როგორ მოკლა ბოროტმოქმედი და შემდეგ თავი მოიკლა გენპროკურორის კაბინეტში ერთ-ერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა
სანიტარული დასუფთავების მანქანა ერთ-ერთი ელიტური საცხოვრებელი კორპუსის სანაგვე ბუნკერს მიადგა. მეეზოვეებმა ნიჩბები მოიმარჯვეს და საქმეს შეუდგნენ – ისინი ნაგავს მანქანაში ტვირთავდნენ. უცებ ერთ-ერთმა წამოიძახა:
– ნახე, სამველ-ჯან, ადამიანის თავია!
ზოზომ და სამველამ მუშაობა შეწყვიტეს და მილიცია გამოიძახეს. ნახევარ საათში იქაურობა მილიციელებით, პროკურატურის თანამშრომლებითა და კრიმინალისტებით აივსო.
ექსპერტებმა სანაგვე ბუნკერიდან ორი ბავშვის დანაწევრებული სხეულების ნარჩენები ამოიღეს და პროზექტურაში წაიღეს. საგამოძიებო ჯგუფი კი კორპუსის მცხოვრებთა დაკითხვას შეუდგა.
გამომძიებლებმა მალევე დაადგინეს, რომ დანაწევრებული გვამები თორნიკე და ლევან ებანოიძეებს ეკუთვნოდათ. ისინი ძმები იყვნენ და იმავე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე ცხოვრობდნენ. თორნიკე 7 წლის იყო, ლევანი – 6-ის. მათი მამა პარტიული ფუნქციონერი იყო და მაღალი თანამდებობა ეკავა, დედა კი – დიასახლისი.
იმავე დღეს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა
ძმები ებანოიძეების საზარელ მკვლელობას მაიორი ზვიად აბულაძე იძიებდა. ის ებანოიძეების კარის მეზობელს გაესაუბრა, რომელმაც უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, ჯუმბერ ებანოიძეს მთელი ქვეყანა იცნობს და დაფასებული კაცია, მისი მეუღლე ქეთინო კი დიასახლისია და ბავშვებზე იყო გადაყოლილი. საცოდავი ბავშვები, ნეტავ ასე ვინ გაიმეტა!
– უკანასკნელად ქეთინო ებანოიძე როდის ნახეთ?
– სამი დღის წინ. სახლში შედიოდა და გამოველაპარაკე. მითხრა, საღამოს წყნეთში ავდივარ ორი კვირითო. ღმერთო, ღმერთო, გაგიჟდება ჯუმბერი, ჩეხოსლოვაკიიდან რომ დაბრუნდება! ჯუმბერი ჩეხოსლოვაკიაშია წასული და პარტიულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. ხვალ დილით უნდა ჩამოვიდეს, – თქვა ებანოიძეების მეზობელმა ნელი კილაძემ.
ებანოიძეების ბინა ჩაკეტილი იყო და აბულაძემ მისი შემტვრევის ბრძანება გასცა, რადგან ის დარწმუნებული იყო, რომ აღარც მოკლული ძმების დედა იყო ცოცხალი, მას ეჭვი ჰქონდა, რომ ქეთინო ებანოიძეს ბინაში აღმოაჩენდა.
მაიორის ეჭვები გამართლდა – ქეთევანი საძინებელ ოთახში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მარჯვენა საფეთქელში მას ნახვრეტი ჰქონდა და ჭრილობა თავის ქალის მარცხენა კუთხეში გადიოდა. იქვე ეგდო „ბრაუნინგის” ტიპის პისტოლეტის გასროლილი ვაზნა, თავად პისტოლეტი კი ქალს მარჯვენა ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული.
– თავი მოუკლავს, ჯუმბერ ებანოიძის ცოლს, – ჩაილაპარაკა ქალაქის პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც აბულაძის გვერდით იდგა და კრიმინალისტების მუშაობას ადევნებდა თვალს, – როგორც ჩანს, ჯერ შვილები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
– დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, ვნახოთ, რას იტყვის ექსპერტიზა, – თქვა მაიორმა.
მოკვლევის შედეგად, კრიმინალისტებმა ნაგვის ბუნკერში ხორცის საჭრელი დანა იპოვეს და მასზე არსებული თითების ანაბეჭდებით დაადგინეს, რომ ქეთევან ებანოიძეს მართლაც დაეხოცა შვილები. ებანოიძეების სააბაზანოში სისხლის ნაკვალევი აღმოჩნდა და დადგინდა, რომ ქალმა, სავარაუდოდ, იქ დაანაწევრა ბავშვების ცხედრები, შემდეგ კი, როგორც ჩანდა, დანაშაულის კვალის წაშლა სცადა და იქაურობა მორეცხა, თუმცა, კვალის ბოლომდე წაშლა ვერ შეძლო.
– თუ კვალს შლიდა, თავს რატომღა იკლავდა? ხოლო, თუ თავის მოკვლას აპირებდა, მაშინ, დანაშაულის დაფარვა რისთვის დასჭირდა? – აქ სხვა რაღაცაშია საქმე, – ამბობდა აბულაძე.
– ნუ ფილოსოფოსობ, ზვიად, – არ დაეთანხმა ზედამხედველი პროკურორი, – ქალი შეიშალა და შვილები დახოცა. შემდეგ კვალის წაშლაც სცადა, მაგრამ, როცა მიხვდა, რაც ჩაიდინა, აიღო იარაღი და საფეთქელი გაიხვრიტა. მით უმეტეს, ბალისტიკოსებიც ამტკიცებენ, რომ განხორციელდა ერთი გასროლა ახლო მანძილიდან, რაც იმის დასტურია, რომ ქალმა თავი მოიკლა.
– ვნახოთ, ვნახოთ... – დაეჭვებით თქვა მაიორმა, – ბიოლოგიურ ექსპერტიზას დაველოდოთ.
ზედამხედველმა პროკურორმა ხელი ჩაიქნია და კაბინეტიდან გავიდა. მან იცოდა, რომ სანამ ზვიად აბულაძე ყველაფერს თანმიმდევრულად არ შეასრულებდა, საბოლოო დასკვნებს არ გააკეთებდა.
მაიორმა ებანოიძეების მეზობლის ტელეფონის ნომერი აკრიფა და ერთადერთი კითხვა დაუსვა:
– ქალბატონო ნელი, მე ზვიად აბულაძე ვარ. ხომ ვერ მეტყვით, ქეთევან ებანოიძე მემარჯვენე იყო თუ ცაცია?
– ცაცია იყო, ამხანაგო მაიორო, ცაცია. თანაც ისეთი ცაცია, რომ მარჯვენა ხელის ხმარება საკმაოდ უჭირდა და მარცხენათი აკეთებდა ყველაფერს.
აბულაძემ მადლობა გადაუხადა ქალს და ყურმილი დაკიდა, ქეთევან ებანოიძის ცაციობის ამბავი კი არავის გაუმხილა.
სამი დღის შემდეგ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც მოვიდა. მასში ეწერა, რომ ქეთევან ებანოიძის სხეულში მამაკაცის სპერმა იქნა აღმოჩენილი.
– ესე იგი, ქეთევან ებანოიძე გარდაცვალებამდე მარტო არ იყო სახლში. მას ჯერ სქესობრივი კავშირი ჰქონდა ვიღაც უცნობ მამაკაცთან, რომელმაც ქალი მოკლა, იარაღი კი მარჯვენა ხელში ჩაუდო და თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშა, – ჩაილაპარაკა მაიორმა აბულაძემ და დამატებითი მასალები საქმეს დაურთო.
საპროკურორო მოსმენაზე ზვიად აბულაძემ დამაჯერებელი დასაბუთება წარუდგინა ქალაქის პროკურორს და შემდგომი გამოძიებისთვის თვე-ნახევარი მოითხოვა.
ამრიგად, ოპერატიული სამსახურები მითიური მკვლელის ძებნას შეუდგნენ. თუმცა, მათ არც მისი გარეგნობა იცოდნენ და არც მკვლელობის მოტივი.
ჩინოვნიკის აღსარება
ჯუმბერ ებანოიძის ცოლ-შვილის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა. ჭირისუფალს რესპუბლიკის უმაღლესმა ხელისუფლებამაც დიდი თანაგრძნობა გამოუცხადა. თავად ჯუმბერი უაღრესად თავშეკავებული ჩანდა და ზოგიერთს ისიც კი ეგონა, რომ უდიდესმა ტრაგედიამ მას ფსიქიკა შეურყია. მომხდარის გამო, საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა ჯუმბერს ორთვიანი დასვენების უფლება მისცა და უთხრა:
– უდიდესი ტრაგედია დაგატყდა თავს, მაგრამ, უნდა გაუძლო. დაისვენე, დამშვიდდი და ისე დაგვიბრუნდი უკან. შენ ნამდვილი კომუნისტი ხარ და არ უნდა გატყდე, დამნაშავეს კი აუცილებლად იპოვიან.
ზვიად აბულაძე ინტენსიურად მუშაობდა ამ საქმეზე, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. მან ერთხელ და ისიც ფორმალურად დაკითხა ჯუმბერ ებანოიძე, თუმცა ამ საუბარს ძიებისთვის არაფერი შეუმატებია. კომუნისტი ფუნქციონერი მოკლედ პასუხობდა გამომძიებელს, ბოლოს კი ადგა და წავიდა.
ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ, ზვიად აბულაძის კაბინეტში ტელეფონის ზარი გაისმა.
– ჯუმბერ ებანოიძე ვარ, თქვენი ნახვა მინდა, მაიორო და ერთ საათში კაფე „მეტროში” გელოდებით!
ერთი საათის შემდეგ ებანოიძე და აბულაძე ერთმანეთს კაფე „მეტროში” შეხვდნენ, რომელიც რუსთაველის გამზირზე, მეტრო „რუსთაველის“ გვერდით მდებარეობდა.
– გისმენთ, ბატონო ჯუმბერ! – უთხრა მაიორმა და მოსასმენად მოემზადა.
ჯუმბერ ებანოიძემ სიგარეტი ჩააქრო, ჩაახველა და დაიწყო:
– 65 წლის ვხდები და, მიუხედავად იმისა, რომ მხნედ ვარ, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია.
– ღმერთმა დაგიფაროთ, ბატონო ჯუმბერ!
– ნუ მაწყვეტინებთ, მაიორო, – თქვა ჯუმბერმა, – სწორედ ღმერთის რისხვაა, რაც მე მჭირს. იმ ღმერთის, რომელსაც მე მთელი ცხოვრება ვებრძოდი და ვამტკიცებდი, რომ არ არსებობდა. თუმცა ახლა საპირისპიროში დავრწმუნდი. ერთი სიტყვით, მე სინამდვილეში ჯუმბერ ებანოიძე კი არა, ჯუმბერ სალარიძე ვარ. ომის დროს ფრონტის ხაზიდან ლაჩრულად გამოვიპარე და საქართველოში აღარ დავბრუნებულვარ, რუსეთში ვცხოვრობდი და ვყაჩაღობდი. ომი რომ დამთავრდა, ახალი საბუთები ვიშოვე, თავი ომის მონაწილედ გავასაღე და მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პარტიული კარიერა გავიკეთე. ქეთევანი ათი წლის წინათ გავიცანი. ის ჩემზე 30 წლით ახალგაზრდა იყო და ცოლად მოვიყვანე. ვიცოდი, რომ არ ვუყვარდი, მაგრამ, ფულითა და სიმდიდრით ვაჩერებდი ჩემთან. არ მეგონა, თუ ასეთი სასტიკი იყო და თავის შვილებს ასე გაიმეტებდა. ჩემთვის ახლა ყველაფერი დაკარგულია და მხოლოდ შურისძიების გრძნობა მამოძრავებს. მე იმ გარეწრის ნახვა მსურს, ვინც ჩემს ცოლს ასეთი საშინელების ჩადენა აიძულა.
– ვეძებთ, ბატონო ჯუმბერ, მაგრამ, რეალური ხელჩასაჭიდი არაფერია და, თუ შემთხვევით არ ვიპოვეთ მკვლელი, ისე მისი მიგნება ურთულესია.
– ხელჩასაჭიდს მე მოგცემთ, – თქვა ჯუმბერმა, – ჩემი ბინის სამალავიდან ოთხი ცალი შემნახველი სალაროს წიგნაკია დაკარგული და თითოეულზე 10 ათასი მანეთი დევს. წიგნაკები წარმომდგენზეა გაფორმებული და მკვლელს უპრობლემოდ, საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ქალაქში შეუძლია ფულის გამოტანა. რაც მთავარია, მკვლელმა უნიკალური, ექვსკარატიანი ლალის თვლები გაიტაცა – სულ თხუთმეტი ცალია, რომელთაგან თითოეულის სახელმწიფო ფასი 20 ათასი მანეთია, შავ ბაზარზე კი ის სამჯერ მეტი ღირს. ეს თვლები ჯერ კიდევ ომის დროს ერთ ებრაელ იუველირს წავართვი. თუ იპოვით, თვლები თქვენი იყოს, ოღონდ, მკვლელის თვალებში ჩამახედეთ. ნუ შეეცდებით, მაიორო ჩემს დაპატიმრებას, მე ისედაც ცალი ფეხი სამარეში მიდგას. ამიტომ დაგიბარეთ აქ, რომ ზედმეტ ყურსა და თვალს ავრიდებოდით.
სანამ გაოგნებული აბულაძე ჯუმბერ ებანოიძის სიტყვებს აანალიზებდა, ებანოიძემ ფული გადაიხადა და კაფე „მეტრო” დატოვა.
სროლა გენპროკურატურაში
კაფე „მეტროში” შეხვედრიდან ორი კვირის თავზე ქუთაისში ანდრო კურკულია დააკავეს, რომელიც ერთ-ერთ გადამყიდველთან ლალის ქვების გაყიდვას ცდილობდა. მაგრამ ებრაელი იუველირი წინასწარ იყო გაფრთხილებული და მან ეს ამბავი მილიციას შეატყობინა.
დაკავებული კურკულია 27 წლის იყო და ქურდობისა და გამოძალვისთვის ორჯერ იყო ნასამართლევი. თავიდან კურკულია ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ, როდესაც ქუთაისელმა „ოპერებმა“ მასზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინეს, ყველაფერში გამოტყდა.
– ქეთინო ბათუმში გავიცანი და, როცა გავიგე, მდიდარი კაცის ცოლი იყო, მისი გამოყენება გადავწყვიტე. ის მე ფულით მამარაგებდა და უცხოეთში გაქცევას მთავაზობდა – ჩემი ბებერი ქმარი ძალიან მდიდარია, ყველაფერს მოვპარავ და ამერიკაში გავიქცეთო. მე კი ვეუბნებოდი, რომ ამაში ბავშვები შეგვიშლიდნენ ხელს. რას წარმოვიდგენდი, რომ ის თავის შვილებს ასე გაიმეტებდა, მე მხოლოდ მისი გაქურდვა მინდოდა და მეტი არაფერი. იმ დაწყევლილ საღამოს მე ქეთინოსთან მივედი სახლში. ის შემპირდა, რომ სამალავს მაჩვენებდა და ჯერ ლოგინში ჩავწექით, შემდეგ კი ქეთინომ ტილოს ტომრები მანახა, რომლებშიც მისი დახოცილი შვილების დანაწევრებული ნაწილები ელაგა.
– ეს შენ გამო გავაკეთე, – მითხრა მან.
მე თავი სიზმარში მეგონა, მაგრამ, მივხვდი, რა შარში გავები და ჯერ ბავშვების ცხედრების გადაყრაში მივეხმარე, შემდეგ კი თავისივე პისტოლეტით მოვკალი, ნივთები გავიტაცე და გავიქეცი. აბა, რა ვიცოდი, თუ ის ცაცია იყო და, კიდევ, სპერმით მიხვდებოდით ყველაფერს, თორემ, ისე დავიმალებოდი, რომ ეშმაკიც ვერ მიპოვიდა, – დაასრულა თხრობა ანდრო კურკულიამ.
ერთი კვირის შემდეგ კურკულია საქართველოს გენპროკურატურაში მიიყვანეს და ჯუმბერ ებანოიძეს შეახვედრეს. შეხვედრა გენპროკურორის კაბინეტში მოხდა, რომელსაც რამდენიმე პარტიული მაღალჩინოსანიც ესწრებოდა.
უცებ ჯუმბერ ებანოიძემ ვალტერის სისტემის პისტოლეტი ამოაცურა ჯიბიდან და ჯერ კურკულიას ესროლა თავში ოთხჯერ, შემდეგ კი იარაღი პირში ჩაიდო და სასხლეტს თითი გამოჰკრა.