როგორ დაეხმარა ავტოავარიაში დაღუპული 27 წლის ბიჭი ბელა შელიას ქმრის მკვლელის პოვნაში
მოპარული სამკაულით სამართალდამცველებმა თაროზე შემოდებული მკვლელობის საქმე გახსნეს. რომ არა მკვლელის შეცდომა, მურმან შელიას საქმე დღესაც გაუხსნელი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილმა, რომელმაც შელია მოკლა, თანამზრახველთან ერთად მისი სახლი გაძარცვა და ნაძარცვი საყურე ცოლს უსახსოვრა. რამდენიმე თვის შემდეგ კი თავისი სამკაული მოკლულის მეუღლემ შემთხვევით მკვლელის ცოლის ყურზე ამოიცნო, რითაც ქმრის მკვლელობა გახსნა.
მურმან შელიას მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა ბავშვობის მეგობრები – დავით კიკოლაშვილი და ვლადიმერ სამსონაძე დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და განზრახ მკვლელობა დასდეს ბრალად და ორივეს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, ეს მათთვის პირველი ნასამართლეობა არ ყოფილა: მანამდე ქურდობისთვის კიკოლაშვილს ოთხწლიანი პატიმრობა, ხოლო სამსონაძეს ყაჩაღობისთვის 6 წელი ჰქონდა მოხდილი. მაგრამ, გამოსწორებას, როგორც ჩანს, კრიმინალური ცხოვრება ამჯობინეს.
როგორც საქმის მასალებით ხდება ცნობილი, ბავშვობის მეგობრებმა და თანაკლასელებმა, ციხე, ფაქტობრივად, ერთდროულად დატოვეს – საპატიმროდან ჯერ კიკოლაშვილი, ერთი თვის შემდეგ კი სამსონაძე გაათავისუფლეს. როგორც ჩვენებებით ირკვევა, ყველას ეგონა, რომ კიკოლაშვილი-სამსონაძე ერთმანეთს ახლოს არ გაეკარებოდნენ. საქმე ისაა, რომ ყაჩაღობისთვის ნასამართლევი სამსონაძის პროცესზე მოწმედ კიკოლაშვილი დაკითხეს, რომელმაც მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და მისი ეს ჩვენება სამსონაძის დასადანაშაულებელი მტკიცებულება გახდა. ამის გამო ოჯახები ერთმანეთს გადაემტერნენ. ამიტომაც, ყველას ეგონა, რომ მათ შორის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა, მაგრამ, საერთო მისწრაფებებმა ყოფილი მეგობრები ერთმანეთს ისევ დააახლოვა.
საქმის მასალების თანახმად, თანაკლასელებმა კიკოლაშვილი-სამსონაძე შეარიგეს და ამის აღსანიშნავად კარგა ხნის წინ ჩაფიქრებული ბანკეტი, სკოლის დამთავრების 15 წლის იუბილე გადაიხადეს, სადაც ყველამ ერთად მოილხინა. ახალგაზრდებმა დალიეს და ღამე იქ გაათენეს. ქეიფი მეორე დღესაც გაგრძელდა და ყველა დარჩენას აპირებდა, მაგრამ საღამოს კიკოლაშვილმა და სამსონაძემ ყველას მადლობა გადაუხადეს, პირობა დადეს, რომ მათ ცხოვრებაში ცუდი აღარაფერი მოხდება და, იმ მიზეზით, რომ თითქოს აუცილებელი საქმე ჰქონდათ, ნასვამები ერთად წამოვიდნენ.
დაუჯერებელია, მაგრამ, მურმან შელიას ბინის ძარცვა მათ სწორედ იმ საღამოს ჰქონდათ დაგეგმილი. თანამზრახველებმა იცოდნენ, რომ ცოლ-ქმარი შელიები მთელი ცხოვრება თხილით ვაჭრობდნენ და, ვინაიდან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ძვირფასეულობა და ფული აუცილებლად ექნებოდათ, სამიზნედ შეარჩიეს. მათი ვარაუდით, ბინაში იმ მომენტისთვის მურმან შელიას ცოლი – ბელა შელია უნდა ყოფილიყო. ეგონათ, რომ ქალს ადვილად დაიყოლიებდნენ ფულისა და ძვირფასეულობის გადაცემაზე, მაგრამ, შეცდნენ – შინ ოჯახის უფროსი დახვდათ, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია და, მისი მოკვლა, როგორც ჩანს, გარდაუვალი გახდა.
მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა: საღამოს, დაახლოებით 22 საათზე, როცა თავდამსხმელები შელიების საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიპარნენ, დაინახეს, რომ შენობაში ვიღაც ქალი შევიდა. მძარცველები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სახლში მხოლოდ დიასახლისი იყო. ამიტომ, ბინიდან სტუმრის გამოსვლას დაელოდნენ. მანამდე კი, სახლს უკნიდან შემოუარეს, რათა ღია ფანჯრიდან შიგნით ადვილად შეეღწიათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ჭიშკრის ხმა გაიგონეს, დარწმუნდნენ, რომ სტუმარი წავიდა და საქმეზე გადავიდნენ – ოთახში გადავიდნენ და პირდაპირ ოჯახის უფროსს შეეჩეხნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მურმან შელია დახვდათ სახლში, მძარცველებმა უკან აღარ დაიხიეს. საქმის მასალების მიხედვით, მათ მასპინძელს მუქარა დაუწყეს, რომ ფული და ძვირფასეულობა ნებით გადაეცა. მაგრამ, არც ოჯახის უფროსმა დაიხია უკან და ყვირილი დაიწყო. ამიტომ მას დანა ყელში მიაბჯინეს და ფულის გადაცემა კატეგორიულად მოსთხოვეს. ვინაიდან შელია მოძალადეებს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, თავდამსხმელები მიხვდნენ, რომ ადვილად ვერ შეძლებდნენ დამორჩილებას და მისი მოკვლა გადაწყვიტეს.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კიკოლაშვილმა მსხვერპლს განძრევის საშუალება არ მისცა, სამსონაძემ დანა კისერში დაარტყა და საძილე არტერია დაუზიანა. ძლიერი სისხლდენით ოჯახის უფროსი ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ კი, როცა დამნაშავეები დარწმუნდნენ, რომ კაცი ცოცხალი აღარ იყო, მისი ბინის ჩხრეკა დაიწყეს და ოქროულსა და ფულს მიაგნეს. იქიდან მათ 1 900 დოლარი, 900 ლარი, ოქროული, ბრილიანტები, ბაჯაღლოს საქორწინო ბეჭედი, საყურეები, ნათლობის ჯვარი და 700-ლარიანი „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი წაიღეს. წასვლამდე კი, ვინმეს რომ ეჭვი არ აეღო, მოკლულის ჭიშკარს გარედან ბოქლომი დაადეს.
ნაყაჩაღარი ნივთებით მძარცველები ვლადიმერ სამსონაძის სახლში მივიდნენ, სადაც ქმარს ფეხმძიმე ცოლი ელოდებოდა. ვინაიდან დიასახლისმა სისხლიანი ტანსაცმელი შენიშნა, ქმარს მიზეზი ჰკითხა. ბიჭები არ დაბნეულან, ქმარმა უთხრა, რომ მზეზე დიდხანს იარა, ცხვირიდან სისხლი წასკდა და ცოლს ტანსაცმლის გარეცხვა სთხოვა.
მას შემდეგ, რაც ქმარი სახლში დაბრუნდა, სამსონაძის ცოლი დასაძინებლად მეორე სართულზე ავიდა. მძარცველები კი მანქანაში დაბრუნდნენ და ნაქურდალი ნივთების დახარისხება დაიწყეს. დილით კი, უთენია, ოქროულის რეალიზება გადაწყვიტეს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ნადავლი მათ მეტრო „ახმეტელთან“ მდებარე სავაჭრო ცენტრთან იაფად გაყიდეს. მათ მხოლოდ ერთი საყურის გაყიდვა ვერ მოახერხეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ოქროსი არ აღმოჩნდა. ამიტომ, შინ დაბრუნებულმა სამსონაძემ საყურე ცოლს აჩუქა.
მოკლულის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა იყო: კისრის არეში ერთი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა – მოკლულს საძილე არტერია ჰქონდა გადაჭრილი. ასევე, დაზიანებები და სისხლჩაქცევები ჰქონდა სხეულის სხვა ადგილებშიც.
პოლიციამ დამნაშავეების ძებნა დაიწყო, მაგრამ, იმდენად „სუფთა“ ნამუშევარი იყო, რომ თავდამსხმელების კვალს ვერსად მიაგნო. ამის გამო საქმე კარგა ხანს შეჩერებული და გაუხსნელი იდო. ერთ დღეს კი დანაშაული სრულიად შემთხვევით მოკლულის ცოლმა გახსნა.
27 სექტემბერს, სოფელში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ სამსონაძის მეუღლე რვა თვის ფეხმძიმე იყო, პანაშვიდზე მაინც წავიდა და, რატომღაც, ის საყურე გაიკეთა, რომელიც ქმარმა აჩუქა. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ, სწორედ იმ მომენტში პანაშვიდზე მურმან შელიას მეუღლეც მივიდა, რომელმაც სამსონაძის ცოლის ყურებზე საკუთარი სამკაული შეიცნო.
ბელა შელიამ, თავისი ეჭვის შესახებ პოლიციას მეორე დილითვე აცნობა, მაგრამ პოლიციაში განუმარტეს, რომ შესაძლოა, ცდებოდა, რადგან ასეთი საყურე, შეიძლება, სხვასაც ჰქონოდა. მაგრამ, ჭირისუფალმა დაარწმუნა, რომ საყურე ნამდვილად მისი იყო. ქალის თქმით, სამკაული მას ისრაელიდან ჩამოუტანეს და შეუძლებელი იყო, ასეთი საყურე ბევრს ჰქონოდა. მეორეც, ქალბატონის თქმით, მართალია, საყურე ოქროსი არ იყო, მაგრამ მას ძვირფასი თვლები ჰქონდა, რომელთაგან ერთი თვალი აკლდა. მოკლედ, ქალმა ზუსტად დაასახელა, რა ფერის თვალი აკლდა საყურეს და, ვინაიდან მისი ეჭვი საფუძველს მოკლებული არ იყო, იმავე დღეს სამსონაძის ცოლი დასაკითხად გამოიძახეს, რომელმაც განაცხადა, რომ სამკაული ქმარმა აჩუქა. იმავე დღესვე პოლიციამ მათ სახლში ჩხრეკაც ჩაატარა და შელიების ვიდეოაპარატურაც მათთან აღმოჩნდა, რაც დაზარალებულმა ასევე ამოიცნო.
ამის შემდეგ კი, პოლიციამ ჯერ ვლადიმერ სამსონაძე დააკავა, რომლის მიმართაც საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, მაგრამ მისი ცოლის მეორედ დაკითხვის შემდეგ პოლიციამ დავით კიკოლაშვილსაც ციხეში უკრა თავი.
წინასწარი გამოძიების მასალებში ორივე დაკავებული დანაშაულს დეტალურად აღიარებდა. თუმცა, გვერდიგვერდ მჯდარმა მეგობრებმა სასამართლო პროცესზე გამოძიებაში მიცემული ჩვენება უარყვეს. ამბობდნენ, რომ ჩვენებები ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გამოსძალეს. რაც შეეხება მოპარულ ნივთებს, ამბობდნენ, რომ ისინი უცხო ადამიანისგან შეიძინეს და არ იცოდნენ, რომ ნაქურდალი იყო.
ვლადიმერ სამსონაძის ჩვენებიდან: „მე და დათო დიდი ხნის მეგობრები ვართ. რადგან პოლიციას დანაშაული არ ჰქონდა გახსნილი, ჩვენ კი ნასამართლევები ვიყავით, ამიტომ, ჩვენ დაგვაკავეს, თორემ, ამ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. არ ვიცნობდით მოკლულს და იმ სახლში არასდროს ვყოფილვართ. რომ დამაკავეს, სასტიკად მაწამეს: რადიატორზე მიმაბეს, ელექტროშოკი შემიერთეს. ითხოვდნენ, მკვლელობა მეღიარებინა და დათოც დამედანაშაულებინა. სხვა გზა არ მქონდა, ისეთ დღეში ვიყავი, რამდენიმე მკვლელობას ავიღებდი საკუთარ თავზე. მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია... რაც შეეხება მოპარულ ნივთს, ის უცხო ადამიანისგან იაფად ვიყიდე. როგორ ფიქრობთ, ნაყაჩაღარი რომ ყოფილიყო მას ჩემს ცოლს გავუკეთებდი? წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ“.
ანალოგიური შინაარსის იყო მეორე განსასჯელის ჩვენება: „პირველად ლადო დაიჭირეს. მეორე დილით კი მე დამადგნენ თავს და პოლიციაში გაყოლა მომთხოვეს. მეც დავემორჩილე, რადგან არაფერი მქონდა ჩადენილი. იქ რომ მივედით, წინ დამიდეს ლადოს ჩვენება და მითხრეს, თუ არ ვაღიარებდი, საშინელ დღეში ჩამაგდებდნენ. უარზე ვიყავი, თავიდან არაფერი მიღიარებია, მაგრამ შემდეგ წამებით აიღეს ჩემგან ის ჩვენება. თვითონ გამომძიებელმა დაწერა და ხელი მომაწერინა ისე, რომ არც კი წამიკითხავს, შიგ რა ეწერა“.
ბელა შელიას ჩვენებიდან: „ჩემი მეუღლე სახლში მარტო იყო. განსასჯელებს არ ვიცნობ და ძალიან მაინტერესებს, „ნაკოლი“ ვისგან ჰქონდათ... სახლში მეორე დღეს დავბრუნდი და საშინელი სურათი დამხვდა: ჩემი მეუღლე გარდაცვლილი იყო და სისხლის გუბეში იწვა. ოთახში ყველაფერი მიმოფანტული იყო, ლეიბებიც კი დაეჭრათ. ვიკივლე და მეზობლებიც მოვიდნენ“.
თავის მართლების მიუხედავად, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, სასამართლომ განსასჯელებისთვის წაყენებული ბრალდება დადასტურებულად მიიჩნია. არა მხოლოდ სამსონაძის მეუღლის ჩვენებით, არამედ მიკრონაწილაკების ექსპერტიზით დადასტურდა, რომ შელიების ბინაში ორივე განსასჯელი ნამყოფი იყო. ამიტომ სასამართლომ ორივე დამნაშავედ ცნო, არ გაიზიარა მათი შეცვლილი ჩვენებები და ორივეს მაქსიმალური სასჯელი 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.