„თბილისელების“ სამზარეულო
შნიცელი ანანასით
საჭირო ინგრედიენტებია: 450 გრამი ანანასი (დაკონსერვებული), 4 ნაჭერი საქონლის უძვლო ან მჭლე ღორის ხორცი (თითო ნაჭერი დაახლოებით 120 გრამი უნდა იყოს), 2 სადილის კოვზი ზეთი, 1 სადილის კოვზი სოიას სოუსი, 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 2 სადილის კოვზი შაქარი, 1/2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ანანასის ნაჭრები დაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და აცადეთ კარგად დაიწუროს. ანანასის წვენი არ გადაღვაროთ. ხორცი გარეცხეთ. შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. სოიას სოუსს შეურიეთ ტომატ-პასტა, ანანასის წვენის ნახევარი და შაქარი. იმ ტაფაზე, რომელზეც ხორცი შეწვით, დააწყვეთ ანანასის ნაჭრები და ოდნავ შებრაწეთ ორივე მხრიდან. შეაზავეთ პილპილით. ზემოდან დააწყვეთ ხორცის ნაჭრები, დაასხით სოუსი და შუშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ სოუსი ოდნავ არ შესქელდება. გარნირად მოუმზადეთ ბრინჯი, ან პიურე.