როგორ მოვუაროთ თავს კურორტზე
როგორ გავატაროთ შვებულება ისე, რომ დრო სასარგებლოდ გამოვიყენოთ და ყოველდღიურობას მხნედ და ჯანმრთელად დავუბრუნდეთ, თანაც, უკეთ გამოვიყურებოდეთ, ვიდრე შვებულების დაწყებამდე? ამისი მთავარი საიდუმლო ბალანსირებულ აღდგენაშია: ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ერთადერთი გამონაკლისია – ზრუნვა საკუთარ თავზე და საკუთარ სილამაზეზე.
ისარგებლეთ ჩვენი რჩევებით და, გარწმუნებთ, არ წააგებთ:
პლაჟზე დილით ადრე წადით და არ დაგავიწყდეთ, თან წაიღოთ მინერალური წყალი, რაც საშუალებას მოგცემთ, უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოთ სიგრილე. გარდა ამისა, მზის აბაზანების მიღებისას უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება მეტი სითხე. საუკეთესო ვარიანტია მინერალური წყალი ლიმონის წვენით.
გარდა ამისა, მზის აბაზანების მიღებამდე აუცილებელია, წინასწარ დატენიანებულ კანზე (როგორც სახეზე, ისე მთელ სხეულზე), წაისვათ მზისგან დამცავი კრემი.
პლაჟზე რამდენიმესაათიანი ნებივრობის შემდეგ კარგი იქნება მსუბუქი მასაჟი, ოღონდ, სასურველია, ამაში პროფესიონალი მასაჟისტი დაიხმაროთ.
დღის ყველაზე მზიანი და ცხელი მონაკვეთი გაატარეთ ჩრდილში ან კარგად განიავებულ შენობაში. უმჯობესია, არ ჩართოთ კონდიციონერი – ის ძალიან აშრობს ჰაერს და, შესაბამისად, თქვენს კანსაც. კარგი იქნება ორგანიზმისთვისაც და სახის კანისთვისაც, თუ ყოველდღიურად, შუადღეს, ერთ საათს მაინც წათვლემთ.
როცა სიცხე გადავა, ანუ საღამოსკენ, სასურველია, თუნდაც ნახევარი საათი დაუთმოთ აქტიურ სპორტს (სახეობა, შეგიძლიათ, თვითონ შეარჩიოთ).
საღამოს პლაჟის შემდეგ ძალიან გამამხნევებლად მოქმედებს ღამის მოციონი. დაძინებამდე ორი საათით ადრე კი, შეგიძლიათ, მიირთვათ ხილის სალათა, ერთი-ორი ნაჭერი კი სახეზე, ყელსა და დეკოლტეზეც წაისვით – მზის აბაზანების შემდეგ ცოცხალი ხილის ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია კანისთვის.
და კიდევ: არ მიიღოთ მზის აბაზანა სახეზე, თუ წინასწარ არ მოიხსნით მაკიაჟს.