ვის პატივსაცემად დაარქვა დათო ხუჯაძემ შვილს მელანო და რა როლი შეასრულა მის ცხოვრებაში იუველირობის კარგმა ცოდნამ
რუსეთის შოუ-ბიზნესში მოღვაწე ქართველი მომღერალი, დათო ხუჯაძე, თბილისში გასული წლის შემდეგ არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ სულ რაღაც ერთი დღით ეწვია მშობლიურ ქალაქს, შემდეგ კი ერევანში გაემგზავრა. გამგზავრებამდე მოვახერხეთ მასთან შეხვედრა და ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველისთვის ექსკლუზიური ინტერვიუც ჩავწერეთ.
– დათო, რამდენიმე საათში ერევანში მიდიხარ და სულ რაღაც ერთი დღეც ვერ რჩები თბილისში. პირველ ყოვლისა, იმ სიახლის შესახებ მინდა, გკითხო, რომელიც ახალ კლიპს შეეხება. კმაყოფილი ხარ შედეგით?
– კლიპის დასრულებული ვარიანტი 30 ივლისს იქნება მზად. როცა ამას ვნახავ, ბოლომდე კმაყოფილი მაშინ ვიქნები. გადაღებები სტოკჰოლმში ერთი კვირის წინ დასრულდა. რეჟისორები კოსტია ჩერეპკოვი და ლევან ციკურიშვილი არიან. ოპერატორი ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ, რომელიც ძალიან სერიოზულ ხალხთან მუშაობს. „დიჯეისკი“ სტილისტიკის კლიპია, მაგალითად, კლუბში ხმის გარეშეც, მხოლოდ გამოსახულებას რომ უყურო, მაინც მოგეწონება.
– პრეზენტაციას გეგმავ?
– არა, მოსკოვში კლიპის პრეზენტაციები არ კეთდება. კლიპის პრეზენტაცია ის არის, როცა ტელევიზიით გავა და ამას ხალხი ნახავს. ძალიან მინდა, ბევრი კლიპი გადავიღო, მაგრამ, ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ძალებით რასაც ვახერხებთ, ეს წელიწადში ორი კლიპია. მინდა, სამ-ოთხ კლიპზე ავიდე. ალბათ, ერთ წელიწადში ასეც იქნება.
– არის დათო ხუჯაძე მაღალანაზღაურებადი მომღერალი რუსულ შოუ-ბიზნესში?
– დიახ. თუ ჰონორარი გაინტერესებთ, მე ვერ გეტყვით, გადაურეკეთ გელა გოგოხიას, ჩემს მენეჯერს და ის გაგცემთ პასუხს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოდან ვინმემ რომ დამირეკოს, ძალიან გაუკვირდება და იფიქრებს გაგიჟებულაო. რასაც მე ქართულ შოუ-ბიზნესში ვუყურებ, ჩემს ჰონორარზე საუბარი მეუხერხულება.
– ანუ, ვინმემ რომ დაგირეკოს აქედან, ვერავინ მოახერხებს შენს ჩამოყვანას?
– გააჩნია ვინმესაც (იცინის). ვინმე ჩამომიყვანს, მაგრამ, როგორც აქაურ მუსიკოსებზე არიან შეჩვეული, იმ თანხად ვერ ჩამომიყვანენ.
– თბილისში ერთი წელი არ იყავი ნამყოფი. პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო, მოგეწონა თბილისი?
– თბილისი ძალიან მომეწონა, მშვენიერია. შემიძლია, გითხრათ, რომ რაღაც მომენტში მოსკოვსაც კი სჯობია. ხალხსაც ოდნავ რომ დალაგებული სახეები ჰქონდეს და დაძაბულები არ დადიოდნენ, ბევრად მაგარი იქნებოდა.
– სახლის წინ პრეზიდენტის რეზიდენცია რომ დაგხვდა, ამაზე რას იტყვი?
– საკმაოდ დაცული ტერიტორიაა, ფანჯრები ღიაა ყოველთვის. კარიც რომ არ დაკეტონ ჩემებმა, არაფერი მოხდება. ჩემს კატას უბანში ყველა იცნობს და ზედმეტად ხმას ვერავინ სცემს.
– დასვენებას როდის გეგმავ?
– რომ გითხრათ, კონკრეტულად სადმე უნდა გავემგზავრო დასასვენებლად-მეთქი – არა, მაგრამ, ჩემი პროფესია მთლიანად დასვენება არ არის? მღერი, ცეკვავ, ერთობი, მიფრინავ-მოფრინავ და ასე შემდეგ. უკვე შეჩვეული ვარ ამ ყველაფერს, რადგან საკმაოდ დიდი ხანია, ამ რეჟიმში ვარ. საერთოდ, რაც უფრო მეტს დაისვენებ, მით უფრო მეტ რამეს ჩამორჩები.
– გავიგე, დათო ხუჯაძემ და ელტონ ჯონმა ერთ კონცერტზე იმღერესო, მართალია?
– მე, ვალერი მელაძე და ლაიმა ვაიკულე ალმა-ატაში ვიყავით ჩასულები კონცერტზე. დარბაზში რომ შევედით, ელტონ ჯონი უკრავდა პიანინოზე და მღეროდა თავის ბენდთან ერთად ნახევარი საათი. მაგის მერე სცენაზე ვალერი გამოვიდა და მერე – მე.
– გაიცანი?
– გავიცანი, რა – მივესალმე და ხელი ჩამოვართვი. ეგეც, ახლა, ჩემზე ფიქრობს სულ (იცინის).
– მის დანახვაზე რა რეაქცია გქონდა?
– ბუნებრივია გამიხარდა, მაგრამ, არაადეკვატური რეაქცია არ მქონია და კივილი არ დამიწყია სიხარულისგან.
– შენს ცხოვრებაში ცვლილებაა – მამა გახდი. როგორია მამობა?
– მშვენიერია. როცა გყავს პატარა, ლამაზი გოგო, ამას არაფერი არ ჯობია. ვინც დაიწყებს – აა, ბიჭი და რაღაცაო, არ ვეთანხმები. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ გოგოს „გაკეთებას“ იუველირობა სჭირდება.
– ქალიშვილის პატივსაცემად მისი სახელი მკლავზე ამოისვირინგე?
– სვირინგი ახლახან, სტოკჰოლმში გავიკეთე და ჩემი მელანოს სახელი დავიწერე ხელზე.
– მელანო ვის პატივსაცემად დაარქვით?
– სიმართლე გითხრა, არავისი, უბრალოდ, სახელი მელანია, მელანო, ყოველთვის მომწონდა.
– ვის ჰგავს პატარა მელანო?
– ასე ვერ გეტყვი, ხომ იცი, ბავშვი ყოველთვის იცვლება. ის მშვენიერ, პატარა ადამიანს ჰგავს. მელანო 9 თვისაა, უკვე იღიმება, ორი კბილი ამოუვიდა, იკბინება, მაგრამ, რაც მთავარია, მტირალა ბავშვი არ არის. როცა დრო მაქვს, ყოველთვის მასთან ერთად ვარ.
– საქართველოში როდის უნდა ჩამოიყვანო?
– აცრებს რომ გავუკეთებთ, მერე ჩამოვიყვანთ.
– ხშირად, ისე ხდება, რომ როცა ბავშვი სხვა ქვეყანაში იბადება, მშობლიურ ენას ვერ სწავლობს.
– მაგის საშიშროება არის. მართალია, ჩემი მეუღლე ქართველია, მაგრამ რუსეთშია გაზრდილი და რუსულენოვანია. როცა მელანო წამოიზრდება, აუცილებლად ავიყვან მისთვის ქართველ რეპეტიტორს, რომელიც ქართულს ასწავლის.
– რა არის დათო ხუჯაძის წარმატების ფორმულა?
– პრინციპულობა და ჯინიანობა, ალბათ.
– შესაბამისად, მიზანდასახულიც ხარ?
– კი, ძალიან.
– წინააღმდეგობა არ გაგდებს დეპრესიაში?
– შეიძლება, მხოლოდ ერთი დღით ჩავვარდე დეპრესიაში, მაგრამ, მეორე დღეს უკვე ყველაფერი უკან რჩება.
– ანუ, მარტივად ახერხებ საკუთარი თავის ხელში აყვანას?
– მარტივად არა, ხანდახან არის შემთხვევა, რომ ვფეთქდები, ვიბნევი, რაღაც სისულელეს ვაკეთებ, მაგრამ, შემდეგ ამის გამოსწორებაც შემიძლია სხვა გზით.
– როგორია დათო ხუჯაძე?
– ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანი. პლუს ამას, ღმერთმა ნიჭი მისცა, რომელსაც იყენებს. ყველაფრისთვის ღმერთის მადლობელი ვარ.
– რთულია შენთან ურთიერთობა თუ მარტივი?
– გააჩნია ვისთვის.
– შეგცვალა მოსკოვმა? თუ არ ვცდები, მეშვიდე წელია, იქ ცხოვრობ.
– ერთ რამეს გეტყვი: აწი მე სამარე თუ შემცვლის, რაც ვიყავი იგივე დავრჩი. შეიძლება, ოდნავ დაწყნარებული, დარწმუნებული და დალაგებული ვარ, დავდინჯდი და ხალხის მიმართ დამოკიდებულება, მანერები შემეცვალა, რადგან აბსოლუტურად სხვა კატეგორიის ხალხთან ვურთიერთობ. ბუნებრივია, იქ „გრუზინობას“ ვერ გამოვაჩენ. სხვა არაფერი შეცვლილა. რაც ვიყავი, ისევ ის ვარ.
– რუსეთში უკვე ბევრი ქართველი მომღერალია, რომლებთანაც მეგობრობ. ხომ არ გიცდია, შენი ერთ-ერთი ჰიტი – „მეგობრებთან ერთად“ – უკვე იქ მყოფ ქართველებთან ერთად ჩაგეწერა?
– იდეაში მაქვს მსგავსი პროექტის გაკეთება, მაგრამ, როდის მოვახერხებ, არ ვიცი. პირველ ყოვლისა, ჩემთვის ჯერ მთავარი ალბომის დამთავრებაა, რომელიც ორ თვეში უკვე უნდა გამოვიდეს.
– რუსეთში მყოფი ბევრი ქართველი მომღერალი რუსეთის მოქალაქეა, მათ შორის – შენც. იყო ფაქტები, როცა ამის გამო უსიამოვნო სტატიები იბეჭდებოდა საქართველოში, მოღალატეებად მოიხსენიებდნენ იქ მოღვაწე ქართველებს და ამის გამო ყველას კიცხავდნენ. როგორია შენი რეაქცია ამ თემასთან დაკავშირებით?
– მსგავს უაზრობებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ვინც ამბობს, რუსულ შოუ-ბიზნესში მყოფი ქართველი მომღერლები მოღალატეები არიანო, დამიდგეს გვერდით, შემეჯიბროს ქართველობაში და იმაში, თუ ვის უფრო მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და ქართველებისთვის – მე თუ მას. ეს ისეთი მომენტია, ვიღაცას ბევრი დრო აქვს და რაღაცით ხომ უნდა შეავსოს, ჰოდა, დგას და ლაპარაკობს. ასეთი რაღაცეების ლაპარაკი არ შეიძლება, რომ, ვინც რუსეთშია წასული, მოღალატეა.
– წლების წინ, როცა პოპულარობის ზენიტში იყავი, შენი სახლის წინ ბევრი ფანი მოსულა და ბევრიც გულწასული გაუყვანიათ იქიდან. მოსკოვში შენი მოღვაწეობა თუ უტოლდება იმ პოპულარობას?
– არა, ვერანაირად ვერ გაუტოლდება, ეს სიმართლეა. შეიძლება, ამას რაღაც წლები კიდევ სჭირდება, მაგრამ, გულახდილად რომ გითხრა, ეს არც მინდა. იმ ასაკში არ ვარ, რომ სახლის წინ მოსული „ფანატკების“ წივილ-კივილზე გავგიჟდე – მე ეს ყველაფერი უკვე გავიარე, დღეს კი უფრო მეტად ის მახარებს, როცა ნორმალური ადამიანი გამიღიმებს და რაღაცას მეტყვის, ვიდრე, ზღვა ხალხი დამეტაკოს და, გვიყვარხარო – მითხრან.
– საქართველოში დაბრუნებას როდის გეგმავ?
– ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ, ყველა ვარიანტში დავბრუნდები. მე აქაური ვარ და რუსეთში დიდხანს ვერ ვიცხოვრებ. მირჩევნია, საბოლოოდ, მე და ჩემი ოჯახი აქ ვიყოთ.