რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: იქნებ ამიხსნათ, როგორც „ჯიპი“ რომელი უკეთესი ავტომობილია, „მიცუბიში პაჯერო“ თუ „მერსედეს ემელი“?
პასუხი: ამ კითხვაზე პასუხი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, გამომდინარე იქიდან, თუ რისთვის გვჭირდება ეს მანქანა. თუ მას ჩვენ მხოლოდ „ჯიპის“ დატვირთვით ვამუშავებთ, ანუ იმ მიზნებისთვის გვჭირდება, რასაც „ჯიპი“ ემსახურება, მაშინ, რა თქმა უნდა, „პაჯერო“ ჯობია. მას უკეთესი გამავლობა, უფრო გრძელი და მუშა ბაზა აქვს და უგზოობის პირობებში უკეთ მუშაობს. მაგრამ, თუ მეტწილად მაინც ქალაქში და ტრასებზე გვიწევს სიარული, გაფუჭებულ გზაზე იშვიათად დავდივართ და, თან გვინდა, რომ ჩვენი ავტომობილი უფრო წარმომადგენლობითი იყოს, ანუ ავტომობილის პრესტიჟულობასაც აქვს მნიშვნელობა, მაშინ, რა თქმა უნდა, „ემელის“ შეძენას გირჩევთ. ის სწრაფად მანევრირებს და ტრასაზეც თავს უკეთ გრძნობს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ნივა“ და მინდა, რომ მისი ძრავა გავაძლიერო. მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია ეს, ვინ შეძლებს ამის გაკეთებას და რა დაჯდება?
პასუხი: ნებისმიერი ტიპის ძრავის გაძლიერება შეიძლება და, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, „ნივისაც“. მაგრამ, ეს ძალიან რთულ და ზუსტ სამუშაოებთან არის დაკავშირებული, რადგან ძრავას ძალიან სიღრმისეულ დეტალებში შეღწევა და მაღალტექნოლოგიურად დამუშავება ხდება საჭირო. ძალიან ბევრი ნიუანსია, ასევე, რაც ხელით სკურპულოზურ გადაკეთებას მოითხოვს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ, ხელოსნის ცოდნასთან ერთად, ეს საკმაოდ დიდ თანხასაც მოითხოვს. გარდა ამისა, ძალიან რთულია საქართველოში ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ამ საქმის ზუსტად გაკეთება შეუძლია. ასეთები არსებობენ, მაგრამ ისინი უკვე სხვა საქმით არიან დაკავებული. ძრავას გაძლიერება იმაზე ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე თვითონ „ნივა“ ღირს, რადგან მინიმალური სამუშაოების შესასრულებლად ხელოსანმა ერთი თვე მაინც უნდა დაკარგოს. რა თქმა უნდა, ის რაღაც დონემდე გაძლიერდება, მაგალითად, თუ „ნივას“ აქვს 81 ცხენის ძალა, მას დაახლოებით 140 ცხენის ძალამდე აიყვანენ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ კალიბრა“, რომელსაც ეგრეთ წოდებული „თხუთმეტიანი“ დისკები ეყენა და ის „თვრამეტიანი“ დისკებით შევცვალე. რამდენიმე, მაგრამ დამუხრუჭების შემდეგ მუხრუჭი საერთოდ აღარ იჭერს. შესაძლებელია, რომ ამას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს?
პასუხი: რა თქმა უნდა, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც გაცილებით დიდი ზომის დისკებს ვაყენებთ, უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სისტემაც და, შესაბამისად, გაცილებით დიდი ზომის სამუხრუჭე დისკები გვჭირდება და ბევრად უკეთესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებიც. ანუ, ყველაფერი უფრო დიდი ზომის უნდა იყოს და უფრო ხარისხიანიც. იოლად რომ აღიქვათ, რა განსხვავებას იღებს საბურავი ამ დროს, წარმოიდგინეთ თაგვი, რომელიც თავისი ზომის შუშის წრეში ტრიალებს. საითაც დაიწყებს ის ხტუნვას, იქით წავა წრეც და თან, იოლად დატრიალდება. წარმოიდგინეთ ახლა ამ თაგვს თავისზე მინიმუმ სამჯერ დიდი წრის ტრიალი რომ დაავალოთ, რომელიც დიდიც არის და მძიმეც. ანუ, თუ მუხრუჭს გარკვეული ძალა სჭირდებოდა საბურავის გასაჩერებლად, ახლა ის მას გაჭირვებით მოერევა. თქვენი პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.