რა კავშირი აქვთ ქართველ „მაზავშიკებს“ ქურდულ სამყაროსთან და რატომ გახშირდა თვითმკვლელობა წაგებული თანხების გამო
მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატმა საზოგადოების უდიდესი ნაწილი რომ მიიზიდა, ამაზე არავინ არ დავობს. ფეხბურთის მოყვარული ქართველი ქომაგების უმეტესობა გრილ ფან-კლუბებში გულშემატკივრობდა თავის საყვარელ გუნდებს და ისე განიცდიდა, ამა თუ იმ ნაკრების გამოვარდნას, თითქოს მათი მშობლიური ქვეყნის ნაკრები თამაშობდა სამხრეთ აფრიკულ მუნდიალზე. საზოგადოების კიდევ ერთი მოზრდილი ნაწილი, კი სულ სხვა საქმით იყო დაკავებული. ზოგადად, ტოტალიზატორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არც ერთ ქვეყანაში არ შეინიშნება, თუ, რა თქმა უნდა, საქმე ლეგალურ თამაშს ეხება. მაგრამ, ის რაც საქართველოში ხდებოდა ჩემპიონატის მსვლელობის პერიოდში, სავარაუდოდ, ერთი სრულმეტრაჟიანი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარად ივარგებდა. საუბარია ეგრეთ წოდებულ „მაზავშიკებზე“, ანუ არალეგალურ ბუკმეკერებზე, რომლებიც საქართველოში ბუზებივით მომრავლდნენ. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად დაირაზმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტური ქვედანაყოფების ნაწილი.
ჟურნალი „თბილისელები“ დაუკავშირდა ერთ-ერთ ასეთ „მაზავშიკად“ წოდებულ პიროვნებას, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, თუმცა ინტერვიუს მოცემაზე უარი არ უთქვამს და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
– თბილისში ბევრია ისეთი, რომელსაც სათამაშო ფული არ აქვს, თუმცა თამაშის სურვილი იმდენად დიდია, რომ „პოსლეზე“ სათამაშოდ „მაზავშიკს“ აკითხავს, რომელთანაც ნებისმიერ თანხაზეა შესაძლებელი გარიგება და ფსონის დადება.
სქემა ძალიან მარტივია, მოქალაქე „მაზავშიკთან“ სიტყვიერ გარიგებას დებს, ანუ სასურველ გუნდზე სასურველ ფსონს ჩამოდის ეგრეთ წოდებული მოგების შემთხვევაში „მაზავშიკი“ ვალდებულია მას თანხა გადაუხადოს, ხოლო წაგების შემთხვევაში, მოთამაშემ დადებული სიტყვა უნდა შეასრულოს და წაგებული თანხა უნდა გადაიხადოს. „მაზავშიკების“ მუშაობის სქემა იგივეა, რაც ტოტალიზატორის, განსხვავება მხოლოდ ერთია, აქ თამაში ფულის დადების გარეშე შეგიძლია.
„მაზავშიკმა“ რომ გათამაშოს, ის უნდა გენდობოდეს, ნდობის ფაქტორი აქ ბევრს ნიშნავს. არსებობს „გამაზვის“ კიდევ ერთი ვარიანტი, შუამავალი. ადამიანი, შუამავლის მეშვეობით დებს „მაზს“. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას შუამავალი იღებს, ეს კი გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. სიტყვიერად დადებული ფსონები, ტოტალიზატორში დადებულ ფსონებთან შედარებით, გაცილებით დიდია – დიდი თანხის მოგების იმედით. თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანები, ასეთი გარიგებით, ძალიან დიდ თანხებს აგებენ და ზოგჯერ ეს ციფრი იმდენად დიდია, მისი გადახდა შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ, წაგებულებს უხდებათ, ბინების, ავტომობილების ან სხვა ძვირფასი ნივთების გაყიდვა. ფულის ამოღების ხერხები კი საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ქურდული სამყარო აქტიურად არის ჩართული ამ ბიზნესში და ამის შესახებ ტელევიზიითაც არაერთხელ თქმულა. თუნდაც, გახმაურებული საქმე გავიხსენოთ, რომელიც ვატო ყიფიანის სახელს უკავშირდება.
ეს საქმე ძალიან ჩახლართულია და ჯერჯერობით რთულია იმის მტკიცება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს. თუმცა, ის რომ ყიფიანი გიორგის ბავშვობის მეგობარია და კიევში მის ბინაში ცხოვრობს, ამის შესახებ ფეხბურთელი ღიად საუბრობს. თბილისი პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი იცის.
დემეტრაძემ და გაგნიძემ არ იცოდნენ, ეს რა თანხა იყო. უბრალოდ, ვატომ სთხოვა და მიჰქონდათ პიროვნებასთან გადასაცემად. იქ წასვლამდე ეზოში ბიჭები ჯოკერს თამაშობდნენ. შემდეგ დემეტრაძემ თავის მეზობელს, კახა მისირელს ჰკითხა იმ ქუჩის ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც შეხვედრა უნდა შემდგარიყო, მისირელმა უპასუხა, რომ იცოდა და გიორგის მანქანაში ჩაუჯდა. სამივე ერთად წავიდა. მისირელმა საერთოდ არ იცოდა, თუ რაზე მიდიოდნენ. იგი ყოფილი ძალოვანია და სასაცილოა, ქურდული სამყაროს წევრობას რომ ედავებიან. თქვა, ხალხნო, ძალიანაც რომ მდომოდა, მათ გვერდით ვინ გამაჭაჭანებდაო. ეს აბსურდია. რაც შეეხება გაგნიძესა და მისირელს, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.
გამოძიების მტკიცებით, ამჟამად ძებნილ დავით ფეიქრიშვილს მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატზე, სწორედ ეგრეთ წოდებული „მაზით,“ 140 000 დოლარი ჰქონდა მოგებული. ბუნებრივია, ამხელა თანხის გადახდა მის მოვალეს გაუჭირდა და გამოსავლის ძიება დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დახმარებისთვის მან ქურდული სამყაროს „ავტორიტეტის“ ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მიმართა. თავის მხრივ, კი ვატო ყიფიანი უკრაინიდან თბილისში დავით ფეიქრიშვილს დაუკავშირდა. ძალოვნებს ხელთ აქვთ ყიფიანისა და ფეიქრიშვილის საუბრის ჩანაწერი, რითაც ირკვევა, რომ მათ შორის საუბარია ფულზე. უფრო მეტიც, ყიფიანი მას საჩუქარსაც სთხოვს და იმასაც ახსენებს – ქურდული წესებით, ასეთ დროს მოგებული თანხის 20 პროცენტი სად უნდა წავიდეს. არც ფეიქრიშვილი აღმოჩნდა ამ დეტალებში გაურკვეველი და ყიფიანს პასუხობს, რომ ეს წესები, უკვე აღარ არსებობს. ძალოვნებმა ყიფიანისა და გაგნიძის სატელეფონო საუბარიც გაავრცელეს. ყიფიანი გაგნიძეს ეუბნება, რომ ის გადასცეს იმ პიროვნებას, თუმცა, რის გადაცემაზეა საუბარი არ აკონკრეტებს, არც რაიმე გარიგება ჩანს. არც გაგნიძისა და ფეხბურთელ დემეტრაძის საუბრიდან იკვეთება რამე. მხოლოდ ერთია ცხადი, რომ დემეტრაძე ვიღაცას უნდა შეხვედროდა. მართლაც, ძალოვნებმა გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და კახა მისირელი ჭავჭავაძის ჩიხში, საღამოს 7 სააათზე დააკავეს. მანქანა იქვე, სამრეცხაოს გვერდით რამდენიმე წუთით გააჩერეს და სავარაუდოდ, ისინი ფეიქრიშვილს ელოდნენ, რომლისთვისაც თანხა უნდა გადაეცათ. დაკავებულებისგან 40 700 დოლარია ამოღებული და ეს თანხა, გამოძიების მტკიცებით, ფეიქრიშვილს ეკუთვნოდა. ვატო ყიფიანს კი დამატებით, ფეიქრიშვილის მოგებული თანხა, 30 000 დოლარი უკრაინაში ჰქონდა ამოღებული. გამოძიების თქმით, კახა მისირელის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „გლოკის“, ხოლო ბინის ჩხრეკისას „მაუზერის“ და „იერიხოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები; პირადი ჩხრეკისას დავით გაგნიძესაც იარაღი და ვაზნები აღმოაჩნდა.
დაპატიმრებული კახა მისირელი, წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. ბრალდების მტკიცებით, ვატო ყიფიანმა ფეიქრიშვილთან საუბრით მიაღწია წაგებული თანხის განახევრებას და მოვალეს ფეიქრიშვილისთვის 140 000 დოლარის ნაცვლად, 70 000 დოლარი უნდა გადაეხადა. ამ თანხიდან სწორედ 40 000 დოლარის მიტანა სთხოვა გაგნიძეს ყიფიანმა. დაკავებული პირები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ და არც ერთ მათგანს, ჯერჯერობით, ჩვენება არ მიუცია. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
უნდა ითქვას, რომ ყიფიანის საქმე არ არის პირველი „მაზავშიკების“ საქმიდან. დემეტრაძის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამტრედიაში მცხოვრები 7 პირი, სწორედ ამ მუხლით დააკავეს. უკანონო ფულად გარიგებაში მხილებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების მტკიცებით, ზაზა მიქელთაძე, გელა შანიძე, სოსო ზაქარეიშვილი, გიორგი ნიკოლეიშვილი, დავით კიკვაძე, ვასილ კრავეიშვილი და ოთარ საღინაშვილი 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშების მიმდინარეობისას, მოქალაქეებთან უკანონო ფულად გარიგებებს დებდნენ. მათ მოქალაქეები, როგორც „მაზავშიკებს“ ისე იცნობდნენ. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების, მანქანებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ უარყოფენ ზემოაღნიშნულ ფაქტს და ადასტურებენ, რომ მსგავსი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. უკანონო ფულადი გარიგების გამო, მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
არალეგალური ტოტალიზატორი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რომ ფუნქციონირებს, ეს ყველასთვის ცნობილია. ლეგენდები დადის აზიურ უკანონო საბუკმეკერო კანტორებზე, სადაც მილიონებზე კი არა, მილიარდობით დოლარზე მიდის თამაში. 2010 წლის მუნდიალის მსვლელობისას არაკანონიერი საბუკმეკერო კანტორების დალუქვის ან ბუკმეკერების დაპატიმრების შესახებ, მრავალი ცნობა გავრცელდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, არალეგალურად თამაშობდნენ ტოტალიზატორში. ოთხი ქვეყნის – ჩინეთის, მალაიზიის, ტაილანდისა და სინგაპურის პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად აღმოჩენილ იქნა უკანონო საბუკმეკერო კანტორების მთელი ქსელი. სპეცოპერაციის შემდეგ დალუქეს 800-მდე არალეგალური საბუკმეკერო კანტორა, დააპატიმრეს, დაახლოებით, 5 ათასამდე ადამიანი, ხოლო ნაღდი ფულის სახით ამოიღეს 10 მილიონი ამერიკული დოლარი. ბუკმეკერების მიერ მიღებული ფსონების რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდ თანხას – 150 მილიონ დოლარს აჭარბებდა. ინტერპოლის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ სწორედ აზიურმა ტოტალიზატორებმა იქონია მსოფლიოს ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩის შედეგზე გავლენა.
მსგავსი სპეცოპერაცია ჩაატარა ჰონკონგის პოლიციამ და მარტო ივნისში აღმოაჩინეს ათამდე არალეგალური საბუკმეკერო კანტორა, ხოლო ამოიღეს 32 მილიონამდე დოლარი.
ყველაზე დიდი წაგება ტოტალიზატორზე გერმანიაში დაფიქსირდა. მავანმა ფეხბურთის ქომაგმა 500 ათასი ევროს ოდენობის ფსონი დადო გერმანიის გაჩემპიონებაზე და წააგო. ამბობენ, მსგავსი ფსონი ტოტალიზატორის მრავალ მოყვარულს ჰქონდა დადებული – ზოგს 80 ათასი ევრო, ზოგს – 100 ათასი.
P. S. რამდენად უყვართ ფეხბურთი ქართველ „გულშემატკივრებს“, რომლებიც ამ გრძნობას ფულის მოგება-წაგებაზე „გაკეთებით“ გამოხატავენ, ეს საუბრის სხვა თემაა. მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს რამდენიმე მძიმე შემთხვევა მოხდა. ცნობილია, რომ ერთმა პიროვნებამ გერმანია-არგენტინის თამაშზე მთელი ქონება წააგო, რომელიც საკმაოდ სოლიდური იყო. სასოწარკვეთილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რატომ გარისკა ასე. უბიძგა ვინმემ თუ არა, სასწორზე დაედო თავისი არსებობა... ძნელი სათქმელია. კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია: იტალიის ქართველმა გულშემატკივარმა ნახევარი მილიონი წააგო, როცა იტალიის ნაკრები ჩამპიონატიდან გამოვარდა. ამბობენ, ფულის შოვნის იმედი რომ გადაეწურა, ქალაქგარეთ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლაო.
სიმართლე ერთია, თუ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი მილიონობით გულშემატკივარს ადრენალინს მატებს და სიამოვნების წუთებს სჩუქნის, მავანთათვის ის სასიკვდილო განაჩენია და კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე – ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს.