როდის დაიცავდა საკუთარ სიმართლეს ნინო ჩხეიძე მუშტებით და რაში აქვს ქალს მეტი შანსი
იქნებოდა თუ არა ასეთი პოპულარული, კაცად რომ დაბადებულიყო? – ძნელი სათქმელია. რეალობა ის არის, რომ ნინო ჩხეიძეს საკუთარმა სქესმა აშკარად შეუწყო ხელი წარმატების მოპოვებაში. თურმე ზოგჯერ არც ისე ცუდია, ქალი რომ ხარ. მით უმეტეს, თუ შენზე ზრუნავენ, განებივრებენ და გაღმერთებენ. სწორედ ასე წარმოუდგენია მომღერალს ქალის არსებობა მამაკაცის გვერდით და დარწმუნებულია, რომ ყველა ღირსეული კაცის ცხოვრება ქალისაზე გაცილებით რთულია.
ნინო ჩხეიძე: მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად მამაკაცი უნდა იყო, რომ ცხოვრებაში ბევრს მიაღწიო. იქნები წარმატებული, თუ არა, არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, კაცად დაიბადები, თუ ქალად. მთავარია, მიზანდასახული ადამიანი იყო და ზუსტად იცოდე, რა გინდა ამ ცხოვრებისგან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზეც, რა მოთხოვნებს წაუყენებ საკუთარ თავს. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, მგონი, გამიმართლა ქალად რომ დავიბადე (იცინის). ამას ძალიან ბევრი პლუსი აღმოაჩნდა. ქალი რომ ვარ, ეს ცხოვრებაში ძალიან ბევრ პოზიტივს მაძლევს.
– ბევრ კაცს კი მიაჩნია, რომ სწორედ მამაკაცობაა პოზიტივი.
– ვერ დავეთანხმები, ვერაფრით. კარგად დაფიქრდნენ და მიხვდებიან, რომ მამაკაცობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ძალიან დიდი ტვირთიცაა. მამაკაცს რომ ვალდებულებები აკისრია, მაგდენი ქალს ნამდვილად არ აქვს.
– შენს სფეროში წარმატება როგორ ნაწილდება. ანუ, ქალს მეტი შანსი აქვს ქართულ შოუ-ბიზნესში, თუ კაცს?
– რა არის იცი, შანსები ძირითადად თანაბარია. თუმცა, ცოტა მეტი შანსი ქალებს მაინც აქვთ, როცა საქმე მომღერლის იმიჯს ეხება. უფრო სწორად, ქალებს მეტი შესაძლებლობები გვაქვს ამ მხრივ. მით უმეტეს, საქართველოში. შეგიძლია, ნებისმიერი სტილი მოსინჯო. გახდე უფრო საინტერესო და განსხვავებული. მამაკაცის ტანსაცმელსაც კი მოირგებ და ამით მხოლოდ მოიგებ. კაცებს ასეთი შესაძლებლობები არ აქვთ. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ეგუება კაცის მხრიდან თამამ და რადიკალურ ექსპერიმენტებს. თუნდაც თმის ფერი ავიღოთ. მე განებივრებული ვარ იმით, რომ შემიძლია, თმის ფერი ხშირად შევიცვალო და ამან მხოლოდ პოზიტივი მომიტანოს. კაცი ამას ვერ გააკეთებს. ყვითლად და თეთრად ხომ ვერ გადაიღებავს თავს. ანუ, არის რაღაც, რაშიც არჩევანის თავისუფლება ქალებს მეტი გვაქვს.
– ნინო, ხომ შეიძლება, რომ კაცად დაბადებულიყავი?
– კაცად რომ დავბადებულიყავი, რატომღაც მგონია, რომ აუცილებლად „ძველი ბიჭი“ ვიქნებოდი (იცინის). ძნელი წარმოსადგენია, ხომ?! მაგრამ, ვგრძნობ, რომ ასე იქნებოდა. ძალიან ხშირადაც ვიჩხუბებდი. ხომ არის სიტუაციები, როცა ან უნდა მოითმინო, ან მაგრად იჩხუბო და ისე გაარკვიო მტყუან-მართალი. მე ვერავითარ შემთხვევაში, ვერ მოვითმენდი და მუშტებით დავიცავდი ჩემს სიმართლეს. არავის არაფერს შევარჩენდი.
– ამ დროს, შენი მეუღლე ძალიან მშვიდი ჩანს.
– ძალიან მშვიდია. მართლა ძალიან მშვიდია და „ძველბიჭობა“ მისთვის სრულიად უცხოა. მაგრამ, მე ხომ ვიცი, ჩემი ხასიათი. ახლა თავს ვიკავებ ხოლმე იმიტომ, რომ ქალი ვარ და უხერხულია, საქმე გავარჩიო. მაღიზიანებენ უზრდელი, თავხედი და მატყუარა ადამიანები და ასეთებს სიამოვნებით დავუნაყავდი ცხვირ-პირს (იცინის).
– სიმართლისთვის მუშტებით მებრძოლი ნინო –აი, შენი კიდევ ერთი ახალი იმიჯი.
– აბა! (იცინის). თან საინტერესო რა არის, იცი?! პროფესიით იურისტი ვიქნებოდი. მომლხენი და მომღერალი. გიტარას ავიღებდი, დავჯდებოდი ბიჭებში და მოვხიბლავდი გოგონებს. ვიქნებოდი ტრადიციების მოყვარული და ქალებში ძალიან წარმატებული მამაკაცი (იცინის).
– თავბრუს დაახვევდი, არა ქალებს?!
– ჰო! მაგრამ ყველა „იუბკას“ არ გამოვეკიდებოდი. თავს ასე არ „გავიბანძებდი“. არ მიყვარს ისეთი მამაკაცი, ოღონდ ქალი იყოს და ყველაფერი რომ სულერთია მისთვის. ღირსეული მამაკაცი ვიქნებოდი და მარტო ღირსეულ ქალებს გამოვეკიდებოდი (იცინის). არც ის მიმაჩნია გამართლებულად, რომ ჰგონიათ, რადგან კაცი ვარ, ყველაფერი მეპატიებაო.
– საერთოდ, კაცებს უფრო მეტს პატიობენ და იმიტომ.
– არ არის ეს ასე. ეს ადრე იყო, რომ მამაკაცებს ყველაფერს პატიობდნენ. საერთოდაც, პატიება-არპატიება ადამიანის ბუნებაზე, მის ხასიათზეა დამოკიდებული და არა სქესზე. მნიშვნელობა არა აქვს, ქალი ხარ თუ კაცი – ან გიღირს და პატიობ, ან არ პატიობ. კაცია და ამიტომ უნდა ვაპატიოო, ასე არ ხდება.
– მაშინ, რატომ ეადვილებათ მამაკაცებს კაცად ყოფნა?
– ვითომ ეადვილებათ? რაღაც, არ მგონია. მე ხომ უკვე ვთქვი, თუ კარგად გაიაზრებენ საკუთარ ვალდებულებებს, ნამდვილად ვეღარ იტყვიან, რომ მათთვის ცხოვრება ადვილია. იმხელა ტვირთი აქვთ სატარებელი და იმდენ რამეზე უნდა იზრუნონ, მათ შორის ქალზეც... ძირითადად, ქალი ხომ მაინც მამაკაცზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ნორმალურ პირობებში ასე უნდა იყოს. კაცი თუ ხარ, ყველაფერი უნდა შეძლო.
– მაგრამ ქალსაც აქვს საზრუნავი. ის სულ ფორმაში უნდა იყოს. რამდენი რამეა საჭირო ამისთვის?!
– მერე რა. კაცი რა, არ უნდა იყოს ფორმაში?! კაცმა არ უნდა მოუაროს თავს?! მე ვიცი მამაკაცები, ქალებზე არანაკლებ უვლიან თავს. მასაჟსაც იკეთებენ და მანიკიურსაც. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ რასაც ქალი თავის მოვლაში იხდის, იმ ფულსაც ის შოულობს, მაშინ ვინ ყოფილა „დაჩაგრული“? რა დღეში არიან, წარმოიდგინე (იცინის).
– როგორც ვხვდები, კაცობა არანაირად არ გენდომებოდა?
– არა! ძალიან კარგად ვარ „ქალის ტყავშიც“. მშვენივრად და კომფორტულად. გვერდით მყავს ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელთანაც თავს დაცულად ვგრძნობ და მიმაჩნია, რომ მამაკაცი სწორედ ასეთი უნდა იყოს. მამაკაცზე ძლიერი ქალი მე არ მომწონს და მირჩევნია, სუსტი მე ვიყო.
– ანუ, ფიქრობ, რომ, როცა ქალი მამაკაცივით ძლიერია და მის ფუნქციებს ითავსებს ეს ცუდია?!
– საერთოდ, ძლიერი ქალი ცუდი არ არის. არიან ქალები, რომლებიც მამაკაცის საქმესაც ძალიან კარგად ართმევენ თავს. თუკი ქალს შეუძლია, კაცებს ტოლი არაფერში დაუდოს, ამას რა ჯობია. მით უმეტეს, საქმეში. მაგრამ მე არ ვარ ასეთი.
– კეკლუცობა და ღიმილი არ ჭრის?
– ყოველთვის არა. საქმეში ეს არ ამართლებს. სერიოზულად არ აღგიქვამენ და ფიქრობენ, რადგან იღიმები, ვერაფერს ხვდები, არაფერი გესმის და შენი მოტყუება ადვილია. პიროვნული სიძლიერის ჩვენება, ზოგჯერ აუცილებელია.
– ქალის მოტყუება ადვილია?
– ასე ჰგონიათ. არადა, კაცები უფრო ხშირად რჩებიან ხოლმე ქალისგან მოტყუებულები.
– ამ ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ ადამმა და ევამ ჩაუყარეს.
– (იცინის) ჰო, ადამი მოტყუვდა. შეაცდინა ევამ – ქალმა. ამის მერე კაცები ხშირად ტყუვდებიან. ქალს ბოლოს და ბოლოს ინტუიცია აქვს და ის არ მისცემს საშუალებას მოტყუვდეს, თუკი თავად არ უნდა ეს.
– იქნება თუ არა კაცი წარმატებული, თუ გვერდით არ ჰყავს ჭკვიანი ქალი?
– ალბათ, ვერა. როცა კაცი მარტო არ არის, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ქალი ეყოლება გვერდით. ბევრი მამაკაცის წარმატება სწორედ მისი მეუღლის ჭკუამ და სიძლიერემ განაპირობა. თანაც, სულაც არ არის აუცილებელი, ქალი პოპულარული იყოს. მთავარია, მას ეყოს ჭკუა, ქმარს ხელი არ შეუშალოს და პირიქით, შეუქმნას გარემო, რომელიც მის წინსვლას შეუწყობს ხელს.
– ამბობენ, მამაკაცები უყურადღებონი არიან და სწორხაზოვნად, მხოლოდ ერთი მიმართულებით აზროვნებენო...
– არ არის ეს ასე. ქალის და მამაკაცის აზროვნება მართალია, განსხვავებულია, მაგრამ მამაკაციც ყველაფერს ამჩნევს. შეიცვალნენ მამაკაცები. ჭორაობაშიც აჯობეს ქალებს. იმასაც ამჩნევენ, რა გაცვია, როგორ გამოიყურები და ბევრსაც ლაპარაკობენ. სადღა არიან მონადირე მამაკაცები. არადა, მე სწორედ ასეთი მამაკაცი მომწონს. კაცისთვის ბუნებრივი სწორედ მონადირის ალღოა. მას გაჩენიდან მონადირის ფსიქოლოგია ჰქონდა, მაგრამ დრომ და პირობებმა მოიტანა ასე, რომ ჩვენს რეალობაში, მონადირე კაცი თითქმის აღარ არის (იცინის).
– კაცი რომ ყოფილიყავი, როგორი ქალი არ მოგეწონებოდა?
– მეტიჩარა ქალი არ მომეწონებოდა – ძალიან ბევრს რომ ლაპარაკობს და ყველაფერს სისულელეს. ვერ ვიტან, ქალი რომ ტუტუცობს და „მარიაჟობს“.