რისგან მზადდება ლუდთან მისაყოლებელი სალათა „ბავარიული”, წიწაკის ტოლმა „წიფხა” და ატმის დესერტი-„შერბეთი“
ბევრი ადამიანი, ზაფხულის სიცხეში თავს არიდებს ხორცისგან მომზადებულ კერძებს და ასევე, ცომეულს. როგორც სომელიე, ბატონი თეიმურაზ ბენიძე ამბობს, თუ ადამიანი სწორად მოიქცევა და ამა თუ იმ კერძს, მისთვის შესაფერის დროს მიიღებს, ასევე, შეუხამებს მისთვის შესაბამის გარნირს და სასმელს, მაშინ ასეთი „გემრიელობების“ ჭამა, ზაფხულის პაპანაქებაშიც კი, სასიამოვნო და ადვილად აღსაქმელი ხდება.
– ამბობენ, ზაფხულში ხორცისგან მომზადებული კერძების მიღება, სასურველი არ არის, რადგან მძიმეა და სიცხეში მას ორგანიზმი ძნელად ინელებსო. თქვენ რას გვირჩევთ და შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
– მართალია ამბობენ, რომ ზაფხულში ხორციანი კერძები რეკომენდებული არ არისო, მაგრამ ეს არასწორია. თუ მსუბუქად და გემრიელად მოამზადებთ ხორციან კერძებს, დაიცავთ მომზადებისა და შენახვის ყველა წესს და ამავდროულად, ჯანსაღ და სუფთა პროდუქტს გამოიყენებთ, ასევე, გაითვალისწინებთ ამა თუ იმ კერძის მიღების დროს, მაშინ ის ორგანიზმსაც ეამება და ზაფხულის სიცხეშიც ადვილი მოსანელებელი იქნება. მაგალითად, აქვე შემოგთავაზებთ, უგემრიელეს ხორცის რეცეპტს, რომელიც ზაფხულში სასიამოვნო საჭმელია. ასეთია, ხორცი ფენოვან ცომში „მაკრი“. მისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 1 კილოგრამი რბილი ღორის ხორცი ზურგის ნაწილიდან, 500 გრამი ფენოვანი ცომი, 1 კვერცხი, 2 სადილის კოვზი ზეთი. მარინადისთვის: 2 ჩაის ჭიქა მშრალი წითელი ღვინო, 2 სუფრის კოვზი მდოგვი, დაფქული შავი პილპილი, მარილი გემოვნებით. შიგთავსისთვის: 250 გრამი ყველი „ბრინზა“, 2 ცალი ტკბილი წიწაკა. „მაკრი“ ასე უნდა მოამზადოთ: შიგთავსისთვის ყველი „ბრინზა“ დააქუცმაცეთ და შეურიეთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა. ხორცი დაჭერით მთელ სიგრძეზე და გადახსენით წიგნივით, დაბეგვეთ და შიგნით მოათავსეთ ყველის მასა. გვერდები შეაერთეთ. მარინადის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს, მოასხით ხორცს და გააჩერეთ, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მაცივარში. ამოიღეთ ხორცი მარინადიდან, ცოტა შეაშრეთ და შეწვით მაღალ ცეცხლზე შეწითლებამდე. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და მიიყვანეთ ხორცი სრულ გამზადებამდე. გადმოდგით და გააცივეთ. ცომი გააბრტყელეთ, შუაში დადეთ ხორცი, ცომი ხორცის გვერდიდან ჩაჭერით ზოლებად და შემოაწანით ხორცს, ისე რომ დაიფაროს. ცომს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, შედგით ჰაერღუმელში 200 გრადუსზე და დაახლოებით, ნახევარი საათი გააჩერეთ. სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით პორციებად და ისე მიართვით სტუმრებსა და ოჯახის წევრებს. ფენოვან ხორცში მომზადებული ხორცი, რომელსაც „მაკრი“ ჰქვია, უნდა მიირთვათ შუადღისას და მიაყოლოთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო.
– ამ სეზონზე მაინც ცივ და სეზონური ბოსტნეულისგან მომზადებულ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, ასეთია ბულგარული წიწაკის ტოლმა. მას დიასახლისები სხვადასხვა რეცეპტით ამზადებენ. თქვენ როგორ რეცეპტს შემოგვთავაზებთ?
– გეთანხმებით, ახლა ბულგარული წიწაკის ტოლმას ბევრი დიასახლისი ამზადებს და აბსოლუტურად განსხვავებული რეცეპტით. შემოგთავაზებთ უგემრიელეს საზაფხულო ტოლმის რეცეპტს, კერძოდ, ბულგარულ წიწაკას ფხვიერი შიგთავსით, რომელსაც ჰქვია „წიფხა”. მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: 200 გრამი ძროხის ხორცი, 2 ცალი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 2 ცალი პომიდორი, 3 კბილი ნიორი, თითო-თითო კონა კამა, ქინძი და ოხრახუში, ბრინჯი 4 სადილის კოვზი, წითელი ღვინო 200 გრამი, 100 გრამი ზეთი, 2 ცალი კარტოფილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოკლედ, 4 სუფრის კოვზ ბრინჯს დაასხით 2 ლიტრი წყალი, ხარშეთ, სანამ არ იქნება მზად. მთავარია, არ გადახარშოთ. ხორცი დაჭერით დიდ ნაჭრებად და შეწვით ზეთში. შემწვარ ხორცს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ. შემდეგ დაამატეთ გრძლად დაჭრილი სტაფილო და მოშუშეთ სანამ არ დარბილდება. დარბილებულ სტაფილოს დაუმატეთ კანგაცლილი, დაჭყლეტილი პომიდორი. როცა პომიდორი წვენს გაუშვებს, დაამატეთ 200 გრამი წითელი ღვინო, დატოვეთ გაზზე, დაახლოებით, თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ამასობაში, ბრინჯიც მოიხარშება, გაავლეთ ცივ წყალში. დაჭერით ნიორი და მწვანილი. მოშუშეთ ხორცი, ბრინჯი და მწვანილთან ერთად ერთმანეთში აურიეთ. დაამატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. გამოაცალეთ ბულგარულ წიწაკას გული, გამოტენეთ გამზადებული მასით და ჩააწყვეთ ქვაბში. დაასხით წყალი. წვენს დაუმატეთ გატარებული კარტოფილი, რომ გასქელდეს. ხარშეთ თხუთმეტი წუთი და კერძიც მზად არის. შეგიძლიათ, მას როგორც თეთრი, ასევე წითელი, ერთი ჭიქა ღვინოც მიაყოლოთ. აქვე გასწავლით სალათა „ბავარიულის” რეცეპტსაც, რომელსაც, თქვენ წარმოიდგინეთ და ლუდის მიყოლებაც კი უხდება. მისთვის საჭიროა: 300 გრამი შებოლილი ძეხვი, 200 გრამი ყველი, 4 თავი წითელი ხახვი, 4 ცალი კიტრის მწნილი, 1 კონა მწვანე ხახვი, 4 სადილის კოვზი მაიონეზი, 4 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სადილის კოვზი ძმარი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, პატარა კონა ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით. სალათა „ბავარიული” ასე უნდა მოამზადოთ: ძეხვი დაჭერით პატარა, მოგრძო ნაჭრებად, ყველი – კუბიკებად, ხახვი თხელ რგოლებად, კიტრი კი გრძლად. მწვანე ხახვი და ოხრახუში დაკეპეთ. ყველაფერი ჩაყარეთ სასალათე ჯამში და კარგად აურიეთ. მაიონეზი, არაჟანი, ძმარი და მდოგვი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი. მიღებული სოუსი დაასხით ჯამში ჩაყრილ პროდუქტებს და მაგიდასთან მიტანამდე გააჩერეთ თხუთმეტ წუთს. ამ სალათას, პირადად მე, ვცადე, ჩაციებული ლუდი „ბავარიული” მივაყოლე და კარგადაც ვისიამოვნე.
– სახლის პირობებში როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი, გამაგრილებელი და შოკის მომგვრელი ნაყინი?
– ასეთ, უგემრიელეს, გამაგრილებელ და შოკის მომგვრელ ნაყინის რეცეპტს, ყველას არ ვუმხელ, მაგრამ თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ (იცინის). მაგალითად, გაგიმხელთ ნიგვზით შოკოლადის ნაყინის „ტერინეს“ რეცეპტს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 300 გრამი შოკოლადი, 80 გრამი კარაქი, 200 გრამი ნიგოზი, 100 გრამი შაქარი და 6 ცალი კვერცხი. „ტერინე” ასე მზადდება: 60 გრამი შაქარი და 1 ჩაის კოვზი წყალი გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე. უნდა გამოვიდეს კარამელი. დაამატეთ 10 გრამი კარაქი, ნიგოზი და აურიეთ. ამოაწყვეთ მთლიანი ნიგვზის ლებნები ქაღალდზე, რომ ერთმანეთს არ შეეწებოს. რამდენიმე ცალი ცალკე გადადეთ მოსართავად. ათქვიფეთ კვერცხის გული 1 სადილის კოვზ შაქართან ერთად. ცალკე ათქვიფეთ ცილა, ისე რომ გამოვიდეს სქელი თეთრი ფაფა. აურიეთ ერთმანეთში კვერცხის მასა და შეურიეთ შოკოლადი, ჩაასხით ფორმაში. გააჩერეთ საყინულეში, დაახლოებით, ექვსი საათის განმავლობაში. რომ გაიყინება, ზემოდან დაადეთ მთელ-მთელი ნიგვზის ლებნები და მიირთვით გემრიელად.
– სეზონური ხილისგან კარგი პირის ჩასატკბარუნებელი დესერტები მზადდება. მაგალითად, როგორ დავამზადოთ ატმის გამაგრილებელი „შერბეთი”?
– ატმის გამაგრილებელი „შერბეთის“ რეცეპტი გამახსენდა, რომელსაც „კიკო-რიკო” ჰქვია, ადვილი მოსამზადებელიცაა, გემრიელიც და ამ სეზონზე მართლაც მისაღები. მისთვის საჭიროა: 4 ცალი ატამი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1/4 ჩაის კოვზი ვანილი, 1/8 ჩაის კოვზი მარილი. მოკლედ, გაფცქვენით ატმები, დაჭერით და ჩაყარეთ ბლენდერში. დაამატეთ თაფლი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ. ისე, რომ თაფლი კარგად გაიხსნას. ჩაასხით ფორმებში და დაახურეთ სახურავი. გაყინეთ საყინულეში მინიმუმ, ოთხი საათი. უგემრიელესი, გამაგრილებელი დესერტი-„შერბეთია“, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც დილით, ასევე საღამოს ან დღის ნებისმიერ დროს.