნათელ მომავალსაც დაგვპირდა. ფინანსთა სამინისტროში სტუმრობისას კი ერთი ისეთი ფრაზაც წარმოთქვა, რამაც მისი მოწყენილი ოპონენტები ბრძოლის იშტაზე მოიყვანა. კერძოდ, პირველმა პირმა საბჭოთა დროს დანერგილი საყველპურო გამონათქვამი, „ზანგები ხომ არ ვართო“, გამოიყენა. მართალია, თავად მმართველი გუნდი ამის შემდეგ გაიტრუნა (სხვათა შორის, ეს ის მმართველი გუნდია, რომელიც აღშფოთების ზარებს რეკავდა, როდესაც ლევან ბერძენიშვილმა მათიას იორშს „უნგრელი ებრაელი“ უწოდა), მაგრამ, სამაგიეროდ, ოპოზიცია გამოცოცხლდა. კერძოდ, პრეზიდენტს რასისტულ განცხადებაში დასდეს ბრალი (მით უფრო, რომ ჩვენი სულზე უტკბესი ოკეანისგაღმელი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი, არც მეტი, არც ნაკლები, შავკანიანიაო).
პრეზიდენტის პრესსამსახური ამ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ აღშფოთებას ოდნავ დაგვიანებით გამოეხმაურა. სიტყვასიტყვით ვკითხულობთ: „პრესსამსახური იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი შეგნებულად იყო არასწორად ინტერპრეტირებული ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ. პრესსამსახური განმარტავს, რომ ქართულ იდიომატურ გამოთქმას არანაირი კავშირი არ აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან.“ ამ განმარტების შემდეგ, სავსებით ბუნებრივია, ქართული იდიომატური გამოთქმების სპეციალისტები იმედგაცრუებული დარჩენილიყვნენ, რადგან, ჯერ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, „ზანგები ვართ“, ქართული იდიომატური გამოთქმა არ არის და, თუ, მაინცდამაინც, იდიომატურად მივიჩნევთ, ეს საბჭოთა გამონათქვამია.
თუმცა, როგორც უნდა იყოს, თუ წარმატებულ შავკანიანებს გავიხსენებთ და მათ ჩვენს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობას შევადარებთ, შესაძლოა, ის დროც დადგა, როდესაც „იდიომატურ გამოთქმაში“, „ზანგის“ ნაცვლად „ქართველი“ უნდა ჩავსვათ.