ვინ ეძებს თავის თანაკურსელს ხარკოვიდან საქართველოში და როგორ დაკარგეს ერთმანეთთან კონტაქტი სტუდენტობის მეგობრებმა
45 წლის ვიქტორია ვალენტინის ასული კაშირცევა ეძებს 46 წლის თეიმურაზ მომცელიძეს (დაბადების წელი – 1964).
ისტორია: ვეძებ ჩემს თანაკურსელს, 46 წლის თეიმურაზ მომცელიძეს. თეიმურაზთან ერთად დავამთავრე ხარკოვის სახელმწიფო აკადემია, არქიტექტორის სპეციალობით. რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე, მომეძებნა ჩემი თანაკურსელები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ცხოვრობდნენ. თითქმის ყველა ნაპოვნია და ამჟამად ყველას ერთად გვინდა თეიმურაზის პოვნა. ძალიან გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და გვაპოვნინოთ ჩვენი მეგობარი.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, რატომ ან როგორ გადაწყვიტეთ სტუდენტობის დროინდელი მეგობრის მოძებნა?
– 1992 წელს მე და ჩემმა თანაკურსელებმა დავამთავრეთ ხარკოვის სახელმწიფო აკადემიის ქალაქმშენებლობის ფაკულტეტი. წლებია გასული მას შემდეგ, რაც არქიტექტორის დიპლომი ავიღე, მაგრამ დღემდე მენატრება სტუდენტობის დღეები, ჩვენი ცელქობა და გართობა. არაჩვეულებრივი მეგობრობა გვქონდა ყველასთან. ლექტორები ამბობდნენ კიდეც, რომ ჩვენი ჯგუფი ყველაზე შეკრული და ამხანაგური იყო. 2005 წელს გადავწყვიტე, მომეძებნა ყველა ის თანაჯგუფელი, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდი. ეს იდეა გაითვალისწინეს ჩემმა მეგობრებმაც (რომლებიც ვიპოვე და რომლებთანაც კონტაქტი აღვადგინე), სწორედ მათ მთხოვეს, რომ ეს საქმე მე მეთავა და „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე განცხადების განთავსების გზით მეპოვა ჩვენი საერთო მეგობრები. ერთი წლის შემდეგ, ანუ 2006 წელს მე მართლაც ვიპოვე ჩვენი კიდევ სამი თანაჯგუფელი და ვიმედოვნებდი, რომ დანარჩენებსაც ვიპოვიდი. მართლაც ასე მოხდა – ნელ-ნელა ვიპოვეთ ყველა. ეს ძალიან საინტერესო იყო, რადგან, აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი რუსეთშია, ზოგი უკრაინაში დარჩა. არიან ისეთებიც, ვინც უცხოეთში წავიდნენ საცხოვრებლად. ბუნებრივია, მათი პოვნა და მათთან დაკავშირება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
– გამოდის, თქვენ და იმ თანაჯგუფელებმა, ვინც უკვე იპოვეთ, ერთად გადაწყვიტეთ თეიმურაზის მოძებნა.
– სწორედ ასეა, ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ მისი მოძებნა. თეიმურაზი ყველასგან ძალიან განსხვავდებოდა, ყოველთვის კომუნიკაბელური და მეგობრული იყო, ასევე ნიჭიერიც. ყოვლად შესაძლებელია, რომ დღესდღეობით მან დიდ წარმატებასაც მიაღწია, თუ, რა თქმა უნდა, გააგრძელა თავისი პროფესიით მუშაობა. თეიმურაზის პოვნა ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, ის ყოველთვის ჯგუფის მოწინავე სტუდენტი იყო. იმედია, ის საქართველოში იმყოფება და თქვენ მის პოვნაში დაგვეხმარებით.
– ალბათ, გარკვეული გეგმაც გექნებათ შემუშავებული – როგორ აპირებთ მასთან შეხვედრას ან რას აპირებთ, იმ შემთხვევაში, თუ მას იპოვით?
– თუ მოხერხდა მისი პოვნა და მისგანაც იქნება იგივე ინიციატივა, ძალიან გვინდა, მოვაწყოთ თანაჯგუფელების შეხვედრა. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა. წლებია გასული, ყველანი შეცვლილები ვართ, მაგრამ ყველას ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი.