კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობდა ანა კალანდაძე ერთოთახიან ბინაში და როგორი პირადი ცხოვრება ჰქონდა მას


არ მეგულება ქართველი, რომლისთვისაც ახლობელი და საყვარელი არ იყოს ანა კალანდაძის სახელი. ანა 23 წლის იყო, როდესაც მწერალთა კავშირში პირველად წაიკითხა თავისი ლექსები. სწორედ ამ დღიდან დაიწყო მისი ნაცნობობა გენიალურ მწერალთან – პოლიკარპე კაკაბაძესთან, შემდგომში კი – მის ოჯახთან. ამ დღიდან სულ ცოტა ხანში ანა კალანდაძე და პოლიკარპე კაკაბაძის უფროსი ქალიშვილი, მზია, საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა კაკაბაძე, ანა კალანდაძესა და მის მიერ კაკაბაძეების ოჯახში გატარებულ დღეებზე გვესაუბრება.


მანანა კაკაბაძე: მეოცე საუკუნეში, უკვე საბჭოთა პერიოდში, ანა კალანდაძე იყო ერთად-ერთი პოეტი, რომელიც ისეთი დიდი აღფრთოვანებით მიიღო საზოგადოებამ, რომ დიდხანს ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა მისი ლექსები. ანა კალანდაძე იყო ჩემი უფროსი დის, მზიას მეგობარი.

– ანამ და მზიამ როგორ გაიცნეს ერთმანეთი?

– ანა კალანდაძე მამაჩემმა გააცნო მზიას. თვითონ მამამ კი 1946 წლის 25 მაისს გაიცნო ანა. ამ დღეს ანამ, ჯერ კიდევ 23 წლის გოგონამ, მწერალთა კავშირში წაიკითხა თავისი ლექსები. მის პირველ გამოჩენას ესწრებოდა პოლიკარპე კაკაბაძეც. მამა ცნობილი იყო, როგორც უმკაცრესი შემფასებელი ლიტერატურული ნაწარმოებებისა. გენიოსთა გარდა არავინ არ მოსწონსო, უკმაყოფილოდ ამბობდნენ საბჭოთა მწერლები მის შესახებ. ანას ლექსები ყველას მოეწონა – ყველა აღფრთოვანებული იყო, განსაკუთრებით – პოლიკარპე კაკაბაძე და ეს მისი აღფრთოვანება გადაედო მთელ საზოგადოებას.

„ნამდვილი პოეტი“, – ამბობდა მამაჩემი ანაზე. ეს მისთვის იყო მარადიული და უკვდავი პოეტების შეფასება, რომელიც ყველა ეპითეტს აღემატებოდა მისთვის. შეიძლება ითქვას, რომ პოლიკარპე კაკაბაძის განწყობამ სწორი გზა მისცა ანა კალანდაძის პოეზიის შეფასებას – მან გავლენა მოახდინა მაშინ მთელ მწერალთა კავშირზე. პოლიკარპე კაკაბაძე განსაკუთრებული ენერგიით იცავდა ანას სხვა მწერალთა წინაშე, სადაც ყველა არ იყო მეგობრულად განწყობილი ნამდვილი ნიჭიერების მიმართ. იგი შედიოდა მწერალთა კავშირის მდივნებთან და სხვა ძლევამოსილ პირებთან და უხსნიდა მათ ანას პოეზიის მნიშვნელობას. „ყვარყვარეს“ ავტორს დიდი გავლენა ჰქონდა მწერალთა შორის. მის აზრს განსაკუთრებულად უწევდნენ ანგარიშს.

ანას პოეზია იმითაც განსხვავდებოდა ყველას პოეზიისგან, რომ ის იყო არატრაფარეტული და ძალიან თამამი. არც ერთი ლექსი ბელადებზე, ტრაქტორზე, კოლმეურნეობაზე... ამის გამო შესაძლოა, ის დაესაჯათ კიდეც, მაგრამ დიდი ნიჭიერების წინაშე ადამიანი ქედს იხრის და ამ შემთხვევაშიც ეს მოხდა. ზეპირად იცოდა მამაჩემმა ანას ლექსები. მე მახსოვს არაერთხელ მისგან თქმული ანას ლექსი. ანას და გალაკტიონის ლექსებს ამბობდა ხოლმე ხშირად ზეპირად.

– პოლიკარპე კაკაბაძის ქალიშვილებმა როდის გაიცანით ანა?

– დღესაც ინახება ჩვენს ოჯახში ანას ლექსების ხელნაწერი კრებული, რომელიც ეკუთვნოდა პოლიკარპე კაკაბაძის უფროს ქალიშვილს, ჩემს დას – მზიას. მან ერთ-ერთმა პირველმა გადაწერა ანას ლექსები და შემდეგ გულმოდგინედ ავრცელებდა მათ თავის ნაცნობ-მეგობრებში. ანა სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე პოლიკარპე კაკაბაძემ გააცნო მზიას. ანა და მზია დამეგობრდნენ და ერთმანეთის გულის მესაიდუმლენი გახდნენ.

– თქვენ როდის გაიცანით ანა კალანდაძე?

– მე დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. 1942 წელს მამაჩემს თბილისში ბინის გაყიდვა მოუხდა, რის გამოც ის და მზია ბიძაჩემთან გადავიდნენ ბარნოვის ქუჩაზე. ჩვენ 1956 წლამდე აღარ გვქონდა საკუთარი ჭერი. მე და ჩემი დები დედაჩემთან ერთად, რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვიშხეთის მწერალთა სახლში ვცხოვრობდით. მამა გზაზე იყო გაკრული ქვიშხეთსა და თბილისს შორის. მახსოვს, როგორ ჩამოიტანა მზიამ ქვიშხეთში ანას ლექსები. მეც სასწრაფოდ გადავწერე ისინი ჩემთვის რვეულში და ზეპირად ვსწავლობდი. ანა ჩემთვის ღვთაებრივი არსება იყო.

1947 წლის მარტში ჩამოიყვანა მამამ ჩვენთან ქვიშხეთში სტუმრად ანა და, მასთან ერთად, რა თქმა უნდა, მზიაც.

– მზია და ანა ტოლები იყვნენ?

– ერთი წლით უფროსი იყო მზია ანაზე, ჩემზე კი – 15 წლით უფროსი.

ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვიყავით ერთად. ანა ძალიან უბრალო და სადა იყო, მოკრძალებული და, ამის გამო, კიდევ უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველი. ასეთი დარჩა იგი მთელი ცხოვრება. ეს მის ნიჭიერებას ისე უხდებოდა... ამ თვისების გამოც განსაკუთრებულად მოსწონდა იგი მამაჩემს. მახსოვს მათი საუბრები ქვიშხეთშიც და თბილისშიც, მუდამ ამაღლებული განწყობითა და სულიერებით აღსავსე. ანა წერს: „ჩემ მიმართ მამობრივი გრძნობით უთბებოდა გული... მირჩევდა, ხშირად მეკითხა ბიბლია – ბიბლია იკითხეო, თითქმის ყოველ შეხვედრისას მეტყოდა ხოლმე... ბატონ პოლიკარპეს თითქოს აფიქრებდა, რომ საღვთო წიგნებთან ჩემი შემაერთებელი ძაფი არ გაწყვეტილიყო!“

როდესაც ანა სამწერლო ასპარეზზე გამოჩნდა, მაშინ კულტურასა და ლიტერატურას განსაკუთრებით უტევდნენ საბჭოთა კავშირში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც. თუ იქ, მაღლა, გაძლიერდებოდა დაჭერები და იდეოლოგიური წნეხი, ჩვენთანაც სასწრაფოდ მიჰბაძავდნენ ხოლმე ცენტრს. ანა თავის მოგონებებში წერს, თუ როგორი საშიშროების ქვეშ იყო ის, რადგან ლენინგრადში და მოსკოვში სწორედ მაშინ დაამუშავეს მწერლები, პოეზია და აქაც, ჩვენში, ანასაც შეეხო, რა თქმა უნდა, რეპრესიის ეს ტალღა. „ასეთ ვითარებაში, – წერს ანა, – ჩემი კრებულის გამოცემაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო“.

– როდის გამოვიდა მისი პირველი კრებული?

– ანას პირველი კრებული გამოვიდა 1953 წელს, თუმცა, რამდენიმე ლექსი მანამდე დაიბეჭდა „მნათობსა“ და „ლიტერატურულ გაზეთში“. 1952-1953 წლები იყო განსაკუთრებით მძიმე პერიოდი მთელ საქართველოში – კიდევ უფრო გაძლიერდა რეპრესიები, დაჭერები, გადასახლებები, დასმენები, ჯაშუშობა. ეტაპებით მიჰყავდათ ყოველდღე ტუსაღები ციმბირისკენ, საპატიმროებში კი საწამებელი იარაღებით შანთავდნენ ადამიანებს – ახალ „ოცდაჩვიდმეტ წელს“ იწყებდნენ... მთელი თაობა უნდა მოეცელათ – ასეთი იყო დაბერებული და კიდევ უფრო გაბოროტებული ბელადის გეგმა, რომლის ბოლომდე მიყვანა მას აღარ დააცადეს მისივე თანამოძმეებმა. იგი მოკვდა 1953 წლის მარტის დასაწყისში, შემდეგ რამდენიმე თვეში ბერიაც ზედ მიაყოლეს და პოლიტიკაც შეიცვალა. რეპრესიის დაწყებული ტალღა შეჩერდა – ადამიანთა დახვრეტისა და დაპატიმრების სიები გააუქმეს.

ასეთ პირობებში დაიბეჭდა ანა კალანდაძის პირველი კრებული. მართალია, ის მხოლოდ შემოდგომაზე გამოვიდა სტამბიდან, სწორედ ყველაზე რთულ 1952-1953 წლების პერიოდში მზადდებოდა კრებული გამოსაცემად.

– რა მოხდა შემდეგ?

– 1953 წლის ნოემბერში მოვიდა ანა ჩვენთან და თავისი კრებული მოიტანა. უმეტესი ნაწილი ამ ლექსებისა, დაახლოებით 26-27 ლექსი, შემდგომ გამოცემებში ანას ამ სახით აღარასოდეს შეუტანია. მხოლოდ რამდენიმე ლექსი, შეცვლილი რედაქციითაა შესული ანას შემდგომ გამოცემებში.

ეს იყო უშველებელი, გრძელი, გაწელილი, ტრაფარეტული ტექსტები, „პოეზიას“ რომ უწოდებდნენ ავბედით საბჭოთა ხანაში, ეგრეთ წოდებული „სტალინური რეაქციის“ უმძიმეს პერიოდში. ასეთ ლექსებს ჩვენში „პარავოზს“ ეძახდნენ. რამდენიმე მაინც რომ არ წაემძღვარებინათ კომუნისტური იდეოლოგიის მომხრეობის დასამტკიცებლად, ისე კრებულს არ დაბეჭდავდნენ... მაგრამ, ამდენი?! სიკვდილის მარწუხებში მოაქციეს პოეზია... ეს არ იყო ანას პოეზია, ანას ნამდვილი ლექსები; ნახევარზე მეტი იყო ნაძალადევად შექმნილი ტექსტები, რომელთაც განსაკუთრებული იდეოლოგიური წნეხის ქვეშ აწერინებდნენ პოეტებს, რომ თავი გადაერჩინათ. ასე დაემართა ანასაც.

ლექსები ბელადებზე, პარტიაზე, ვიღაც მუშაკებზე, მაშინ, როდესაც ანას არაფერი მსგავსი არ ჰქონდა მანამდე დაწერილი. ანას პოეტური მარგალიტები აქა-იქ მიმოფანტულიყო მორცხვად, ისინი თითქოს ჩამქრალიყვნენ და, შეურაცხყოფილნი, თავის თავს აღარ ჰგავდნენ.

გილიოტინაზე აიყვანეს პოეზია.

მახსოვს მამაჩემის რექცია, როცა ანას ეს კრებული წაიკითხა. იგი გაფითრებული იყო ქაღალდივით, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, შუბლზე ხელს ირტყამდა დროდადრო. „ეს რა უქნია!“– იმეორებდა იგი. მოვიდა ანა, მამამ ცალკე დასვა, ოჯახის წევრები ოთახიდან დაგვითხოვა. მესმოდა მისი სიტყვები ოთახიდან გასულს... „ეს რა ქენი, ეს რა ჩაიდინე!..“ ანა თავს იმართლებდა: „რა მექნა, ბატონო პოლიკარპე, მაიძულეს, იძულებული ვიყავი...“ „აწი შენ ლექსს ვეღარ დაწერ!“ – უმკაცრესი განაჩენი ტყვიასავით მიახალა „ყვარყვარეს“ ავტორმა, ვისგანაც ანას მხოლოდ აღფრთოვანება და უნაზესი მოფერება ახსოვდა. ანა გულში დაჭრა ამ სიტყვებმა და მთელი ცხოვრება ატარებდა ამ ტყვიას გულით... „მე მჯერა, ბატონო პოლიკარპე, ისევ დავწერ ლექსს...“ – კვლავ თავს იმართლებდა ანა – ანგელოზი, გულში ჭრილობით.

შემდგომში ანა პოლიკარპე კაკაბაძის შესახებ დაწერს: „მისი შეხედულებები, მისეული შეფასებები მერე და მერე უფრო ხელშესახებნი და საცნაურნი ხდებიან; მერე და მერე, რაც უფრო ღრმად გიხდებათ ცხოვრებისეულ ლაბირინთებში სვლა... ის გახლდათ წმინდა და ამაღლებული, მიწიერ ცდუნებათაგან შეუვალი და მოუსყიდველი!“ ანას მოხვდა დროის მსახვრალი ხელი. მისი პოეზია, სიმარტოვეში შექმნილი, თავისუფლების სულით იყო აღბეჭდილი, როცა თავისუფლება წაართვეს, გალიაში ჩაკეტილ ბულბულს დაემსგავსა.

– ამის შემდგომ რა მოხდა?

– შემდგომში ანამ შექმნა შესანიშნავი ციკლები და კიდევ მრავალჯერ გაახარა თავისი მკითხველი. მაგრამ, მის პოეზიაში განუმეორებელი დარჩა იმ პირველი პერიოდის ლექსები, ის პირველი გამონათება მისი ნიჭისა, რომელმაც აღაფრთოვანა მთელი საქართველო, როდესაც ხელიდან ხელში გადადიოდა ანას თითოეული ლექსი და იქმნებოდა ხელნაწერი კრებულები.

– რაც შეეხება ანა კალანდაძის პირად ცხოვრებას.

– ანას პირადი ცხოვრება ჩვეულებრივი გზით წავიდა, ის არ იყო არც განსაკუთრებით ბედნიერი, არც განსაკუთრებით უბედური. პირადი ცხოვრება ასეთი ნიჭიერი ადამიანებისა იშვიათად ეწყობა კარგად. გათხოვდა ცოტა მოგვიანებით. მისი მეუღლე, შალვა მჭედლიშვილი არ იყო ცუდი ადამიანი, გადანასახლები გახლდათ და თვითონაც პოეტი იყო. მომავალში მას სხვა ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ ანას აღმერთებდა. რაც შეეხება ანას, ის მას არასდროს ახსენებდა.

ანა ცხოვრობდა საბურთალოზე, ერთოთახიან ბინაში, ძმის ოჯახის გვერდით. მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ.

ანა დაახლოებული იყო პატრიარქთან, ეკლესიურად ცხოვრობდა და, მე მგონია, აქ პოულობდა ის ყველაზე მეტად თავის სულიერ ნავსაყუდელს.

სევდიანი თვალები ჰქონდა ანას, იგი ებრძოდა ცხოვრებას, ცდილობდა, გარკვეულწილად, შეჰგუებოდა კიდეც მას, თუმცა, გულის სიღრმეში უკმაყოფილების გრძნობა მუდამ თან სდევდა. ანამ იცოდა სიცოცხლის ფასი, უყვარდა სიცოცხლე, რომელიც ხანმოკლეა, რაც უნდა დღეგრძელი იყო, მაგრამ, ხომ მარადისობაში შედიხარ, ამ ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ქმნილი შენი საქმეებით! მხოლოდ ერთხელ გეძლევა ეს დიდი საჩუქარი – სიცოცხლე და მასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შენი მარადიული არსებობა...

ანა შევიდა მარადიულ არსებობაში თავისი დიდი პოეზიით, უმწიკვლო ცხოვრებით და თავისი სევდით, რომელსაც ბუნებრივად წარმოშობს დიდი შემოქმედის ამქვეყნიური ცხოვრება.


скачать dle 11.3