ელექტროსისტემის რა პრობლემები უჩნდება სხვადასხვა მწარმოებლის ავტომობილებს
როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრ თანამედროვე ავტომობილს, რომელიც 2000 წლის შემდეგაა გამოსული ერთი და იგივე პრობლემები აქვს, რომელთა დიაგნოსტიკაც საქართველოში ხშირად ძალიან უჭირთ. „ტოიოტას“ სკანდალის შემდეგ მთელი საავტომობილო სამყარო ალაპარაკდა, რომ მსგავსი გაუმართაობები სხვა მარკის ავტომობილებსაც აქვთ. რა არის ყველაფერ ამის მიზეზი, ამაზე საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე საუბრობს.
მევლუდ მელაძე: თანამედროვე ავტომობილებს უამრავი პრობლემა აქვთ. მათ შორის ბევრია ისეთი, რომლის გახმაურებაც მწარმოებლებს არავითარ შემთხვევაში არ უნდათ, სანამ სკანდალი არ ატყდება. უკვე ხშირია ავტომობილის გამოთხოვება, შეკეთება და ხელახლა რეალიზაციაში ჩაშვება, რასაც ძალიან დიდი ზარალი მოაქვს. კითხვა ასეთია – რატომ ხდება ასე? სანამ ავტომობილებს რეალიზაციაში ჩაუშვებენ, არ შეიძლება, მანამდე ჩაატარონ ტესტირება? რატომ ექმნება რამდენიმე მწარმოებელს ერთნაირი პრობლემა? 2002 წლის შემდეგ ძალიან ცოტა მწარმოებელი აკეთებს ავტომობილის ყველა დეტალს ადგილზე, საკუთარ ქარხანაში. ამ იშვიათ მწარმოებელთა რიცხვს მიეკუთვნებიან ან ისეთები, რომელთა ბრენდი არცთუ ისე ცნობილია, ან სუპერქარების მწარმოებლები, მაგალითად, „ფერარი“, რომლის ბევრი დეტალი ხელით კეთდება, იქვე ადგილზე. უმსხვილესი, ვიტყოდი, გლობალური მწარმოებლები, რომელთა ავტომობილები საქართველოშიც ძალიან დიდი რაოდენობითაა, გადასულები არიან ეგრეთ წოდებულ „ასამბლეაზე“. სხვადასხვა ბრენდის ავტომობილებში იყენებენ ერთ ქარხანაში დამზადებულ რომელიმე დეტალს. მაგალითად ავიღოთ „ბოშის“ ელექტროსისტემები – სტარტერებს, გენერატორებს, საწვავ სისტემებს, თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი იყენებს თავის ავტომობილებში. იგივეა სხვა დეტალებზე. ყველამ იცის, რომ „ბოში“ ხარისხიანი ფირმაა, რომელიც თავისი დეტალების უამრავ ტესტს ატარებს უსაფრთხოებაზე. თუმცა ამის გამო „ბოში“ საკმაოდ ძვირია და მას მხოლოდ ძალიან ძვირად ღირებულ ავტომობილებში იყენებენ. ელექტროდეტალები კი, ავტომობილის ტვინია.
– ამ ელექტროდეტალების გამო იყო არა, ერთ-ერთი ბრენდის ავტომობილები თავის ჭკუაზე რომ დადიოდნენ და უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიეს?
– კი. და ეს იმის გამო, რომ ქარხნები ძალიან დიდი რაოდენობით ავტომობილს უშვებენ და ყველა მათგანის სრულფასოვანი ტესტირება არ ხდება. არადა, თუ ტემპს ჩამორჩი და ორი წელი ერთი მოდელის გამოშვებას მოანდომე, მეორე წელს მას აღარავინ იყიდის. სულ უნდა ცვალო მოდელები, პროგრესთან დინამიკაში მოხვიდე და შესაბამისად, ნაკლებად „გატესტო“ ახალი ავტომობილები. იმ კონკრეტული დეტალების მწარმოებლებსაც აღარ აქვთ შემოწმების დრო. აქედან გამომდინარე, როცა ერთი მარკის შემთხვევაში თავი ამოყო ასეთმა სერიოზულმა პრობლემამ, ამან სხვა მწარმოებლებიც დააფიქრა, რადგან იმავე ფირმის დეტალები ჰქონდათ გამოყენებული. ერთი სიტყვით, ყველა თანამედროვე ავტომობილის პრობლემები ერთმანეთს ჰგავს.
– აბა, რა უნდა ქნან მყიდველებმა?
– ჯოხი ყოველთვის მათზე ტყდება. თან, ხშირად ეს პრობლემა ამოუცნობია. მით უმეტეს, თუ პრობლემა ექმნება ელექტროსისტემებს ან მასთან დაკავშირებულ დეტალებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერი ამას როგორ წაიკითხავს. ვთქვათ, კომპიუტერს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ერთმა საბურავმა ოცი ბრუნი გააკეთა და ეს კონკრეტულ დამთვლელ დეტალს შეეშალა. მეორე საბურავმა თვრამეტი ბრუნი გააკეთა – ეს კომპიუტერისთვის ნიშნავს, რომ მან სამუხრუჭე სისტემის გამოყენების დროს შესაბამისი ინფორმაცია უნდა გადასცეს, „აბეესიის“ სწორად მუშაობისთვის. თუ „აბეესს“ სხვადასხვა ბრუნი მიეწოდა, ის ჩათვლის, რომ ერთ ბორბალში ნაკლები სითხე უნდა გაუშვას, მეორეში – მეტი, შესაბამისად, ერთი ადრე გაჩერდება, მეორე გვიან, რაც სავარაუდოდ, ავტომობილის მოცურებას გამოიწვევს. მუხრუჭი შეიძლება, გაიწელოს და სამუხრუჭე ზოლიც იმაზე მეტად გაიზარდოს, ვიდრე იყო. ეს მოხდება არა რელიეფის და ბრუნვის, არამედ იმ კონკრეტული სენსორის გამო, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა. ეს ყველაზე მარტივი მაგალითია, რაც ელექტროსისტემების ოდნავ არაზუსტად მუშაობამ შეიძლება, გამოიწვიოს. ოდნავი არასწორი მუშაობა ქაოსს იწვევს. თუ მსგავსი შემთხვევა რომელიმე მოდელში იჩენს თავს, ის სხვა, კონკურენტ მოდელებშიც გამეორდება.
– ანუ მარკებში განსხვავებული მხოლოდ გარეგნული დეტალებია?
– დაახლოებით. შეფუთვა აქვს სხვანაირი. ავიღოთ ცნობილი, გაზის აჩქარების პედალი, რომელმაც ბევრ მოდელში იჩინა თავი. სხვადასხვა მოდელში გაზის პედალი სულ სხვადასხვანაირად გამოიყურება. მაგრამ, ის დეტალი, რაც რეალურად აჩერებს ავტომობილს და მის შიგნითაა, ზუსტად ერთი და იგივეა. რა მნიშვნელობა აქვს ნაგავს ლამაზ, ოქროს ყუთში ჩავდებთ თუ „კარდონის“ ყუთში?!