როგორ დაამყარა დათო მინაშვილმა სამხრეთ აფრიკაში ველურ ბუნებასთან კავშირი და რის სანახავად ჩადიან იქ მსოფლიოდან მილიარდერები
ფეხბურთის მოყვარულები ცოტა ხნის წინ საოცარი სანახაობის – მსოფლიოს ჩემპიონატის მომსწრენი გავხდით, რომელიც „საზოგადოებრივი არხის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომელსაც სამხრეთ აფრიკა მასპინძლობდა. კომენტატორი დათო მინაშვილი საფინალო თამაშებს ადგილზე დაესწრო და, შესაბამისად, მას იმ შთაბეჭდილებების შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც ჩემპიონატზე და, საერთოდ, სამხრეთაფრიკულ ქალაქებში მიიღო.
დათო მინაშვილი: ვისაც ფეხბურთი უყვარს, იმისთვის ძალიან ადვილი მისახვედრია, რა არის ფეხბურთის მატჩის ტელევიზორიდან ყურება და რა – სტადიონიდან თვალის დევნება. როცა ჩავედით იოჰანესბურგში, დავბინავდით და აკრედიტაცია გავიარეთ მედიაცენტრში. უსაფრთხოების მიზნით, ძალიან იყო გართულებული ქალაქში გადაადგილება. მეოთხედფინალებს ისე დავესწარით, პირდაპირი რეპორტაჟები არ გვქონდა. ჯერ იოჰანესბურგში ვიყავით, მერე გადავედით კეიპტაუნში, ბურბანში და ბოლოს ისევ დავბრუნდით იოჰანესბურგში, სადაც ფინალი გაიმართა. სტადიონებზე, რა თქმა უნდა, ცალკეა მედიატრიბუნა, რომელიც გამოყოფილია პრესისა და ფოტორეპორტიორებისთვის, რომლებიც ზემოდან იღებენ თამაშს, ასევე, ტელე და რადიოკომენტატორებისთვის, რომლებსაც პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავდათ. რომელი ადგილი შეგხვდება, არავინ იცის, რადგან წილის ყრით, ყველას ცალ-ცალკე ადგილი ხვდება. ჩვენ გაგვიმართლა და ძალიან კარგი ადგილები შეგვხვდა.
– თამაშებს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.
– ვიპ-ლოჟები ყველგან სხვადასხვანაირად არის განლაგებული და სხვადასხვანაირია. მაგალითად, კეიპტაუნში იყო სპეციალური შუშებიანი ლოჟები პირველსა და მეორე იარუსს შორის, სადაც ფეხბურთელები ისხდნენ და რამდენიმე ცნობილი ადამიანიც იყო. ის ადგილი, სადაც შარლიზ ტერონი იჯდა, უფრო შიგნით არის შეწეული და მას მაყურებელი ვერც ერთი მხრიდან ვერ ხედავს, აბსოლუტურად იზოლირებულია, თან, ცალკე შესასვლელი აქვს. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი არც ჩანდა. მათ შესახებ პრესაში იწერებოდა, მაგრამ ისინი კადრში არ გამოჩენილან, ლოჟა ჰქონდათ დაქირავებული და იქიდან ადევნებდნენ თვალს.
– როგორი იყო შთაბეჭდილებები?
– ჩემი აზრით, კეიპტაუნი მსოფლიოს ულამაზესი ქალაქია, იქ ერთდროულად არის ყველაფერი, რაზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს. არის საოცარი სილამაზის ოკეანე, ფლორა, ფაუნა. იქ რომ ფრინველები, მცენარეები და ცხოველებია, სხვაგან არსად შეგხვდებათ. აფრიკაა, წარმოუდგენელია, მაგრამ, პინგვინი ჩვეულებრივად დადის სანაპიროზე. ამის შესახებ კი ვიცოდით, თუმცა, მათი დანახვა მაინც მოულოდნელი იყო. იქ არის სანაპირო, სადაც მილიარდერები ცხოვრობენ. როგორც აგვიხსნეს, მილიონერებიც კი ვერ სწვდებიან ასეთ ადგილებში სტუმრობას. რა თქმა უნდა, მათ სახლებში არავინ შეგიშვებს, მაგრამ სანაპიროზე გავლა შესაძლებელია. პორტში დგას საოცარი სილამაზის იახტები, რომლებსაც მილიარდერები სასეირნოდ იყენებენ. სამხრეთ აფრიკაში ძალიან ბევრი კონტრასტია, ცხოვრობს უღარიბესი და უმდიდრესი ფენა, თუმცა, საშუალო ფენაც არის. კეიპტაუნში, აეროპორტიდან ცენტრამდე დაახლოებით 20 კილომეტრში, ჯერ გხვდება „კარდონებით“ აწყობილი სახლები, მაგრამ იქვე ახლოს არის სანაპირო, სადაც მილიარდერები ცხოვრობენ. რაც შეეხება იოჰანესბურგს, ეს არის საქმიანი ქალაქი, იქ არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ფეხით ისეირნოს ადამიანმა. დიდ უბნებში არის სპეციალური ცენტრები, სადაც გასართობი ადგილები, რესტორნები, სასტუმროები და მაღაზიებია. ყველაზე მეტად კეიპტაუნმა ვენახებით გამაოცა – ძალიან მოვლილი ვენახები აქვთ და დღესდღეობით მათი ღვინო, სამწუხაროდ, ჩვენსას ჯობია. ძალიან მაღალი ხარისხისაა, ფრანგული ტექნოლოგიითაა დამზადებული და კარგ ღვინოდ ითვლება. ისეთი მოვლილი ვენახი მე საქართველოში არ მინახავს. სამხრეთ აფრიკაში კიდევ ის არის განსაკუთრებული, რომ ველური ბუნება ძალიან ახლოს არის ცივილიზაციასთან. არის სპეციალური პარკები, სადაც შეგიძლია, მიხვიდე და რამდენიმე თვის დაბადებულ ლომებს ეთამაშო; იქვე არიან ჟირაფები და შეგიძლია, აჭამო; ექვსმეტრიან პითონს გაჭერინებენ ხელში; პატარა ნიანგებთან შეგიძლია, მიხვიდე. ცოტა უფრო საშიში ცხოველები მოშორებით არიან. შედიხარ მანქანით, ათვალიერებ, როგორ ცხოვრობენ ისინი. რაც ყველაზე მეტად იზიდავს ტურისტებს, ეს არის სანაპირო, სადაც ვეშაპები გამოდიან, მათ სანახავად მოდიან შეძლებული ადამიანები, სანაპიროზე სხდებიან და უყურებენ, როგორ თამაშობენ ვეშაპები.
– რა ხდება ქუჩებში თამაშების დამთავრების შემდეგ, თუ ჰქონდა ადგილი ინციდენტებს?
– ძალიან ცოტა ტურისტი იყო, რადგან, როგორც ყველა აღნიშნავდა, გზა იმდენად ძვირი იყო, რომ ბევრი გულშემატკივარი არ ჩამოსულა. ნახევარფინალებზე ესპანელი გულშემატკივრები ძალიან ცოტანი იყვნენ, ურუგვაელები – კიდევ უფრო ცოტა. მაყურებლის დიდი ნაწილი აფრიკელები იყვნენ, რადგან ბილეთები, რაც დარჩა, ადგილზე გაყიდეს. მეოთხედ და ნახევარფინალზე ბილეთის შოვნა არ იყო პრობლემა, თანაც, არა ისეთ სასწაულ ფასად, როგორც ევროპაში. ძალიან ჰქონდათ დაცული უსაფრთხოების ზომები. იყო სპეციალური ადგილები, სადაც გულშემატკივრები უნდა შეკრებილიყვნენ და იქიდან მიდიოდნენ ავტობუსებით სტადიონამდე, ხოლო სტადიონის პერიმეტრი, თითქმის სამი კილომეტრი, მთლიანად იყო დაკეტილი, იქიდან სტადიონზე ფეხით უშვებდნენ გულშემატკივრებს. ორი კვირა ვიყავით იქ და ინციდენტი არ მომხდარა. კრიმინალები სიტუაციას აფუჭებდნენ, მაგრამ ისინი არ ჩნდებოდნენ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. თან, ყველა გაფრთხილებული იყო, რომ არის უბნები, სადაც არ უნდა იაროთ ფეხით და ნუ გარისკავთო. გერმანიაში, მაგალითად, საღამოს ყველა ქუჩაში იქნებოდა გამოსული, იზეიმებდნენ, აქ კი საღამოს ყველანი სასტუმროში იყვნენ – ჟურნალისტები, გულშემატკივრები და იქ ზეიმობდნენ გამარჯვებას. სტადიონთან იდგა ჯარის ნაწილი, რომელიც სიტუაციას აკონტროლებდა.
სტადიონებზე თითქმის იგივე ხდებოდა, რაც სხვაგან. ერთადერთი განსხვავება ვუვუზელას ხმა იყო, რომელიც სტადიონზე კიდევ უფრო საშინლად ისმოდა. ტელერეპორტაჟების დროს მიკროფონები ისე იყო განლაგებული, რომ ხმა მკაფიო არ ყოფილიყო. მაგრამ, როცა სტადიონზე ხარ, ვუვუზელას ხმა საშინლად ისმის, აფრიკელ გულშემატკივრებში ჯდომა ხომ საერთოდ გაუსაძლისი იქნებოდა. სულ ვფიქრობდი, რატომ დადიან ფეხბურთზე-მეთქი. თურმე, იმიტომ, რომ ერთი წამით არ ჩერდებოდნენ, ცეკვავდნენ და ვუვუზელას უბერავდნენ. ადრე დიდი ვუვუზელებიც შემოჰქონდათ სტადიონზე, ის დაახლოებით ორმეტრიანი იყო და იმით ჩხუბი ადვილია. ამიტომ, აკრძალეს და, ძირითადად, საშუალო და პატარა ვუვუზელები ჰქონდათ. აეროპორტში იყო სპეციალური ნიშანი, სადაც ვუვუზელა ჰქონდათ გადახაზული, ანუ არ გამოიყენოთო, თუმცა, ყიდვა შეიძლებოდა.
– როგორ იზეიმეს ესპანელებმა გამარჯვება?
– ესპანელი გულშემატკივრები ძალიან ცოტანი იყვნენ, მერე მათ შეუერთდნენ ადგილობრივი გულშემატკივრები. თუმცა, მგონია, რომ მათ ფეხბურთის გულშემატკივრობაც არ იციან, არ აქვთ ეს ტრადიცია. ძალიან მალე დაიშალნენ – 20-30 წუთის ზეიმის შემდეგ, დაცვა მივიდა და უთხრა, რომ სტადიონის ტერიტორია დაეტოვებინათ. ამაზე ძალიან გაბრაზდნენ ესპანელები. მეორე დღეს იყო ადგილები, სადაც ლოკალურად იყვნენ ესპანელი გულშემატკივრები – სავაჭრო ცენტრებისა და კომპლექსების პატარ-პატარა ეზოებში, სადაც დიდი ეკრანები იდგა და იქ ზეიმობდნენ ესპანეთის გამარჯვებას. რა თქმა უნდა, უკმაყოფილების გრძნობა გვქონდა, როდესაც პორტუგალიაში საბერძნეთის ნაკრებმა მოუგო მასპინძლებს, ლისაბონის ცენტრალური ნაწილი ოკუპირებული ჰქონდათ ბერძნებს და ზეიმობდნენ გამარჯვებას. ასე იყო გერმანიაშიც – იტალიის ნაკრების გულშემატკივრები მივიდნენ ბერლინის მთავარ მოედანზე და იქ გაიმართა საოცარი ზეიმი. როცა იქ ხარ, ესწრები თამაშს, გინდა, ამ ზეიმს შეუერთდე და მისი ნაწილი გახდე. ეს არ იყო სამხრეთ აფრიკაში და, ამ მხრივ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვიყავი.
– ფეხბურთელებს თუ შეხვდით პირადად?
– მათთან ინტერვიუს აღება არ იყო ადვილი, უმრავლესობა პირდაპირ ამბობდა უარს ინტერვიუზე. ძალიან ბევრი ცნობილი ფეხბურთელი იყო ჩვენ გარშემო, ისინი დიდი სიამოვნებით გვთანხმდებოდნენ ფოტოს გადაღებაზე, მაგრამ, არა ინტერვიუზე.
– მოგეწონათ იქაური კერძები?
– იქ ყველა ქვეყნის სამზარეულოა წარმოდგენილი; ადგილობრივი არის ანტილოპას ჯიშის ცხოველების მწვადები, რომელიც ძალიან გემრიელია. განსხვავებული კერძები აქვთ, თუმცა ბაყაყს, გველს, ჟირაფს, ლომს არ ჭამენ. სამაგიეროდ, სოუსები აქვთ უცნაური გემოსი – მწარე ტკბილთან არეული, რამაც, შეიძლება, გაგაკვირვოს. სხვა მხრივ, ჩვეულებრივი კერძები აქვთ.