რას აღიარებს ხატია შამუგია და ვის ადანაშაულებს ის საკუთარი ოჯახის დანგრევაში
ხატია შამუგიასა და გურამიკო ლომიძის ოჯახურ წყვილს კარგად იცნობდა ქართული საზოგადოება. მათი თანაცხოვრება ერთ ჭერქვეშ 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. უკვე კარგა ხანია, რაც ისინი დაშორდნენ, თუმცა საუკეთესო ურთიერთობა შეინარჩუნეს ერთმანეთთან. თუ რატომ დაშორდნენ, რა იყო ამის მიზეზი და გათხოვდება თუ არა ხატია კვლავ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მთელი საქართველო იცნობდა და გულშემატკივრობდა ახალგაზრდა ოჯახს და უხაროდა თქვენი წყვილის წარმატებები. მოგვიანებით შენ და გურამიკო დაშორდით. თუმცა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა შეინარჩუნეთ ერთმანეთთან. როგორ მოახერხეთ ეს?
– იმიტომაც გვაქვს ასეთი არაჩვეულებრივი ურთიერთობა მე და გურამიკოს ერთმანეთთან, რომ დროზე მოვასწარით – დროულად რომ არ მიგვეღო გადაწყვეტილება ჩვენი ურთიერთობა მალე გადაიზრდებოდა კონფლიქტებში, რის შემდეგაც კარგი ურთიერთობის აღდგენა წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ერთად ვეღარ ვიცხოვრებდით, მიუხედავად იმისა, რომ გვიყვარდა და პატივს ვცემდით ერთმანეთს. ხასიათები განსხვავებული გვაქვს მე და გურამიკოს იმდენად, რომ ჩვენი ურთიერთობა ერთ ჭერქვეშ გამორიცხული იყო. ახლა, ვმეგობრობთ და ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს. ისეთი უძვირფასესი საერთო გვაქვს ნიკუშას სახით, რომ უფლებაც არ გვაქვს, სხვანაირი ურთიერთობა გვქონდეს. პირად ამბიციებს არ უნდა გადაჰყვეს ბავშვის ემოციები და ფსიქიკა. ნიკუშა სიყვარულისა და ყურადღების ქვეშ იზრდება ორივე მშობლის მხრიდან.
– ყველა წყვილს აქვს საკუთარი რეცეპტი, რასაც ეფუძნება მათი ოჯახის სიმყარე. დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობ, რა იყო ის, რამაც ბოლომდე ვერ შეძლო შენი ოჯახი შეენარჩუნებინა და გაემაგრებინა?
– ორივეს ბრალი იყო. არ არსებობს ისეთი ოჯახი, სადაც მარტო ერთი მხარე შეიძლება იყოს დამნაშავე. უპირველესად, მე და გურამიკო ძალიან განვსხვავდებით ხასიათებით. თავიდან არის ვნება, რომელიც მოგვიანებით გადადის ჩვეულებრივ ურთიერთობებში. ამის მერე გამოჩნდება, არის თუ არა წყვილს შორის სხვადასხვა ინტერესების თანხვედრა. ვფიქრობ, არ დავკნინდები, ჩემი მინუსიც რომ ვაღიარო. იყო ჩემი შეცდომებიც. ოჯახმა მასწავლა, რომ ურთიერთობაში მთავარია დათმობა. მე ძალიან ბევრ რამეს არავითარ შემთხვევაში არ ვთმობდი, დედისერთა ვარ და როგორც გურამიკო ამბობს, დედისერთები საკმაოდ ეგოისტები არიან. ახალგაზრდა ვიყავი, ფეხმძიმობის, შემდეგ ჩვილის აღზრდის პერიოდში... მძიმე პერიოდები დაგვემთხვა. ჩვენ ვერ გავუძელით ოჯახურ წნეხს.
– მეორედ ოჯახის შექმნას აპირებ?
– ამ ბოლო დროს ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურად დგას ჟურნალისტების მხრიდან. ნამდვილად არ ვაპირებ გათხოვებას. ჯერ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ეტაპი არ დამდგარა და არც ვიცი, დადგება თუ არა. როცა ასეთ ნაბიჯს გადადგამ, უნდა იყო წინდახედული, გააზრებული და ძალიან ბევრ რამეზე უნდა გქონდეს ნაფიქრი. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი სწავლობს თავის შეცდომებზე, თუმცა, მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი ქორწინება გურამიკოსთან შეცდომა იყო. ალბათ, როცა ოჯახს ქმნი, ყველაფერს იაზრებ მეორედ, პირველად კი – ნაკლებად. თუმცა, არიან ბრძენი ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გათვლილი აქვთ. პირველი ქორწინებისას საერთოდ არაფერზე მიფიქრია. ახლა ვხვდები, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. მგონია, ვნება, თავბრუსხვევა, უზომო სიყვარული ერთხელ მოდის ადამიანის ცხოვრებაში, შემდეგ იცლება ამისგან და მომავალ ურთიერთობებში, უკვე გონებაც ერთვება, რაც აუცილებელია და რასაც მივესალმები.
– ანუ მსგავსი ვნება სხვის მიმართ აღარ განგიცდია?
– პირად საკითხებზე საუბარი არ მიყვარს... მე საერთოდ რომანტიკული ადამიანი არ ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ „ლომი“ ვარ ჰოროსკოპით, რომელზეც ნათქვამია: „ლომისთვის მთავარია უყვარდეთ, ვიდრე უყვარდეს.” ვერ ვიტყვი, ეს ჩემზე ვრცელდება თუ არა. ცოცხალი ადამიანი ვარ, ჯანმრთელი გულიც მაქვს და თვალიც და ჩემს ცხოვრებაშიც რაღაცა ყოფილა, მაგრამ ისეთი, რომ კიდევ ერთხელ გადამედგა მსგავსი ნაბიჯი – არა. თან იმ ასაკშიც აღარ ვარ ახლა, თავბრუ დამეხვეს. შესაბამისად, ურთიერთობაც ისეთი ასაკის ადამიანებთან მაქვს, რომელთაც ასევე არ დაეხვევათ თავბრუ.
– ეჭვიანი თუ ხარ?
– საერთოდ არა, მინდა გითხრათ, რომ სიდებილემდე არ ვარ ეჭვიანი. რაც შეიძლება, იმის ეჭვსაც კი ბადებდეს იმ ადამიანში, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს, რომ მე ის არ მაინტერესებს. ძალიანაც მაინტერესებს, მაგრამ ეჭვიანობა ჩემთვის დამახასიათებელი არ არის. მე მინდა ისეთი პარტნიორი, რომელსაც საღამოს მოვუყვები რაღაცეებს და არა ისეთი, რომელიც ყოველ წუთში დამირეკავს და მკითხავს: რას აკეთებდი? რატომ არ იღებდი ტელეფონს? და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ეჭვიანობა ანგრევს საერთოდ ადამიანების ურთიერთობას.
– ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო, შენი ურთიერთობები დააკანონო საპირისპირო სქესთან. შენ იზიარებ მათ აზრს?
– კი, აბსოლუტურად ვიზიარებ. სანამ დაკანონდება ურთიერთობა, მანამ უფრო ტკბილია ის. მე პირველი არ ვარ, ვინც ამას ამბობს, მე ვეთანხმები ამ გამონათქვამს. როცა ხარ ბედნიერი, უნდა იყო ბედნიერი. საერთოდ არ აქვს აზრი, რას იტყვის მეზობელი, იმის დაქალი და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. საზოგადოების აზრს ვითვალისწინებ, მაგრამ სხვა რამეებში – დანარჩენ ყველაფერში, გარდა პირადისა. პირადს იმიტომ ჰქვია პირადი, რომ შენც გრძნობდე თავს კარგად.
– ამჟამად არსებობს პიროვნება, რომელსაც ეკუთვნის შენი გული? შენი საუბრიდან იგრძნობა, რომ შეყვარებული ხარ...
– არა...
– ყოველ შემთხვევაში მარტო არ უნდა იყო...
– არ ვიცი, იცი რა არის? გარდა იმისა, რომ დასვენების შემდეგ, ახალი გამოსული ვარ სამსახურში, რაღაც-რაღაცეების დალაგებასაც ვაპირებ პირად ცხოვრებაში. ვერ დავკონკრეტდები შეყვარებული ვარ თუ არა, მაგრამ გატაცებული ვარ. მგონია, რომ გატაცების პერიოდი ყველაზე ლამაზი და სასიამოვნოა ადამიანების ურთიერთობაში. მიმაჩნია, რომ ადამიანმა პირადი ცხოვრება უნდა დამალოს და ამ დასკვნამდე მიმიყვანა ჩემმა პირველმა ოჯახმა, რომელიც იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე საზოგადოებისთვის და ამანაც იმოქმედა ჩვენ ურთიერთობაზე. მინდა ერთი ვთქვა, ბევრი თუ ცოტა დაწერილა იმაზე, ვარ შეყვარებული თუ არა, მართლაც ყოველთვის ვყოფილვარ იმ მომენტში შეყვარებული, როცა ამას წერდნენ, მაგრამ არასდროს დაწერილა იმ ადამიანზე, ვისაც რეალურად ვეტრფოდი. იმიტომ, რომ მის შესახებ არავინ იცის.
– ესე იგი ხშირად ხარ ჭორის ობიექტი?
– ამ ბოლო დროს რაღაც ისევ აგორდა ეს თემა ჩემს ირგვლივ, მინდა ვთქვა, რომ მე ყოველთვის ისე ვახერხებ ჩემი პირადი ურთიერთობების წარმართვას, რომ არავინ გაიგოს.
– რა თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული მამაკაცი, რომელიც მოგეწონება?
– უნდა იყოს ჭკვიანი. მამაკაცის გარეგნობას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ქერა, ცისფერთვალება ბიჭებზე არასოდეს მქონია გართულება. ჩემთვის მთავარი თვალებია. არ ვგულისხმობ ცისფერ თვალებს და შავ წამწამებს. ჭკვიანი თვალები მომწონს, ცოტა პროვოკატორი, ცოტა შებერტყილი... ყველაფერი ცოტ-ცოტა. ვერ ვიტან, „მარიაჟ“ მამაკაცებს. მომწონს, როდესაც ადამიანს აქვს იუმორის გრძნობა. უნდა იცოდეს ქალის ფასი.
– თუ მამაკაცი არ მოგწონს, აგრძნობინებ ამას და საერთოდ აქრობ შენი ცხოვრებიდან, თუ...?
– როცა ამბობენ: „არ მომოწონს და დამდევს... მეზიზღება, მაგრამ იმას ვუყვარვარ” – ეს ჩემთვის მეტიჩრობაა და სხვა არაფერი, რადგან, რასაც აგრძნობინებ მამაკაცს, ზუსტად ისევე იქცევა. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე როგორ წარმართავ ურთიერთობას.
– ვნების წარმართვა შესაძლებელია?
– ვნებას ბოლომდე ვერ მიეცემი, როცა უკვე 25-ს გადაცილებული ხარ, მაგრამ ვერც ბოლომდე გააკონტროლებ. მე ასე მგონია. ვნება ისეთი რამაა, რაც ორ ადამიანს მართავს. მე მგონია, რომ ვნების გაკონტროლება შეიძლება, მაგრამ მართვა – არა, რაღაც მომენტში ვნებაც გმართავს.
– ამდენი წლის შემდეგ, გურამიკოს ნახვისას, არ გქონია მომენტი, როდესაც ვნებამ ისევ იჩინა თავი?
– მე და გურამიკო, არც ისე დიდი ხნის უნახავები ვართ. ამერიკაში ყოფნისას მე ის ვნახე. ჩვენი ურთიერთობა მეგობრულს არ სცდება და არც გასცდება.
– რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ გვქონდეს ხანგრძლივი და შეხმატკბილებული ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან?
– მე დიდ მრჩევლად ალბათ ვერ გამოვდგები. შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც-რაღაცეებში ვარ წარმატებული, მაგრამ არა პირად ცხოვრებაში. მთავარია, ორ ადამიანს ესმოდეს ერთმანეთის, ერთმანეთის პიროვნებასა და ცხოვრებას სცენ პატივი. ყველანაირი ურთიერთობა დამყარებულია მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე. ყველაზე მთავარია, ადამიანი არ იყოს ეჭვიანი. ეჭვი და ღალატი დამანგრეველია ოჯახისთვის.
– ეჭვიც ღალატია?
– მე თუ ვარ შენთან, შენ კი არ მენდობი და ეჭვიანობ, მიჩნდება პროტესტის გრძნობა. თუ არ მენდობი, მაშინ ნუ ხარ ჩემთან. მომხრე ვარ ჰარმონიული და მშვიდი ურთიერთობის. ვფიქრობ, რაც უფრო ბევრმა იცის შენი სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ, მით უფრო ბევრი იქექება შენს პირად ცხოვრებაში. ესეც დამანგრეველია.
ეკა სალაღაია