„თოჯინები იცინიან“
მუხრუჭი, ანუ გამოცდილება
„როდესაც ვიღაც წამოგაძახებთ თქვენს ახალგაზრდობას, იცოდეთ, რომ ამას უბრალოდ ბოღმა ადამიანები აკეთებენ. ისინი ფრუსტრირებული არიან საკუთარი წარუმატებლობებით და თქვენს წარმატებაში ხედავენ საკუთარი წარუმატებლობის მიზეზს,“ – სწორედ ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა გასულ კვირას ქვეშევრდომებს ციხეების მთავარი ქალბატონის უწყებაში სტუმრობისას. შესაძლოა, იმ პიკანტური ფოტოს გასანეიტრალებლად, რომელიც ქ-ნი ქობალიას ფოტოს პარალელურად გავრცელდა სოციალური ქსელით, თუმცა შესაძლოა, გულწრფელადაც, ბ-ნმა სააკაშვილმა გაიხსენა, რომ ხათუნა კალმახელიძე 29 წლის იყო, როდესაც მინისტრად დანიშნა (მანამდე კი საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროშიო); მისი კბილა იყო ბ-ნი უგულავაც, ოღონდ მაშინ, როდესაც თბილისის მერის პოსტზე პირველად დაინიშნა (უფრო ახალგაზრდა კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორობდა); ბაჩო ახალაია, თურმე, 26-ის ბრძანდებოდა (თუ მეხსიერება არ მღალატობს, ბ-ნი ბაჩო გაცილებით უმცროსი ასაკისა იყო, როდესაც ციხეები ჩააბარეს); ბ-ნ ქადაგიძეს 28 წელი ახალი შესრულებული ჰქონდა, როდესაც ეროვნული ბანკი ჩააბარეს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „მოდის ახალი თაობა, რომლებიც არც პიონერები ყოფილან, არც კომკავშირლები და მათ ზუსტად არც ის ახსოვთ, ვინ იყო ვლადიმირ ლენინი (თუმცა ისიცაა, ეს თუ არ ახსოვთ, ამ ახალგაზრდებს, უბრალოდ, ისტორია ჯეროვნად არ უსწავლიათ, თორემ, ლენინის დამნახავი ამ ქვეყანაში ლამის ქვაც კი აღარ დაგორავს).“
ჰოდა, რაკი ახალგაზრდობა კარგა ხანია, სამინისტრო ასპარეზზეა გამოსული (ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან: „გამოცდილება ერთგვარი მუხრუჭებისა და კომპლექსების შემცველია“), არც ახალგაზრდულ ინიციატივებს გვაკლებენ. სახელდობრ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 28 წლის მინისტრმა კონკურსი გამოაცხადა სტუდენტებს შორის და გამარჯვებულს დაჰპირდა, რომ ერთ დღეს მინისტრობას ჩააბარებს (მაგალითად, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრს თოჯინებით თამაშის ასაკი ჯერ არ გასვლია). ჩვენ არ ვიცით, რა კრიტერიუმებით შეარჩევს ქ-ნი ქობალია თავის ერთდღიან შემცვლელს, მაგრამ, ამ ინიციატივას კოჭებშივე ეტყობა, რომ არც ჩვენ მოვიწყენთ და არც ჩვენი ეკონომიკა.
რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ, რომ მინისტრი ვერ ხდებოდა!