ერთად ყველგან და ყოველთვის
რა უნდა ქალს... მაინც, რა უნდა, ნეტავ? – შეიძლება, მამაკაცებს ამისი წარმოდგენა უჭირთ, მაგრამ, ქალების სურვილები ნამდვილად არ არის მიუღწეველი და მასშტაბური. ჩვეულებრივ ქალს ყველაზე ძალიან უნდა, გვერდით ყოველთვის ჰყავდეს საყვარელი მამაკაცი. ჰყავდეს ლამაზი, ჯანმრთელი შვილები და ის ადამიანები, რომლებიც მას ლხინსა თუ გაჭირვებაში მხარში ამოუდგებიან.
მთავარი ის არის, რომ ქალური ბედნიერება მისი მონაწილეობის გარეშე არ მიიღწევა.
ოჯახური კეთილდღეობა საკმაოდ უბრალო და მარტივი კომპონენტებისგან შედგება, ესენია: სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, მოთმინება და პატიების უნარი. ერთი შეხედვით, თითქოს რა არის შეუძლებელი, მაგრამ, ისიც ხომ ფაქტია, რომ ოჯახები კატასტროფულად ხშირად ინგრევა. არსებობს ერთი ცნობილი ფრაზა, რომელიც ფრანგულიდან თარგმანში დაახლოებით ასე ჟღერს: „რა ადვილია, გიყვარდეს, როცა ხარ შორს და როგორი ძნელია, შეინარჩუნო ეს სიყვარული, როცა ყოველ დილით მის გვერდით იღვიძებ”. ეს რთული და მეტად საპასუხისმგებლო „სამსახურია“. პროფესიონალიზმი ამ საქმეში განსაკუთრებით საჭიროა. მართალია, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან თანამედროვეები ვართ, მაგრამ, ნამდვილად არ გვაწყენდა, ჩვენი ბებიების გამოცდილება გაგვეზიარებინა. ყოველ შემთხვევაში, მოსინჯვა ნამდვილად ღირს. მაგალითად, ერთი რჩევა ასეთია: სტუმრად წადით და სტუმრები თქვენთან მოიპატიჟეთ, ოღონდ, ქმრის ნებართვით და მასთან შეთანხმებით. ხოლო, თუ შემთხვევით მოვა ვინმე ან თქვენ მოგიწევთ სადმე მოულოდნელად წასვლა, დაურეკეთ ქმარს და უთხარით ამის შესახებ. აჯობებს, მოვიდეს და სტუმრებს თავად უმასპინძლოს;
არ გაიტანოთ თქვენი კამათისა, თუ უთანხმოების ამბავი თქვენი სახლის კედლებს გარეთ, არავის არ შესტკივა თქვენზე გული ისე, რომ ეს ამბავი სალაპარაკოდ და საჭორაო გასარჩევად არ გადააქციოს. პატივი ეცით მეუღლეს, დამალეთ მისი ნაკლი და წარმოაჩინეთ ღირსება. თუ უღირსის გვერდით ცხოვრობთ, ეს თქვენი პრობლემა და სირცხვილია;
მეუღლესთან კამათისას ღვარძლი და სიავე არ გამოაჩინოთ. ის ხომ თქვენი უახლოესი ადამიანია. არ დაუჯეროთ იმას, ვინც თავს თქვენს გულშემატკივრად გაჩვენებთ და გეუბნებათ, რომ ქმარს არაფერი არ უნდა დაუთმოთ. პრობლემა გაქვთ? ჯერ საკუთარ მეუღლეს მიმართეთ. გახსოვდეთ, თქვენ „ერთ სულ და ერთ ხორც“ ხართ და ამაზე მეტი სიახლოვე არ არსებობს.