იდეალური პაემანი
დაგირეკათ! ამ ზარს მოუთმენლად ელოდით. ახლა ყველაფერი თქვენს შეხვედრაზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ორივე, თქვენც და ისიც, რაღაც გადაწყვეტილებამდე მიხვალთ და იმასაც მიხვდებით, გინდათ თუ არა, ურთიერთობის გაგრძელება. ყველა მამაკაცი მაშინვე ვერ ხვდება, ვინ სჭირდება გვერდით. თუ თავდავიწყებამდე შეყვარებული არ არის, დიდხანს ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. როგორ უნდა მიახვედროთ, რომ თქვენ ხართ ის, ვის გვერდითაც მთელი ცხოვრების გატარებას ისურვებდა? ქალები, როცა განსაკუთრებით ცდილობენ, მამაკაცს თავი მოაწონონ, შეცდომებს ხშირად უშვებენ. ეს იმას ჰგავს, მეტისმეტი გულმოდგინებით, კერძი რომ გადაამლაშო. ამიტომ შეეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ და მაქსიმალურად ბუნებრივი იყოთ. ცოტა თამაში ქალს უხდება და თუკი ეს საქმე კარგად გამოგდით, შეგიძლიათ, ითამაშოთ კიდეც. მაგრამ, ექსპერიმენტებს არ გირჩევთ. მით უმეტეს, სანამ კარგად არ გაიცნობთ თქვენს რჩეულს.
მამაკაცებს უყვართ მოწესრიგებული ქალები. გაითვალისწინეთ, სად შედგება ეს პაემანი და იმის შესაფერისად ჩაიცვით. თუ რესტორანში ვახშამზე გპატიჟებთ, მაინცდამაინც ჯინსით და წარწერიანი მაისურით ნუ გამოეცხადებით. პარკში სეირნობისთვის კი საღამოს კაბაა შეუფერებელი.
ყველა ქალმა თავად იცის საკუთარი ნაკლიც და ღირსებაც. გამონაკლისი არც თქვენ ხართ. ამიტომ, ამ ერთი დღისთვის საკუთარი ტყავიდან გამოძრომას ნუ შეეცდებით. ნურავის მიჰბაძავთ. ნუ გაიკეთებთ ისეთ მაკიაჟს, რომელიც სასაცილოდ გამოჩნდება. შეღებილი თოჯინებით კაცები მხოლოდ ერთობიან. თუ თქვენს რჩეულს სერიოზული გეგმები აქვს, ასეთი თოჯინა არ მოეწონება.
ოქროს რჩევა: არ ილაპარაკოთ ბევრი. როგორც ერთი ცნობილი რომანის გმირი იტყოდა, რაც უფრო ბევრს ილაპარაკებთ, ბევრ სისულელესაც იტყვით. ხომ არ გინდათ, რომ კაცმა, რომელსაც ცდილობთ, თავი მოაწონოთ, სულელად ჩაგთვალოთ. მაშინ, მოუსმინეთ მას და თავად ნაკლები ილაპარაკეთ. თუ მისი საუბრიდან მიხვდებით, რომ საქმე სულელთან გაქვთ, ეს თქვენ სწორი არჩევნის გაკეთებაში დაგეხმარებათ და პაემანიც წარმატებით ჩაივლის.