„ფრთები, კიდევ ფრთები გინდა“
ვისი ადგილია ზეცაში?
განა იმიტომ, რომ „თხაზე ნაკლებია“, ქვეყნის კრიმინალური მაჯისცემისთვის თვალყურის ფხიზლად სადევნებლად სოციოლოგიური კვლევა იუსტიციის სამინისტრომაც ჩაატარა. შედეგები კი გასულ კვირას გამოაქვეყნა, მეტიც, პრეზენტაცია „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, დიპკორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ (ისიცაა, ამ კვლევის შედეგების პომპეზურად გამოქვეყნების მიზანი, ალბათ, უფრო უცხოელთა თვალში ჩვენი წარმოჩენა იყო, რადგან ადგილობრივებმა, წესით, კვლევების გარეშეც უნდა იცოდნენ, დანაშაულის რაოდენობა გაზრდილია თუ შემცირებული).
კვლევა დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულებისადმი და სხვა ამდაგვარ თემებს მიეძღვნა. სულ ქვეყნის მასშტაბით 3 000 რესპონდენტი გამოიკითხა და დადგინდა, რომ საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია (საწყალი ევროპა, ამდენი ხანია, დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს და დანაშაულთან ხეირიანად ბრძოლაც ვერ უსწავლია).
მეორე მხრივ, წესითა და რიგით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობის შემცირებას ყველაზე უკეთ სტატისტიკა ასახავს, თუმცა, რაკი ამის დასადგენად იუსტიციის სამინისტრომ მოსახლეობის გამოკითხვა მიიჩნია უფრო მნიშვნელოვნად, ვიხელმძღვანელოთ პრინციპით: „ბუს დიდი თავი აქვსო“ (ანუ იუსტიციის სამინისტრო ბუსავით დიდთავა და გონიერია). კვლევის შედეგებიდან გამომდინარე კი (რადგან, არათუ დავეწიეთ, ევროპა უკანაც ჩამოვიტოვეთ), ჩნდება ეჭვი, რომ ჩვენი ადგილი არა ევროპაში, არამედ – ზეცაშია, რადგან სრული იდილიისთვის მხოლოდ „ფრთები, კიდევ ფრთები გინდა“…