კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დადის 20 წელიწადი ორ თითზე გადანაწილებული ხუთი ბეჭდით ონისე ონიანი და რატომ „ილეწებოდა“ მის გამოჩენაზე მთელი დარბაზი


მსახიობი ონისე ონიანი უპირატესობას ცხოვრების აქტიურ სტილს ანიჭებს და ყოველთვის სხვადასხვა საქმიანობას ეწევა. გარდა იმისა, რომ თეატრში ყოველდღიური რეპეტიციებით არის დაკავებული, ის „ეროვნულ სკოლაში“ თეატრალურ ხელოვნებას ასწავლის. მისი დილა ძალიან ადრე იწყება, ხოლო ღამე გვიან მთავრდება.


ონისე ონიანი: რა თქმა უნდა, ძალიან აქტიური ცხოვრების სტილით ვცხოვრობ. მე ვერასდროს წარმომიდგენია საკუთარი თავი პასიურ მდგომარეობაში. საერთოდ, მიკვირს პასიური ადამიანების.

– როდის იწყება თქვენი დილა?

– ჩემი დილა ბოლო დროს ძალიან ადრე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიან ვიძინებ. 3-4 საათზე ვიძინებ და 8 საათზე ვიღვიძებ. 8 საათზე რომ გაიღვიძებ, რაღაც ხომ უნდა გააკეთო? თუ სახლშია რამე გასაკეთებელი, ვაკეთებ. ამასობაში 12 საათი მოდის და ვსაუზმობ. თუ დილის რეპეტიცია მაქვს, თეატრში მივდივარ. მე ასევე „ეროვნულ სკოლაში“ ვასწავლი თეატრალურ ხელოვნებას. სანამ არდადეგები დაიწყებოდა, იქაც დავდიოდი. რეპეტიციის შემდეგ ჩემი შვილის მოსაყვანად მივდივარ, მერე სპექტაკლის დროც დგება. ამის მერე კი დაღლილ-დაქანცული მოვდივარ სახლში. საერთოდ, მთელი დღის გეგმა გაწერილი მაქვს. თუ გეგმა ამერია და რამე შეიცვალა, იმ დღეს „გაფუჭებული“ ვარ. ბოლო დროს ფეხით მიწევს ქალაქში სიარული, რადგან მანქანა გავყიდე და ამან სულ გადამრია. ცხოვრების ისეთ რიტმში ვარ, საკუთარ თავს შორიდან რომ ვუყურებ, ცოტა გიჟი მგონია.

– მართალია, ფეხით ბევრს დადიხართ, მაგრამ ფიზიკური ვარჯიში მაინც სულ სხვაა. თუ ახერხებთ ამას?

– ფიზიკურ ვარჯიშს ძირითადად რეპეტიციის დროს ვახერხებ. არ მახსოვს სპექტაკლი, რომელშიც პასიური პერსონაჟი მეთამაშოს. იქაც სულ ბევრი მოძრაობა, სირბილი, დავარდნა და გადახტომა-გადმოხტომა მიწევს.

– ბევრი პერსონაჟი განასახიერეთ. თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომელიმე გმირი ვერ მიგიღიათ და რეჟისორისთვის როლზე უარი გითქვამთ?

– არ მეგულება მსახიობი, რომელმაც ყველა როლი ერთნაირად კარგად ითამაშოს. არავის თქმა არ მჭირდება, კარგი ვარ თუ ცუდი. ამას ყველაზე კარგად თვითონ ვხვდები. როლის ჩავარდნა მეც მქონია. როცა როლი გივარდება და ამას გრძნობ, ეს მომენტი გაგიჟებს, საშინელებაა. ერთხელ ბატონი გოგი თოდაძე მარჯანიშვილში დგამდა სპექტაკლს „ამბავი სიყვარულისა.“ ამ სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლზე ვიყავი დამტკიცებული. რეპეტიციები რომ დავიწყეთ, ვიგრძენი, ეს ჩემი სათამაშო როლი არ იყო. კი, გავაკეთებდი, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ მოვატყუებდი? ბატონ გოგისთან მივედი და თამამად ვუთხარი, ეს ჩემი სათამაშო როლი არ არის-მეთქი. მითხრა, ერთი პატარა ეპიზოდი მაქვს და ის პერსონაჟი განასახიერეო. ოს მილიციელს ვთამაშობდი და ოსური აქცენტით სულ ორი სიტყვა მქონდა სათქმელი – მომეშვი შენი ჭირიმე. სპექტაკლის ფინალისკენ ვამბობდი ამ სიტყვებს. შვილებს გეფიცებით, ამის თქმაზე „ილეწებოდა“ დარბაზი. როცა მსახიობი უხვად იღებს ტაშს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. თავს არ ვიქებ, მაგრამ ბევრი წარმატებული როლი მქონია. ცხოვრება ასეთია, თუ 5 როლი გამოგივა, 2 არ გამოვა, მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ, ყველა გამოგვივიდეს.

– ყოველთვის გრძნობთ ადამიანი როდის არის თქვენს მიმართ გულწრფელი?

– ჩემს მიმართ რა განწყობითაც მოდის ადამიანი, იქნება ეს ახლობელი თუ ახალი გაცნობილი, საკუთარ თავს რომ ხედავ სარკეში, ასე ვგრძნობ მის ჩემდამი დამოკიდებულებას.

– თუ ადამიანი პრემიერაზე მოვიდა და მოგილოცათ წარმატება, ამ დროს კი გრძნობთ, რომ ის გულწრფელი არ არის, აგრძნობინებთ ამას?

– ვამჩნევ, მაგრამ არ ვიმჩნევ. საერთოდ, თეატრში ასეთი ტრადიცია გვაქვს – პრემიერის შემდეგ ყველა მსახიობი სცენაზე რჩება. ხალხი კულისებიდან შემოდის და გვილოცავს. ყალბ სახეს რომ ვხედავ, ვგრძნობ. ამიტომ, გამოსავალი ვიპოვე. სპექტაკლი დამთავრდება თუ არა, ყველა მონაწილეს პრემიერას მე თვითონ მივულოცავ და სასწრაფოდ ჩემს საგრიმიოროში გავვარდები. იქ აუცილებლად ამოვა მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც გულით უნდა, რომ მომილოცოს. თუ არ უნდა, ტყუილად რატომ უნდა შევეჩეხო წინ და რატომ უნდა ვათქმევინო, კარგი იყავიო.

– თავად როგორ იქცევით სხვის პრემიერაზე?

– აქაც მოვძებნე გამოსავალი. თუ არ მომეწონა, ვეტყვი გილოცავთ და წამოვალ. თუ მომეწონა, აუცილებლად ძალიან მაგრად ჩავეხუტები, მადლობას ვეტყვი და ბევრს ვაკოცებ.

– თეატრში სეზონი დაიხურა, სკოლაშიც არდადეგებია...

– ბავშვებიც გავუშვი, მე კი რეპეტიციები მაქვს. ამ დროს არასდროს ვყოფილვარ თბილისში. ამ პერიოდში ყოველთვის მივდიოდი რაჭაში, იქიდან ზღვაზე, ზღვიდან ჩემს საყვარელ ადამიანებთან ბეთანიაში. ბეთანიაში ჩემი უსაყვარლესი მეგობრები არიან – გურიკო გაგლოშვილი, რომელიც თეატრის მუსიკალური გამფორმებელია; მისი მეუღლე ქეთი ცხაკაია, არაჩვეულებრივი მსახიობი; ბატონი ლევან წულაძე, მისი მეუღლე მანანა კაზაკოვა. მათთან მე, ჩემი მეუღლე და ძაღლი – „როკი“ ჩავდივართ. ახლა ბატონი ლევანი „დეკამერონს“ დგამს, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო სპექტაკლი იქნება საქართველოში. ეს ჩვეულებრივი კი არა, არაჩვეულებრივი სპექტაკლი გამოვა. ყველა მსახიობს ვუსურვებდი ბატონ ლევანთან მუშაობას, რადგან ის ძალიან საინტერესო რეჟისორია.

– მართალია, ძალიან საინტერესო და ნიჭიერი რეჟისორია, მაგრამ საკმაოდ რთული მოსაძებნია. მობილურ ტელეფონს არ აღიარებს და არც ჰქონია არასდროს.

– ბატონი ლევან წულაძისთვის ტელეფონი ცხოვრების მიუღებელი ატრიბუტია. ძალიან მეცინება ამაზე. რამდენიმე დღის წინ ბეთანიაში ყველა გაგვაკვირვა. უცებ გამომძახა – ონისე ერთი, ტელეფონი მომაწოდეო. სიცილი ამიტყდა, ტელეფონი რად გინდა-მეთქი. რატომ, მეც მაქვს სურვილი ერთხელ დავრეკოო, მიპასუხა. აკრიფა ნომერი და დედას დაურეკა. ყველა გაოცებულები ვუყურებდით.

– თქვენს ცხოვრებაში რა როლი აქვს მობილურ ტელეფონს?

– ტელეფონი ერთის ნაცვლად ორი მაქვს და ბეთანიაში „100-100-იც“ წაღებული მქონდა, ანუ სამი ტელეფონით ვსარგებლობ. ტელეფონი აუცილებელია ჩემთვის. ხანდახან ვფიქრობ, როცა მობილური არ არსებობდა როგორ ვპოულობდით ერთმანეთს-მეთქი. ჩემი აზრით, ტელეფონი საოცრად მიჯაჭვული აქსესუარია ადამიანზე, რომელიც სულ შენთან უნდა იყოს.

– რაც შეეხება, სხვა აქსესუარებს, რომლის გარეშე ვერ გახვალთ სახლიდან?

– ორ თითზე გადანაწილებული 5 ბეჭედი, რომლის გარეშეც უკვე 20 წელიწადი არ ვყოფილვარ, სულ მიკეთია. ერთადერთი, სპექტაკლის წინ ვიხსნი. ერთხელ თეატრში დამრჩა. ღამის 4 საათზე უკან მივბრუნდი და წამოვიღე. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა – ვერ დავიძინე. ასევე, საათიც აუცილებელი აქსესუარია ჩემთვის, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სახლში ყველა ოთახში კედლის საათი გვიკიდია, აბაზანაშიც კი.

– პუნქტუალური ხართ?

– კი, პუნქტუალური ნამდვილად ვარ. ამას ვერავინ წამართმევს.

– ონიანი რაჭაში საიდან მოხვდით?

– მამა სვანი მყავს, დედა – რაჭველი. მე რაჭაში დავიბადე და გავიზარდე. 16 წლამდე ქუთაისში ვცხოვრობდი. მერე თბილისში დამოუკიდებლად გადავწყვიტე ცხოვრება და წამოვედი. შემდეგ ჯარში წავედი. რომ ჩამოვედი, უმაღლესში ჩავაბარე და ასე შემდეგ. ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება 16 წლიდან დღემდე გრძელდება.

– როგორც ჩანს, თავიდანვე საკმაოდ მიზანდასახული ადამიანი იყავით.

– კი. მე ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა და საით მივდიოდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩავაბარებდი, მერე სად წავიდოდი. მარჯანიშვილის თეატრი რომ მინდოდა, ესეც ზუსტად ვიცოდი. ამიხდებოდა თუ არა ეს სურვილები, მაშინ არავინ იცოდა, მაგრამ ახდა და უფლის დიდი მადლობელი ვარ ასე რომ მოხდა.

– აზარტული ხართ?

– ვერ გეტყვით, რომ კაზინოებში დავრბივარ. საერთოდ არ ვყოფილვარ. აზარტული ვარ „ჯოკერის“, „კინგის“ ან ნარდის თამაშის დროს. რამდენიმე დღის წინ ბეთანიაში 48 ხელი ნარდი ვითამაშე. შეიძლება, ეს ვიღაცისთვის ცოტაა, მაგრამ ჩემთვის არა.

– როგორ ფიქრობთ, იღბლიანი ხართ?

– თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ „ვა-ბანკიდან“ 5 ლარით წამოვედი, არ ვიცი, მაგრამ თუ სხვა რაღაცეებს გადავხედავ, რა თქმა უნდა, ვარ. იღბალს ხელი არ უნდა შეუშალო. თუ ცოტა ინტუიცია გაქვს სწორედ იმ გზაზე ივლი, სადაც იღბალს მიჰყავხარ. ხან ჩვენ თვითონ ვუკეტავთ იღბალს გზას და მერე თავში შემოვირტყამთ ხელს – ხომ მეუბნებოდა შინაგანი ხმა და რატომ არ გავითვალისწინეო. იღბალს უნდა მოეფერო და ხელი შეუწყო.


скачать dle 11.3