კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თქვა უარი ლაშა-გიორგიმ სამეფო რანგის ქორწინებაზე და ვინ იყო მისი ხარჭა


ქართულ სინამდვილეში ლაშა-გიორგის როგორც უარყოფით პერსონად წარმოჩინებაში გარკვეული როლი შეასრულა ცნობილი ქართველი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის რომანმა „ლაშარელამ“. ეს მონარქი სხვადასხვა პერიოდის ქართულ ისტორიულ წყაროებში სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი. თუ რა არის ამის მიზეზი, ამას ჩვენი რესპონდენტი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბონდო კუპატაძე შეეცდება, აგვიხსნას, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ მონარქის რეაბილიტაცია, თუნდაც ქართველი მკითხველის თვალში, აუცილებელია.


ბონდო კუპატაძე: საქართველოს მეფე გიორგი მეოთხე ლაშა დაიბადა 1192 წელს. 1205 წლიდან, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მამამისი დავით სოსლანი, იგი თამარ მეფემ თავის თანამოსაყდრედ დასვა. ლაშა-გიორგი საქართველოს ერთპიროვნული მმართველი გახდა 1210 წელს და, აქედან მოყოლებული, 13 წლის განმავლობაში იმეფა. იგი სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ლაშა-გიორგი დაკრძალეს გელათის სამეფო საძვალეში.

– როგორ ახასიათებენ ისტორიკოსები ამ მონარქს?

– ლაშა-გიორგის მოღვაწეობის ამსახველ წყაროებში აშკარად შეინიშნება „მედასეობით“ გამოწვეული ტენდენციურობა. ამასთან, წყაროთა გარკვეულ ნაწილს ემჩნევა რევიზიის კვალი. ლაშა-გიორგი ძალიან წინააღმდეგობრივი პიროვნებაა და იგი არაერთგვაროვნადაა შეფასებული საქართველოს ისტორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული წყაროები განსხვავებულად აფასებენ მის პიროვნებას. მაგალითად: ჟამთააღმწერელი, მეთოთხმეტე საუკუნის ისტორიკოსი, უარყოფითად იხსენიებს, ხოლო „ქართლის ცხოვრების“ თანამედროვე ავტორები, ეგრეთ წოდებული „ლაშა-გიორგის მემატიანე“, მეთვრამეტე საუკუნის ავტორები ივანე ბატონიშვილი და ფარსადან გორგიჯანიძე, პირიქით მას, ძალიან დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ქართულ სინამდვილეში ლაშა-გიორგის უარყოფით პერსონად წარმოჩინებაში გარკვეული როლი შეასრულა ცნობილი ქართველი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის რომანებმა: „ლაშარელა“ და „დიდი ღამე“. ვფიქრობ, ამ მონარქის რეაბილიტაცია, თუნდაც ქართველი მკითხველის თვალში, აუცილებელია.

საქმე ისაა, რომ ლაშა-გიორგისთან დაკავშირებულ თანამედროვე თუ გვიანდელ წყაროებში ნათლად იკითხება ის დაპირისპირება, რაც არსებობდა მეფის ძლიერი ცენტრალისტური პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებულებსა და ლაშასთან დაახლოებულ პირთა ჯგუფებს შორის („თანამოჰასაკენი“: შალვა ახალციხელი, სარგის თმოგველი, ივანე ახალციხელი, შოთა რუსთაველი (სავარაუდოდ), ქართლის ერისთავი სულა სურამელი, ჩუხჩერახი, ბოცო ჯაყელი და მისი ძმა მემნა, ინა ბოცოსძე, ბექა ჯაყელი, მესხი ფეოდალი ბიბილა გურკელი, მწიგნობარი მიქაელ კატარაწისძე, მესტუმრე შალვა ხუტურისძე... მოწინააღმდეგენი – ივანე მხარგრძელის მეთაურობით). ლაშა-გიორგი გამეფებისთანავე მიზანმიმართულ პოლიტიკას ატარებდა თამარის დროს დაწინაურებულ და ძლიერ განდიდებულ ფეოდალთა დამცრობისა და თავის ერთგულთა აღზევებისთვის. დასების არსებობა ლაშა-გიორგის მეფობაში იმ ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირებისა და შინაშეთქმულებების შემადგენელი ნაწილი იყო, რაც მეთორმეტე საუკუნის საქართველოს საშინაო პოლიტიკას მუდმივად აფორიაქებდა. თუ ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა 1178 წელს დამცრობილი „ძირძველი“ საგვარეულოების პროტესტი იყო „ახლების“ წინააღმდეგ, რასაც თამარის მხრიდან გარკვეული დათმობები და ლავირება მოჰყვა, შემდგომში უკვე ლაშა-გიორგი მიმართავს ლავირების პოლიტიკას – ის, „ძირძველთა“ მხარეზეა, რადგან „ახლები“ ძლიერ განდიდდნენ და საშიშნი გახდნენ. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი ლაშა-გიორგის გამეფების ჟამს მისი დაპირისპირებისა მხარგრძელთა გვართან.

– რას გვეტყვით ამ დაპირისპირების შესახებ?

– მხარგრძელების წინააღმდეგ ლაშა-გიორგიმ გამოიყენა გარკვეული დაჯგუფება, ვთქვათ იგივე ახალციხელთა გვარი და სხვა საგვარეულოები, რომლებიც დაუპირისპირა მხარგრძელებს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა ლაშა-გიორგის პიროვნების საკმაოდ უარყოფით კონტექსტში განხილვა.

ლაშა-გიორგის მოღვაწეობაში უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მას ჰქონდა ძალიან ბევრი საინტერესო იდეა.

– რას გულისხმობთ?

– ეს იდეა დაკავშირებულია ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობასთან, რისთვისაც, ფაქტობრივად, მზად იყო კიდეც 1121 წლისთვის, რომ თავისი ლაშქრით გამგზავრებულიყო და მიეღო მონაწილეობა მსოფლიო მასშტაბის პროცესებში, მაგრამ, მონღოლთა გამოჩენემ ეს ყველაფერი ჩაფუშა.

გარდა ამისა, ლაშა-გიორგისთან დაკავშირებით ქართულ წყაროებში არის ინფორმაცია, რომ მან არ შეირთო ცოლი, ანუ უარი თქვა, წესისა და რიგის თანახმად მიღებულ სამეფო რანგის ქორწინებაზე.

– რა იყო ამის მიზეზი?

– ამის მიზეზად ჟამთააღმწერელი ხსნის იმ ფაქტს, რომ მას შეუყვარდა ვინმე ველისციხელი ქალი. ივანე ბატონიშვილი უფრო აზუსტებს ინფორმაციას და ამ ქალს მოიხსენიებს სუსანად, რომელიც იყო ფშავ-მთიულეთის წარმომადგენელი, შემდეგ იგი გათხოვილა ველისციხეში და ეს გათხოვილი ქალი წაუგვრია ქმრისთვის მეფეს. სწორედ ამ ქალთან შესძენია გიორგი მეოთხეს უფლისწული დავითი, რომელიც ოფიციალურად ეკლესიისა და სამეფო კარის მიერ არ იქნა ცნობილი, თუმცა ლაშა-გიორგი ძალიან მოწადინებული იყო და არსებობს ცნობა, რომ ანდერძიც კი დაუბარა თავის დას, რუსუდანს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ეზრუნა დავითზე, გაეზარდა ის და, როდესაც სრულწლოვანი გახდებოდა, სამეფო ტახტი მისთვის გადაელოცა.

– შეასრულა რუსუდანმა ძმის ანდერძი?

– რუსუდანი ასე არ მოიქცა. პირიქით, 1227 წლიდან რუსუდანმა დაარღვია ლაშას ანდერძი და თავისი შვილის სასარგებლოდ განიმტკიცა ხელისუფლება – მეფედ ეკურთხა. მან ყველანაირად ხელი შეუწყო დავით ლაშა-გიორგის ძის შევიწროებას. მოგვიანებით რუსუდანმა ის გააძევა კიდეც სამეფო კარიდან და თავის ვაჟს, ასევე დავითს, დაუტოვა სამეფო ტახტიც და მემკვიდრეობაც. თუმცა შემდეგ პროცესები სხვაგვარად წარიმართა.

სხვათა შორის, არის ვერსია, რომ, როგორც ჩანს, სწორედ რუსუდანისა და მხარგრძელების ძალიან აქტიური დაინტერესების შედეგი იყო ლაშა-გიორგის პერსონის დამცირებაც. რაც შეეხება ჟამთააღმწერლის დამოკიდებულებას, ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან ჟამთააღმწერელი არის სასულიერო პირი, ზოგადად მაშინდელ საისტორიო აზროვნებაში კი მიღებული იყო ყველა მოვლენისადმი ღვთის ნების დამოკიდებულების დანახვა. აქედან გამომდინარე, ლაშა-გიორგის უქორწინობის ისტორია, კერძოდ, ის, რომ მას ჰყავდა ხარჭა და ასე შემდეგ, ასევე მისი დამოკიდებულება დიდებულებთან, რომ ის ცდილობდა სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას და თავგასული ფეოდალების შევიწროებას – ეს ყველაფერი ჟამთააღმწერლისთვის არის მიუღებელი და მას ღვთის რისხვის მოვლინებად მიაჩნია მონღოლთა შემოსვლა საქართველოში.

– ანუ, ჟამთააღმწერლის აზრით, მონღოლთა შემოსევა ღვთის რისხვა იყო, ლაშა-გიორგის ქმედებების შედეგად მოვლენილი?

– ანუ, მონღოლთა შემოსევას მემატიანე ღვთის რისხვად მიიჩნევს და არა ისტორიულ ფაქტად.

ლაშა-გიორგის მეფობაში საქართველო ოცი საერისთავოსგან შედგებოდა. ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ: შარვანი, რანი, ქაშაგეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი, დარუბანდი. მოხარკე ქვეყნები: ხლათი, ერზინკის სასულთნო, კარნუ-ქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევანის საამირო, განძის საამირო. სავაზიროში შედიოდნენ: ივანე მხარგრძელი, შალვა ახალციხელი, შოთა რუსთაველი, ვარამ გაგელი. „დარბაზი“, ჩვენი აზრით, შედგებოდა დიდი და მცირე ნაწილებისგან. სახელმწიფო ადმინისტრირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სომხური თემების მართვას და საბოლოო მიზანი მათი ასიმილაცია იყო. ლაშა-გიორგის დროს ძალიან ბევრი საეკლესიო და საერო მშენებლობა მიმდინარეობს.

ლაშა-გიორგის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მთის მოსახლეობასთან, რაც საშინაო პოლიტიკის გამიზნული კურსით აიხსნება. ამ დამოკიდებულებისა და მთის მოსახლეობისგან მეფის თაყვანისცემის შედეგია ლაშარის ხატი ფშავში. ფოლკლორული მასალა მოწმობს, რომ ლაშა-გიორგი თამარ მეფეზე პოპულარული იყო მთიელებში. საინტერესოა მისი დამოკიდებულება ხელისუფლების გაძლიერების თვალსაზრისით საქართველოს მთიანეთში. არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს მთიანეთში განსაკუთრებით ძლიერი და დიდია ლაშა-გიორგის კულტი, თუნდაც იგივე ლაშარის ხატთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ლაშა-გიორგი თამარ მეფეზე პოპულარულიც კია საქართველოს მთიანეთში, განსაკუთრებით – ფშავში. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ლაშა-გიორგის მეფობის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა გადაწყდა.

– რომელ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანებს გულისხმობთ?

– პირველი – ამიერკავკასიაში სრული ჰეგემონიის მოპოვება; მეორე – ანატოლიის სომხური სამეფოს დაქვემდებარება და მესამე, – მონაწილეობა იერუსალიმის გათავისუფლებაში. ამისთვის კი რეალურად იკვეთებოდა დაპირისპირება ისლამურ სამყაროსთან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესამე გეგმა მონღოლთა შემოსევამ ჩაუშალა გიორგი მეოთხეს.

მთლიანობაში, უნდა ითქვას, რომ ლაშა-გიორგი გახლდათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი დაბალანსებული მეფე, რომელმაც თავისი დაბალანსებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, შეძლო კიდევ უფრო განმტკიცება და გაძლიერება, რომ არა ის საგარეო პოლიტიკური კატასტროფა, რაც მონღოლთა შემოსევაში გამოიხატებოდა. ეს ფაქტობრივად, მთელი იმდროინდელი მსოფლიოსთვის იყო კატასტროფა და არა მარტო საქართველოსთვის. ალბათ, საქართველოს სახელმწიფო შეძლებდა უფრო წინსვლასა და განვითარებას და ამ მეფის ცხოვრება არ დამთავრდებოდა მაინცდამაინც 1123 წელს.


скачать dle 11.3