რატომ ასაიდუმლოებენ რვაფეხას მიერ არჩეული რუსეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობას
მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა და დასრულდა ისე, როგორც, ალბათ, მოსალოდნელი იყო. უსამართლობა იქნებოდა, ესპანეთის ნაკრების ამ თაობას მუნდიალი არ მოეგო და ევროპული ოქროს მერე მკერდი მსოფლიოს ოქროთი არ დაემშვენებინა. არადა, ლიდერთაგან ყველაზე არადამაჯერებლად თითქოს ესპანელებმა დაიწყეს – პირველ ტურში ისინი შვეიცარიასთან დამარცხდნენ და ამით უკან დასახევი ყველა გზა მოიჭრეს. კიდევ ერთი მატჩის წაგება მათთვის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებას ნიშნავდა და აკი, არც წააგეს. საინტერესოა, რომ ესპანეთის ნაკრების კაპიტნის, იკერ კასილასის საცოლე სარა კარბონერო ამ ჩემპიონატზე ჟურნალისტად მუშაობდა და...
ყველაზე უცნაური წყვილი
შვეიცარიასთან წაგებული მატჩის შემდგომ სარა კასილასთან მივიდა, მიკროფონი მოიმარჯვა და მოურიდებლად ჰკითხა, – იკერ, ხომ არ ფიქრობ, რომ ეს მარცხი შენი ბრალია და ესპანეთი სწორედ შენ დააღალატე? კითხვამ კასილასი დააბნია, მერე კი მან სარას გაბრაზებულმა შეხედა და ჩაიბუტბუტა – წადი, შენი... ამბობდნენ, ამის შემდეგ სარა იკერს სათოფეზე არ ეკარებოდაო, მაგრამ ფინალური მატჩის შემდგომ, როცა კაპიტანს ჟურნალისტთა არმია დაეხვია, მან სარა იპოვა, ხელი მოჰხვია და ყველას დასანახად აკოცა. სხვათა შორის, როცა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს ჰკითხეს, ვინ იყო მათი გუნდის ლიდერი და სიმბოლო, თითი ყველამ მეკარისკენ გაიშვირა.
დამარცხებული რაინდები
ჰოლანდიის ნაკრები ისტორიაში მესამედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და მესამედ დამარცხდა. ამის მიუხედავად, ნარინჯისფერებს სამშობლოში, როგორც გმირებს, ისე დახვდნენ. ჰოლანდიის დედოფალმა – ბეატრისმა კი ყველას გასაგონად თქვა – რაც ჩვენმა გუნდმა გააკეთა, ნამდვილი გმირობა იყოო და ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბერტ ვან მაარვიკსა და კაპიტანს, ჯოვანი ვან ბრონხორსტს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო და რაინდის ტიტული უბოძა.
პოლიტიკური ნიშანი
აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ესპანეთის ნაკრების დაჯილდოება ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ აქციად გადაიქცეოდა. მაშინ, როცა მთელი ესპანეთი ჩემპიონობას ზეიმობდა და ეროვნულ დროშას აფრიალებდა, კარლეს პუიოლმა და ხავი ერნანდესმა საიდანღაც კატალონიის დროშა მოიტანეს და იმის ფრიალი დაიწყეს. ორივე ფეხბურთელი „ბარსელონას“ ღირსებას იცავს და კატალონიელ გულშემატკივარს ორივე გაახარებდა, მაგრამ, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ პუიოლს საამისოდ სხვა მიზეზიც ჰქონდა – მამამისი გარდაცვალებამდე კატალონიის გუბერნატორი იყო და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.
მუნდიალის გმირი
ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გმირი ფეხბურთელი კი არა, რვაფეხა გახდებოდა. რვაფეხა პაულმა მსოფლიო გააოცა და პრაქტიკულად, ყველა მატჩის შედეგი გამოიცნო. მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში პაულმა უპირატესობა ესპანეთს და არა გერმანიას მიანიჭა, რამდენიმე გულშემატკივარმა მისი მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ დაცვამ პაულამდე არ მიუშვა. მერე კი, როცა ესპანეთი ჩემპიონი გახდა, პაულს კიდევ დაემუქრნენ, რასაც ესპანელთაგან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა – ქვეყნის პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ რვაფეხას პოლიტიკური თავშესაფარი მადრიდში მისცეს. პაულს რუსეთის მომავალი პრეზიდენტის გამოცნობაც სთხოვეს და მან არჩევანი გააკეთა, თუმცა იგი გასაიდუმლოებულია. ისე, ურიგო არ იქნებოდა, პაულისთვის გვეკითხა – გვეშველება რამე? და საინტერესოა, რას იტყვის პაული, მაგრამ შინაგანად, მგონი, პასუხი ყველა ქართველმა იცის.
საუკეთესო ფეხბურთელი
31 წლის დიეგო ფორლანისთვის ვინმეს რომ ეთქვა, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებიო, მინიმუმ, გიჟად ჩათვლიდა. არადა, ურუგვაელმა მართლა საუცხოოდ ითამაშა – ხუთი გოლი გაიტანა და პრაქტიკულად, მარტომ გაიყვანა ნაკრები ნახევარფინალში. დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ფორლანს ეროვნული გმირის წოდებას მიანიჭებენ.
გერმანული იმედი
გასული სეზონის სტარტზე მიუნჰენის „ბაიერნის“ თავკაცმა ლუი ვან გაალმა ახალგაზრდული გუნდიდან ვინმე ტომას მიულერი ძირითად გუნდში გადაიყვანა. მაშინ ყველა ამბობდა, ჰოლანდიელი გაგიჟდა, რადგან 20 წლის ფორვარდი ახალგაზრდულშიც არ იყო გამორჩეული და დიდ გუნდში რა უნდა ქნასო. მერე კი, როცა ვან გაალმა იგი ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა, კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს თავს, თუმცა მიულერმა გაამართლა და ჯერ ხომ გუნდის ლიდერად იქცა, მერე ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ყურადღება მიიპყრო და იქაც ძირითადში ითამაშა. საბოლოო ჯამში, მიულერმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და საუკეთესო ბომბარდირობასთან ერთად, მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა. შედეგად, ტომასის ფასი სეზონის სტარტზე თუ მილიონიც არ იყო, ახლა მის სანაცვლოდ რამდენიმე კლუბი 30 მილიონს იხდის, მაგრამ „ბაიერნი“ მის გაყიდვას არ აპირებს. ცნობისთვის, მიულერს ნაკრებში მიხაელ ბალაკის 13-ნომრიანი მაისური ერგო და ღირსეულადაც ატარა.
მოსალოდნელი
მოულოდნელობა
დიეგო მარადონა მწვრთნელი არ არის – ამ მოსაზრებას ჩემპიონატამდე ბევრი იზიარებდა. ყველა იმაზე აკეთებდა აქცენტს, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელთათვის, უბრალოდ, დიდი სტიმულატორი იყო, ტაქტიკა-სტრატეგიაზე კი მისი თანაშემწე, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მომგები კარლოს ბილარდო ზრუნავდა. მარადონას გუნდს ძალა მეოთხედფინალამდე ეყო, იქ კი გერმანიასთან განადგურდა. ამის მიუხედავად, არგენტინაში არავის უთქვამს, დიეგო მოვხსნათო, უფრო მეტიც – არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს და დიდი ალბათობით, დიეგო მას დათანხმდება.
მომავალი
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი ბრაზილიაში გაიმართება და პენტაკამპეონები ახლავე იმუქრებიან, რომ თავისი ქვეყნიდან თასს არავის გაატანენ. ამისთვის კი გუნდს ახალი მწვრთნელი სჭირდება და დიდი ალბათობით, იგი ლუის ფილიპე სკოლარი გახდება. დიდი ფილი ბრაზილიის ნაკრების თავკაცი უკვე იყო და 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატიც მოაგებინა.