როგორ ეძებს 52 წლის უკრაინელი თავის ჯარის მეგობარს თბილისში და რისი ნოსტალგია გაუჩნდა მას წლების წინ
52 წლის მიროსლავ ივანეს ძე კრიჟანოვსკი ეძებს 53-54 წლის გიორგი შოთას ძე ბასილაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობარს, გიორგი შოთას ძე ბასილაშვილს. მე და გიორგი ერთად ვმსახურობდით უკრაინაში ივან-ფრანკოვსკის მხარის ქალაქ კოლომნაში (სამხედრო ნაწილი ¹43291), 1975-1977 წლებში. მე თვითონ ვცხოვრობ უკრაინაში და ტერიტორიული სიშორისა და გიორგის მისამართის არცოდნის გამო ვერანაირად ვერ მოვახერხე მეგობრის მოძებნა. თქვენი ფოსტის მისამართი მომცეს და მირჩიეს, რომ დაგკავშირებოდით. ვიცი, რომ უკრაინაშიც გიპოვიათ ბევრი ადამიანი, საქართველოდან რომ ეძებდნენ. იმედია, მეც დამეხმარებით.
– როგორ დაუმეგობრდით ერთმანეთს, რა იცით გიორგის შესახებ, სად ცხოვრობდა, ჰყავდა თუ არა და-ძმა, მისი ბოლო მისამართი თუ არის თქვენთვის ცნობილი?
– მე, მიროსლავ ივანეს ძე კრიჟანოვსკი, დაბადებული 1957 წელს, ვეძებ გიორგი შოთას ძე ბასილაშვილს (დაბადების წელი – 1956 ან 1957). მე და გიორგიმ ერთმანეთი ჯარში მსახურობის დროს გავიცანით და მაშინვე დავმეგობრდით, რადგან გვქონდა საერთო ინტერესები და მსგავსი მსოფლმხედველობა. თან ორივე მუსიკოსი ვართ. ყველაფერი, რაც ჩემთვის ცნობილია გიორგიზე, არის ის, რომ ჯარამდე ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ასევე, ვიცი, რომ მას ჰყავს ძმებიც და დებიც, რომელთა სახელებიც, სამწუხაროდ, მე არ მახსოვს. არ მეგონა, თუკი როდისმე ასე ძალიან მომინდებოდა ჯარის მეგობრის მოძებნა, თორემ, თადარიგს დავიჭერდი, ანუ, გიორგის ცნობილი მისამართიც კი არ ვიცი.
– აქამდე თუ გიცდიათ მეგობრის მოძებნა, ან, საერთოდ, ეს იდეა როგორ გაგიჩნდათ?
– გიორგის მოძებნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რამდენიმე ხნის წინ გამიჩნდა ნოსტალგია ჯარის მეგობრებზე, მათ შორის – გიორგიზე. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა მალევე ვიპოვე, ბევრი მათგანი ინტერნეტითაც. ამჟამად ძალიან მინდა გიორგის მოძებნა. ტერიტორიული სიშორის გამო ეს საკმაოდ რთულია ჩემთვის, ამიტომაც გადავწყვიტე, დახმარება თქვენთვის მეთხოვა, მით უმეტეს, ვიცი, როგორ დაეხმარეთ რამდენიმე ადამიანს ერთმანეთის პოვნაში.
– როგორ ფიქრობთ, თქვენი მეგობარი, გეძებდათ? ან, როგორი იქნება მისი რეაქცია, როდესაც გაიგებს, რომ მას ჯარის ამხანაგი ეძებს უკრაინიდან?
– ნამდვილად არ ვიცი, მეძებდა თუ არა გიორგი ან რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს მას, როდესაც გაიგებს, რომ უკრაინიდან მას ჯარის მეგობარი ეძებს, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ გაუხარდება. ისე, მართლა საინტერესოა, რას იფიქრებს და რას მოიმოქმედებს (იცინის). რატომღაც, ვფიქრობ, რომ ძალიან გაუხარდება. მე, მაგალითად, ძალიან გამიხარდებოდა, გამეგო, რომ შორეული ქვეყნიდან ვიღაცას ვახსოვარ და ჩემი ნახვა და პოვნა უნდა.
– ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა შეხვედრას, ან, როგორ აპირებთ შემდგომ ურთიერთობას?
– პოვნის შემთხვევაში, ვფიქრობ, თავიდან ინტერნეტით გვექნება ურთიერთობა, რადგან უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლა არც ისე იოლია და მატერიალურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. შემდგომში კი, რა თქმა უნდა, შეიძლება, პირადად შევხვდეთ ერთმანეთს – ამის ორგანიზებაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მთავარია, ორმხრივი სურვილი იყოს. ძალიან მაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება გიორგის, როდესაც გაიგებს, რომ მე მას ვეძებ. ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში გაუკვირდება. მართლა მაინტერესებს, როგორ აეწყო ჩემს ჯარის მეგობარს ცხოვრება, ჰყავს თუ არა ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ. მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრებმა ბევრი რამ იციან მის შესახებ. ჩემი უფროსი ქალიშვილი მგულშემატკივრობს კიდეც ჩემი მეგობრის მოძებნასთან დაკავშირებით – სულ მეკითხება, რას ვაკეთებ, როგორ ვეძებ. პატარა გოგო კი აჟიტირებულია, ყველას უყვება – მამიკო თავის ჯარის მეგობარს ეძებს საქართველოშიო. ოჯახის წევრებს უხარიათ, ასეთი მონდომებული და მოწადინებული რომ ვარ, ყველას აინტერესებს, რა შედეგს გამოიღებს ჩემი ცდა.
P.S. რუბრიკა „დაკარგულების“ 4 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული იყო სტატია, რომელშიც პატიმარი ქალი ეძებდა თავის ბიოლოგიურ დედას. საბედნიეროდ, ის ნაპოვნია. ვუსურვებთ პატიმარ ქალბატონს ირმა ირემაძეს, სასჯელის მალე მოხდას, ხოლო მის ბიოლოგიურ დედას კი ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს და ვულოცავთ მათ 28 წლის დაშორების დამთავრებას. ასევე, ნაპოვნია 11 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული ისტორიის გმირი, რამინ სიჭინავა, რომელსაც ეძებდა ლუდმილა კოვალენკო.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.