მცენარეთა შერჩევის გზით შეიქმნა ახალი ჯიში – ვაშლ-პომიდორი
შვეიცარიელმა მებაღემ მარკუს კობერტმა შეძლო, მიეღწია იმისთვის, რაც ვერ შეძლო მიჩურინმა: შეაჯვარა ვაშლი და პომიდორი. შედეგად სელექციონერმა გამოიყვანა ვაშლის ახალი ჯიში წითელი, წვნიანი რბილობით.
თავისი ფერითა და ფაქტურით პომიდორს ჰგავს, მაგრამ, ჩვეულებრივ, ვაშლის ხეზე იზრდება. აღნიშნავენ, რომ ვაშლის ახალ ჯიშს აქვს სასიამოვნო გემო ტყის კენკროვნების მსუბუქი არომატით. ამავე დროს, ნაყოფი გამოირჩევა ანტიდამჟანგავების მაღალი შემცველობით. ის არ კარგავს თავის „პომიდვრულ ფერს“ თერმული და სხვა დამუშავების დროსაც კი. ამას გარდა, ჩვეულებრივი ვაშლისგან განსხვავებით, მისი ნაჭრები არ მუქდება და ამიტომ წარმატებით იყენებენ სალათებში.
კობერტი ამ ჯიშის გამოყვანაზე 20 წელი მუშაობდა. პირველი ნერგები, რომელსაც Redlove უწოდეს, უკვე იყიდება დიდ ბრიტანეთში და მათზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა მწარმოებლების მხრიდან. ამ ჯიშის ნერგების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მიიღო სელექციურმა ფირმა „სუტონსმა“. მისმა წარმომადგენელმა, ტომ შერპლსმა განაცხადა, რომ ახალი ჯიში ნატურალური სელექციური პროცესის შედეგად არის გამოყვანილი და არავითარი გენეტიკური მოდიფიკაცია არ მომხდარა. ხეები, რომლებზეც ეს ვაშლები იზრდება, სპეციალურ გვირაბშია მოთავსებული, რადგან ღია ჰაერზე შესაძლებელი იყო მათი დამტვერვა მომხდარიყო ფუტკრების მიერ, რომლებიც სხვა ჯიშის ხეების მტვერს მოიტანდნენ.
გამოყვანილია ვაშლ-პომიდვრის ორი სახესხვაობა: „ერა“ იკრიფება სექტემბერში და მისი შენახვა წლის ბოლომდე შეიძლება, ხოლო „სირენა“ მწიფდება აგვისტოში და ოქტომბრამდე ინახება.