რა უნდა შეეძლოს ნამდვილ მამაკაცს რამაზ ნოზაძის აზრით და რატომ აკეთებდა ის ანტენებს
რამაზ ნოზაძე: მე საკმაოდ მშვიდი ადამიანი ვარ. ძალიან იშვიათად ვღიზიანდები. ძირითადად მაშინ, როცა რამე არ გამომდის ხელიდან. მაგრამ, დიდხანს მაინც არ ვბრაზობ. მალე გადამივლის, ხოლმე. შუქი თუ ჩაქრება ცოტა ხნით, ან წყალი დაწყდება, ამაზე ნერვებს ნამდვილად არ მოვიშლი.
– რა გამოსდის ხელიდან რამაზს?
– ყველაფერი მეხერხება. რასაც ხელს მოვკიდებ და გულს დავუდებ, გავაკეთებ. ჯერ არც საკეტი გამომიცვლია და არც ონკანი შემიკეთებია, მაგრამ ვიცი, თუ დამჭირდა, არც ეს გამიჭირდება.
– ანუ, ნამდვილ მამაკაცს ყველაფერი შეუძლია?
– (იცინის) კი. დაახლოებით ასეა. არ უნდა იყოს პრობლემა, მონდომებული მამაკაცისთვის. ლურსმანს რომ კაცი ვერ აჭედებს და ამბობს არ მეხერხებაო, ის ზარმაცია.
– აბა, ქალმა თქვას, არ ვიცი სადილის კეთებაო...
– ჰო, თითქმის ეგ ვარიანტია. ხომ უნდა იცოდეს, ქალმა საჭმლის მომზადება ელემენტარულ დონეზე მაინც. კაცსაც, ალბათ, უნდა შეეძლოს რაღაც საკუთარი ხელით შეაკეთოს.
– ბავშვობაში ჩხირკედელა იყავი?
– არც ისე. ჩემი ერთადერთი „სერიოზული“ გატაცება ანტენების კეთება იყო. (იცინის) ოღონდ მართლა. ძალიან მინდოდა უცხოური არხები დამეჭირა. არ მომწონდა ის, გადაცემები, რომლებიც ჩვენი ტელევიზიით გადიოდა. კონსერვის ქილებიც გამომიყენებია ამ საქმეში და კიდევ სხვა მასალაც, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე შედეგს. ერთი სიტყვით, არ გამომივიდა ანტენების „ბიზნესი“.
– როგორ ხარჯავს ფულს რამაზ ნოზაძე
– იყოს ფული და დახარჯვას რა უნდა. მფლანგველი არ ვარ. ძალიან იშვიათ შემთხვევაში დავხარჯავ ფულს უყაირათოდ. ძირითადად, მაშინ როცა მეგობრებთან ერთად ვარ. მიყვარს მათთან ერთად მოლხენა. ძალიან მიყვარს ძვირფასი ფეხსაცმელი. მასში ფული არასოდეს მენანება. მაგრამ, ძირითადად, უცხოეთში ვყიდულობ. აქაური მაღაზიები კარგად არც კი ვიცი.
– ანუ, თბილისში არ შოპინგობ?
– ძალიან იშვიათად. მაქვს საშუალება, უცხოეთში შევიძინო და აქ მაღაზიებში სიარული აღარ მიწევს. ვიტყვი იმას, რომ „ცუდი“ მყიდველი ვარ. იმას ვგულისხმობ, რომ ხშირად დაუფიქრებლად ვიცი რაღაცის ყიდვა და მერე მიკვირს, რისთვის ვიყიდე-მეთქი. ყოფილა ჩემს გარდერობში ტანსაცმელი, რომელიც საერთოდ არ ჩამიცვამს და მერე გამიჩუქებია.
– პროდუქტის საყიდლად რომ გაგიშვან, საყიდლების სია დაგჭირდება?
– არა. ისედაც კარგად მოვახერხებ ყველაფრის ყიდვას, არ დამავიწყდება. საკმაოდ ყურადღებიანი ვარ ამ მხრივ. სამზარეულოშიც შემიძლია, მივხედო საკუთარ თავს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ნიჭიერი კულინარი ვარ, მაგრამ თავს არ მოვიმშევ. კარტოფილის შეწვის საკუთარი მეთოდი მაქვს. ბევრნაირად ვამზადებ, დანამატებით: კვერცხით, ხახვით, ბეკონითა და არაჟნით. მართლა ძალიან გემრიელად გამომდის.
– ბევრი ფული რომ გქონდეს, რაში დახარჯავდი სიამოვნებით?
– (იცინის) უჰ, ძალიან მაგარ მანქანას ვიყიდდი, ძალიან სწრაფს. მიყვარს ძვირფასი და სწრაფი მანქანები. საკმაოდ კარგი მძღოლი ვარ და როცა მანქანა მყავდა, კარგადაც ვუვლიდი. ძალიან კარგად.
– ესე იგი, ცოლსაც კარგად მოუვლი?
– (იცინის) ამაზეა დამოკიდებული? ჩემი რაც არის, ყველაფერს კარგად ვუვლი და მე საერთოდ, არ ვცემ პატივს ისეთ მამაკაცებს, რომლებიც ცოლებს ცუდად უვლიან.
– იცი, რა არის „პახმელია“?
– არა. არასოდეს ვყოფილვარ „პახმელიაზე“. მიყვარს წითელი ღვინო, მაგრამ ბევრს არ ვსვამ. ერთხელ დილით ხაშზეც წავედი და მომეწონა, მაგრამ ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ „პახმელიაზე“ გამოვსულიყავი. დამპატიჟეს და წავედი.