მილიონერის ქალიშვილი
აგათა კრისტი
პუარომ წერილი მიიღო. „ძვირფასო ბატონო! მოხარული ვიქნები, თუ გამონახავთ დროს და მეწვევით. საქმე ექსპრესში მომხდარ მკვლელობას ეხება. მიხვდებით, რატომაც ვარ დაინტერესებული მისი ობიექტური გამოძიებით.
მარად თქვენი ებენეზერ ჰოლიდეი...
პუარომ კითხვა დაამთავრა და თავის მეგობარს – ალექსს შეხედა.
– ვერაფერი გავიგე.
– შენ ეტყობა, დილის გაზეთები არ წაგიკითხავს. არც ებენეზერ ჰოლიდეის შესახებ გსმენია რამე?
– თუ ეგ ის ებენეზერ ჰოლიდეია, ამერიკის „ფოლადის მეფეს” რომ უწოდებენ, მაშინ მსმენია. გაზეთები რაღას წერენ?
პუარომ ახლა დილის გაზეთი გაშალა: „გუშინ საღამოს, საზღვაო ოფიცერმა, მატარებლის ვაგონში, თავის კუპეში ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა. ოფიცერი პლიმუტში ბრუნდებოდა, დისლოკაციის ადგილიდან. მან მაშინვე გააჩერა მატარებელი „სტოპ-კრანით” და პოლიციას შეატყობინა. მოკლული ოცდაათი წლის იქნება. აცვია ძვირფასი ტანსაცმელი, საკმაოდ მოდური და ელეგანტური. მისი ვინაობა დგინდება.
– მაინც ვერაფერი გავიგე.
– ალექს, ძვირფასო, დროა ბომონდში გაერიო. მოკლული მის ჰოლიდეია – სწორედ „ფოლადის მეფის” ქალიშვილი, ცნობილი არისტოკრატის, რუპერტ ქერინგტონის მეუღლე.
– აჰა, ახლა ვხვდები, რატომაც დასჭირდით მისტერ ჰოლიდეის. მაგ რუპერტ ქერინგტონის შესახებ მსმენია. აბსოლუტურად უპრინციპო და ქარაფშუტა ადამიანია.
– ჰო, ასეა. მის ჰოლიდეის ჩვევად ექცა უპრინციპო მამაკაცებთან ურთიერთობა – ლამაზი ქალები დიდი ჭკუით რომ არ გამოირჩევიან, მოგეხსენებათ. ქერინგტონს სანამ გაჰყვებოდა ცოლად, ვინმე გრაფ დე როშფორს იყო გადაკიდებული. მან ადვილად დაახვია თავბრუ რომანტიკულ ქალიშვილს და ქალის მამა დროზე რომ არ ჩარეულიყო, კარგად გაუსუფთავებდა ჯიბეებს. თუმცა, მის ჰოლიდეიმ მაინც მოახერხა ქერინგტონს გაჰყოლოდა ცოლად.
– ალბათ, მისტერ ჰოლიდეი ეჭვობს, რომ მკვლელობა მისმა სიძემ შეუკვეთა.
– ვნახოთ. გცალიათ, რომ მასთან გამომყვეთ?
– სიამოვნებით. საქმე მაინც არაფერი მაქვს. საინტერესოც იქნება, თვალყური ვადევნო, როგორ მუშაობთ.
ტაქსი პარკ-ლეინზე, მდიდრული სახლის წინ გაჩერდა. ჩაფსკვნილი, მკვირცხლი მამაკაცი მათ პარმაღზე მიეგება.
– მესიე პუარო, რომ იცოდეთ, რა დღეში ვარ. ჩემი საყვარელი გოგო, ჩემი ნიბლია... ხომ დამეხმარებით მესიე... ძვირფასო, თქვენს მეტი ამას ვერავინ შეძლებს.
– აქ ამიტომაც ვარ, ჩემო მეგობარო, მაგრამ დამშვიდდით და ყველაფერი დალაგებით მომიყევით... რატომ გაემგზავრა მის ჰოლიდეი პლიმუტში?
– საქმეც ისაა, რომ პლიმუტში სულაც არ მიდიოდა. ჰერცოგინია ხუონსელმა მიიპატიჟა ევონმიდ-კორტში. მატარებელში ჩაჯდა თორმეტის თხუთმეტ წუთზე, პალინგტონის ვაგზალზე და ორ საათში უკვე ბრისტოლში იყო. იქ წესით უნდა გადამჯდარიყო ეკსეტერისკენ მიმავალ ექსპრესში. კუპეში მარტო იყო. მე ის მთლიანად ვიქირავე. მისი პირადი მსახური ქალი, მეზობელ ვაგონში, მესამე კლასის კუპეთი მგზავრობდა. ჰერცოგინიასთან მეჯლისი უნდა მოეწყოთ. იქ მთელი თვე აპირებდა დარჩენას. ამიტომ, ჩემმა ქალიშვილმა თითქმის მთელი თავისი ძვირფასეულობა თან წაიღო. დაახლოებით, სამასი ათასი დოლარის.
– სამკაული დაიკარგა? ვის ჰქონდა ისინი, თქვენს ქალიშვილს, თუ მის მოსამსახურეს?
– ჩემს ქალიშვილს. არასდროს იშორებდა – სპეციალური, საფირონებით მოჭედილი ფუტლარიც კი შეუკვეთა.
– გააგრძელეთ, თუ შეიძლება.
– ბრისტოლში, მოსამსახურე ქალი, ჯეინ მეისონი თავისი ქალბატონის კუპეში შევიდა. ჩემმა ქალიშვილმა კი უთხრა, რომ მისი გეგმები შეიცვალა. აღარ აპირებდა ბრისტოლში ჩასვლას და უბრძანა, მას ბუფეტში დალოდებოდა, სანამ დღის მეორე ნახევარში უკან არ დაბრუნდებოდა. ჯეინი დაემორჩილა მას. ბარგი შემნახველ საკანში ჩააბარა და ქალბატონს ლოდინი დაუწყო, მაგრამ ის არ დაბრუნდა. ღამე იქვე, სასტუმროში გაათია. დილით კი, სახლში დაბრუნდა. მომხდარის შესახებ მხოლოდ დილის გაზეთებიდან შეიტყო.
– შეიძლება, მაგ თქვენს მოსამსახურეს დაველაპარაკო?
– რა თქმა უნდა. ახლავე დავუძახებ. ჯეინმა მითხრა, მგონი, ფლორი კუპეში მარტო არ ყოფილაო.
პუარომ შუბლი მოისრისა.
– მდა, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენმა სიძემ მოკლა ცოლი?
მისტერ ჰოლიდეის ყოყმანი დაეტყო. პუარო მიუხვდა.
– ჩემო მეგობარო, შეგიძლიათ, ყველაფერი მომიყვეთ. რაშია საქმე?
– ის ნაძირალა როშფორი გამოჩნდა – გრაფი. წერილი მოსწერა ფლორს და შეხვედრას სთხოვდა, ოღონდ არ მითხრათ, წერილი ხელში როგორ ჩამივარდა.
– არ გკითხავთ, ისედაც ვიცი. მოსამსახურე ქალმა მოგიტანათ. დაუძახეთ მას, გეთაყვა...
მისტერ ჰოლიდეი მოსამსახურე ქალის მოსაყვანად გავარდა. პუარომ მომენტით ისარგებლა და თავის მეგობარს მიუბრუნდა.
– აბა, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– იმას, რომ მოხუცი ძალიან შეწუხებულია და არაფერს დაიშურებს მკვლელის საკადრისად დასასჯელად.
– მაგას არ გეკითხებით, მკვლელი ვინ გგონიათ?
– თუ ფლორის ქმრის ქერინგტონის „პორტრეტს” გავითვალისწინებთ, ალბათ, ცოლის ქონების ხელში ჩაგდება მოუნდა. არც გრაფი როშფორის გამორიცხვა შეიძლება. მან შეხვედრა დაუნიშნა ქალს. ისიც ძველი სიყვარულის ხათრით შეხვდა. როშფორმა მოკლა და გაძარცვა.
პუარომ თავი გააქნია.
– შეიძლება ქერინგტონიც და როშფორიც ნაძირლები არიან, მაგრამ მკვლელობაზე არც ერთი არ წავიდოდა. ამ ტიპის მამაკაცები ქალებს არ კლავენ. მათგან ისედაც იღებენ იმას, რაც სურთ. აქ საქმე სხვანაირად არის. ოღონდ ჯერ, ის ჯეინ მეისონი უნდა დავკითხო.
ოთახში მკაცრი სახის ქალი შემოვიდა და პუაროს წინ გაჩერდა.
– თქვენ მისტერ ჰოლიდეის უთხარით, რომ მისი ქალიშვილი კუპეში მარტო არ იყო.
– დიახ, სერ, მე კარგად ვიცნობდი ჩემს ქალბატონს და ბრისტოლში ის საკუთარ თავს არ ჰგავდა. ნერვიულობდა და მთხოვა, მასთან არ შევსულიყავი. მეტსაც გეტყვით, სერ, მე ვნახე ის კაცი.
პუარო შესამჩნევად გამოცოცხლდა.
– მართლა? მკვლელი ნახეთ? აბა, ამიწერეთ.
– ვერ დავამტკიცებ, რომ ქალბატონი მან მოკლა, მაგრამ ისინი ერთად იყვნენ.
– იცანით?
მოსამსახურე შეყოყმანდა.
– კარგი. მე გაგიმარტივებთ შეკითხვას. შეიძლებოდა, თუ არა, რომ ის მისტერ ქერინგტონი ყოფილიყო?
– მე მისი სახე არ დამინახავს, მაგრამ აღნაგობა... შეიძლებოდა...
– მომისმინეთ, ჯეინ, თქვენს ქალბატონს შეხვედრა ჰქონდა გრაფ როშფორთან. ხომ გინახავთ გრაფი როშფორი.
– დიახ, სერ, ვერ უარვყოფ.
– ის უცნობი ჰგავდა გრაფს?
– გრაფს და ბატონს ერთნაირი აღნაგობა აქვთ.
– ვინ ნახა თქვენი ქალბატონი ბრისტოლში? – იკითხა პუარომ.
– გაზეთების გამყიდველმა ბიჭმა დაიმახსოვრა ის, სერ. ფლორს ღია ყვითელი კოსტიუმი ეცვა, მწვანე ბაფთებით...
– გასაგებია! – პუარო მისტერ ჰოლიდეის მიუბრუნდა, – შეგიძლიათ, გამოიძახოთ პოლიცია და მკვლელი დააპატიმროთ. ის თქვენს წინაშეა.
– რაო? კი, მაგრამ როგორ...
– გრაფი როშფორი ორი წელია, ინდოეთშია. თქვენი მოსამსახურე, ჩემი მეგობარივით არ კითხულობს ბომონდურ ქრონიკებს. სამაგიეროდ, დიდი ხანია, ეძებდა შესაფერის მომენტს, თავისი ქალბატონი რომ გაეძარცვა. მან ფლორი ბრისტოლამდე მოკლა. მერე კი მისი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი კოსტიუმი ჩაიცვა და ბაქანზე გამოვიდა. ვის არ დაამახსოვრდება ყვითელ-მწვანებაფთებიან სამოსში გამოწყობილი ქალი. მის ჯეინ, სხვა დროისთვის იცოდეთ, როცა მაღალი დონის ქალბატონებთან გაქვთ საქმე, ყოველთვის წაიკითხეთ „ბომონდური ქრონიკები”. ის წერილიც ხომ თქვენ დაჯღაბნეთ და შეაჩეჩეთ მისტერ ჰოლიდეის. იფიქრეთ, რომ მკვლელობას მისტერ ქერინგტონს, ან გრაფს დააბრალებდნენ...