რა სტერეოტიპი დაარღვიეს ქეთი ასათიანმა და მარიამ ნადირაძემ და რა არ ერგოთ მათ მემკვიდრეობით
ქეთი ასათიანს და მარიამ ნადირაძეს ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ. უცხო თვალისთვის ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად ძალიან ჰგავს. გარდა ამისა, პროფესიით ორივე მსახიობია, ცხოვრობენ ერთ ოჯახში და ერთმანეთისთვის რძალ-მული არიან. მაყურებელი ორივეს ძირითადად ტელეეკრანიდან იცნობს. მართალია, მათი მონაწილეობით სერიალები სხვადასხვა არხზე გადის, მაგრამ თავი ერთმანეთის კონკურენტად არ მიაჩნიათ და ყველაზე მთავარი სერიალი სახლში აქვთ, რომელსაც ოჯახი ჰქვია. ქეთი სერიალ „შუა ქალაქის“ პერსონაჟია და ირაკლი ჩხეიძის უწყინარ მდივანს ასახიერებს, მარიამი კი ახალი სერიალის გმირია, კერძოდ, „აქ ცხოვრობენ გუნცაძეები.“ ქეთი მიხეილ თუმანიშვილის თეატრის მსახიობია, ხოლო მარიამი თეატრალური უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი.
– მართალია, დები კი არა რძალ-მული ხართ, მაგრამ ერთმანეთს ფიზიკურად საკმაოდ ჰგავხართ. ხშირად უთქვამთ ეს?
ქეთი ასათიანი: კი, მაგალითად გუშინ. ჩვენს შორის მსგავსება მართლა არის.
მარიამ ნადირაძე: ქეთის და ნიკუშასაც ამსგავსებენ ერთმანეთს. სამივე ვგავართ ერთმანეთს.
– ასაკში რამდენი წელია განსხვავება თქვენს შორის?
ქეთი: მარიამზე 6 წლით უფროსი ვარ.
მარიამი: ასაკი არც იგრძნობა ჩვენს შორის. სხვათა შორის, მე და ქეთი ჯერ მეგობრები ვიყავით და მერე რძალ-მული გავხდით.
– როგორია, როცა ურთიერთობა მეგობრობიდან ოჯახის წევრობამდე მიდის?
– პირადად ჩემთვის, ეს ფაქტი ძალიან კარგი აღმოჩნდა. ის მაინც ჩემი ქეთია.
ქეთი: ჯერ ნიკუშა ნანახიც არ მყავდა, მარიამს შემთხვევით, რომ წამოსცდა ჩემი რძალი ხარო. ენამ უყივლა.
მარიამი: ქეთის თავიდანვე თვალი დავადგი.
ქეთი: ჩვენს შორის, როგორც დებს შორის ისეთი ურთიერთობა შედგა, რაც ძალიან კომფორტულია ჩემთვისაც და მარიამისთვისაც.
მარიამი: ჩემი მეგობრები უკვე ქეთისთან მოდიან, მე თუ არ ვარ სახლში.
– ორი ერთი პროფესიის ადამიანი როგორია ერთ ოჯახში?
ქეთი: არაჩვეულებრივია, ძალიან კარგი. თან, მსახიობობა ჩვენთვის მემკვიდრეობითი პროფესია არ არის.
მარიამი: ერთადერთი მსახიობი, რომელიც ჩემ სიახლოვეს იყო – ნათლიაჩემია, მაია ფაჩუაშვილი, სხვა – არავინ. მან დამანათლა მსახიობობა. რაც შეეხება ორი მსახიობის ერთ ოჯახში ცხოვრებას, ძალიან კარგია. ქეთის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია და პირველი სწორედ მისი აზრი მაინტერესებს.
– ორივეს მაყურებელი გიცნობთ სერიალიდან „შუა ქალაქში,“ თუმცა, გადაღებები ერთ დროს არ დაგემთხვათ. ქეთი დღემდე რჩება ირაკლი ჩხეიძის მდივნად, ხოლო მარია, შენ, სხვა სერიალში გადაინაცვლე, კერძოდ „აქ ცხოვრობენ გუნცაძეები.“
ქეთი: მარიამის სერიალს სულ ვუყურებ და ყოველთვის ვემზადები იმისთვის, რომ შევაფასო. სერიის გადაღებამდე უკვე მისგან ვიცი, რა და როგორ ხდება. რეპეტიციებშიც ვეხმარები და ხან ვის ვასახიერებ და ხან – ვის. ის მომენტი არ მაქვს, მარიამს აუცილებლად კარგი უნდა ვუთხრა, გული რომ დაუწყნარდეს. საკმაოდ ობიექტურად ვაფასებ მის ნამუშევარს.
მარიამი: სერიალს როგორც მაყურებელი ისე ვერ ვუყურებთ. ეთერში პირველად რომ გადის, დაძაბულები ვსხედვართ და თვალს ვადევნებთ. თუ გამეორებასაც ვუყურეთ, მერე უკვე გაცილებით მშვიდად ვახერხებთ ამას.
– სხვადასხვა არხის პროექტში ხართ ორივე დაკავებული. ერთმანეთის კონკურენტებად თუ მიიჩნევთ თავს?
ქეთი: ჩვენ არანაირად არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. შეიძლება, თვითონ პროექტები კი, რადგან სხვადასხვა არხზეა.
– მთავარია, სახლში გაქვთ ერთი სერიალი, რომელსაც ოჯახი ჰქვია.
– ეგ მართალია.
– ერთად, ალბათ, ბევრ დროს ატარებთ.
– წარმოიდგინე, რომ არა. სეზონი სანამ დაიხურებოდა თეატრში, დილით რეპეტიციაზე მივდიოდი. იმ დროს მარიამს ეძინა. საღამოს ეს გადის სახლიდან და, ფაქტობრივად, ერთმანეთს ვერ ვხედავთ, ხანდახან რამდენიმე დღეც კი.
მარიამი: ზოგჯერ ისეთი ემოციით, ვხვდებით ერთმანეთს, რომ ვერავინ წარმოიდგენს, ერთ ოჯახში თუ ვცხოვრობთ. ზაფხულის პერიოდში ცოტა გამოგვისწორდა სიტუაცია და უფრო ხშირად ვხედავთ ერთმანეთს.
– როგორ დაახასიათებთ ერთმანეთს, როგორც რძალს და მულს.
– ქეთის ისეთი ხასიათი აქვს, მამაჩემი „მშვიდობის მტრედს“ ეძახის. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ხასიათზეც არ უნდა ვიყო, ქეთის რომ დავინახავ, კარგ ხასიათზე ვდგები. ძალიან გემოვნებიანი ადამიანია და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მართალია, ირგვლივ ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა აზრი გამითვალისწინებია, მაგრამ ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქეთის აზრია ჩემთვის. სადიპლომო სპექტაკლი რომ გამოვუშვით, დარბაზში, უპირველესად, ქეთის ვეძებდი. არის ძალიან კარგი დედა და არაჩვეულებრივი მეუღლე. ჩემი ძმა ერთი კვირით იყო წასული გერმანიაში და მეგონა, მთელი 10 წელი არ ჰყავდა ნანახი. დღეებს და წამებს ითვლიდა. აეროპორტში დახვდა, მთელი სახლი ბუშტებით იყო მორთული. მოკლედ, დიდი ფოიერვერკი მოუწყო ქმარს.
ქეთი: მარიამი ჩემი ბავშვობა მგონია და ზუსტად ვიცი, რა პროცესს გაივლის. ამიტომ, ხშირად ვაძლევ რჩევებს. სიცოცხლით სავსეა, მისგან ყოველთვის დადებითი მუხტი მოდის. სხვათა შორის, თვითონ არც იცის, მაგრამ მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. მარიამი ჩემი სტიმულატორია. არაჩვეულებრივი მულია. სტერეოტიპი, რაც საქართველოში რძალ-მულზე არსებობს, აბსოლუტურად დანგრეული გვაქვს და ძალიან მიხარია.
მარიამი: იცი, დილით როგორ მაღვიძებს? მზიან ამინდში, როცა ერთად ვირუჯებით, ვერანდაზე მოაწესრიგებს „საზაგრაო“ ადგილს, აქეთ ცივ ყავას დადებს, იქით ცივ წვენს და აბა, როგორ არ უნდა გაიღვიძო ასეთ სიტუაციაში? იცის, ჩემი სუსტი წერტილი.
ქეთი: მით უმეტეს, როცა ნიკუშა არ არის ქალაქში, მარიამს რომ ვუყურებ, მას მაგონებს და აბსოლუტურად ვკმაყოფილდები. მარიამი თავისი ყველა თვისებით ძალიან ჩემია. ის ყოველთვის ჩემს თავს მაგონებს.
– ერთმანეთისგან რით განსხვავდებით?
– მარიამი ძალიან ფაფხურაა, ყველაფერს ეტაკება, რამდენჯერმე მაკდონალდსის შუშა აქვს ჩამოლეწილი.
მარიამი: მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სახლში, ზუსტად ორ წუთში დავამტვრიე სამი ჭიქა და ორი ბოთლი ფანტა დავასხი იატაკზე. ძალიან ხიფათიანი ვარ.
– ერთმანეთის გარდერობით თუ სარგებლობთ?
ქეთი: ჩვენი დილა იწყება ასე: მარიამი შემოდის ჩემს ოთახში და კარადაში ეძებს რაღაცას, მე გავდივარ მარიამის ოთახში და მის გარდერობში ვეძებ ტანსაცმელს. საბოლოო ჯამში, ერთი დიდი გარდერობი გვაქვს.
მარიამი: ერთმანეთის გარდერობით ძალიან ხშირად ვსარგებლობთ. ნიკუშამ გერმანიიდან რომ ჩამოგვიტანა საჩუქრები, პირველივე დღესვე გავცვალეთ და ერთმანეთის მაისურები ჩავიცვით.
– ერთმანეთი სად გაიცანით?
– მე ჯერ თეატრალურში არ ვსწავლობდი და ჩვენმა საერთო მეგობარმა, ძალიან კარგმა რეჟისორმა თემო კუპრავამ მონოსპექტაკლში დამაკავა. ქეთი რამდენჯერმე რეპეტიციას დაესწრო.
ქეთი: მერე მიშა ქრისტესაშვილმა გადაგვიღო ფილმში „მშვიდობით ქალბატონო.“
მარიამი: ქასთინგზე რომ მივედი, არც ვიცოდი, რას იღებდნენ. რაღაც ტექსტი დამახვედრეს. დიალოგი ვიღაც გოგოსთან უნდა მქონოდა. გავიხედე და ის გოგო ქეთი აღმოჩნდა. ნაცნობი სახე რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა. ფაქტობრივად, ამ ფილმის გადაღებებზე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც. ქეთი – ამთავრებდა თეატრალურს, მე კი იმ წელს აბიტურიენტი ვიყავი.
– რა არის ისეთი, რის გამოც შეგიძლიათ, ერთმანეთში იკამათოთ?
ქეთი: შეიძლება, მარიამს არ მოსწონებია რაღაც ან მე არ მომწონებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომენტია, რომ ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებით და ეს ასეც უნდა იყოს. ურთიერთობა სხვა ფორმებში ხდება. საკონფლიქტო მაინც არაფერი გვაქვს.
მარიამი: ქეთისგან იმდენი დადებითი ემოცია მოდის, სულ იმას ვამბობ, რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ გავბრაზდე ან მეწყინოს-მეთქი.
– ქეთი, მარიამის თაყვანისმცემლებს როგორ უყურებ, რძლის პოზიციიდან თუ მეგობრულად?
– მარიამს თაყვანისმცემელი ჰყოლია, გამიცვნია და დავმეგობრებულვართ კიდეც. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგია. თუ არ მომეწონა, აუცილებლად ვიტყვი და არ დავმალავ.
– მარიამ, რა რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ შენს ძმას ქეთი მოსწონდა?
– ქეთი და ნიკუშა ერთმანეთს რომ გავაცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს ძმას ქეთი მოეწონა. ამიტომ, ეს ამბავი ძალიან არ გამიკვირდა, პირიქით, გამიხარდა.
ქეთი: როგორც ნიკუშასგან ვიცი, მარიამი რაღაც მომენტში განიცდიდა, ფიქრობდა, ვაიდა ქეთის არ მოსწონს ნიკუშა და მასთან არ დამენგრეს მეგობრული ურთიერთობაო. როგორც აღმოჩნდა, მე და ნიკუშა ერთმანეთის პირველი სიყვარული ვართ.
– ბანალური შეკითხვაა, მაგრამ ერთმანეთს რას უსურვებთ?
– მარიამს იმას ვუსურვებ, რასაც საკუთარ თავს.