სულზე მოსწრებული
„შენს ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამე“
მართალია, მთავრობა, განსაკუთრებით კი, მისი სასოფლო-სამეურნეო ფლანგი, მომზადებული ხვდება რთველს (ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებს ბ-ნი კვეზერელი), მაგრამ, ექსპერტების ვარაუდით, წელს მცირე რაოდენობის და უხარისხო მოსავალი გვექნება, რის მიზეზიც სეტყვაა. შესაბამისად, დასეტყვილი ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინო ვერ დაიწურება, ერთი ისაა, რომ მისგან მხოლოდ წვენები და დაბალი ხარისხის სპირტიანი სასმელები თუ დამზადდება.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ დათვალა და დაადგინა, რომ წელს, წინასწარი მონაცემებით, 94 ათას ტონაზე ოდნავ მეტ მოსავალს აიღებენ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ შარშან ეს მონაცემი 180 ათას ტონას აღწევდა და იმასაც დავუმატებთ, რომ ვერც ამ და ვერც გასულ წელს ვერ მოახერხეს ჩვენმა მეღვინეებმა დასავლურ თუ აღმოსავლურ ბაზრებზე გარღვევა, სავარაუდოა, რომ სეტყვას სულზე მოუსწრია.
მეორე მხრივ, გასულ კვირას ევროკავშირსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა („საქართველო ევროკავშირის სამეზობლოს პირველი ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის დაცვის მიმართულებით“). ხოლო, რაკი გადადგა, 18 ქართული ბრენდი („ხვანჭკარა“, „ტვიში“, „ქინძმარაული“, „საფერავი“, „მუკუზანი“ და ა. შ.) ევროგაერთიანებაში გაყალბებისგან დაცული იქნება. ეს კი, რეალურად, იმას ნიშნავს, რომ ევრომომხმარებელი დაცული იქნება გაყალბებული პროდუქციისგან. ბუნებრივია, სიახლე სასიხარულოა და შესაფერი ზარ-ზეიმითაც აღინიშნა როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, ელმედიაში. თუმცა, თუ დაცულმა ევრომომხმარებელმა, ამის პარალელურად, ქართული ღვინის სმაც არ დაიწყო, ყოველ წელს სეტყვის იმედად ხომ არ ვიქნებით?!