ვინ არის „ინდოელი ბილ გეითსი“ და რა აკავშირებს მას „ფორბსის“ „მაღალტექნოლოგიურ“ მილიარდერებთან
ჟურნალ „ფორბსში“ 2010 წლის მილიარდერების რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მილიარდერების უმეტესობა, გარკვეულწილად, დაკავშირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიასთან – პროგრამული უზრუნველყოფა, მედია, ინტერნეტი, სოციალური ქსელები. შემოგთავაზებთ ეგრეთ წოდებული „მაღალტექნოლოგიური“ მილიარდერების ჩამონათვალს.
ბილ გეითსი – „ის შეიძლება, გიყვარდეთ ან გძულდეთ, მაგრამ მისი იგნორირება შეუძლებელია“, – ასეთი სათაური ჰქონდა ერთ-ერთ სტატიას ჟურნალ „ფორჩუნში“, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ბილ გეითსს მიეძღვნა. ბილ გეითსი სწორედ იმ მილიარდერების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა მთლიანი კაპიტალი მაღალ ტექნოლოგიებს და კერძოდ, კომპიუტერებს უკავშირდება. „მაიკროსოფტის“ დამაარსებელი და პლანეტის, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი მილიარდერი, რომელიც, პრაქტიკულად, ჩამოშორებულია კომპანიის მართვას, დროის და ფულის უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს. ახლახან, ის ახალი ინიციატივით გამოვიდა კიდევ ერთ მილიარდერთან, უორენ ბაფეტთან ერთად, გეითსმა გადაწყვიტა საკუთარი კაპიტალის ნახევარი მთლიანად ქველმოქმედებას მოახმაროს, საუბარია რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარზე და იგივეს გაკეთებას ბაფეტი და გეითსი სხვა მილიარდერებსაც მოუწოდებენ.
კარლოს სლიმ ელუ – მექსიკელი მედია-მეფე, სატელეკომუნიკაციო გიგანტის „ტელმექსის“ მფლობელი, კარლოს სლიმ ელუ 53,5 მილიარდი ამერიკული დოლარით 2010 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანია პლანეტაზე და ამავე დროს ერთ-ერთ ყველაზე მოკრძალებულ მილიარდერად მიიჩნევა. კარლოს სლიმი თვეში მხოლოდ 24 ათასს დოლარს ხარჯავს საკუთარ თავზე – გადაადგილდება ჩვეულებრივი ავტომობილით, იცვამს იაფიან მაღაზიებში, ხოლო პროდუქტებს საკუთარ სუპერმარკეტებში იძენს, ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათით. ამჟამად კარლოს სლიმი დაკავებულია მეხიკოში და მთლიანად ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმის მშენებლობით, სადაც გამოიფინება მისი პირადი კოლექციის 72 ათასამდე ექსპონატი, ფერწერული ტილოები და ქანდაკებები. ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება, დაათვალიეროს რუბენსის, ელ გრეკოს, ლეონარდო და ვინჩის, რენუარის, პიკასოს, კლოდ მონეს, დიეგო რივერას და როდენის ქმნილებები.
აზიმ პრემჯი – მას „ინდოელ ბილ გეითსს“ უწოდებენ და მისი კაპიტალი 17 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუსლიმანია მსოფლიოში, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ნავთობთან. ინდოელმა აზიმ პრემჯიმ საკუთარი მილიარდები პროგრამული უზრუნველყოფის და კომპიუტერების გაყიდვით მოიპოვა. მისი საკუთრებაა უდიდესი ინდური კომპიუტერული ტექნოლოგიების კონცერნი „ვიპრო ტექნოლოჯის“. „ვიპრო“ უმსხვილესი ინდური კომპიუტერული უზრუნველყოფის ექსპორტიორია და მისი ცენტრალური ოფისი, ბანგალორში, კალიფორნიის ანალოგ ინდურ კრემნიუმის ხეობაში მდებარეობს. 2007 წლიდან აზიმ პრემჯი ყოველწლიურად მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რიცხვში შედის, ხოლო ჟურნალმა „ფორჩუნმა“ გასულ წელს, იგი პლანეტის 25 ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს შორის მოიხსენია. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებამდე აზიმ პრემჯი და მისი კომპანიები საპნით, მარგარინითა და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით ვაჭრობდნენ.
ლოურენს ელისონი – მსოფლიოში სიდიდით მეორე, კომპიუტერული უზრუნველყოფის კომპანიის მფლობელი. კომპანია „ორაკლის“ მმართველი ლარი ელისონი ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტურ მილიარდერად მიიჩნევა მსოფლიოში. გარდა კომპიუტერული ბიზნესისა, იგი დაინტერესებულია იახტებითა და ბომბდამშენებით. იგი პირადად მართავს იტალიურ ბომბდამშენ „მარკეტის“, ხოლო წლების წინ ცეცხლსასროლი იარაღის, ალკოჰოლისა და თამბაქოს პროდუქციის კონტროლის მსოფლიო ბიურომ აღკვეთა ელისონის მიერ რუსული „მიგის“ ყიდვის შესაძლებლობა. პირველად „ფორბსის“ რეიტინგში ელისონი 1986 წელს, ბილ გეითსთან ერთად გამოჩნდა და მას შემდეგ იგი მუდამ ხვდება პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის არასდროს ყოფილა პირველი სამეულის წევრი. სულ ახლახან კი ექსცენტრიკული მილიარდერის ახალი გატაცების შესახებ გახდა ცნობილი. კულუარული ინფორმაციით ელისონი 315 მილიონ ამერიკულ დოლარად ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ შეძენას აპირებს.
სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი – ყველაზე გავრცელებული საძიებო სისტემის „გუგლის“ ავტორთა დუეტი. პეიჯმა და ბრინმა ერთმანეთი სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნეს 1995 წელს. 1998 წელს კი მათი ერთობლივი პროექტი „გუგლი“ ამოქმედდა, რომლის წყალობითაც დღესდღეობით ისინი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში წარმატებული ადამიანების სტატუსით სარგებლობენ. სხვათა შორის, ბრენდი „გუგლი“ გაცილებით ცნობილია, ვიდრე მისი ავტორები, თავის ავტორებზე და ამის თაობაზე ბრინი და პეიჯი სულაც არ წუხან. ისინი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და იშვიათად ჩნდებიან ტელევიზიით. ერთ-ერთი ბოლო ცნობა კი, რომელიც მათ სახელს უკავშირდება „გუგლის“ აქციების გაყიდვას ეხება. ბრინმა და პეიჯმა უახლოესი 5 წლის განმავლობაში გადაწყვიტეს 10 მილიონი აქციის გაყიდვა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 5,5 მილიარდი დოლარია. ამდენად, ისინი მზად არიან თავისთვის დაიტოვონ „გუგლის“ აქციების 48 პროცენტი, ხოლო დანარჩენი გაყიდონ.
მარკ ცუკერბერგი – ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ავტორი და ყველაზე ახალგაზრდა ჟურნალ „ფორბსის“ მილიარდერთა შორის. მარკ ცუკერბერგის თაობაზე უამრავი ლეგენდა ვრცელდება, სულ მალე მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე მხატვრული ფილმი გამოვა სახელწოდებით „სოციალური ქსელი“, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი მარკის ცხოვრება „ფეისბუქამდე“ და „ფეისბუქის“ შექმნის შემდეგ. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში მარკის სახელს საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია უკავშირდება. ვინმე პოლ ჩელია ირწმუნება, რომ საიტი „ფეისბუქი“ მისი შეკვეთითა და ფულით გაკეთდა და მას ეკუთვნის, როგორც აქციების საკონტროლო პაკეტი, ასევე მთლიანი შემოსავალი, რაც კი მარკ ცუკერბერგს საიტიდან მიუღია მისი გახსნის დღიდან, ანუ 2004 წლიდან. „ფეისბუქის“ მფლობელის ვინაობას ამერიკული სასამართლო გაარკვევს, თუმცა ცუკერბერგი იოლად რომ არ შეელევა თავის ქმნილებას, ყველასთვის ცნობილია.
იოშიკაცუ ტანაკამ – 33 წლის იაპონელმა, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად მიიჩნევა, საკუთარი კაპიტალი, იაპონიაში პოპულარულ სოციალურ ქსელ gree.jp-ზე გააკეთა. ტანაკა აზიის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომელმაც საკუთარი ქონება თვითონ შექმნა. ზედმეტსახელად მას „იაპონელ ცუკერბერგს“ უწოდებენ და საინტერესოა, რომ თავისი საიტი მან ცუკერბერგის მსგავსად 2004 წელს აამოქმედა. „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში ტანაკა 1,4 მილიარდი დოლარით 721-ე ადგილზეა.