კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი


– 30 თებერვალია, თავისუფლები ხართ! – საზეიმო კილოთი თქვა პროფესორმა და თავისსავე სიტყვებზე ისე გამხიარულდა, რომ ბავშვივით გულიანად ჩაიხითხითა. შემდეგ უზარმაზარ სავარძელზე შედგა და წარმოსახვით ბრბოს მიმართა: – ელოდეთ 30 თებერვალს და, როცა დადგება, სახლებში წადით! ოი, გიჟებო, გიჟებო, რა გეშველებათ! ან, მე რა მეშველებოდა უთქვენოდ?

კარზე დააკაკუნეს.

პროფესორი სავარძლიდან ჩამოძვრა, უზარმაზარი ტყავის ბალიში გავის ქვეშ ამოიდო, რომ სავარძელზე ამაღლებულიყო, პენსნე გაისწორა და დაიძახა:

– შემოდით!

კაბინეტში ჟუჟუნა ექთანი შემოვიდა, პროფესორს სწრაფჩამკერი დაუდო წინ და მოახსენა:

– ამხანაგო რაჟდენ რაჟდენოვიჩ, პატიმარი მოიყვანეს ექსპერტიზაზე და...

– ჟუჟუ გენა, – სიტყვა შეაწყვეტინა და „გენაცვალეს“ შემოკლებითი ფორმით მიმართა პროფესორმა სტაჟიან თანამშრომელს, – რამდენჯერ გითხარი, რომ, ან რაჟდენ რაჟდენოვიჩი დამიძახე, ან – ბატონი პროფესორი. შინაურულად პირველი, სახალხოდ მეორე. „ამხანაგების“ დრო წარსულს ჩაბარდა, გასაგებია?

– გასაგებია, ამხანაგო ბატონო პროფესორო, – ენა მოიკვნიტა ექთანმა და შეცდომის გამოსწორება სცადა: – ბატონო რაჟდენ რაჟდენოვიჩ.

„სულ გამოჩერჩეტდა ჟუჟუნა, – გაიფიქრა პროფესორმა – არადა, მხოლოდ 65 წლისაა. აფსუს, რა დრო იყო, ჟუჟუ რომ ბუინების ბლოკში შევიდოდა და გიჟები სმირნაზე დგებოდნენ! არ დადგებოდნენ და, მოხვდებოდათ სველი პირსახოცი შიშველ გვერდებში! მანამდე სცემდა, სანამ არ დაიმორჩილებდა. ამ ყველაფერს კი სხვებსაც აყურებინებდა, რომ დანარჩენებსაც არ გაებედათ ურჩობა და იყო წესრიგი”.

ახალგაზრდა პროფესორმა ყურადღებით შეათვალიერა ექთანი, რომელიც სინამდვილეში სანიტრის შტატზე იყო გაფორმებული და ექთანს მხოლოდ პატივისცემის გამო უწოდებდნენ. რადგან ორმოცდამერვე წელი სრულდებოდა, რაც ჟუჟუ ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა და ეს წოდება ნამდვილად დაიმსახურა.

ასაკის მიუხედავად, ჟუჟუნას ჯერ კიდევ შერჩენოდა ჯანი და ერთ „ბუინს” როგორმე კიდევ გაუსწორდებოდა. არც პაციენტის სველი პირსახოცით ცემაზე დაიხევდა უკან, თუმცა, ამ ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად უწევდა ამის გაკეთება, რადგან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხშირად მოდიოდნენ მონიტორინგის სხვადასხვა ჯგუფები და პაციენტების საჩივრებს ისმენდნენ. ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, ექთანს უჩიოდნენ და ფსიქიატრიული კლინიკის ვიზიტორები მის მობინადრეებს ჟუჟუნას დასჯას ჰპირდებოდნენ, მაგრამ არაფერი იცვლებოდა – ჟუჟუნა თავის „პოსტზე” რჩებოდა. ამბობდნენ, რომ მას რაჟდენ რაჟდენოვიჩი მფარველობდა.

პროფესორმა თვალი შეავლო ჟუჟუს ნიანგისეულ ყბას, ვიწრო შუბლს და ბრიყვულ თვალებს, რომლებშიც მუდმივად ბოროტების ნაპერწკლები ელავდა და ჰკითხა:

– პატიმარი სად არის?

– საბადრაგო მანქანაში, რაჟდენ რაჟდენოვიჩ და თქვენს ნებართვას ელოდებიან, რომ გამოსაკვლევად დააწვინონ.

პროფესორმა სწრაფჩამკერი გადაშალა, პატიმრის საბუთებში მისი გვარი ამოიკითხა და მხოლოდ მაშინღა გაახსენდა, რომ ამ პატიმრის ნათესავისგან წინასწარ ჰქონდა აღებული სამი ათასი დოლარი. სანაცვლოდ კი რაჟდენ რაჟდენოვიჩს ისეთი დასკვნა უნდა დაეწერა პატიმარზე, რომ მისთვის ციხე აეცილებინა, რის შემდეგ კიდევ ორი ათას დოლარს მიიღებდა და, ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის ოცნებას აისრულებდა – „ბეემვეს ჯიპს“ იყიდდა. „ჯიპის“ ფულს კი რაჟდენ რაჟდენოვიჩი უკვე მესამე წელიწადია, აგროვებდა და მხოლოდ ორი ათასი დოლარი აკლდა.

რაჟდენ რაჟდენოვიჩი ოცნებებში ჩაიძირა. უზარმაზარ საწერ მაგიდაზე იდაყვი ჩამოდო. ხელისგულში ნიკაპი მოაქცია, თვალები მარცხნივ გაექცა და ნეტარებით გაეცინა. ახალგაზრდა პროფესორმა თვალნათლივ წარმოიდგინა, როგორ ჩაჯდა ახალ „ჯიპში“, რომლის ნომერიც იყო „RAJ-100”, რაც ნიშნავდა „რაჟასი”, ანუ რაჟდენასი, ესე იგი, მისი. მან ნელა დაძრა გასისინებული მანქანა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოს მედპერსონალისა და პაციენტების შუაში გაიარა, რომლებიც ორ რიგად იყვნენ დამწკრივებული კლინიკის ეზოში, მოღიმარი სახეებით ხელს უქნევდნენ და ყვავილებს ესროდნენ. ახალგაზრდა პროფესორს განუყრელი ტყავის ბალიში „ჯიპის“ სავარძელზეც ეფინა, რომ მაღალზე მჯდარიყო და გზა კარგად დაენახა. მან მოხდენილად გაიარა საავადმყოფოს ეზო, ქუჩაში გავიდა და ორმოცდაათიოდე მეტრში გაჩერდა, რადგან საავადმყოფოსკენ მომავალი შორენა დაინახა. გოგონას წითელი ფერის მოკლე კაბა ეცვა, რომელიც უფრო მეტად უგრძელებდა ფეხებს და სავსე მკერდს უფრო მიმზიდველს უჩენდა. 21 წლის შორენა სამედიცინო კოლეჯის კურსდამთავრებული იყო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამი თვით, გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდა და თუ წარმატებით გაივლიდა გამოსაცდელ პერიოდს, ექთნის თანამდებობას მოიპოვებდა, ხელფასი დაენიშნებოდა და ფსიქიატრიული კლინიკის კოლექტივის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა. სინამდვილეში იმ სამ თვეს კი გამოსაცდელი ვადა ფორმალურად ერქვა, რადგან ყველაფერი ახალგაზრდა პროფესორის ნებაზე იყო დამოკიდებული. საკმარისი იყო რაჟდენ რაჟდენოვიჩის ერთი სიტყვა და შოკის, როგორც მას მოფერებით ეძახდა პროფესორი, ეგრევე სრულ განაკვეთზე გააფორმებდნენ. მაგრამ რაჟდენ რაჟდენოვიჩი არ ჩქარობდა. შორენას შტატში გაფორმებამდე, მას გოგონას სხვაგვარად „გაფორმება“ ეწადა, რადგან შოკის მომგვრელი შოკი მას შოკში აგდებდა და მისი დაუფლების დაუოკებელ სურვილს აღუძრავდა. მექალთანე პროფესორს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი შორენას ლოგინში ჩაწვენა და საამისოდ ძალ-ღონეს არ იშურებდა. ცოლთან გაყრაზეც კი არ იტყოდა უარს, ოღონდ მიზნისთვის მიეღწია. რადგან რაჟდენოვიჩის სექსუალური ფანტაზიები შორენას მიმართ, უმეტესწილად, ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა და ყოვლად უხამს ფორმებს იღებდა. რაც გოგონას დაუფლების სურვილს კიდევ უფრო უმწვავებდა. პროფესორს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შოკის გული და სხეული ახალთახალი „ბეემვეს ჯიპით“ მოენადირებინა.

ოცნებებში წასულმა პროფესორმა გაჩერებული „ჯიპის“ კარი გააღო და შორენას უთხრა:

– შოკი, გენა, მოდი ჩაჯექი და ჩემი ახალი „ჯიპით“ გავისეირნოთ.

– არ შემიძლია, ბატონო პროფესორო, სამსახურში მაგვიანდება. დროზე რომ არ მივიდე, ჟუჟუნა ექთანი დამტუქსავს, – მიუგო პროფესორს შორენამ, რომელიც, უარის მიუხედავად, უკვე „ჯიპის“ წინა სავარძელზე იყო მოკალათებული და კაბა იმდენად ზემოთ ასწეოდა, რომ წითელი ტანგის უბე მოუჩანდა.

რაჟდენ რაჟდენოვიჩმა თვალი რომ მოჰკრა შორენას ავლა-დიდებას, უკიდურესად აღიგზნო და გაურკვეველი ხმები გამოსცა, შემდეგ ახალი „ჯიპი“ ისარივით გააქროლა, თვალის დახამხამებაში წყნეთის ტყეში აგრიალდა, უზარმაზარი ნაძვების ქვეშ გააჩერა და გოგონას დაეძგერა...

– ბატონო პროფესორო, რას მიბრძანებთ? – რაჟდენ რაჟდენოვიჩი ჟუჟუნას ხმამ გამოარკვია, რომელიც ახალგაზრდა პროფესორს პროფესიულად ეჭვის თვალით უმზერდა და ყურადღებით აკვირდებოდა მის მიმიკებს, რომლებიც დიდად არ განსხვავდებოდა კლინიკის პაციენტების მიმიკებისგან.

– ჟუჟუნ, გენა, – პენსნე გაისწორა პროფესორმა, – საბუთები გააფორმეთ და მერე ჩემთან ამოიყვანეთ.

– ორკვირიანზე ვუშვებთ? – უთხრა ექთანმა, რომელმაც იცოდა, რომ პატიმარ პაციენტებს პროფესორი ორ კვირაში უტარებდა ექსპერტიზას.

– არა, თორმეტკვირიანზე – მიუგო რაჟდენ რაჟდენოვიჩმა, რადგან „საქმეჩაწყობილებს“ ჯერ სამი თვე აჩერებდა საგიჟეთში, შემდეგ კი პირდაპირ სახლში უშვებდა.

– თორმეტკვირიანზე?

– თორმეტკვირიანზე, თორმეტკვირიანზე, ჟუჟუ, გენა, – დაუდასტურა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა, – საბუთებს თვალი გადავავლე და მივხვდი, რომ არც ისე იოლადაა საქმე – პაციენტი ხანგრძლივ დაკვირვებას საჭიროებს და თორმეტკვირიანზე ვიტოვებ.

– „ობშჩიზეკავოიში“ გავუმზადოთ „კოიკა“? – ძველბიჭურად იკითხა ჟუჟუნა ექთანმა, რომელსაც თავისი ორმოცდარვაწლიანი ფსიქიატრიული სტაჟის განმავლობაში არაერთი პატიმარი პაციენტი ენახა და მათი ლექსიკა კარგად ჰქონდა ათვისებული.

– არა, ბუინებში „ობშჩიზეკავოიში“ ჯანმრთელები წვანან და მათთან ამის დაწვენა არ შეიძლება. ბუინებში ცარიელი „კოიკა“ რომელ პალატაშია?

– მხოლოდ ლუქსში, რაჟდენ რაჟდენოვიჩ.

– ჰოდა, ლუქსის „კოიკა“ გაამზადეთ.

– ვინმე პატივსაცემი რომ მოიყვანონ? თქვენ არ თქვით ამას წინათ, შეიძლება, ყოფილი რაიკომის მდივანი მოიყვანონ და ლუქსის „კოიკა“ შეინახეთო? – შეახსენა პროფესორს ჟუჟუნამ.

– რაიკომის მდივანი მოსკოვში წაიყვანეს და იქ მკურნალობენ. მიდი, საქმეს მიხედე! – გაისტუმრა პროფესორმა ექთანი, შემდეგ სწრაფჩამკერი გადაშალა და მოყვანილი პატიმრის საბუთების შესწავლა დაიწყო.

საბუთების მიხედვით, ექსპერტიზაზე გაგზავნილი პატიმარი 26 წლის ახალგაზრდა კაცი, თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. წინასწარი გამოძიების საბუთებში ეწერა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ ბაქოელ ბიზნესმენს ლისის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია 450 ათას ევროდ მიჰყიდა, ყალბი საბუთები გაუფორმა, 200 ათასი ევრო წინასწარ მიიღო და გაუჩინარდა. ბაქოელმა ბიზნესმენმა მხოლოდ მას მერე შეიტყო, რომ მოატყუეს, როდესაც ყალბი საბუთები საჯარო რეესტრში გადაამოწმა და თავზარდაცემულმა მიმართა პოლიციას.

თაღლითობაში ბრალდებული პოლიციამ სრულიად შემთხვევით, მას მერე დააპატიმრა, რაც ის ბაქოელმა ბიზნესმენმა ქაშუეთის ეკლესიის ეზოში დაინახა ტაძარში შემავალი. მოტყუებულმა ბაქოელმა იქვე მდგომ პატრულს მიმართა და ეჭვმიტანილი ქაშუეთის ეკლესიაში, საკურთხევლის წინ მაშინ დააკავეს, როდესაც ის მეგობრის შვილს ნათლავდა და ახალშობილი ხელში ეჭირა.

გამოძიების მიხედვით, ბიჭი მხოლოდ ბაქოელის ჩვენების ნიადაგზე იყო დაკავებული და საქმეში არც რაიმე მტკიცებულება არსებობდა და არც მოწმეები. თანაც, ეჭვმიტანილი მტკიცედ უარყოფდა მისთვის წაყენებულ ბრალდებას. შედეგი ვერც ათჯერადმა ჩხრეკამ გამოიღო, რომლებიც გამქრალი 200 ათასი ევროს აღმოჩენის მიზნით ჩატარდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე. წესით, ბრალდებული უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ, საქმე 200 ათას ევროს ეხებოდა, გამომძიებლები კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბაქოელი ბიზნესმენი ნამდვილად დაკავებულმა გააცურა და მის გათავისუფლებას არც ფიქრობდნენ. ამიტომ, პოლიციამ ეშმაკობა იხმარა და ბიჭი იმ პირობით გაუშვა შინ, რომ ქალაქიდან ფეხს არ მოიცვლიდა. შემდეგ კი პროვოკაცია მოუწყვეს: საცხოვრებელ ბინაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკები ჩაუდეს და ისეთი მუხლი მიუყენეს, რომელიც ოცი წლიდან უვადო პატიმრობამდე სასჯელს ითვალისწინებდა.

ბიჭი რომ პოლიციის შენობაში მიიყვანეს და დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, იქვე იმყოფებოდა ის გამომძიებელი, რომელიც ბაქოელი ბიზნესმენის მოტყუების საქმეს იძიებდა.

– აქ რა გინდა, მეგობარო? – ყალბი თანაგრძნობით ჰკითხა ბიჭს გამომძიებელმა, – წუხელ გაგიშვი სახლში და ამ რამდენიმე საათში რა დააშავე?

– წამლის ბარიგაა, 120 გრამი ჰეროინი ვუპოვეთ ბინაში, უნიტაზის ბაკში ჰქონდა დამალული, – განუმარტა კოლეგას ნარკოტიკების საქმის გამომძიებელმა და დაკავებულს მიუბრუნდა:

– სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი!

– ალექსანდრე სერგის ძე პუშკინი, – დაიწყო დაკავებულმა და გამომძიებელი ანკეტის შევსებას შეუდგა, მაგრამ წერა შეწყვიტა, როდესაც დაკავებულმა თქვა, 1799 წლის 6 ივლისს, ქალაქ მოსკოვში დავიბადეო.

– საშაყიროდ გაქვს საქმე, ონიანო? – უთხრა ხელმეორედ დაკავებულს ძველმა გამომძიებელმა და კოლეგას მიუბრუნდა:

– ჩაწერე, ჯაბა ტარიელის ძე ონიანი, დაბადებული 1982 წლის 9 თებერვალს, თბილისში.

– მოქალაქე ონიანო! – ოფიციალური ტონით მიმართა ნარკოტიკების საქმის გამომძიებელმა ჯაბას, – შეგიძლიათ, განუმარტოთ გამოძიებას, ვის ეკუთვნის თქვენი ბინის ტუალეტის წყლის ავზში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, რომლის წონაა 120 გრამი და როგორ აღმოჩნდა ის იქ?

– რა თქმა უნდა, განვმარტავ, – თქვა ჯაბამ – ჰეროინი პოლიციამ ჩამიდო წყლის ბაკში და ნარკოტიკი პოლიციის კუთვნილებაა. თუმცა, ვერ დავაკონკრეტებ, ვისი, რადგან ჩემს სახლში შემოჭრილ პოლიციელებს გვარ-სახელებით არ ვიცნობ.

დაკავებული ჯაბა ონიანის დაკითხვა იმავე სტილში გაგრძელდა და ისე დასრულდა, რომ მან არც დანაშაული აღიარა და არც დაკითხვის ოქმზე მოუწერა ხელი გამომძიებელს.

– ეჰ, ონიანო, ონიანო, ცუდადაა შენი საქმე – უთხრა ჯაბას ძველმა გამომძიებელმა, – ნარკოტიკებით ბარიგობა შენ დურაკი ბიზნესმენის „გადაგდება” ხომ არ გგონია! იმ საქმეს კიდევ ეშველება რამე, მაგრამ, ამას – არაფერი. შენს ბარიგობას თუ მსვლელობა მიეცა, უარეს შემთხვევაში, უვადო პატიმრობას მიიღებ, უკეთესში კი – ოც წელს. თუმცა, ეს თითქმის ერთი და იგივეა. ამიტომ, გირჩევ, კეთილგონიერება გამოიჩინო და თავს ნუ დაიღუპავ. ნუთუ ღირს, რომ 200 ათასი ევროს გამო მთელი ცხოვრება ციხეში გაატარო?

– ნამდვილად არ ღირს, – დაეთანხმა ჯაბა.

– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, – იმედი მიეცა აფერის საქმის გამომძიებელს, – გამოაჩინე უკანონოდ მითვისებული ფული. გვითხარი, სადაა 200 ათასი ევრო და, პატიოსან სიტყვას გაძლევ, დღესვე გაგათავისუფლებ პატიმრობიდან.

– მერე ნარკოტიკები? ჩემს ტუალეტში ხომ ას ოცი გრამი ჰეროინი აღმოაჩინეს და ამ საქმეს რა ეშველება? – გაუბედავად თქვა ჯაბამ.

გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს, იფიქრეს, ონიანი გავტეხეთო და ერთხმად უპასუხეს:

– ჩვენს ხელში არაა ყველაფერი? საქმე ჯერ არ გაბაზრებულა და, როგორც შევადგინეთ ოქმი, ისევე მოვსპობთ. არც მოწმეები გამოჩნდებიან და საქმეც გაიჩარხება.

– ეგ იმიტომ, რომ არანაირი ბარიგობის საქმე არ არსებობს და მოწმეებიც თქვენივე ნაბოზარი „ნასედკები“ არიან, – ჩაეცინა ჯაბას, მერე გამომძიებლებს სამი თითის კომბინაცია უჩვენა და უთხრა: – აი, ვაღიარო ნარკოტიკები! ფული კი არ მაქვს და იმ სირ ბაქოელ ბიზნესმენს ვიღაცაში ვეშლები. ღმერთი კი, ზემოდან იყურება და ჩემს ტყუილუბრალო გამწარებას არც თქვენ შეგარჩენთ და არც სხვებს.

– ეჰ, ონიანო, უგუნური ყოფილხარ. ნამდვილი სვანი ხარ, რქიანი სვანი, მაგრამ მაგ რქებს ციხე მოგამტვრევს, – ისევ ერთხმად უთხრეს ჯაბას გამომძიებლებმა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, შემდეგ პატიმრობა შეუფარდეს და მეორე დილას ციხეში გადაიყვანეს.

ჯაბა ღირსეულად შეხვდა პატიმრობას და მშვიდად ატარებდა ციხეში დღეებს. მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად, როგორც გამომძიებლების, ასევე ნათესაობის მხრიდან, რომ აფერა ეღიარებინა, 200 ათასი ევრო გამოეჩინა და ამით ნარკოტიკების საქმისგან დაეხსნა თავი, ჯაბა ჯიუტად უარყოფდა ორივე დანაშაულს და იმეორებდა, ჰეროინი ჩამიდეს, ბაქოელი ბიზნესმენი კი გამოსირებულია, ვიღაცაში ვეშლები და ხელს ტყუილად მადებსო.

ვინ არ მიუგზავნეს ჯაბას, რომ აფერა ეღიარებინა და სამაგიეროდ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მყარ გარანტიებს იძლეოდნენ, მაგრამ ჯაბა კვლავ იმავეს ამბობდა.

ერთ მშვენიერ დღეს, ჯაბას ციხეში ღვიძლი ბიძა – მამის ძმა ეწვია, რომელიც მასთან შესახვედრად სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოვიდა. მან ჯერ ძმისწული მოიკითხა. შემდეგ აქაურ-იქაური ამბები უამბო, ბოლოს საქმეზე გადავიდა და თავისი სათქმელი უთხრა. ჯაბამ ბიძამისს გაუღიმა:

– ჯამბულ ბიძია, მართლა უდანაშაულო ვარ. ის ბაქოელი ბიზნესმენი ერთი გამოსირებული ვინმეა და ვიღაცაში ვეშლები.

– გამოსირებული რომაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, შვილო, – ჩაეცინა ჯამბულს, რომელიც თავად იყო ახალგაზრდობაში თაღლითი და არაერთი აფერა ჰქონდა ჩადენილი, – აბა, ნორმალური კაცი ასე არიფულად როგორ გაატანს ქარს 200 ათას ევროს. მაგრამ, შენც მაგარი ვინმე ხარ. კაცმა ამხელა მაყუთი მოღუნე და თბილისში რამ გაგაჩერა, ჩემთან ვერ ჩამოხვედი მოსკოვში? კაი, ბატონო, დავუშვათ, ვერ ელევი აქაურობას და სხვაგან არ მიგიწევს გული. შე კაი დედმამისშვილო, რა გეხეტიალებოდა და გეწანწალებოდა ქუჩაში, სახლში ვერ დაიმალე? არ იცოდი, რომ ძებნას დაგიწყებდნენ? 200 ათასი ევრო 20 ლარი ხომ არაა!

– ჯამბულ ბიძია, – გაუღიმა ჯაბამ ბიძამისს – ამიტომ მეხეტიალებოდა და მეწანწალებოდა ქუჩაში, რომ უდანაშაულო ვიყავი და დასამალი არაფერი მქონდა.

ჯამბულმა ალმაცერად შეხედა ძმისწულს:

– დასამალიც გქონდა და იმალებოდი კიდეც შე მამაძაღლო, მაგრამ, ძმაკაცს ხათრი ვერ გაუტეხე, შვილის ნათლობაზე უარი ვერ უთხარი! ისე, სიმბოლურიც კია, რომ ავაზაკობისთვის ღვთის სახლში გაგსკვანჩეს.

„ეს ვის ავაზაკობაზე ლაპარაკობს”, – გუნებაში გაეცინა ჯაბას, ხმამაღლა კი უთხრა:

– სინდისს გეფიცები, ჯამბული ბიძია, არაფერი დამიშავებია, თანაც, სულელი ხომ არ ვარ, 200 ათასი ევროს გამო უვადო პატიმრობა გავუჩალიჩო საკუთარ თავს.

– 200 ათასი ევრო კარგი მაყუთია, ხეზე არ იკრიფება და ისე საკაიფოდ გაქვს ნაშოვნი, რომ დათმობა ძალიან ძნელია. ვიცი ეგ მე, ახალგაზრდობაში არაერთი მსგავსი საქმე გამიჩარხავს და ბოლომდე არც გამტყუნებ. თანაც, ღმერთმა უწყის, ახლა რა ჯობია. შეიძლება, სწორადაც კი იქცევი, იმ მაყუთს რომ არ აჩენ და, იქნება, აღიარებამ მეტ შარშიც ჩაგაგდოს. „ძაღლები“ სანდოები არ არიან და, ამხელა მაყუთის გამო კი არა, შეიძლება, ორი ათასი დოლარისთვის გაგისტუმრონ საიქიოს. მოკლედ, ასე ვქნათ, შვილო: შენი საქმე საკმაოდ რთულადაა და ადვოკატი დავიქირავე, რომელმაც რაღაც-რაღაცეები მირჩია.

– რა რაღაც-რაღაცეები?

– რა და, ისეთ ცუდ მდგომარეობაში ხარ, რომ უვადო პატიმრობისგან სიგიჟე თუ გიხსნის. თავი უნდა მოიგიჟიანო, პიროვნების გაორება გაითამაშო. ჯერ შეურაცხადად გცნობენ და ცოტა ხანს დურდომში გაგაჩერებენ, რომ არ გაგასამართლონ, მერე კი გამოგიშვებენ და, აიდა ფირმაში! გდიონ კუდში. საქმე თითქმის გაჩარხულია – რეზბალნიცის მთავარ ექიმს 3 ათასი დოლარი უკვე „გავუმაზე“ და ამ საღამოსვე თავისთან გადაგიყვანს, ერთ კვირას გაგაჩერებს, მერე კი საგიჟეთში გიკრავს თავს. აქედან სწორედ საგიჟეთის მთავარ ექიმთან მივდივარ და 3 ათასი დოლარი მიმაქვს „გასამაზად“, რომ საქმის კურსში იყოს და შენს შესახვედრად მოემზადოს. აბა შენ იცი, ბიძიკო. ახლა შენი ადვოკატი მოვა და აგიხსნის, როგორ უნდა მოიქცე. კითხვებსაც დაგისვამს და, იცოდე, არ დაიწვა და არ წამოგცდეს, რომ ბიზნესმენი „გაწეწე”. შინაური კი არის, მაგრამ, მაინც ადვოკატია და, რა იცი, რა მოუვა თავში. მოკლედ, პირველ ჩვენებას მიაწექი, შვილო.

– მასეა, ჯამბულ ბიძია და, ძალით ხომ არ დავიბრალებ დანაშაულს? ადვოკატი კი არა, ქრისტე-ღმერთი რომ მოვიდეს და მკითხოს, იმასაც მასე ვეტყვი. მასეა და რა ვქნა?

– მასეა ბიძიკო, მასე, აბა, სხვაგვარად როგორ იქნებოდა, – დაეთანხმა ძმისშვილს ჯამბული, ჯაბას კიდევ ერთხელ ესროლა მწველი მზერა და, სანამ პაემნების ოთახს დატოვებდა, უთხრა: – დიდი შებერტყილი ვინმე ჩანხარ. ასეთი ვიყავი მეც მაგ ასაკში. შენზეა ნათქვამი, კვიცი გვარზე ხტისო.

ჯამბულ ონიანი იმავე დღეს შეხვდა რაჟდენ რაჟდენოვიჩს, მოელაპარაკა და საქმის გაკეთების სანაცვლოდ 5 ათას დოლარს შეჰპირდა, 3 ათასი კი ავანსად გადასცა და წამოვიდა.

იმავე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს ჯაბა ონიანი და ბიძამისის მიერ დაქირავებული ადვოკატი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძვირად ღირებული იყო თბილისში.

ხშირულვაშა, წრიპა ადვოკატი, რომელიც დისტროფიკივით იყო გამხდარი, დინჯად შევიდა პაემნებისთვის განკუთვნილ ოთახში. მისი შემხედვარე ადამიანი იფიქრებდა, ეს-ესაა, სული გასძვრება და წაიქცევაო. თუმცა, მისი მოძრავი, შავი თვალები, რომლებშიც ეშმაკობა გამოსჭვიოდა, საპირისპიროზე მეტყველებდნენ და გამოცდილი თვალი მიხვდებოდა, რომ ეს ფიზიკურად მომცრო კაცი არც ისე ადვილად წასაქცევი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. მან უზარმაზარი, შავი ფერის ტყავის ჩანთა მაგიდაზე დადო, შემდეგ ჰალსტუხი გაისწორა და მხრებში გაიმართა, სერიოზული სახე მიიღო, ჯაბასკენ ნაბიჯი გადადგა და მისი ჰაბიტუსისა და აღნაგობისთვის უჩვეულოდ ბოხი ხმით წარუდგინა თავი:

– იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ადვოკატი ანტონ ურუშაძე. როგორ ბრძანდებით, ბატონო ედუარდ?

– რა ბრძანეთ, ბატონო? – ჰკითხა ანტონ ურუშაძეს ჯაბამ, რომელმაც მართლაც მკაფიოდ გაიგონა, რომ ედუარდი უწოდეს, მაგრამ მაინც გადაამოწმა და ადვოკატს ჩაეკითხა.

– როგორ ბრძანდებით, ბატონო ედუარდ? – უფრო მეტად დაიბოხა ხმა ადვოკატმა და მაგრად ჩამოართვა ხელი.

„აბა, ამას ასხია!.. ეს ვინ დაუქირავებია ბიძაჩემს”, – გაიფიქრა ჯაბამ და ადვოკატს უთხრა:

– მე ჯაბა მქვია და არა ედუარდი, ბატონო ჩემო და თქვენ რაღაც გეშლებათ.

– მდა?! – წაურუსულა ანტონ ურუშაძემ, ჯაბას ალმაცერად შეხედა და უთხრა: – მე არაფერი მეშლება, ბატონო ედუარდ, ხუმრობთ ალბათ.

– არა ბატონო ჩემო, რა მეხუმრება, – მხრები აიჩეჩა ჯაბამ, რომელსაც წრიპა ადვოკატი შეშლილად მოეჩვენა და გაღიზიანებულმა მიუგო: – ჯაბა ვარ ონიანი და არა ვიღაც ედუარდი.

ჯაბას სიტყვებზე ანტონ ურუშაძემ გულიანად გადაიხარხარა, მხარზე მოუთათუნა ხელი და უთხრა:

– თქვენი იუმორის გრძნობა მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. მაგრამ, თუ ასეთი ოხუნჯი იყავით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. თქვენ გინდათ, დამარწმუნოთ, რომ ედუარდ შევარდნაძე არ ხართ?

– ვინ ვარ? – ლამის თვალები გადმოუცვივდა ბუდეებიდან ჯაბას და ანტონს კითხვა გაუმეორა: – რა ბრძანეთ, ვინ ვარ?

– ედუარდ შევარდნაძე, – მშვიდად გაიმეორა ადვოკატმა, ჯაბა ყურადღებით შეათვალიერა და სრული სერიოზულობით უთხრა: – დიახაც, რომ ედუარდ შევარდნაძე ხართ და ეს იმაზე მეტად დამაჯერებლად უნდა უმტკიცოთ ყველას, ვიდრე ამას მე გინერგავდით, გასაგებია?

– დიახ, გასაგებია, მიხვდა ჯაბა.

– რა არის გასაგები? – სრული სერიოზულობით იკითხა ადვოკატმა.

– ის, რომ, – ყოფილი პრეზიდენტის ხმით განაგრძო ჯაბამ, – მე ვარ ედუარდ შევარდნაძე. მე გავაერთიანე გერმანია, მე დავშალე საბჭოთა კავშირი, მე მიწყობდნენ ტერაქტებს, ბოლოს რევოლუციაც მომიწყვეს. ახლა კი ჩემთვის ვარ, მემუარებს ვწერ და გულის სიღრმეში ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფუჭად ვოცნებობ.

– არა უშავს, პირველი ჯერისთვის კარგია, შეაქო ადვოკატმა ჯაბა, – ხშირ-ხშირად და მეტი დამაჯერებლობით იმეორე, რომ ედუარდ შევარდნაძე ხარ და, ეცადე, დაიჯერო, რომ ეს მართლაც მასეა.

– ეგ თუ დავიჯერე, გავგიჟებულვარ და ეგაა.

– დროებით მართლა უნდა გაგიჟდე. აბა, როგორ! სხვაგვარად ამათ თავს ვერ დააღწევ. რას იზამ. თანაც, გატყობ, რომ კარგი მსახიობური მონაცემები გაქვს და გიჟის როლის თამაში არ გაგიჭირდება. ისე დამაჯერებლად ამტკიცებ, ბაქოელი ბიზნესმენი არ გადამიგდიაო, რომ, ლამის მეც დავიჯერო.

– მართლა არ გადამიგდია.

– ყოჩაღ! – გაეცინა წრიპას, – ასეთ სტილში განაგრძე და ყველას უმტკიცე, რომ ედუარდ შევარდნაძე ხარ. მე კი წავედი, სხვა კლიენტები მელოდებიან. ახლა ერთი კაცი უნდა ვნახო და დავარწმუნო, რომ დიოგენეა.

– დიოგენე რატომ? – დაინტერესდა ჯაბა.

– იმიტომ, ჩემო ედუარდ, რომ იმ საცოდავს განდიდების მანია სჭირს, საკუთარი თავი ქრისტეფორე კოლუმბი ჰგონია და ვაკის ექვსოთახიანი ბინის გაყიდვა უნდა, რომ იმ ფულით კარაველა ააგოს, მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს და სახელი გაითქვას. ამით კი, ის თავის ოჯახს უსახლკაროდ ტოვებს და სწორედ მისმა ქალიშვილმა დამიქირავა. აუცილებლად უნდა დავარწმუნო, რომ დიოგენობა და კასრში ცხოვრება ბევრად უფრო სერიოზული და სასარგებლო საქმეა, ვიდრე კარაველათი ზღვა-ზღვა ხეტიალი და ამერიკის ძებნა. გიჟების უმეტესობა ფილოსოფოსობისკენაა მიდრეკილი და, იმედი მაქვს, ამით დავაბამ. თუ ეს მოვახერხე, სანამ ის კასრში გადაბარგდება, თავის ექვსოთახიან ბინას შვილს გადაუფორმებს და ყველანი კმაყოფილები იქნებიან. მოკლედ, წავედი, ბატონო ედუარდ, და დიდ წარმატებებს გისურვებთ გლობალურ პოლიტიკაში.

– ნახვამდის, ბატონო ანტონ!

– მშვიდობით, ძამიკო, მშვიდობით და, ღმერთმა ჩემი თავი აღარ დაგაჭირვოს!

ანტონ ურუშაძე წავიდა, ჯაბამ კი ოთახში გაიარ-გამოიარა, ბადრაგი მიიხმო და ედუარდ შევარდნაძის ხმით უბრძანა, რომ საპრეზიდენტო თვითმფრინავი გაემზადებინათ, რადგან ის მოსკოვში უნდა გაფრენილიყო ბორის ელცინთან შესახვედრად.

ჯაბა ონიანი იმავე საღამოს „რეზბალნიცაზე“ გააქანეს და, როგორც ჯამბულ ონიანთან იყო შეთანხმებული, მთავარმა ექიმმა ჯაბა ერთი კვირა თავისთან გააჩერა. შემდეგ კი, საბუთები გაუფორმა და შემდგომი გამოკვლევებისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნა.

რაჟდენ რაჟდენოვიჩი ჯაბას საბუთებს რომ გაეცნო, დაორთქლილი პენსნე გაწმინდა და კვლავ გაიკეთა, შემდეგ კაბინეტში გაიარ-გამოიარა, ბოლოს კვლავ უზარმაზარ სავარძელზე აბობღდა და ჩაილაპარაკა: „მდა, აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! 200 ათასი ევრო კარგი ფულია და ჩემს ჰონორარს მინიმუმ ერთი ნული აკლია”.

კარზე დააკაკუნეს.

– შემოდით! – დაიძახა ახალგაზრდა პროფესორმა და უზარმაზარი კაბინეტის მუხის კარებს მიაპყრო მზერა.

კაბინეტში პირველი ექთანი შემოვიდა, უკან კი ჯაბა ონიანი მიჰყვებოდა, რომელსაც ორი ბადრაგი მოაცილებდა.

ჯაბა საშუალოზე მაღალი, თხელი, მაგრამ ათლეტური აღნაგობის სიმპათიური ახალგაზრდა იყო, რომელსაც მომწვანო თვალები და ღია ფერის თმა ჰქონდა.

– რაჟდენ რაჟდენოვიჩ, პაციენტი თორმეტკვირიანზე გავაფორმეთ და შორენა ლუქსის „კოიკას“ ამზადებს! – უთხრა ახალგაზრდა პროფესორს ექთანმა, გვერდით გადგა და რაჟდენ რაჟდენოვიჩს ჯაბაზე მიუთითა.

– გამარჯობა, ჩემო კარგო, – მიესალმა პროფესორი ჯაბას, – როგორ გრძნობთ თავს?

– ცოტა არ იყოს, დავიღალე, – მიუგო პროფესორს ჯაბამ შევარდნაძის ხმით.

– დაიღალეთ და დაბრძანდით, დაისვენეთ!

ჯაბა სავარძელში ჩაჯდა და უზარმაზარი კაბინეტი დინჯად დაათვალიერა. შემდეგ ყელი მოიღერა და პროფესორს უთხრა:

– დიდ ენერგიას მართმევს ეს ოფიციალური შეხვედრები, განსაკუთრებით კი ხანგრძლივი გადაფრენები მღლის. ვბერდები, ჩემო კარგო, ვბერდები, ის ედუარდ შევარდნაძე აღარ ვარ, ადრე რომ ვიყავი. დროა, რომ შემცვლელი ვეძებო და ხელისუფლება ნელ-ნელა გადავაბარო ღირსეულს.

ბადრაგი გასუსული უსმენდა ჯაბას და მალულად ეცინებოდა, ექთანი კი გულგრილი გამომეტყველებით იდგა და პროფესორის განკარგულებას მოთმინებით ელოდა. საგიჟეთში თავისი ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში, მას არაერთი „დიქტატორი, კინოვარსკვლავი“ თუ მსოფლიო მნიშვნელობის სხვადასხვა „კორიფე“ უნახავს და უმეტეს მათგანს სველი პირსახოცითაც შეხებია. ამიტომ, „ედუარდ შევარდნაძესთან“ შეხვედრას მასზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მით უმეტეს, რომ ჟუჟუნა ნამდვილ შევარდნაძესთან იყო შეხვედრილი და მისთვის ხელიც კი ჰქონდა ჩამორთმეული. უფრო სწორად, თავად ედუარდ შევარდნაძემ ჩამოართვა ხელი სრულიად ნორჩ სანიტარ გოგონას, როდესაც ახლად გახსნილი ფსიქიატრიული კლინიკის დასათვალიერებლად იყო მისული. ჟუჟუს კარგად ახსოვდა ცეკას ახალგაზრდა მდივნის ვიზიტი საგიჟეთში და შევარდნაძის ხუმრობაც არ დავიწყებოდა, როდესაც მან სიტყვით გამოსვლისას თქვა: ისე უნდა იმუშაოთ, რომ თქვენი პაციენტები ყველაზე ჭკვიანი გიჟები იყვნენ მსოფლიოშიო.

ექთანი იუმორზე მწყრალად იყო. ამიტომ, შევარდნაძის ხუმრობა „ჭკვიანი გიჟის” შესახებ თავისებურად, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და ამ თეზის ცხოვრებაში განხორციელებას აქტიურად შეუდგა: ნორჩი სანიტარი ჟუჟუ ფსიქიატრიული კლინიკის მესვეურების ხელში მრისხანე იარაღად გადაიქცა და გიჟების მოჭკვიანებას დიდი გულმოდგინებით შეუდგა. იქ, სადაც არც ფსიქოთერაპია და არც წამალი არ ჭრიდა, საშველად ჟუჟუნას უხმობდნენ, რის შემდეგაც სველი პირსახოცით შეიარაღებულ, მსხვილმკლავება, ნიანგისყბიანი, წვრილშუბლა გოგონა სასტიკად უსწორდებოდა „ბუნტავშიკებს” და რამდენიმე წუთში ფსიქიატრიულ კლინიკაში სიმშვიდე, წესრიგი და იდილია ისადგურებდა.

ჟუჟუნა სანიტარი ორგანულად ვერ იტანდა აყალმაყალს და ყოველ ასეთ მცდელობას ჩანასახშივე ახშობდა. როდესაც საგიჟეთში ჟუჟუნა მორიგეობდა, ყველაზე აგზნებული და უმართავი ავადმყოფებიც კი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდნენ, რადგან კარგად უწყოდნენ, რომ სველი პირსახოცით შიშველ ტანზე ცემა არ ასცდებოდათ. ეს კი, მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ძვლების აუტანელ ტკივილს იწვევდა, ნაცემი ობიექტი კი უპატრონოდ ეგდო და ტკივილებისგან ღმუოდა. ასეთი აღმუვლებული ასობით ირიცხებოდა ჟუჟუნას ანგარიშზე და, ვინც ერთხელ იწვნევდა საკუთარ თავზე მის „პირსახოცოთერაპიას”, მეორედ ჭირივით ერიდებოდა მას. ამგვარად, ჟუჟუნა სანიტარი, მოგვიანებით კი ექთანი, ფსიქიატრიული კლინიკის უცილობელ ნაწილად, მის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტად იქცა და როგორც გამობრძმედილ ბოლშევიკებს აგზავნიდნენ ხოლმე კომუნისტები რევოლუციისა თუ სამოქალაქო ომის ურთულეს ცხელ წერტილებში, ასე მიუშვებდნენ ხოლმე სველპირსახოცმომარჯვებულ ჟუჟუს „აბუინებული” გიჟების დასაშოშმინებლად.

– შეგიძლიათ, წაბრძანდეთ! პაციენტი ახლა ჩვენს განკარგულებაშია და ჩვენ მივხედავთ – უთხრა პროფესორმა ბადრაგს.

ბადრაგმა კაბინეტი დატოვა, პროფესორი კი ჟუჟუნას მიუბრუნდა და უთხრა:

– შეგიძლია, შენც წახვიდე. მაგრამ, აქვე იყავი. როცა გამოგიძახებ, მოდი და ეს პატივცემული თავის პალატამდე მიაცილე.

– მაშ ასე, ჩემო კარგო, დღეიდან სამი თვის განმავლობაში ჩემი სტუმარი იქნებით. იმედია, ერთმანეთს გავუგებთ და დავმეგობრდებით. ბიძათქვენს ბატონ ჯამბულს, ამას წინათ შევხვდი და მან ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენა. თანაც, თქვენი საქმე და საბუთებიც შევისწავლე, სრულ ინფორმაციას ვფლობ თქვენზე და, გარწმუნებთ, ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. პირიქით, დაისვენებთ, გაერთობით, ცოტა გამოცდილებასაც შეიძენთ და სამი თვის მერე ჩიტივით თავისუფალი იქნებით. ასე რომ, ნურაფერზე იდარდებთ. მხოლოდ ერთს გთხოვთ და ნუ დამაღალატებთ.

– ბრძანეთ, ბატონო პროფესორო, – უთხრა ჯაბამ, რომელიც ვერ მიხვდა, რა თხოვნა შეიძლებოდა ჰქონოდა მასთან პროფესორს.

– ჩემო ჯაბა, – ჩაეცინა რაჟდენ რაჟდენოვიჩს, – ერთობ საინტერესო და ორიგინალური პერსონაჟი შეგირჩევიათ თქვენი მეორე „მესთვის“ და, უნდა გითხრათ, რომ ამ ამპლუას მშვენივრად ართმევთ თავს. რომ შემოხვედით და დაილაპარაკეთ, ვიფიქრე, ჩემ წინ მართლაც ის შეჩვენებული ედუარდი ხომ არ დგას-მეთქი. ჩემი თხოვნაა, რომ ასე განაგრძოთ და ნურც ავადმყოფებთან და ნურც მედპერსონალთან ნუ გაამჟღავნებთ თქვენს ნამდვილ სახელს. ათასი მტერი მყავს, უამრავი ინტრიგანია დადარაჯებული და, თუ გახმაურდა, რომ გეხმარებით, ყველაფერი ჩაიშლება, თქვენც ციხეში დაგაბრუნებენ, და მეც თქვენ გვერდით გამომამწყვდევენ. სამი თვე არც ისე დიდი დროა, რომ შევარდნაძის ტყავში ვერ გაძლოთ. თანაც, საინტერესოც კი უნდა იყოს ასეთი გარდასახვა და, ამ საქმეს ისე მიუდექით, როგორც თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ, გადამწყვეტ თამაშს. პრინციპში, ეს ასეცაა და, თუ ეს თამაში წააგეთ, მაშინ უვადო პატიმრობა არ აგცდებათ.

ჯაბამ პროფესორის გარეშეც მშვენივრად იცოდა, რომ გადამწყვეტ თამაშს თამაშობდა, რომელშიც აუცილებლად უნდა გაემარჯვა. ამიტომ რაჟდენ რაჟდენოვიჩს გაუღიმა და უთხრა:

– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო პროფესორო, ყველაფერს „ხუთიანზე“ შევასრულებ და ჯოჯოხეთის ცეცხლზეც რომ დამატრიალონ შამფურით, მაინც ვერავინ მათქმევინებს, ედუარდ შევარდნაძე არ ვარ-მეთქი.

– მჯერა, მჯერა, ჩემო კარგო. გეტყობათ, რომ სხარტი გონების და მტკიცე ნებისყოფის პატრონი ხართ და თქვენი მოტყუება ან მოტეხვა ურთულესი საქმეა. სხვა თქვენს ადგილას ვერც ბაქოელ ბიზნესმენს გააცურებდა და პირველივე დაკითხვაზე დაფქვავდა გადამალული 200 ათასი ევროს ადგილსამყოფელს. თქვენ კი ეს არ გააკეთეთ და სწორადაც მოიქეცით, რადგან, აქედან რომ გახვალთ, ტყვეობაში გატარებულ ტანჯვას ნეტარებით მოგვრილი წუთებით აინაზღაურებთ და ამაში თქვენ 200 ათასი ევრო დაგეხმარებათ.

ჯაბას გაეცინა და გაიფიქრა, „ეს რა შებერტყილი ვინმე ყოფილაო”, პროფესორს კი უთხრა:

– სამწუხაროდ, ვიმეორებ ბატონო პროფესორო – სამწუხაროდ, მართლა უდანაშაულო ვარ, ბაქოელ ბიზნესმენს ვიღაცაში შევეშალე და მისთვის 200 ათასი ევრო მე არ გამომირთმევია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, სამწუხაროდ, ეს მართლაც ასეა. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, თაღლითობა მე ჩამედინა და, როგორც თქვენ ბრძანეთ, აქედან გასვლის მერე ზღაპრული დრო გამეტარებინა – ჯაბამ პაუზა გააკეთა, ხელები გაშალა და განაგრძო, – მაგრამ, მხოლოდ თავისუფლებით ტკბობა მომიწევს, რაც, რა თქმა უნდა, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, ზღაპრულ დროსტარებაზე კი შემიძლია, მხოლოდ ვიოცნებო.

ჯაბას თავდაჯერებულმა ლაპარაკმა, ისე იმოქმედა პროფესორზე, რომ ტანში გასცრა, თუმცა, მხოლოდ წამით დაკარგა წონასწორობა და მალევე მოთოკა თავი. შემდეგ გამოცდილი ფსიქიატრის თვალი შეავლო ჯაბას და გაიფიქრა: „კერკეტი კაკალი ჩანხარ, ყმაწვილო, და ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობ, იმდენად დამაჯერებლად, რომ ლამის დავიჯერო შენი სიტყვები. მაგრამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცრუობ. ამიტომ, კერკეტო კაკალო, ვეცდები, გაგტეხო და გაგტეხ კიდეც, რადგან აქ მე ვარ მეუფე და ჩემს სამფლობელოში შენზე მაგრებიც გამიტეხავს”, – ჯაბას კი უთხრა:

– სამწუხაროა, მართლაც ძალიან სამწუხარო, რომ ასე ტყუილად გაებით. თუმცა, იცოდეთ, რომ ტყუილად არაფერი ხდება და, მადლობა ღმერთს, მე შემხვდით. ჩემო კეთილო მეგობარო, ყველაფერი ნათელია ჩემთვის. პირველი ჯერისთვის საკმარისია, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ახლა კი წადით და დაისვენეთ. მერწმუნეთ, რომ წინ საკმაოდ შინაარსიანი დღეები გელოდებათ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3