რა კავშირი აქვს უკრაინის არჩევნებში ტიმოშენკოს გამარჯვებას გაზაფხულზე რუსეთ-საქართველოს ომის განახლებასთან
საბედნიეროდ, რუსი სამხედრო ექსპერტის – პაველ ფელგენგაუერის წინასწარმეტყველება, აგვისტოს დასაწყისში საომარი მოქმედებების განახლების შესახებ, არ ახდა (განსხვავებით 2008 წლის პროგნოზისგან). სამაგიეროდ, ჩრდილო კავკასიაში ვითარება დღითი დღე იძაბება, ამიტომაც სრულიად ლოგიკურია, რომ კავკასიისადმი რუსულ გეგმებზე აზრს სწორედ პაველ ფელგენგაუერს დავეკითხეთ.
– თქვენი ვარაუდი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში საომარი მოქმედებების განახლების შესახებ, საბედნიეროდ, არ გამართლდა. როგორ ხსნით ამას?
– ალბათობა 99 პროცენტი არ იყო, ერთ-ერთ ქართულ სააგენტოს ვუთხარი, 50-80-პროცენტია-მეთქი, მაგრამ მათ დაწერეს მხოლოდ 80 პროცენტი. საბედნიეროდ, ეს არ გამართლდა და ჩემი მიზანიც ეს იყო. მე ამის შესახებ ვწერდი, ვეუბნებოდი დასავლელ დიპლომატებს, ექსპერტებს, როგორც ჩანს, ამან გააძლიერა ზეწოლა ორივე მხარეზე და ომი თავიდან ავიცილეთ. სხვათა შორის, ასეთივე მიზანი მქონდა გასულ წელსაც, მაგრამ მაშინ უბრალოდ არ მომისმინეს არც დასავლეთში და, მაინცდამაინც, არც საქართველოში. ამჯერად მომისმინეს და ამან უშველა სიტუაციას. თეორიულად რამდენიმე თვე კიდევ დარჩა, მაგრამ საშიშროება ყოველდღე იკლებს, თუმცა მომავალი წლის აპრილიდან ეს საკითხი კვლავ აქტუალური ხდება.
– ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ომი არ განმეორდა, ამასთან, ომი თავისთავად ტრაგიკული ფაქტია, მაგრამ პირადად თქვენ რა მოტივაცია გაქვთ, როდესაც ცდილობთ რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილებას?
– მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან კონფლიქტი ეწინააღმდეგება რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს და ამიტომ თავიდანვე ვიყავი ამ ომის წინააღმდეგი.
– გეთანხმებით, მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ეს ომი ეწინააღმდეგება რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს?
– კავკასია რუსეთისთვის დესტაბილიზაციის ძალიან სერიოზული წყაროა და კავკასიაში სტაბილურობის დასამყარებლად აუცილებელია კავკასიელი მოკავშირეები. საქართველო, ამ მხრივ, პოტენციალურად ერთ-ერთი ტრადიციული პარტნიორია. კავკასიელი ისლამისტები, რომლებსაც ვაჰაბისტებს უწოდებენ, რეალურად კი ისინი სალასისტები არიან, ისე აქტიურად არ მოქმედებენ ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც ავღანეთში, მაგრამ მომავალში ისინი შეიძლება, ძალიან საშიში გახდნენ. რუსეთისთვის კავკასიაში სტაბილურობა კი, სასიცოცხლოდაა აუცილებელი და საქმე არ არის მხოლოდ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მიწის ნაგლეჯებში.
– კავკასიაში ორივე, იმიერ და ამიერკავკასიას გულისხმობთ?
– კავკასია, ამ თვალსაზრისით, განუყოფელია და ჩრდილო კავკასიაში სალასისტების განეიტრალებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიიდან. ფაქტობრივად, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია „იუჟნაია ოსეტიასა“ და აფხაზეთის საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა.
– თქვენთვის როგორია ეს სამართლიანი გადაწყვეტილება?
– ოსებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ნათელი ვითარებაა, ისინი არიან ეთნიკური უმცირესობა, მათ აქვთ თავიანთი სამშობლო და ასეთ პირობებში კონფლიქტის გადაწყვეტის უამრავი მაგალითია მსოფლიოში, ევროპაში. აფხაზებთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულადაა, რადგან აფხაზებს სხვა სამშობლო არ აქვთ. ამდენად, ვფიქრობ, რომ სამართლიანი ბოსნიური მოდელი იქნებოდა: ქართველი დევნილები უნდა დაბრუნდნენ და აფხაზებსაც უნდა ჰქონდეთ ნახევრად დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ეს ჩემი აზრია, რაც თბილისში აღიქვეს, როგორც კრემლიდან მომდინარე, არადა მე ეს ჩემგან ვთქვი (იცინის).
– აი, ახლა ვუთხრათ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს მხოლოდ თქვენი აზრია და კრემლი არაფერ შუაშია.
– შესაძლოა, ოდესმე მექნება საშულება, რომ ზეგავლენა მოვახდინო რუსეთის ხელისუფლებაზე, მაგრამ რაც ვთქვი, ჩემი აზრით, პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტაა. ეს სტაბილურს გახდის სიტუაციას, აღადგენს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსა და რუსეთს შორის.
– და რუსეთი შეძლებდა ჩრდილოეთ კავკასიის უპრობლემოდ შენარჩუნებას?
– არასტაბილურ რეგიონში ნაწილობრივ მაინც დამყარდებოდა სტაბილურობა. საქართველოსთან არეულობა არ გვჭირდებოდა.
– რუსეთს აქვს, რაც უნდოდა: სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე?
– ეს მიწის ნაგლეჯები, სტრატეგიული თვალსაზრისით, არცთუ მნიშვნელოვანია.
– აბა, როგორ გითხრათ?! რუსეთი გადმოვიდა კავკასიონს აქეთ, ეს არ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი?!
– „იუჟნაია ოსეტიაში“ აურაცხელი თანხა იხარჯება. თითოეულ სულ მოსახლეზე ისინი იღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას, ვიდრე საქართველო იღებს დასავლეთისგან. იქ ცოტა ხალხი დარჩა (იცინის), ფული კი უამრავი მიდის. ეს უაზრობაა.
– რაღაც აზრი ექნება. ვიღაცეები ფულს აკეთებენ.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს დამატებითი ხვრელია, რომელიც არ დაპატარავდება. აფხაზეთში კი მართლაც სერიოზული რეკონსტრუქციაა ჩასატარებელი. იქ ინფრასტრუქტურა საშინელ დღეშია და მართლაც ბევრი ფულია ჩასადები, რასაც სიამოვნებით გააკეთებს დასავლეთი, იმიტომ რომ აფხაზეთში კონფლიქტის წყარო არავის სჭირდება. კავკასია სახიფათო ადგილია და უფრო და უფრო სახიფათო ხდება, ამას კი მთელ რუსეთში შეუძლია დესტაბილიზაციის გამოწვევა. რაში სჭირდება რუსეთს კონფლიქტი საქართველოსთან, სალასისტებთან, იმიტომ რომ მოკავშირედ ჰყავდეს 25 000 ოსი და აფხაზი?! ეს უკვე მეტისმეტია. ეს მცდარი პოლიტიკაა და ამიტომ ომი თავიდან უნდა ავიცილოთ. მომავალში შესაძლოა, საკითხის პოლიტიკური დარეგულირება დაიწყოს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი მთავარი მიზანია, არ დავუშვათ ომის განახლება. რამდენიმე წლის განმავლობაში მოვახერხოთ ცეცხლის შეწყვეტა.
– ესე იგი, თუკი აგვისტომდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები იყო გაყინული, ახლა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი გავყინოთ?
– რა თქმა უნდა, მით უფრო, რომ არსებობს კონფლიქტის გაყინვის გამოცდილება. ცეცხლი უნდა შეწყდეს, მოინახოს გზები რაღაც პრობლემების გადასაწყვეტად. მაგალითად, არ ხორციელდება რუსეთის სამხედრო ტრანზიტი სომხეთში, ამ საკითხის გადადება დიდი ხნით არ შეიძლება, რადგან ესეც გაღიზიანების სერიოზული წყაროა. ამასთან, იცით, რომ „იუჟნაია ოსეტია“ გეოგრაფიულადაა მიბმული საქართველოზე და ეკონომიკურად დაიღუპება, თუ იზოლირებული დარჩება. ამ ეტაპზე ეკონომიკური და ჰუმანიტარული ამოცანები მაინც უნდა გადაიჭრას, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილებების გადაჭრა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთში რეჟიმი შეიცვლება. მოსკოვში იტყვიან, რომ ეს მოხდება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგო, მაგრამ ეს არ არის პრინციპული, მთავარია, აღარ იყოს ომის საფრთხე.
– დღეს ვინ იბრძვის ჩრდილო კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ?
– ნაციონალური მოძრაობები თითქმის აღარ არის, არიან სალასისტები, რომელთა მიზანია ხალიფატის თუ ემირატის შექმნა. ეს ისლამური მოძრაობაა, თუმცა შამილიც ისლამისტი იყო და, ამდენად, მათი მოთხოვნები არ არის ახალი ჩრდილოეთ კავკასიისთვის. ძალიან ძლიერია ეს მოძრაობები დაღესტანში, ინგუშეთში, იმდენად, რომ იქ სასმელს ვერ იპოვით. იმ ადგილს, სადაც სასმელი იყიდება, მაშინვე აფეთქებენ. ინგუშეთში იატაკქვეშეთმა, ფაქტობრივად, შარიათი დაამყარა. ჩემი ცოლი და ქალიშვილი იყვნენ ამას წინათ ჩრდილოეთ კავკასიაში და მათგან ვიცი. იატაკქვეშეთი აქტიურია დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩეჩნეთში. ისინი აწარმოებენ პარტიზანულ-საომარ მოქმედებებს როგორც ადგილობრივი პრომოსკოვური ძალების, ისე ფედერალების წინააღმდეგ. საომარ მოქმედებებს აქვს მზარდი ტენდენცია, იქ ბევრი თვითმკვლელია და სიტუაცია ნელ-ნელა გადის კონტროლიდან. ინგუშეთში უკვე საერთოდ ვეღარ კონტროლდება სიტუაცია ცენტრის მიერ. სულ ახლახან მოხდა ასეთი ინციდენტი: თავს დაესხნენ მილიციელებს, რომლებიც იცავდნენ საუნას, გასართობ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, სადაც იყვნენ გოგონები და იყიდებოდა სასმელი. შემდეგ ის გოგონებიც დახვრიტეს. ყველას, ვინც გარყვნილებას ეწევა ან სასმელს ყიდის, აფრთხილებენ, რომ დახოცავენ.
– გასაგებია, რომ ფუნდამენტალიზმთან ბრძოლაში რუსეთი და საქართველო ბუნებრივი მოკავშირეები არიან, მაგრამ პრონატოური საქართველო თუ რჩება რუსეთის ბუნებრივ მოკავშირედ?
– ამისთვის უნდა შეიცვალოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი, ის უნდა გახდეს პროდასავლური.
– ოო, ეს როდის იქნება?!
– ბევრს ესმის მოსკოვში, რომ ეს გარდაუვალია, მათ შორის სამხედროებსაც. გენშტაბის ყოფილმა უფროსმაც მითხრა „ზა ვიპივკოი“ 2003 წელს, ბევრი ადამიანი ეთანხმება ამას. ასეთი რამ მომავალში რუსეთში შესაძლებელია, ოღონდ რეჟიმის შეცვლის შემდეგ.
– ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა!
– შესაძლოა, ეს იმაზე ადრეც მოხდეს, ვიდრე თქვენ გგონიათ.
– ფიქრობთ, რომ ჩვენგან დარჩება რამე იმ დროისთვის, როდესაც რუსეთი პროევროპული გახდება?
– ჯერჯერობით მთავარია, რომ ომის განახლების საშიშროება აღარ არსებობდეს და ამის შემდეგ შესაძლებელია საკითხის პოლიტიკური გადაჭრის გზების ძიებაც.
– უკრაინული არჩევნების შედეგი როგორ იმოქმედებს მომავალ წელს ომის განახლების ალბათობაზე?
– უკრაინასთან ომისთვის რუსეთი მზად არ არის, ამისთვის საჭიროა სამხედრო რეფორმა. რეფორმა ტარდება...
– უკრაინასთან საომრად ტარდება რეფორმა?
– ენერგიული რეფორმა მიდის, რომ ჩამოყალიბდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც ეფექტურად იმოქმედებენ საქართველოშიც, უკრაინაშიც, მაგრამ ამას დასჭირდება წლები. საქმე ის არ არის, რომ უკრაინულ არმიას ვერ გავტეხავთ, ლაპარაკია ბლიცზე, რომ ჩატარდეს სამხედრო ოპერაცია მინიმალური მსხვერპლით. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ არ გვინდა უკრაინის დაქცევა? უკრაინა ხომ ჩვენთვის გვინდა?! ასე რომ, უკრაინასთან ბრძოლის საშუალება არ გვაქვს, საქართველოსთან საქმე სხვაგვარადაა.
– საქართველოს ცემა ყოველთვის შეიძლება (ამ ჩემს რეპლიკაზე მევე ვიცინი, ოღონდ სიმწრით. ნინო ხაჩიძე)?
– მიიჩნევა, რომ საქართველო სუსტია, რაც, ჩემი აზრით, ასე არ არის, მაგრამ ომის საფრთხე მომავალ წელს ისევ გაჩნდება და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუნდაც, იმაზე, როგორ განვითარდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. აქ ფიქრობენ, რომ კრიზისი მალე დამთავრდება და პუტინმა ისიც კი თქვა, რომ სესხად არ ავიღებთ 9 მილიარდსო. თუ შემდეგი აპრილისთვის ამ ფულს, მართლაც, არ აიღებს რუსეთი, სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს. ამიტომ ზამთარში დასავლელმა დიპლომატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ გაზაფხულ-ზაფხულში ყველაფერი ისევ ბეწვზე არ დაეკიდოს.
– უკრაინა იმიტომ ვახსენე, რომ, თუ იანუკოვიჩი გაიმარჯვებს, საქართველოს მიხრჩობა უფრო გაადვილდება?
– რა იქნება უკრაინაში, არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა, რომ იანუკოვიჩი გაიმარჯვებს. ტიმოშენკოზე უფრო მგონია.
– მე პირადად არ ვიცი ტიმოშენკოს პოლიტორიენტაცია, თქვენ?
– ის „სამა ზა სებია“.
– დიდ პოლიტიკაში ასე არ ხდება.
– რატომაც, არა?!
– ყოველ შემთხვევაში, უკრაინის მსგავს ქვეყანაში.
– ტიმოშენკო ჯერჯერობით ეფექტურად მანევრირებს. ჩემი აზრით, ალბათ, ტიმოშენკო გავა და გაზაფხულზე ომის საფრთხე დაბრუნდება, ამიტომ ზამთარი უნდა მოვახმაროთ იმას, რომ ვითარება გახდეს სტაბილური.
– რა არის რუსეთის საბოლოო მიზანი, სანამ ის პროდასავლური გახდება?
– რუსეთისთვის უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო. უკრაინა და ბელორუსია რუსეთის სტრატეგიის მთავარი სამიზნეა. ახლახან ვიყავი ბერლინში, იქ შევხვდი ერთ, არცთუ ახალგაზრდა გერმანელ ჟურნალისტს, რომელმაც გაიხსენა, რომ 1994 წელს ჩავიდა დელეგაცია პეტერბურგიდან, რომლის შემადგენლობაშიც იყო ახალგაზრდა პუტინი. მან თქვა, რუსები არის გაყოფილი ხალხი, 25 მილიონი რუსი ცხოვრობს რფ-ის გარეთ და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრასო. სხვათა შორის, გაყოფილი ხალხის იდეა ადოლფ ჰიტლერმა მოიგონა და ამ პრობლემის გადაწყვეტის მოტივით დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ეს ნაცისტური იდეაა, რადგან მთელ მსოფლიოშია ცნობილი, რომ ენობრივი საზღვრები არ ემთხვევა სახელმწიფო საზღვრებს. პუტინისთვის რუსი ხალხის გაყოფის იდეა ცოცხალია. რამდენიმე წლის წინათ მიღებაზე „ვიპივალი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვეუბნებოდი, ჩვენთვის საქართველო კი არ არის პრობლემა, არამედ დემოგრაფია, ის, რომ რუსეთი კარგავს თავის სლავურ-მართლმადიდებლურ პროფილს, იცვლება მოსახლეობა-მეთქი. ამაზე მიპასუხა, შემოვიერთებთ ბელორუსიას, ნახევარ უკრაინას და ყველაფერი ნორმალურად იქნებაო. ასე რომ, სტრატეგიულად ეს უფრო სერიოზული საკითხია, ვიდრე საქართველო, რადგან საქართველო, მართალია მართლმადიდებლური ქვეყანაა, მაგრამ ქართველები სლავები არ არიან. არაფერი რომ არ ვთქვათ აფხაზებზე, რომლებიც უფრო მუსლიმანები არიან, ვიდრე ქრისტიანები. ასე რომ, სამხრეთ კავკასია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იქ გვინდა კონტროლის დამყარება. თან პირადად სააკაშვილი იწვევს გაღიზიანებას რუსეთში, თუმცა ვიცი, რომ საქართველოშიც არ მოსწონს ის ბევრს.
– არიან ასეთები.
– ჩემი აზრით, ის სერიოზული პოლიტიკოსია და მაშინვე ვიცოდი, რომ ქართულ ოპოზიციას არაფერი გამოუვიდოდა.
– მათ ფონზე სააკაშვილი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია.
– ოპოზიციასთან შედარებით ბისმარკია.
– გეთანხმებით, ბისმარკისა და მაკიაველის ნაზავია.
– სააკაშვილის და ვანოს ტანდემი ძალიან ძლიერია და მათი შესაძლებლობები რუსეთში ჯეროვნად ვერ შეაფასეს. ჩვენთან ისინი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, არ იცნობენ ქართულ პოლიტიკას. ვანოსაც შევხვედრივარ, მიშასაც, ალასანიასაც, ბევრ ქართველ პოლიტიკოსს ვიცნობ და დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილს ვერ ჩამოაგდებენ. ვნახოთ, რა დასკვნას დაწერს ჩემი ნაცნობი ჰაიდი.
– რუსულ პოლიტიკურ ელიტაში მიიჩნევენ, რომ, თუ რუსეთს იმედი გადაეწურება საქართველოზე, დამანგრეველი ომი გარდაუვალიაო. ეთანხმებით?
– ეს საკითხის გამარტივებაა. არის სომხეთის პრობლემა, რადგან სახმელეთო ტრანზიტის არასებობის გამო სომხეთი ჩვენგან მოწყვეტილია, არადა სომხეთში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკაა, საჰაერო გზით მათი შეცვლა წარმოუდგენელია. ორ დივიზიას ეყოფა იქ არსებული რუსული ტექნიკა, მას უნდა მოდერნიზაცია, უტილიზაცია, ჰაერით ვერ წაიღებ, სომხეთი კი ნელ-ნელა ჩვენგან მიდის და ეს მოსკოვში გაღიზიანებას იწვევს. როდესაც იქ მიშა ჩავიდა და ორდენი მისცეს, რუსეთი გაგიჟდა. გასაგებია, რომ სომხეთისთვის საქართველოსთან კარგი ურთიერთობა აუცილებელია, მეტიც, თურქეთთანაც კი ცდილობს ურთიერთობის აღდგენას და მოსკოვში ამას აღიქვამენ, როგორც სერიოზულ საფრთხეს. თუ ჩვენ არ აღვადგენთ დერეფანს სომხეთთან, სომხეთი წავა და მაშინ არაფერი დაგვრჩება ცხინვალისა და ოჩამჩირის გარდა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და სწორედ ამან შეიძლება, მიგვიყვანოს ომამდე. სომხეთის დაკარგვა მთელი ჩვენი სამხრეთ კავკასიური პოლიტიკის კრახია.
– ოღონდ ეს გამოიწვევს ომს საქართველოსთან და არა სომხეთთან?
– რა თქმა უნდა, გარღვევა უნდა მოხდეს საქართველოდან. თუ სომხები დაზავდებიან თურქეთთან, რაში სჭირდებათ რუსეთი?! ასე რომ, საქართველოს ნატოში გაწევრიანება კი არა, სომხეთის დაკარგვაა სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის.
– მაგრამ ლარსის გამშვები პუნქტი ხომ გაიხსნა?
– სამხედრო ტრანზიტზე უნდა მოხდეს შეთანხმება, სამხედრო ტრანზიტი ცოტა სხვა რამაა.
ნინო ხაჩიძე