ღამის საჩუქარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26–29(499)
„ყველაზე საოცარი და უჩვეულო ამ ამბავში სიზუსტე იყო. ყველაფერი წარმოუდგენელი სიზუსტით, ეპიზოდური პრინციპით მეორდებოდა. ვისაც კინოსთან რამე შეხება ჰქონია, ის მიმიხვდება. შეიძლება თავად ტერმინი „ეპიზოდური პრინციპი” სწორი არ იყო, მაგრამ, მე ვფიქრობ, ასე უკეთესად გამოვხატავ იმ დღეების რეალობას, თუმცა, მე რა შუაში ვარ...“
ლაშამ თვალები მოისრისა და ოთახში მიმოიხედა. არ ეჩვენებოდა, ნამდვილად თავის ბინაში იყო და ნამდვილად დივანზე იწვა, ოღონდ, აღარ ეძინა და ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დარწმუნდა, როცა მწარედ იჩქმიტა მკლავზე... ახლა უკვე ვეღარ იტყოდა, რომ ეს შემთხვევითობა იყო. ლამის დაძინების შეშინებოდა. ასეც იქნებოდა, სიზმარი სასიამოვნო და იმედის მომცემი რომ არ ყოფილიყო. თუ ამ ყველაფერს დაიჯერებდა, მაშინ... ლაშას იმის წარმოდგენაც კი გაუჭირდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მაშინ... ადგა, შარვალი ჩაიცვა. ჯიბეში სიგარეტი მოიძია და აივანზე გავიდა. აქედან ცოლის საძინებელი ოთახის, რომელიც სულ რაღაც ექვსიოდე დღის წინ მისი საძინებელი ოთახიც იყო, ფანჯრის მხოლოდ კუთხე ჩანდა. უცებ საშინლად მოუნდა, შესულიყო ლიკასთან და ყველაფერი მოეყოლა მისთვის, იქნებ მერე, რაღაც კონკრეტულიც მოეფიქრებინა, მაგრამ გაახსენდა, რომელ საათზე დაბრუნდა მისი ცოლი სახლში და ამოიოხრა. ლიკა სპეციალურად უშლიდა ნერვებს. სარგებლობდა, ბავშვი დედამისს აგარაკზე რომ ჰყავდა წაყვანილი და მთელი აღმზრდელობითი პოტენცია ქმრისკენ მიმართა. „ჩემი გამოსწორება უნდა, მაგრამ, ნეტავი ვიცოდე, რას გულისხმობს ამ გამოსწორებაში? თუ ფიქრობს, რომ, იმით შეშინებული, არიქა ცოლმა არ მიღალატოს, თორემ, გავიქცევი და ბექას კისერს მოვუგრეხ... რა სისულელეა! ჯერ ერთი, არც ვიცი, სად უნდა ვეძებო. მეორეც... მაგრამ, რად მინდა მეორე, როცა პირველიც სრულიად საკმარისია, ანუ, საკმარისია, რომ ლიკას ილუზიები ქარს გავატანო... თუმცა, ერთი „მაგრამ“ მაინც არსებობს – შანსი იმისა, რომ ლიკამ „წაიცელქოს“... ჰა, ჰა, ჰა, როგორ დაგერხა, ლაშა, ძმაო?!” – ლაშამ სიგარეტის ნამწვი უხეიროდ გადააგდო და თითებიც დაიწვა, შეიგინა და კოლოფში ახალ სიგარეტს დაუწყო ძებნა. ამაშიც არ გაუმართლა – კოლოფი ცარიელი აღმოჩნდა. ბრაზით მოჭმუჭნა და აივანზე მოისროლა, ლიკას საყვარელ აივანზე, განსაკუთრებული გულმოდგინებით რომ უვლიდა... ნეტავი, სად იყო წუხელ და, საერთოდ, სად დადის? ეტყობა, იმ ჩერჩეტ სოფოსთან ერთად დახეტიალობს აღმა-დაღმა. იმას ხომ მეტი ჭკუა არ აქვს. თუმცა, სათავისო ჭკუა კი აქვს. საიმისო, რომ კაცები „შეაბას”. ამ ჩემი ცოლისგან რაღა უნდა, ვერ გამიგია. რომ ვნახო და ვკითხო, ვინ ვიქნები? – ბრიყვი და სულელი ქმარი, რომელსაც ყურსუკან პაწაწინა რქები ამოსვლია და არ იცის, როგორ მოიფხანოს. არა, ამ სიამოვნებას სოფოს ნამდვილად ვერ მივანიჭებ, გამორიცხულია. ისევ ლიკას დაველაპარაკებოდი, მაგრამ ახლა ესეც არ ღირს. სწორედ მაგას ელოდება, რომ ნიშნი მომიგოს და კიდევ ერთხელ მაგრძნობინოს, არარაობა ხარო. ყველაზე ნაღდი გამოსავალი ფულის შოვნაა და მართალია ის ხალხი, ვინც ამბობს თუ არ გარისკე, შამპანურს ვერ დალევო. ლიკას კი ისე უყვარს შამპანური...
„იცით, როდის გავიგე შამპანურის გემო? ნამდვილ შამპანურს ვგულისხმობ და არა იმ გაზიან სითხეს, რომლითაც სავსეა ჩვენი სუპერ თუ ისე მარკეტები. მოკლედ გეტყვით, უფრო სწორად, გირჩევთ, არ დალიოთ, შამპანურად წოდებული პროვოკაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნამდვილ შამპანურთან, თორემ ვერასოდეს ჩასწვდებით იმ სიბრძნის არსს, რომელსაც ის ადამიანები ამბობენ ხშირად, ვისაც რისკის ეშინია. ცოდვა გამხელილი სჯობს და, არც მე ვყოფილვარ რისკზე გაგიჟებული, მაგრამ ახლა არ ვნანობ. ეს ყველაფერი ღირდა თუნდაც იმად, რომ მე შამპანურის გემო გამესინჯა. ერთი სიტყვით, რისკი მართლაც კეთილშობილური საქმეა, ერთი ეგ არის, ყოველთვის არ ამართლებს, იმიტომაც ჰქვია რისკი და იმიტომაც გერგება ჯილდოდ შამპანური – შუშხუნა, ჰაეროვანი, ჟრუანტელის მომგვრელი, მართლაც რომ დიდებული და გამარჯვებულთა საკადრისი. ვერ უარვყოფ, კარგი გრძნობაა, როცა შესაძლებლობა გაქვს, საკუთარი სიამოვნებისთვის ჩვეულებრივი მოქალაქის სამი თვის ხელფასი გადაიხადო. შეიძლება, უნდა მრცხვენოდეს ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არანაირად არ ამიგია სხვათა გაჭირვებაზე და ეს ძალიან მახარებს, გამარჯვებით ტკბობის უფლებას მაძლევს. ძალიან ცოტა ხნის წინ, ხომ მეც იმ „სხვათა” ნაწილი ვიყავი – „ნაცრისფერი გაურჩევლობა“... ჰო, ზუსტად ვთქვი: – „ნაცრისფერი გაურჩევლობა”, რომელიც არავის აინტერესებს და არც არავის დააინტერესებს, სანამ იმ „სხვებისგან” რაღაცით არ გამოირჩევა და ერთი კარგად არ „გაფიარდება”! აბა, ფიარის გარეშე რა არის ჩვენი და მილიონერების ცხოვრება?..“
***
ვახომ შუბლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა და პერანგის ზედა ღილი შეიხსნა... ლაშამ გამამხნევებლად ჩაუკრა თვალი:
– რა იყო, გეშინია? მოეშვი! მიდი, ბარში სასმელი აიღე!
– არა, უბრალოდ, მერჩივნა, არ გამოგყოლოდი.
– ვაფასებ შენს გულახდილობას, მაგრამ თუ რამეს არ დალევ და ადამიანს არ დაემსგავსები, შენთან დამშვიდობება მომიწევს.
– იქნებ, ასეც ჯობდეს. მართლა ძალიან ვნერვიულობ. რომ წააგო?
– არ წავაგებ. დარწმუნებული ვარ. თანაც, დიდ თანხაზე არ ვითამაშებ. ამდენსაც არ გავრისკავ. სულ ათასი დოლარი მაქვს.
– რამდენი? – თვალები გაუფართოვდა ვახოს.
– ათასი დოლარი – ბევრია?
– ჰმ, გააჩნია, ვისთვის. შენთვის ბევრი უნდა იყოს. საიდან მოიტანე?
– ჩემი ცოლის საკრედიტო ბარათიდან მოვხსენი ჩუმად. რომ გამიგოს, გაგიჟდება, მაგრამ არ უნდა გაიგოს. ხვალვე წავალ ბანკში და უკანვე შევიტან.
– ჰო, თუ მოიგე.
– მოვიგებ, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა ლაშამ და დარბაზი მოათვალიერა.
– თუ რამე გაქვს ჩაფიქრებული, იცოდე, რომ არ გამოგივა, – გააფრთხილა ვახომ, – ამათ ხომ ხედავ, – მიუთითა ყურში გადამცემგაკვეხებულ ახმახებზე, – ამათ გარდა, ყველგან ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. შენი უმნიშვნელო მოძრაობაც კი არ გამოეპარებათ, ეგრევე გაგვსკვანჩავენ.
– არაფერიც არ მაქვს ჩაფიქრებული. – დაამშვიდა ლაშამ.
– მაშინ, გირჩევნია, იმაზე იფიქრო, რა პასუხს გასცემ შენს ცოლს, მე კი, წავედი, რა...
– მოიცადე, არ დამტოვო. ერთი საათიც არ დამჭირდება, უცებ მოვიგებ და წამოვალ.
– აუ, ასიანია, შენ რაღაც იცი – შარში მხვევ, რა... არ გეწყინოს, მაგრამ წავალ... მერე მომიყევი, რას იზამ.
ლაშამ დააპირა, კიდევ ეთხოვა ვახოსთვის დარჩენა, მაგრამ, უცებ იგრძნო, რომ ჯობდა, ეს საქმე მარტოს გაეკეთებინა. ამიტომ, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და სათამაშო მაგიდისკენ გაემართა...
„ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ფიქრობ, რომ უკვე აღარაფერი შეიცვლება... ერთ დღეს, მოულოდნელად გაგიმართლებს და ვერც კი მიხვდები, ეს რით დაიმსახურე... საერთოდ, ადამიანები ან გადაჭარბებით აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ან საერთოდ არ აფასებენ. გადაჭარბებით აფასებენ, როცა ზურგს ფული უმაგრებთ. თვითშეფასების ზღვარი მინიმუმამდე ეცემა, როცა ჯიბეში ფული დნება და ქრება. ან, საერთოდ, არც არის... გინდა, თუ არ გინდა, შენგან დამოუკიდებლად იცვლება ბალანსი. ამას ვერაფერს უშველი და, ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა და შეეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, ჯერ კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს ინატრებ, საკუთარ სურვილებში ჩამოყალიბდი, გაითვალისწინე, უფრო სწორად, როგორმე წინასწარ გაითვალისწინე, რა შეიძლება მოხდეს, თუ ერთ დილით შენი ოცნება ხორცს შეისხამს. ჭკუის დამრიგებლად იმიტომ მოგევლინეთ, რომ გამოცდილება მაძლევს ამის უფლებას. მე ეს გზა უკვე გავიარე და გაცილებით გამიადვილდებოდა სიახლეებთან შეგუება, თუკი წინასწარ მეცოდინებოდა, რას უნდა შევგუებოდი. რეალობა, რომლის პირისპირაც აღმოვჩნდი, გაცილებით უფრო რთული და წინააღმდეგობებით სავსე აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ამ რეალობამ საკმაოდ ძნელად და მტკივნეულად მიმიღო... თუმცა მიმიღო, კი?!.“
ლიკა ჩაფიქრებული ურევდა ყავას. არც შეუნიშნავს სოფო, რომელმაც რამდენიმე წუთი უყურა და მერე აკისკისდა:
– ეგ ყავა ცივია უკვე, ახალს დაგისხამ!
– სოფო, შენ ხარ? მგონი, შესვენებაც გავიდა, მე კი ამის დალევაც ვერ მოვასწარი.
– რას მოასწრებდი, გაშტერებული ურევ და და ურევ... ისევ პრობლემები და ისევ ლაშასთან. გამოვიცანი?
ლიკამ უხალისოდ დაუქნია თავი.
– იმ მეორესთან როგორ არის საქმე? – ეშმაკურად ჩაიცინა სოფომ.
– რომელ მეორესთან?
– კარგი რა, ვითომ ვერ ხვდები! დავინახე, რომ ელაპარაკებოდი.
ლიკა შეიჭმუხნა:
– შენი წყალობით, ჩემი ყველა პრობლემის შესახებ იცის. ალბათ, სახლის მისამართიც მოახსენე, ტელეფონის ნომერიც... აქ უკვე მომაკითხა... ხვალ, ან ზეგ ოჯახშიც მომაკითხავს...
– ვინ, ანდრო? არა, ეგ სხვანაირი ტიპია, არაფერი შეეშლება.
– უკვე შეეშალა.
– მაინც, რა შეეშალა?
– შენ არ გეტყვი. გთხოვ, ნურაფერს შემეკითხები. საერთოდ არ მინდა, ამ თემაზე საუბარი. ანდრო ჩემთვის არაფერს ნიშნავს. საერთოდ არაფერს.
– ჰო, რა თქმა უნდა, – თავი გადააქნია სოფომ.
– სულ ტყუილად იღიმი, მე ანდროზე სერიოზულად არასოდეს ვიფიქრებ, მას ჩემთან შანსი არ აქვს.
– ანდროს უღირს ამ რისკზე წასვლა. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს.
– იმედი გაქვს?! უკვე მოასწარი და ელაპარაკე ჩემზე. ასეა, ხომ? თუმცა არ მიკვირს, უბრალოდ, საშინლად არ მომწონს, რომ თამაშობ. პირდაპირ მითხარი, რომ დაინტერესებული ხარ ჩემი და ანდროს დაახლოებით.
– მე?! – სოფომ წამწამები დაახამხამა. – რა სისულელეა! მართლა „მამაშა” ხომ არ გგონივარ. მით უმეტეს, შენთან დაკავშირებით ასეთი რაღაც აზრადაც არ მომივიდოდა. თუ სიმართლე გინდა, ანდრო ჩემთვის მინდოდა, მაგრამ, მას შენნაირი ქალები მოსწონს.
ლიკა მოიღუშა:
– ანუ, გათხოვილები, ყველაფერი გავიგე. აუცილებლად ვიღაცას უნდა წაართვას, „დააწეროს”, რომ საკუთარი მამაკაცური უპირატესობა დაუმტკიცოს, ვიცნობ ასეთ ტიპებს – რომ ჰგონიათ, ფულით ყველაფერს იყიდიან... მაგრამ, მალე მიხვდება, რომ ჩემთან ეს არ გაუვა.
– ჰო?! რა ვიცი, რა ვიცი...
– ეჭვი გეპარება?
– ვნახოთ. არ მიყვარს, წინასწარ პროგნოზების გაკეთება. მირჩევნია, მოვლენების განვითარებას დაველოდო.
– მაგით რისი თქმა გინდა?
– ლიკა, მე შენ მომწონხარ და მინდა, ვიმეგობროთ. შენთვის ცუდს არასოდეს მოვინდომებ, ანდროს შეუძლია, შენი ყველაზე სანუკვარი სურვილები შეასრულოს. იცი, რამდენი ფული აქვს?
– მე ფული არ მაინტერესებს.
– გაინტერესებს ლიკუნა, გაინტერესებს, თანაც როგორ გაინტერესებს. მე ვერ მომატყუებ. უბრალოდ, არ გინდა, ეს შეგეტყოს. რატომ არ გინდა, ესეც ვიცი... მერე ვეღარ დაარწმუნებ საკუთარ თავს, რომ რაღაცით ჩემზე უკეთესი ხარ. არ გინდა, ნურაფერს მიპასუხებ. მე არც აღიარება მჭირდება, არც უარყოფა, ისედაც ვიცი, რომ სიმართლეს ვამბობ. არა უშავს, არსად მეჩქარება, მოვა დრო და მიხვდები, რომ მე შენი მტერი არ ვარ.
– სოფო, მე მიყვარს ჩემი ქმარი. ნუთუ ამის გაგება ასეთი ძნელია? – ამოიოხრა ლიკამ.
– მესმის, მაგრამ, იმას ვერ ვხვდები, ამ სიყვარულს მსხვერპლად რატომ უნდა შეეწირო. ანდრო იმას მოგცემს, რისი მოცემაც ლაშას არ შეუძლია.
– მე ლაშას ვუყვარვარ, – დაიცვა ქმარი ლიკამ. სოფოს მის ასეთ გულუბრყვილობაზე გაეცინა.
– გყავდეთ ერთმანეთი. არავინ გიშლით, მაგრამ, ისიც არ დაგავიწყდეს, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, მიხედვ-მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ ხელებში ჩაგიდნება. სიამოვნება უნდა მიიღო, მიზანი კი ყოველთვის ამართლებს საშუალებას.
– მე ასე არ ვფიქრობ, – კიდევ ერთხელ სცადა ლიკამ, სოფოს არგუმენტების „გაბათილება,” მაგრამ...
– ზუსტად ასე ფიქრობ, – მოუჭრა სოფომ, – იმაზე კი, რატომ არ აღიარებ ამას, უფრო სწორად, რატომ არ გინდა, რომ აღიარო, უკვე გელაპარაკე.
ლიკამ გაცივებული ყავა გადაღვარა. ჭიქა ურნაში ჩააგდო და თავისი კომპიუტერისკენ გაემართა... გულის სიღრმეში სოფოს ბევრ რამეში ეთანხმებოდა, მაგრამ არ ტყუოდა, როცა ამბობდა, ქმარი მიყვარსო. თუმცა, ანდროც აინტერესებდა. არა, შეიძლება, არც აინტერესებდა, მაგრამ, მისი ყურადღება აშკარად ძალიან სიამოვნებდა. თავს იმით იმშვიდებდა, რომ ფიქრობდა, ნებისმიერი ქალი, ჩემს ადგილას იმავეს იგრძნობდაო. აბა, ქალი რის ქალია, კაცისგან ყურადღება არ ესიამოვნოს და არ გაეკეკლუცოსო, მაგრამ, პაემანზე მისვლისგან თავს იკავებდა. იმ დღის მერე, რაც ბანკში მისულს ანდრო შესასვლელთან დახვდა, კაცისგან მხოლოდ ერთი მესიჯი მიიღო, ისიც, ძალიან ზრდილობიანი და მოკლე. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ მოკითხვა და დამშვიდობება, მალე ნახვის იმედით. ლიკამ მესიჯზე არ უპასუხა და ცოტათი გულიც კი დასწყდა, კაცმა მის დუმილს დუმილითვე რომ უპასუხა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი მზერა თან დაჰყვებოდა. სახლიდან თუ სამსახურიდან გამოსული, ფრთხილად ზვერავდა გარემოს. თითქოს კაცი იქვე ახლოს ყოფილიყო ჩასაფრებული... ლაშა კი სულ უფრო უცნაურად იქცეოდა. ანდროზე ფიქრში გართულს, ლიკას მასში მომხდარი რაღაც ცვლილება გამოეპარა, თუმცა, იმას კი მიხვდა, რომ ქმარს ისეთი საზრუნავი მოუხსნა, რომელიც მას სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას აღარ აძლევდა. ლიკამ გადაწყვიტა, რომ ეს ის ვალი იყო, ლაშამ თავისი სისულელით რომ წამოიკიდა ზურგზე, მაგრამ, რამდენჯერმე ქმრის ბედნიერი გამოხედვა დაიჭირა და დაეჭვდა... „აფრენს ეს თუ რაღაცაშია საქმე? მაგრამ, რაში უნდა იყოს. უფულო და ჯიბეგაფხეკილი ვის სჭირდება!.. – ლიკას ჯერ გაეღიმა, მერე გაახსენდა, როგორ ყვებოდა სოფო ქალებზე, რომლებიც იქით უხდიან კაცებს „მომსახურებაში”... „თუ ახლა ჩემმა ქმარმა ბებერი და ფულიანი საყვარელი გაიჩინა, მაგარი გამოსავალი მოუძებნია. რა უნდა ველაპარაკო, ნერვებს მიშლის და ფულისთვის ვიღაც ბებრუხანებს „ასიამოვნებს”... საღამოს აუცილებლად დაველაპარაკები. აუცილებლად, თუმცა, ისიც არ ვიცი, რაზე ველაპარაკო. როგორ მჭირდება ერთი კარგი რჩევა, მაგრამ სოფოს ვერ ვენდობი, დედაჩემი კი კიდევ ერთხელ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ ოჯახი წმიდათა წმინდაა და, რომ ჩემს ქმარზე უარესი ქმრებიც ჰყავთ... მოკლედ, არ არის ჩემი საშველი და ესაა. მგონი, სოფო ჩემზე ჭკვიანია, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს და საერთოდ არაფერზე დარდობს. მერე ვინმე ფულიან სულელსაც იპოვის, კიდევ უფრო გამოასულელებს და ცოლადაც გაჰყვება. მე კი ისე დავბერდები, ნაოჭების გასასწორებელ ფულსაც ვერ დავაგროვებ. სამაგიეროდ, ლაშა შეამჩნევს იმას, რომ, თურმე, ასაკი მომმატებია და თუ იმ პერიოდისთვის ფული ექნება, პატარა გოგონებს დაუწყებს უკან დევნას. აი, რა პერსპექტივა მელის. აი, რა რეალობის წინ აღმოვჩნდები, რამდენიმე წლის შემდეგ... რატომ უნდა შევეწირო მსხვერპლად კაცს, რომელსაც არაფრად ვუღირვარ? რომელი კაცი ღირს ამად?“ – ლიკამ იმდენი იფიქრა, რომ სამუშაო დღის ბოლოს გემრიელად „დაიგრუზა” და დაიბოღმა. ბინაში იმ განწყობით შევიდა, რომ ქმრისთვის ყველაფერზე მოეთხოვა პასუხი. ლაშა შინ იყო. სამზარეულოში სუფრას შლიდა და ღიღინებდა.
ცოლის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და მხიარულად დაუქნია ხელი:
– რა კარგია, ადრე რომ მოხვედი, ერთად ვივახშმებთ! შენი საყვარელი ქათმის რულეტი ვიყიდე, კიდევ სალათა „ცეზარი,” „ტირამისუ” და მარტინი...
ლიკამ ტუჩზე იკბინა.
ლაშას უჩვეულო „გაფულიანება” მისი ეჭვების დადასტურება იყო. ყოველ შემთხვევაში, მოვლენები საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. ისედაც გაღიზიანებულმა, ვეღარ მოითმინა, იფეთქა და მთელი წინასწარ დაწყობილ-დალაგებული ტექსტიც ქარს გაატანა!
– ესე იგი, ფული იშოვე? ან, იქნებ უფასოდ გამოგატანა ვინმემ? რას ვზეიმობთ? რაღაც არ მახსენდება, რომ დღეს რამე მნიშვნელოვანი თარიღი იყოს.
– ისე, უბრალოდ, რომ ვივახშმოთ, არ შეიძლება? ყოველგვარი დღესასწაულების გარეშე?
– უბრალო ვახშამი მარტინით? – ლიკამ ქმარს გამომცდელად შეხედა, – არ ფიქრობ, რომ ჩვენს მდგომარეობაში ეს გაუმართლებელი მფლანგველობაა? ხელფასი აიღე და ისე დახარჯე, რომ უკან არ მოგიხედავს. კარგია. შენგან უკვე აღარაფერი მიკვირს. თუმცა, მაინც შეძელი ჩემი გაოცება – გაგახსენდა, რა მიყვარს. ალბათ, ამისთვის მადლობა გეკუთვნის.
ლაშამ შეჭმუხვნილ შუბლზე მოისვა ხელი. დანა მაგიდაზე დადო და ამოიოხრა.
– არ შეგიძლია, ყველაფერი არ გააფუჭო? დაჯექი, ვჭამოთ და მერე ვილაპარაკოთ.
– არ შემიძლია, ვერ შევჭამ, კრიჭა მაქვს შეკრული! ახლა მთელი თვე რა უნდა ვქნათ? ხომ იცი, რომ ჩემი ხელფასი ბანკში უნდა შევიტანო და ესეც შენი წყალობით? მარტინი კი არა, არაფერი აღარ მინდა. საერთოდ არაფერი, როცა ამაზე ვფიქრობ. თურმე, უბრალოდ უნდა ვივახშმოთ, სულ უბრალოდ... – ლიკას თავადვე გაუკვირდა, ისე კარგად შეასრულა თავისი როლი. სულ ეგონა, რომ თამაში არ გამოუვიდოდა და კმაყოფილი იყო, მოულოდნელად ასეთი ტალანტი რომ აღმოაჩინა საკუთარ თავში. სპეციალურად ცდილობდა, ქმრის ანკესზე წამოგებას, პროვოკაციის ანკესზე და, გამოუვიდია კიდეც – ლაშა ნელ-ნელა კარგავდა მოთმინებას, მაგრამ, ვაჟკაცურად ცდილობდა პირვანდელი პათოსის შენარჩუნებას.
– ლიკა, რა მოგივიდა, უბრალოდ ვივახშმოთ, უბრალოდ. მერე კი ვილაპარაკოთ, ვინ დაგვიშლის?
– ვინ დაგვიშლის? მე არ მინდა შენთან ლაპარაკი! – ლიკამ თამაშის გემო გაიგო და ეშხში შევიდა, – ჰო, არ მინდა. ახლაც მეტყვი რამეს? ვერა ხომ? მაშინ, რაღა გვაქვს სალაპარაკო?!
– ლიკა, მომისმინე. ხელფასი არ დამიხარჯავს. ეს ფული... – ლაშა შეყოყმანდა...
ლიკამ მისი დაბნეულობით ისარგებლა და ბოლომდე მიაწვა:
– ჰო, საიდან გაქვს? თუ ხელფასი არ აგიღია, თუ არ მოგიპარავს და თუ მემკვიდრეობა არ მიგიღია...
– პრემია, პრემია მომცეს! – წამოიძახა ლაშამ და სახე გაუბრწყინდა იმით გახარებულს, რომ როგორც იქნა, სასურველ პასუხს მიაგნო.
– რა?! – ეჭვით იკითხა ლიკამ.
– პრემია ავიღე. გიკვირს, ხომ? მეც ძალიან გამიკვირდა. თან, ისეთი მოულოდნელი იყო, რომ... მერე ვიფიქრე, რადგან ასე მოხდა, მე და ლიკუნამ პატარა დღესასწაული რატომ არ უნდა მოვიწყოთ-მეთქი და, ერთი სიტყვით...
– ერთი სიტყვით, მშვენიერი ტყუილი გამოგივიდა.
– ტყუილი? აბა, რას ამბობ! სიმართლეს გეუბნები. ხომ იცი, ტყუილი არ მეხერხება. სად უნდა მეშოვა ფული, ხომ არ მოვიპარავდი!
– იქნებ, ისესხე, ან ვინმემ მოგცა?
– არა. არც მისესხია და არც არავის მოუცია. ისღა მაკლია, თანამშრომლების ვალი დავიდო. ბანკის ვალიც საკმარისია. ჰო, მართლა, სულ კი არ დამიხარჯავს. ცოტა გადავდე. სრულად შესატანი თანხა არ არის, მაგრამ, რაღაცაში წაგვეშველება.
ლიკა უღონოდ დაეშვა სკამზე:
– ლაშა, რა ხდება?
– არაფერი, საყვარელო, არაფერი არ ხდება. ნუთუ ასეთმა უმნიშვნელო თანხამ პანიკაში უნდა ჩაგაგდოს? ხვალ რომ მილიონი ვიშოვო, მაშინ რას იზამ, სულ გაგიჟდები?
– შენ ვერ იშოვი მილიონს, ვერასდროს – ამაში, შეგიძლია, დარწმუნებული იყო.
– შენ ასე ფიქრობ? – გაეღიმა ლაშას, – რა იცი, იქნებ სასწაული მოხდეს.
– სასწაულები არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემს თავს არ ხდება. ასეთი ლაპარაკით კი უფრო მაეჭვებ. ვიცი, კიდევ რაღაც სიურპრიზს მიწყობ და, სანამ მერე ფაქტის წინაშე დავდგები, მირჩევნია, სიმართლე ახლა ვიცოდე.
– აუ, ლიკა, ნუთუ აღარ მენდობი? არავითარი სიურპრიზი არ იქნება. ავიღე პრემია და მოვიტანე სახლში – სულ ეს არის. შენ კი რა აღარ დამაბრალე?!
– რამდენი ხანია, მაგ გამომცემლობაში მუშაობ და, პრემიას ვინ ჩივის, ჯერ წესიერი ხელფასიც არ მოგიტანია სახლში. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია ჩემი რეაქცია.
– გეფიცები, ცუდი არაფერი ჩამიდენია, – გულზე დაიდო ხელი ლაშამ, – არაფერი, დათუნას გეფიცები! უბრალოდ, მინდოდა გამეხარებინე. მართლა არ ღირს ეს ამბავი ასეთ ხმაურად. ვივახშმოთ, კარგი?
– რაღაც, მადა აღარ მაქვს, – ჩაილაპარაკა ლიკამ, – წავალ, წამოვწვები. თავიც ამტკივდა.
ლაშამ სევდიანად გახედა ცოლს. იცოდა, რომ ცოლი ეჭვით შეხვდებოდა მის მოულოდნელ გაფულიანებას, მაგრამ, თუ ასეთი მძაფრი რეაქცია ექნებოდა, მაინც ვერ წარმოიდგენდა. იმასაც მიხვდა, რომ, თუ როგორმე ლიკასთან ურთიერთობას არ მოაგვარებდა, ბზარი მათ შორის კიდევ უფრო გაღრმავდებოდა და, არ იყო გამორიცხული, კრახითაც დასრულებულიყო. ისევ თავად უნდა დაეთმო. თუ ლიკას ახლავე არ შემოირიგებდა, ხვალ და ზეგ გაცილებით გაუჭირდებოდა ამ პრობლემის მოგვარება...
ლიკა გულაღმა იწვა საწოლზე და ფიქრობდა. პრემიის ამბავი, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა. ლაშას სახეზე ეტყობოდა, რომ „პრემია” იმ წუთში „გამოაცხო” – სახელდახელოდ და ნაჩქარევად. გამორიცხული არ იყო, რომ მართლაც მიეცათ ლაშასთვის პრემია, ბოლოს და ბოლოს, თავდახრილი, ერთგულად ემსახურებოდათ და ხელფასის მომატებასაც არ ითხოვდა, მაგრამ ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ ლაშამ იცრუა. „საყვარელი ჰყავს? ჰმ, კი მაგრამ, როდის მოასწრო ან სად იპოვა? თუმცა, უკვე რამდენი დღეა, არ დავინტერესებულვარ მისი ცხოვრებით! საძინებლიდან ლაშას გაგდება არ იყო ჭკვიანური გადაწყვეტილება. ქმარს ისე დაშორდა, რომ ლაშამ „გაძრომა” მოახერხა. მერე კი, ბებერი საყვარლის მიცემული ფულით ზეიმი მომიწყო!.. იდიოტი! ნეტავი, როგორ წვება „იმასთან”! ქალის ფანტაზიამ უკვე ლაშასი და მისი საყვარლის სასიყვარულო სცენებიც კი დახატა. მერე კი ერთბაშად შეშფოთებამ შეიპყრო. „იქნებ, არც ისეთი ბებერია და ლამაზიც არის?! როცა ბევრი ფული გაქვს, ეს უკვე აღარ არის პრობლემა. ერთ დღეს რომ საერთოდ წავიდეს მასთან? მერე რა უნდა ვქნა? არ ვარ ამისთვის მზად, არ მინდა, რომ წავიდეს... არ მინდა“... – ლიკა ლოგინში პირქვე ჩაემხო და ბალიშს მუშტები დაუშინა. ოთახში ლაშას შემოსვლა არ გაუგია. მხოლოდ მაშინ იგრძნო მისი სიახლოვე, საწოლზე რომ ჩამოუჯდა და მხარზე ფრთხილად შეახო ხელი.
– ლიკუშ, საყვარელო... მოდი, რა, მოვრჩეთ ამ კინკლაობას. გეფიცები, არაფერი ჩამიდენია ისეთი, შენს ნერვიულობად და ამ უსიამოვნებად რომ ღირდეს, დამიჯერე.
ლიკა ნელა გადმობრუნდა. ლაშას ხელსახოცგადაფარებული ლანგარი მუხლზე ედო და ცალი ხელით ეჭირა. ქალს გული მოეწურა:
– ეგ რა არის?
ლაშამ ლანგარს ხელსახოცი გადახადა.
– თავის ტკივილის წამალი მოგიტანე. ყავა და ერთი ნაჭერი „ტირამისუ”. უარი არ თქვა, თორემ დესერტს ვერ მიიღებ.
– დესერტს? დესერტიც იქნება?
– აუცილებლად, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი ლაშამ. ლიკამ თვალები მოწკურა...
– მგონი, ვხვდები რა დესერტზეა საუბარი... იქნებ, საერთოდ, დესერტით დაგვეწყო?
კაცს სახე გაუნათდა – ეს უკვე კაპიტულაციას ნიშნავდა. პერანგი სწრაფად გაიძრო და ცოლს მოეხვია. ლიკამ გაიღიმა. თვალები დახუჭა და საწოლზე ნებივრად გადაწვა. მთელი არსებით მზად იყო იმ ალერსისთვის, რასაც კაცი სთავაზობდა, მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო, რა სულელი ვიყავი, ამდენი ხანი უარს რომ ვამბობდი ამაზეო...
ქალმა თვალები გაახილა. ლაშა დაუსრულებლად ჰკოცნიდა და ძილის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა... შეიჭმუხნა და სცადა, ქმრის მკლავებიდან თავი დაეხსნა:
– გეყოფა, სამსახურში დაგვაგვიანდება!
ლაშამ გაიცინა:
– ჯერ დილის 6 საათია. ასე რომ, დრო თავზე საყრელად გვაქვს. როგორ მომენატრე...
– მართლა ექვსი საათია? – დაეჭვდა ლიკა და წამოიწია, რომ კედელზე დაკიდებული საათისთვის შეეხედა:
– მართლა მოგენატრე? შეუძლებელია.
– საყვარელო, როდის მიხვდები, რომ არ გატყუებ და არც არასდროს მოგატყუებ – არც მეხერხება და არც მინდა. ტყუილს ყოველთვის ტყუილი უპირისპირდება, მე კი ეს არ მინდა. არ მინდა, შენც მატყუებდე. ძალიან გთხოვ, მენდე, – ლაშამ ცოლი მაგრად ჩაიხუტა და სახე მის თმაში ჩამალა. ლიკამ რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ქმარმა ამის საშუალება არ მისცა:
– ჩუ, არაფერი თქვა. ყოველთვის ხომ არ გვაქვს ასეთი წუთები! მოდი, ერთი საათით ყველაფერი დავივიწყოთ, სულ ყველაფერი და მხოლოდ ერთმანეთით ვიარსებოთ – ხომ გვქონდა ასეთი პერიოდები! დავბრუნდეთ წარსულში, სულ ცოტა ხნით, ძალიან გთხოვ!..
„ფული მართლა ძალიან მაგარი რამეა, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის და კონკრეტულ მომენტში. შეიძლება, არ გჯერათ, მაგრამ, თუ ფული სრულიად შეუფერებელ დროს აღმოჩნდება თქვენს ჯიბეში, სერიოზულ პრობლემებს გვერდს ვერ აუვლით. ეს უკვე დამტკიცებული ფაქტია და, თუ ცოტა ლოგიკასაც მოიშველიებთ, თავად დარწმუნდებით. უამრავი მაგალითიდან მხოლოდ ერთს მოვიშველიებ, კაცობრიობასავით ძველს, გახუნებულსა და ბანალურს. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით. აბა, რაში გამოადგა იუდას ოცდაათი ვერცხლი?! ოღონდ, არ მითხრათ, რომ აქ საქმე იდეაში იყო და, კიდევ, თუ ჩავუღრმავდებით, იქნებ, შევშინდეთ კიდეც... არ გვინდა რელიგია და თეოლოგია. ისე, ადამიანურ ენაზე განვიხილოთ და გავარკვიოთ, როდის არის ფული ადამიანების დამღუპველი და როდის – გამხარებელი. უფულოებს გირჩევთ, წაიკითხოთ, იქნებ, მერე ასე ძალიანაც აღარ ინერვიულოთ საკუთარ სიდუხჭირეზე. თუმცა, უფულობაც საშინელებაა და დღემდე ვერ გავარკვიე, რომელი უფრო დიდი უბედურებაა... ვზივარ ახლა ძალიან, მაგარი სასტუმროს აივანზე და გავყურებ ქალაქს, სადაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები იყრიან თავს. ჯერ არ გეტყვით, რა ქალაქია. მთელი „მუღამიც” იმაშია, დროზე ადრე არ გავამხილო მთავარი საიდუმლო. მოთმინება იქონიეთ... მანამდეც მივალთ... ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ამ მაგარი სასტუმროს აივნიდან ცხოვრება სულ სხვანაირი ჩანს, მით უმეტეს, თუ პირში ათასხუთასდოლარიანი სიგარაც გაქვს გაჩრილი. მერწმუნეთ, აზრები სულ სხვანაირად ლაგდება თავში. ამას ვერ მიხვდები. ეს უნდა განიცადო, იგრძნო საკუთარ თავზე. ხელს ნუ ჩაიქნევთ და ნუ იტყვით, რომ თქვენთვის ვერასოდეს იქნება ხელმისაწვდომი ასეთი ფუფუნება... არასოდეს თქვა, „არასოდეს“... მაგრამ, ესეც ხომ ბანალურია და საყოველთაოდ ცნობილი. მგონი ვერაფერს შემოგთავაზებთ ორიგინალურსა და განსაკუთრებულს. თუმცა, მე თვითონ ვარ განსაკუთრებულიც და ორიგინალურიც, მთელი ჩემი შეცვლილი და თავდაყირა დაყენებული ცხოვრებით...“
ლიკა ცოტა დამშვიდდა. სულ ცოტათი, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ღიღინ-ღიღინით ჩაეცვა და ქმრის შემოთავაზება სამსახურში წაყვანის თაობაზე, ხალისით მიეღო. ლაშამაც ყველაფერი გააკეთა ცოლის გულის ბოლომდე მოსაგებად. ჭურჭელიც კი თვითონ გარეცხა.
– რა თქვი, ცოტა ფული კიდევ დამრჩაო? – ჰკითხა ლიკამ მანქანიდან გადასვლისას.
– ჰო. დაახლოებით ნახევარი იმისა, რაც ბანკში უნდა შევიტანოთ. შენი კომოდის უჯრაში ჩავდე.
ლიკამ ქმარს შეხედა და ისიც მაშინვე მიხვდა, რა იგულისხმებოდა ამ მზერაში.
– შენს თავს ვფიცავ-მეთქი... – თავი მოისაწყლა და ხელისგულზე აკოცა.
– ჰო, კარგი. გადავწყვიტე, გენდო. ეს შენი გამოცდა იქნება. იქნებ, ორივესთვისაც იყოს გამოცდა. მოკლედ, მზად ვარ, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყო. ასე რომ, ახლა შენზეა...
– ვიცი და მზად ვარ, ბევრი, ძალიან ბევრი ვიმუშაო, რომ პრემიები ავიღო და გაგახარო.
– ვნახოთ! – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ლიკამ.
– საძინებელშიც მაბრუნებ? – მიაძახა ქმარმა. ქალმა პასუხად ხელი გაუქნია და მანქანის კარი მიხურა...
ანდროს ლიკამ მაშინ მოკრა თვალი, როცა ის მმართველის ოთახიდან გამოდიოდა. არ ესიამოვნა და ფეხს აუჩქარა, მაგრამ კაცი ორი ნაბიჯით დაეწია და კიბესთან მისულს წინ გადაუდგა.
– გამარჯობა. არ გინდა, მომესალმო?
– გამარჯობა... ვერ დაგინახე.
– ვიგულისხმოთ, რომ დაგიჯერე. არ ვარ ის ადამიანი, რომ იმას, ვინც მომწონს, ჩავუკირკიტო. ქმარმა მოგიყვანა?
– ჰო, გილოცავ, შენ ახალი ჰობი მოგინახავს – მე მითვალთვალებ. ბარემ მითხარი, რა გაინტერესებს ჩემ შესახებ და მოგიყვები, ნუღარ წვალობ.
– რა საყვარელი ხარ! როცა ასეთი შეუვალი ხდები და ჟანა დარკის მზერით მიყურებ, საერთოდ ვირევი.
– ეს კომპლიმენტია?
– არა. სრული და აბსოლუტური ჭეშმარიტება...
ლიკამ თავი გვერდზე გადახარა და ანდრო თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა:
– იცი, როცა შენ გიყურებ რაზე ვფიქრობ?
– არა, არ ვიცი...
– რატომ არის ეს ქვეყანა ასეთი უსამართლო...
– ვერ მივხვდი...
– დამამთავრებინე, ბატონო ანდრო, ჯერ ყველაფერი არ მითქვამს... ჰო, იმას ვამბობდი, უსამართლოა-მეთქი. ბევრ ადამიანს ვიცნობ, მუშაობით წელში რომ წყდება, მაგრამ ფული მაინც არ აქვს. შენნაირებს კი, დროც თავზე საყრელად აქვთ და ფულიც.
– ჰა, ჰა... რა მაგარია! რა მაგარი აღმოჩენა გაგიკეთებია! ეს სადმე წაიკითხე თუ შენით მიხვდი? ბოდიში, საწყენად არ მითქვამს, ვცადე, იუმორით შემეხედა ამისთვის. მაშ, შენ ფიქრობ, რომ მე უსაქმური ვარ?
– რადგან ჩემს სათვალთვალოდ გცალია, სხვა რა ვიფიქრო? თუმცა, მე ეს არ უნდა მაღელვებდეს. კარგია, რომ მე და ჩემი ქმარი ერთად დაგვინახე. ახლა მაინც დარწმუნდები, რომ ჩემთან შანსი არ გაქვს. ნუ დახარჯავ დროს ტყუილუბრალოდ, თუკი ის რამედ გიღირს.
ანდრომ გაიცინა და ქათქათა კბილები გამოაჩინა.
– იქნებ, შენ კიდევ უფრო ძვირად მიღირხარ, რა იცი?!
გაგრძელება შემდეგ ნომერში