როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მირზაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მირზა, რომელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა და ქართულად ნიშნავს „ამორას შვილს”. ამორა, შუა აზიაში არაბთა მოსვლის შემდეგ მხედართმთავარს, მმართველს ეწოდებოდა.
მირზა გვხვდება როგორც ტიტულად, ასევე საკუთარ სახელადაც. ჩვენში კი ამ საკუთარი სახელის გავრცელებას მოწმობს გვარი მირზაშვილი და გეოგრაფიული სახელი – მირზაანი.
„აზნაურ მირზაშვილთა წინაპარნი იყვნენ მწერალნი როსტომ მეფის კარზე და ამათ მაშინ, 1655 წელს, მიიღეს აზნაურობა და დაშთენ მირზასაგან მირზაშვილებად. შთამომავლობანი მათნი და ესენიცა მოსახლეობენ ქართლში და იყვნენ მეფეთაგან აზნაურად მიღებულნი და ტრაქტატსა შინაცა მოხსენიებული”.
1597 წელს მირზაშვილი იყო სამეფო კარის მწიგნობარი და დამწერი ალექსანდრე მეფის მიერ თავისი დის, ქეთევანისთვის მიცემული აკურას მონასტრის წინამძღვრობის წყალობის წიგნისა.
1646 წელს, უკანგორში მცხოვრები ყულიჯანა მირზაშვილი წილად ხვდა ლეონ თურქისტანიშვილს, რაც როსტომ მეფემ დაუმტკიცა.
1650 წელს გოჩა მირზაშვილი ხიზანა მირიაშვილის მიერ პაპუნა სულხანაშვილისთვის მიცემული ნასყიდობის წიგნის მოწმეა.
1652-1685 წლებში, აივაზა მირზაშვილი ნაზირა თამაზაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისთვის მიცემული ნასყიდობის წიგნის მოწმედ გვევლინება.
საქართველოში სულ 544 მირზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 260, გარდაბანში – 67, გორში – 62. არიან სხვაგანაც.
ტურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტურა.
„პაიჭაშვილის გიორგის ბიძაშვილი, ტურია, თიანეთში 1736 წელს, როგორც გააზატებული, მოხსენიებულია აზატობის განხილვის წიგნში, მიცემული თეიმურაზ მეორის მიერ გიორგი პაჭიჭაშვილისადმი“.
ამავე ძირისაა გვარები: ტურიაშვილი, ტურავა, ტურიშვილი, ტურიკაშვილი, ტურაშვილი.
საქართველოში 2 311 ტურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 587, გორში – 468, ყვარელში – 226; არიან სხვაგანაც. ტურავა – 535; ტურიშვილი – 37.
თამაზაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი თამაზი, რომელიც ირანული წარმოშობისაა და ქართულად „ძლიერ ცხენს” ნიშნავს.
თამაზ ბარათაშვილი მოიხსენიება 1689 წელს, ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილისთვის მიცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.
გვარი თამაზაშვილი ბევრი თავადური საგვარეულოდან იღებს სათავეს.
საქართველოში 1 532 თამაზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 418, საგარეჯოში – 204, ქობულეთში – 196. არიან სხვაგანაც.
სვიმონიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სიმონი, რაც ებრაულად „შემსმენს”, „გამგონს” ნიშნავს.
სახელ სიმონის ძველი ფორმაა სვიმონ, კნინობითი კი: სიკო, სოსო, სიმონიკა, სიმონა.
სვიმონიშვილი არის, ასევე, აბაშიძეთა შტო-გვარი. ამავე ძირისაა გვარი სიმონმღვდლიშვილი.
საქართველოში 497 სვიმონიშვილი ცხოვრობს: თბილისში 143, გურჯაანში – 91, თელავში – 70. არიან სხვაგანაც.
ბიბილაშვილი
გვარი ბიბილაშვილის ფუძეა საკუთარი სახელი ბიბილა. 1716 წელს, ვენახის ნასყიდობის წიგნში, მოხსენიებულია ბიბილაშვილი, რომელიც ჩიტუა გიორგაშვილმა მისცა თავის ბატონს, ვინმე ლევანს.
მთიულეთში არის სოფელი ბიბილიანი.
ამავე ძირისაა გვარები: ბიბილაური, ბიბილური, ბიბილურიძე, ბიბილია.
საქართველოში 1 922 ბიბილაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 648, გორში – 519, დუშეთში – 118. არიან სხვაგანაც.
ჩუბინიძე – ჩუბინაშვილი
გვარის ფუძეა ჩუბინი. ჩუბინი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს მარჯვე მსროლელს.
1871 წელს, სოფელ ბოგვში მოიხსენიება ვინმე გიორგი ჩუბინიძე.
ჩუბინიძე და ჩუბინაშვილი ერთი და იგივე გვარია.
საქართველოში 5 139 ჩუბინიძე ცხოვრობს: თბილისში – 1 026, ჭიათურაში – 974, ქუთაისში – 840. არიან სხვაგანაც. 191 – ჩუბინაშვილი; 87 – ჩუბინიშვილი. არიან სხვაგანაც.
კეკელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კეკელა, რომლის შემოკლებული ფორმაა კეკე. ეს სახელი ქართულია და ლამაზს, მშვენიერს ნიშნავს. ის ადრე როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის სახელად მოიხსენიებოდა.
ეს სახელი დაედო ფუძედ შემდეგ გვარებს: კეკელაშვილი, კეკელია, კეკელიძე.
„აბრამ კეკელიშვილი მოიხსენიება სოფელ საღარაშენში, 1873 წელს, კამერალურ აღწერაში”.
წინწყაროელი კეკელაშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები.
საქართველოში 252 კეკელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 125, გორში – 65, კასპში – 35. არიან სხვაგანაც.
123 კეკელიშვილი: თბილისში – 68, გორში – 39, ბოლნისში – 2. არიან სხვაგანაც.
სურამელი-სურამელაშვილი
გვარის ფუძე გამხდარა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა, რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქცა.
„როსტომ მეფის მიერ 1658 წელს, ენაგეთში თავის დისწულ არანბეგასთვის ნაბოძებ გლეხებს შორის მოიხსენიება დათუნა სურამაშვილი”.
სურამელები მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში დიდი ფეოდალური საგვარეულო იყო. საგვარეულოს სახელი მათი მამულის სახელიდან, კერძოდ, სურამიდან მომდინარეობს. უმეფობის ხანაში, როცა მონღოლებმა დუმნებად დაყვეს საქართველო (ეს გახლდათ მეცამეტე საუკუნის 40-იანი წლები), ქართლის დუმნისთავად გრიგოლ სურამელი დანიშნეს.
ამავე ძირისაა გვარები: სურამიშვილი, სურამელაშვილი, სურამლიშვილი.
„სურამელი ბეგა მეორე, საქართველოს მეფეების – დავით მეექვსე – ნარინის, დავი მეშვიდე – ულუს, დემეტრე მეორისა და დავით მერვე – ლარის მოხელე, ვაზირი და მსახურთუხუცესი, იყო გრიგოლ სურამლის ძე”.
საქართველოში 347 სურამელი ცხოვრობს: გორში – 275, თბილისში – 51, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც. 200 – სურამელაშვილი.